Posted in ეპიკ-სთორი

ასასინები – {თავი 1}

“გთხოვთ, ბლოგიდან არ აიღოთ და არ გაავრცელოთ ისტორიები! არც ავტორის მითითებით და არც ავტორის მითითების გარეშე! “

**არიადნა*

ბარის მაღალ სკამზე იჯდა სირენა, ფეხი-ფეხზე გადაედო, ფეხსაცმლის ქუსლი ფეხის დასაბიჯებელზე ჩამოეყრდნო და ცერა თითით საჩვენებელ თითზე წამოცმულ დიდ, შავთვლიან ბეჭედს მოუსვენრად ათამაშებდა. მეორე ხელის თითებს სასმლით სავსე ჭიქის პირზე დაასრიალებდა და დაჟინებით აშტერდებოდა ლამაზი ქალბატონებით გარემოცულ მაღალ, წითურ მამაკაცს.

“სამიზნე: დიმიტრი ანდრონოვი.

ეროვნება: ბულგარელი.

ქონება: 75 მილიონი.

დანაშაული: ტრეფიკინგი.” 

სირენა მამაკაცის დოსიეში ამოკითხულ სიტყვებს მონოტონურად ატრიალებდა თავში. საკუთარ გონებას არასოდეს აძლევდა იმის დავიწყების საშუალებას, თუ რა ჩაიდინა სამიზნემ, რადგან ასე დავალების შესრულება უფრო მეტად უადვილდებოდა.

ანდრონოვი უკვე ოცი წუთი იყო ქალის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. პერიოდულად სხვა გოგონებს ესაუბრებოდა, სასმელს სთავაზობდა და მათთან ერთად იცინოდა, მაგრამ იმ ალმასებივით მოელვარე თვალებს მაინც ვერაფრით სწყდებოდა, რომლებიც რამდენიმე მეტრის დაშორებიდან უმზერდნენ.

ცოტა ხანს კიდევ ითმინა ანდრონოვმა, შემდეგ სასმელი გამოსცალა, ფეხზე წამოდგა, გოგონების წრე გაარღვია და ქალს მიუახლოვდა. უკან მისი მცველებიც გამოჰყვნენ და შორიახლოს გაჩერდნენ. კაცი ცალი მკლავით ბარის დახლის კიდეს ჩამოეყრდნო და ვნებით სავსე მზერა სირენას მიაპყრო.

-შენ ხარ საჩუქარი? – ჰკითხა ჩახრენწილი ხმით.

-დიახ. – ცალყბად გაუღიმა ქალმა.

კაცმა თავი დახარა და მას მზერა ააყოლა. დაკვირვებით შეათვალიერა მისი წვეულებისთვის განკუთვნილი კაბა, მისი სავსე მკერდი, ვარდისფრად შეფერილი ტუჩები და მხრებზე ჩამოშლილი პლატინისფერი თმა. მერე ხელი ასწია და თავისი უხეში თითები მუხლზე ფრთხილად შეახო. ქალი შინაგანად დაიძაბა, თუმცა სახეზე ერთი ნერვიც არ გატოკებია. თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ემოციებს არასდროს მისცემდა საშუალებას, მისი დავალება ჩაეშალა.

-როცა მითხრეს, რომ საჩუქარს მივიღებდი, ასეთი ვერც კი წარმომედგინა. – მის ყურთან დახრილმა მამაკაცმა, გამაღიზიანებლად დაიჩურჩულა. – ძალიან ლამაზი ხარ.

-გმადლობ. – ჩაილაპარაკა ქალმა, მერე კი ელვისებური სისწრაფით სწვდა მაჯაში მამაკაცს და ხელი სხარტად გააწევინა.

-ოჰო, – მოულოდნელობამ შეაკრთო ანდრონოვი, – უხეშობა მომწონს.

-შენს ნომერში გავაგრძელოთ. – გამომწვევი ღიმილით ჩაუკრა თვალი ქალმა მას, სკამიდან ჩამოხტა და გასასვლელისკენ წავიდა.

ანდრონოვმა აგზნებული მზერა გააყოლა ტანზე მომდგარ კაბაში გამოკვეთილ მისი სხეულის სექსუალურ ფორმებს, მერე ღრმად ამოიხვნეშა და ქალს სწრაფი ნაბიჯით დაეწია. 

ლიფტში ხუთნი შევიდნენ. ანდრონოვი, სირენა და ანდრონოვის დაცვის სამი წევრი. ქალს მათი სიახლოვის გამო უკვე შესამჩნევლად უვლიდა ბრაზის ჟრუანტელი. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოიშორებდა მათ, თუმცა თავს მაქსიმალურად აკონტროლებდა.

როცა ნომერს მიუახლოვდნენ, ანდრონოვმა სამივეს კართან მოცდა უბრძანა, მერე კი კარი გააღო და ქალი წინ გაატარა.

-შუქი არ აანთო! – მკაცრი ტონით უთხრა სირენამ, როცა კაცმა ჩამრთველისკენ წაიღო ხელი.

-რატომ? – გაუკვირდა მას.

-დამიჯერე, ცოტა ხანში თავადვე მეტყვი მადლობა. – ველურად ჩაიცინა ქალმა და სასტუმროს ნომრის დიდი ფანჯრიდან, ქალაქის ხედს გახედა.

სადღაც შორს ეიფელის კოშკი ზღვის ნაპირზე მდგარი შუქურასავით ბრჭყვიალებდა. ქალაქი ჯერ კიდევ ხმაურობდა. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნებოდა, რადგან მოდის კვირეულების სეზონი იყო, ასეთ დროს კი პარიზს არასდროს ეძინა.

ანდრონოვმა პიჯაკი გაიხადა, საწოლზე მიაგდო, სირენას ზურგიდან მუახლოვდა, კისრიდან თმა გადაუწია, წელზე ხელები შემოხვია და ტუჩები მის ყელს მიაკრო. ქალს უსიამოვნოდ გასცრა, როცა მისი სველი, უხეში კოცნა და ალკოჰოლის სუნი ერთდროულად იგრძნო. ძალდატანებით გაიღიმა, სწრაფად მოტრიალდა და მამაკაცს თვალებში შეხედა.

-დავლიოთ? – ჰკითხა მომნუსხველი ხმით.

-მე… უკვე საკმაოდ ბერვი დავლიე. – თითები მის მკლავზე თამაშით აატარა მამაკაცმა.

-მე მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე… გთხოვ, კომპანიონობა გამიწიე, დაძაბულობის მოხსნა მინდა. 

-შამპანურს გავხსნი. – მაგიდისკენ მიბრუნდა ანდრონოვი.

-მე გავხსნი. – შეაჩერა სირენამ.

-მაგრამ… შენ ქალი ხარ, – ალმაცერად შეხედა მან, – შამპანურის ბოთლის გახსნა არც ისე მარტივია ქალისთვის.

-მე გავხსნი! – გაღიზიანებული ტონით გაიმეორა სირენმა.

თავი ძლივს შეიკავა, რომ ის ბოთლი მისთვის თავზე არ გადაემტვრია, ამ სექსისტური რეპლიკისთვის. 

მის პასუხს აღარ დაელოდა, იქვე მდგარ სამკუთხა მაგიდას მიუახლოვდა, ყინულებით სავსე სათლიდან ბოთლი ამოიღო და საცობი ერთი ხელის მოსმით მოხსნა, მერე კი ნიშნის მოგების ღიმილით სამიზნეს გახედა. მამაკაცმა გაკვირვებით ასწია ორივე წარბი, შემდეგ კი გაიღიმა და ტაში შემოჰკრა.

სირენა ისევ მაგიდას მიუბრუნდა და ჭიქებში ვარდისფერი შამპანური დაასხა. სანამ ანდრონოვი ჰალსტუხს იხსნიდა, მან საჩვენებელ თითზე მორგებული დიდითვლიანი ბეჭედი გახსნა, შიგნით მოთავსებული თეთრი, შაქრისმაგვარი ფხვნილი ჭიქაში შაუშვა და ხის კოვზით უხმაუროდ მოურია, რომ მასა სითხეს შერეოდა.

რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ფხვნილი დაილექა და თითქმის ბოლომდე გაიხსნა, ქალმა ჭიქები აიღო, ანდრონოვს მიუბრუნდა და ხელში მიაჩეჩა.

-დღევანდელი ღამის სადღეგრძელო დავლიოთ. – ძალდატანებით გაიღიმა მან.

-დავლიოთ. – კაცმაც გაიღიმა და სასმელი ბოლომდე გამოსცალა, მერე ჭიქა დადგა და ისევ ქალისკენ წავიდა.

სირენამ უკან დაიხია და მთელი სხეულით დაიძაბა. ფიქრობდა, რომ თუ ეს არსება კიდევ ერთხელ შეეხებოდა, საბოლოოდ დაკარგავდა თავშეკავების უნარს და საწამლავის მოქმედებას აღარ დაელოდებოდა, ისე მოსტეხდა კისერს. 

კაცმა მისკენ ხელი გაიწვდინა, თუმცა სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა, უეცრად მუცლის ღრუში უჩვეულო წვა იგძნო, ორივე ხელი სხეულზე შემოიხვია და ორად მოიკეცა.

სირენამ გაოგნებით აათვალიერა ის.

-კარგად ხარ? – ჰკითხა ქალმა.

-არა… – ამოიხრიალა მამაკაცმა, მერე კი შტრიალდა, საპირფარეშოში შევარდა და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა.

მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, სირენა გაოგნებული იდგა ოთახის შუაგულში და ვერაფრით გაეგო, რატომ იყო მისი სამიზნე ჯერ კიდევ ცოცხალი, რატომ იჯდა ტუალეტში და რატომ გამოსცემდა საშინელ ხმებს.

ცოტა ხნის შემდეგ სახეზე ერთიანად ფერდაკარგული ანდრონოვი საპირფარეშოდან გამოვიდა, წელში მოხრილიყო და მძიმედ სუნთქავდა. სახეზე ცივი ოფლი ასხამდა, ტუჩები კი სულ გალურჯებოდა.

კაცმა მრისხანებაჩამდგარი თვალები ქალს მიაპყრო და კბილების ღრჭიალით წარმოთქვა.

-სასმელში რა ჩამიყარე… კახპა!

-რა? – დაიბნა ქალი, რადგან ასეთი რამ აქამდე არასოდეს მოსვლია.

-მოგკლავ! – ამოთქვა კაცმა და დიდი სიჩქარით ქალისკენ წავიდა.

უეცრად ყურისწამღები ჭახანის ხმა გაისმა, სირენას ზურგს უკან, მის თავთან ძალიან ახლოს, რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით, შუშა მძიმე მეტალმა გახვრიტა, შემდეგ კი ტყვია მამაკაცს მკერდის არეში მოხვდა და მის მფეთქავ გულში გაიჭედა.

ანდრონოვი ადგილზე გაიყინა, მერე ამოიხრიალა, გულზე ხელი მიიჭირა და მოწყვეტით, მძიმედ დაეცა იატაკზე.

სირენამ გაოგნებისგან პირსმომდგარი კივილი რომ შეეკავებინა, ტუჩებზე ინსტინქტურად აიფარა ხელები, მერე კი სწრაფად მოტრიალდა და მის უკან მდებარე დიდი შუშის ფანჯრის მიღმა გაიხედა. ქუჩის მეორე მხარეს მდგარი შენობის სახურავზე მამაკაცის ფიგურა დალანდა, რომელმაც ხელი შორიდან დაუქნია, მერე კი სიბნელეში გაუჩინარდა.

-ანუბის! – ჩაისისნა ქალმა და ბრაზით დამუშტა ხელები.

* * *

მზის კაშკაშა სხივებმა პირდაპირ თვალებში რომ ჩამანათა, ჩემი გონებაც საბოლოოდ გამოფხიზლდა ძილბურანიდან. ზურგზე გადავბრუნდი და თეთრ ჭერს უაზრო მზერა მივაპყარი.

კიდევ ერთი უსარგებლო დილა გათენდა ჩემს უსარგებლო და არაფრისმომცემ ცხოვრებაში-მეთქი, გავიფიქრე და უდარდელად დავამთქნარე.

იმ ოთახში ვიმყოფებოდი, სადაც მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული და თვს ძალიან მყუდროდ ვგრძნობდი, თუმცა ეს იმ ფაქტს ვერ აბათილებდა, რომ ოცდარვაწლის, ზრდასრული ქალი ვიყავი, ჩემი პროფესიით და საქმით, გამოცემული ბესტსელერი ტრილოგიით და მაინც დედაჩემის სახლში ვიმალებოდი.

დიახ, ვიმალებოდი! საზოგადოებას, მეგობრებს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვემალებოდი. გამომდიოდა კიდეც, თუ შემთხვევით სარკესთან არ ჩავივლიდი.

ღრმად და მძიმედ ამოვიოხრე და საათს გავხედე. ისრები პირველს აჩვენებდა, მე კი საწოლიდან ადგომა მაინც არ მინდოდა. მსურდა მთელი დღე მწოლიარეს და მძინარეს გამეტარებინა.

უცებ დაბლა სართულიდან უჩვეულო კამათის ხმები შემომესმა. წარბები შევჭმუხნე და სმენა გავამახვილე. რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე მძიმედ დააბრახუნეს. უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები, წავუყრუე, გადავბრუნდი და თავზე ბალიში დავიფარე. მხრის ქვეშ ჩემი უსაშველოდ გაზრდილი თმა მომეტნა და მომწიწკნა. სანამ თმას ვისწორებდი, საძინებლის კარზე ისევ დააკაკუნეს. გონებაში კვირის დღეები გადავთვალე, თუმცა ვერაფრით გავიხსენე რომელი დღე იყო. ამას ჩემთვის უკვე მნიშვნელობა მაინც არ ჰქონდა, რადგან დეპრესიაში მყოფი დროს მუდამ სახლში ვატარებდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის ყოველი დღე დასვენების დღე იყო.

ჩემი საძინებლის კარებზე ისევ მძიმედ დააბრახუნეს. ჩემს დედუქციის უნარს თუ დავუჯერებდი, კართან ვიღაც კუნთიანი, ძალიან განრისხებული და აუტანელი ტიპი უნდა მდგარიყო. ასეთს არავის ვიცნობდი, ამიტომ ძილის შებრუნება ვცადე.

-არიადნა! – შემომესმა უცებ ჩემი ბოსის გამკივანი ხმა და თვალები მაშინვე ვჭყიტე, – ვიცი, რომ შიგნით ხარ! კარს თუ არ გამიღებ, სამაშველო სამსახურს გამოვიძახებ!

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემს დედუქციის უნარს ჯერ კიდევ ეძინა. 

-სძინავს, ცოტა ხანს მოიცადე, ლენა, მე გავაღვიძებ. – გაისმა დედაჩემის მშვიდი ტონი კარს უკნიდან.

უსაქმურად მყოფსაც კი როგორ მიცავდა. ვგიჟდებოდი ამ ქალზე! მარტო იმიტომ კი არა, რომ დედაჩემი იყო, იმის გამოც, რომ უსიტყვოდ ესმოდა ჩემი.

-დღის პირველი საათია, ნანა, აქამდე როგორ სძინავს? – ლენას უკვე მოთმინება ეწურებოდა.

წამოვიწიე, რომ მისთვის დამეყვირა და წასვლა მეთხოვა, თუმცა სიტყვები მაშინვე გადამავიწყდა, როცა რაღაც უჩველო ფხაჭნისა და ჭრიალის ხმები შემომესმა. საწოლზე წამოვჯექი და მივიხედ-მოვიხედე. ოთახში არავინ იყო, კარის მეორე მხრიდან კი ისევ მესმოდა ლენას წიკვინი. უკვე საბნის ქვეშ შებრუნებას ვაპირებდი, როცა ჩემი საძინებლის ნახევრად მიკეტილმა ფანჯარამ გაიჭრიალა, შემდეგ კი მზის მკვეთრი სხივების ფონზე, ადამიანის სხეული დავლანდე. უეცრად ფარდა გამოიზნიქა და რაღაც იატაკზე მძიმედ გაგორდა.

-უუუჰ… მეტკინა! – გავიგონე ნაცნობი ჩურჩული და პირსმომდგარი კივილი მაშინვე შევიკავე.

-რა ჯანდაბა ხდება?! – კბილებში გამოვცერი და საწოლიდან წამოვხტი.

როცა ფარდა ავწიე, მის ქვეშ მოქცეულ სხეულს განრისხებულმა დავხედე. ჩემი სულელი ძმა იატაკზე გაშოტილიყო და მტკივან იდაყვს ისრესდა.

-ახალგაღვიძებულზე მოჩვენებას ჰგავხარ. – სახეში შემომცინა მან. – დე ვიტამინის მიღება არ გაწყენდა.

-ისევ კიბე მოაგდი ფანჯარას? – მოუთმენლად ამოვიხროე, ფარდა ბოლომდე გადავწიე და დაბლა გადავიხედე. მართალი აღმოვჩნდი. ხის ძველი კიბე, რომელსაც დედა ჩვენს ეზოში დარგულ მსხლის ხეზე ასასვლელად იყენებდა ხოლმე, ისევ ჩემს ფანჯრებთან მოეყუდებინა რენეს.

როცა საშიშ ფილმს ვუყურებდი, მერე დაძინება მიჭირდა, ის კიდევ ღამით ჩემს ფანჯრებს კიბეს ადგამდა და სარკმელზე ხის ტოტით მიფხაჭუნებდა, რომ გული გამხეთქოდა.

-შენ კიდევ ფანჯრის დაკეტვა ვერ ისწავლე. – ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამხედა. ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო და მაინც ჩემზე ორი თავით მაღალი. კალათბურთის ფორმა ეცვა, ლოყები სულ აწითლებული ჰქონდა, თაფლისფერი თმა კი სისველისგან კიდევ უფრო გამუქებული. 

-ოფლის სუნი აგდის. – სახე გვერდზე მივაბრუნე და ცხვირზე თითები მოვიჭირე. – დილიდან სათამაშოდ დაწანწალებ, არა?

-უბნელები გავიყავით და სტადიონზე ვთამაშობდით, – ჩემს გრძელ თმებს ხელი ჩაავლო მან და ისედაც აბურდული კიდევ უფრო აბურდა, – რა თქმა უნდა, ისევ მოვიგე.

-არიადნა, შენი ხმა მესმის! – კარებზე ისევ მოაბრახუნა ლენამ. – აქედან არ წავალ, სანამ კარებს არ გამიღებ!

-გაუღე, თორემ მეზობლებს შეყრის. – შემომხედა რენემ.

-წადი აქედან! – კბილებში გამოვცერი.

-არიადნა, საწოლიდან უნდა ადგე. ასე ყოფნა მართლა აღარ შეიძლება. ცხოვრების საუკეთესო წლებს ოთახში ნუ ატარებ. მთლად ახალგაზრდაც აღარ ხარ. მერე ინანებ…

-ბოლოს მახსოვს, რომ კალათბურთელი იყავი, ფილოსოფოსი როდის მერე გახდი?

-ფილოსოფოსმა მამაჩვენმა, მისი საყვარელი ფილოსოფოსის სახელი დამარქვა. მგონი ამით ყველაფერია ნათქვი. – გაიცინა მან.

-ზედმეტი არ იაზროვნო, ტვინი დაგეღლება.

-“ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.” – გაწეწილ, ხუჭუჭა ქერა თმაზე ხელი გადაისვა მან და რენე დეკარტის სიტყვები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის, ზედმიწევნით სწორად წარმოთქვა.

ძალიან მინდოდა მიმიკა არ შემოცვლოდა, მაგრამ ეს ხომ ჩემი სულელი უმცროსი ძმა იყო, თავისი სულელური იუმორით. სიცილით გავაქნიე თავი, მერე მივტრიალდი, ისევ საწოლზე წამოვგორდი და საბანში შეძრომა დავაპირე, თუმცა მან საბანს ხელი ჩაავლო და ოთახის მეორე ბოლოსკენ მოიფრიალა.

-გაეთრიე ჩემი ოთახიდან! – დავუყვირე და ბალიში გავუქანე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძმა კალათბურთს შესანიშნავად თამაშობდა, უკვე შესანიშნავი ინსტიქტებიც ჰქონდა გამომუშავებული. სწორედ ამ ინსტინქტების წყალობით დაიჭირა ბალიში და უკანვე სწრაფად მესროლა, მერე კი ერთ წამში გაჩნდა კართან და სანამ მის შეჩერებას შევეცდებოდი, საკეტი გადაატრიალა.

ლენასთვის თვალის შევლებაც კი ვერ მოვასწარი, ისე ჰკრა კარებს ხელი, ელვისისწრაფით შემოიჭრა ჩემს ოთახში, ორივე ფანჯარაზე ფარდები ბოლომდე გადასწია და ფანჯარაც ბოლომდე გამოაღო, შემდეგ კი მომიბრუნდა და გამკიცხავი მზერით შემათვალიერა. 

სწორედ ამ დროს, დედას გაკვირვებულ სახეს მოვკარი თვალი, რომლითაც ჩემს ძმას შეხედა. ვერაფრით გაეგო, როგორ მოხვდა ჩემს ოთახში, რადგან საბედნიეროდ კიბის ამბვი არ იცოდა. დედას ვედრებით შევხედე, თუმცა მან უსიტყვოდ მანიშნა, რომ ცოტაც უნდა გამეძლო, მერე კი ჩემს ძმას ხელი მოკიდა, გარეთ ძალით გაათრია და ჩემს ბოსთან მარტო დამტოვა.

-ორი კვირაა გამომცემლობაში ფეხიც კი არ დაგიდგამს და არც ზარებს პასუხობ. მეგონა იმ შენი დეტექტიური რომანების პერსონაჟებივით მოგკლეს და სადმე ობობებიან სარდაფში ეგდე! – მომაკვდინებელი მზერა მესროლა ლენამ.

ნამძინარევი თვალები მოვისრისე და ქალს შევხედე. ტრადიციულად კლასიკური კაბა და პიჯაკი ეცვა, მკერდზე დაბნეული ფუტკრის ფორმის ბროშით. არც მარგალიტების ყელსაბამი დავიწყებოდა, არც მკვეთრი მაკიაჟი და არც მისი ქერა თმის მერილინ მონროსავით დაყენება. ვიფიქრე კომპლიმენტს ვეტყვი, იქნებ ჩემთან ჩხუბი ასე მაინც შეწყვიტოს-მეთქი, თუმცა როგორც კი პირი გავაღე, მაშინვე ჩემი მხედველობის არეში რაღაც მოძრაობა მოხვდა. გვერდზე მოვიხიდე და იქვე, კარებთან აზუტული ლანდი დავინახე. თავიდან მოულოდნელობისგან შევკრთი, შემდეგ კი შვებით ამოვისუნთქე, როცა მასში თაია ამოვიცანი. თაია ლენას პირადი ასისტენტი იყო. ქალს ფეხდაფეხ, აჩრდილივით დაჰყვებოდა, მის მძიმე ჩანთას ატარებდა, მის განრიგს ადგენდა, მისთვის ლანჩს უკვეთავდა, თან ხელში სულ წიგნაკი და კალამი ეჭირა და ლენას თითოეულ სიტყვას ინიშნავდა. სულ მიკვირდა ეს პატარა გოგო, ამდენ რამეს როგორ ასწრებდა. 

თაია ფეხაკრებით სიარულის ოსტატი იყო. ზოგჯერ ისე შეუმჩნევლად გადაადგილდებოდა, მისი ნაბიჯების ხმა საერთოდ არ ისმოდა. გეგონებოდათ კი არ დადის, ჰაერში დაფარფატებსო. ეს ლაბათ იმ ფერადი კროქსების დამსახურება იყო, რითიც თბილ ამინდებში ყოველთვის მოძრაობდა. უკვე ორი წელი იყო, რაც ეს გოგო ლენასთან მუშაობდა და უკვე ორი წელი იყო, რაც მეც ვიცნობდი, თუმცა მის ამ უჩუმრად სიარულსა და მოულოდნელ გამოჩენებს, მაინც ვერ შევეგუე ბოლომდე.

თაიამ თვალი რომ გამისწორა, გამიღიმა და უხმოდ მომესალმა, მერე ისიც შემოვიდა ოთახში და ლენას გვერდით დადგა. იმ დღეს პირველად შევნიშნე ამ ორს შორის ასეთი ძლიერი კონტრასტი. ლენა ყოველთვის მდიდრულად და პომპეზურად გამოიყურებოდა. გეგონებოდათ ბალ-მასკარადიდან ახლახანს დაბრუნდაო, თაია კი უფერული და შეუმჩნეველი იყო. წაბლისფერი თმა მუდამ უკან ჰქონდა შეკრული, ცხვირზე გაბნეული ჭორფლით, სათვალით და ფერადი წინდებით კი პეპის მოგაგონებდათ.

-რა გათიშული ხარ, გესმის რას გეუბნები? – იწივლა ლენამ. 

არასდროს მესმოდა სულ ასეთი განერვიულებული რატომ იყო.

-შენ ჩემი ბედი უფრო გაღელვებს თუ ის, რომ ბესტსელერების ავტორი არ დაკარგო? – მივუგე ცინიკურად, იატაკზე მიგდებული საბანი ავიღე და შიგნით გამოვეხვიე, მერე ფანჯარასთან მდგარ სავარძლამდე მივაღწიე და ზედ მოწყვეტით დავეშვი.

-რა თქმა უნდა, ჩემი გამომცემლობის ბედი და შემოსავალი უფრო მაღელვებს, – ცინიკურადვე მიპასუხა ლენამ, ჩემს წინ, მეორე სავარძელზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, – თაია, ჩემი ყავა სად არის?

-აქ მაქვს. – დაბალი, ნაზი ხმით მიუგო გოგონამ და ქალს მუყაოს ჭიქა მიაწოდა, რომელშიც სავარაუდოდ ლენას საყვარელი ლატე უნდა ყოფილიყო.

-ფუუ, გაცივდა! – ზიზღით თქვა ქალმა, როგორც კი ყავა მოსვა, – ხომ იცი, რომ ცივი ყავა მძულს?

“რა თქმა უნდა, გძულს. დიდი ხანი არ არის, რაც ჯოჯოხეთიდან ამოხვედი, დემონო.” – გავიფიქრე მე და თანაგრძნობის თვალებით თაიას გავხედე.

-ბოდიში… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა შეშინებულმა გოგონამ. ისეთი თვალები ჰქონდა, მეგონა სადაცაა ტირილს დაიწყებს-თქო.

-სამზარეულოში გადი და ყავა მომიმზადე! – უბრძანა ქალმა.

თაიამ ჯერ მე გადმომხედა, რადგან ჩემს სახლში იმყოფებოდა. მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გოგონა მაშინვე მოგვშორდა და ოთახიდან გავარდა.

-არიადნა, – ცეცხლისმფრქვეველი თვალებით შემომხედა ლენამ, – ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ? 

-ხომ ვუპასუხე?

-ეგ ორი კვირის წინ იყო.

-სამი დღის წინ იყო… – საუბარი შევწყვიტე და წამიერად ჩავფიქრდი. დღეები გადავთვალე და გამახსენდა, რომ ლენას მართლაც ორი კვირის წინ ველაპრაკე.

-შენი მშობლების სახლში დაბრუნდი. აქ გამოკეტე და გარეთ სულ არ გადიხარ. შენი აზრით ეს ნორმალურია?

მის კითხვაზე პასუხი არ გამიცია. თავი გვერდზე მივაბრუნე და ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადაშლილ იმ ლამაზ ქუჩას გადავხედე, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე და სადაც მუდამ ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი რატომ ფიქრობდა ყველა, რომ ჩემი ბედი ჩემზე მეტად მათ აღელვებდათ. რატომ ეგონათ, რომ მე საკუთარი თავი არ მადარდებდა. პირიქით, მომავლის შიშით ზოგჯერ ღამეები არ მეძინა. ჩემი გონება ფიქრების მდინარეს მიჰყვებოდა და რაც უფრო ღრმად შეტოპავდა, მით დიდხანს რჩებოდა ფხიზელი. ამას ხმამაღლა არავისთან ვაღიარებდი, მაგრამ ნამდვილად დეპრესია მქონდა. გულს ვერაფერს ვუდებდი. ვერც წიგნებს, ვერც ფილმებს, ვერც წერას. კალამს ხელში ვიღებდი, მაგრამ ფურცელზე ერთი გამართული წინადადებაც კი ვერ გადამქონდა. ვცდილობდი, მაგრამ ამას ვერაფრით ვშველოდი, ამიტომ ვნებდებოდი და ჩემი საწოლის საბნის ქვეშ ვიმალებოდი.

-შეგახსენო, რომ შენ ჩემს გამომცემლობაში მუშაობ? – დაისისინა ლენამ.

-ისედაც მახსოვს. – გულგრილად მივუგე.

-შენ მარტო მწერალი კი არა, რედაქტორიც ხარ. უამრავი სამუშაო აიღე, რის გამოც ახლა ძალიან ბევრი მწერალი თავისი რომანის რედაქტორებას ელის.

-ეგეც მახსოვს.

-უკვე ორი წელია მკითხველი შენი წიგნების ახალ სერიას ელის, მაგრამ შენ ერთი სიტყვაც არ დაგიწერია. 

-შენ დაგიწერია ოდესმე რამე? – ვკითხე და თვალებში შევხედე.

-მე მწერალი არ ვარ. – ამან ქალი ცოტა დააბნია.

-ზუსტად მაგის გამო არ გესმის ჩემი. – მივახალე ცივად. – მუზა არ მაქვს, თავში ერთი იდეაც არ მომდის!  ვერაფერს ვწერ! ადრე უცნაურ სიზმრებს ვხედავდი, რაღაც ეპიკური სცენები მესიზმრებოდა, რომელბსაც მერე რომანებში ვიყენებდი, მაგრამ ახლა სიზმრებსაც კი ვეღარ ვხედავ…

-ნეაპოლში ერთ-ერთი იტალიური გამომცემლობა შენი წიგნის თარმნის ნებართვას ითხოვს. – შემაწყვეტინა უცებ.

-მართლა? – გაკვირვებულმა წამოვიძახე. ეს რაღაც ახალი იყო. ჩემი დეტექტიური ტრილოგიის ორ სხვადასხვა ენაზე თარგმნის შემდეგ, ასეთი შემოთავაზება აღარ მქონია..

-გერმანული და ინგლისური თრგმანის შემდეგ, ტრილოგია იტალიურადაც ითარგმნება. – ჩემი ფიქრები გაახმოვანა ლენამ.

-ეს… კარგი ამბავია.

-ბერლინის წიგნის ფესტივალიდანაც დაგვიკავშირდნენ. გერმანულად ნათარგმნი შენი ტრილოგია იმდენად პოპულარულია, რომ ახალ წიგნს თუ გამოსცემ, გერმანულად მაშინვე თარგმნიან.

-ძალიან მიხარია, მაგრამ ამ ამბავს მუზა მაინც არ მოჰყავს.

-ასეც ვიფიქრე, ამიტომაც მოვედი აქ ერთი იდეით. – ალმაცერად გადმომხედა ქალმა. – იტალიის საგზურს გჩუქნი.

-რა? – ფანჯრიდან შემომავალი ჟანგბადი ისე ძლიერად შევისუნთქე, ხველა ამივარდა.

-ფრენა მომდევნო კვირაშია. ტურისტულმა სააგენტომ ჯგუფი შეკრიბა, შენც იმ ჯგუფში ჩაგსვი. იტალიაში იმოგზაურებ, დაისვენებ, გაერთობი, იშოპინგებ და დეპრესიიდან გამოხვალ. – ქერა თმა ხელით შეისწორა ლენამ და თავის ლაქწასმულ, ლამაზ ფრჩხილებს დახედა. ლამაზი და ჰაეროვანი ქალი იყო. პრინცესა გეგონებოდათ, სტალინის ხასიათი რომ არ ჰქონოდა.

-დეპრესია არ მაქვს! – წამოვიძახე უნებლიეთ, თუმცა ლენას გამარჯვებული ღიმილი რომ შევნიშნე, თემა მაშინვე შევცვალე, – ეს საიდან მოგაფიქრდა?

-გავიგე, რომ იტალიაში არასდროს ყოფილხარ, თანაც შენი ოცნების ქვეყანაა, ჰოდა ახლა გეძლევა შანსი ეს ქვეყანა ნახო. – გაიცინა მან.

არაფერი მითქვამს, რადგან არც კი ვიცოდი, როგორი ემოციები უნდა გამომეხატა. ეს მართლაც საოცარი საჩუქარი იყო ჩემთვის, რადგან იტალიაში მოგზაურობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ესპანეთში სწავლისას ვერ მოვახერხე სხვა ქვეყნებშიც მემოგზაურა, მაგრამ ახლა ამის საშუალება მეძლეოდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, მომიტანდა თუ არა ეს მოგზაურობა შედეგს. მაპოვნინებდა ახალ მუზას? დამიბრუნებდა სიცოცხლის ხალისს? მომანდომებდა წერას? ამაში დარწმუნებული არ ვიყავი.

ამ დროს ოთახში თაია ჩვეულად უხმაუროდ შემოვიდა. ხელში ცხელი ლატეთი სავსე ფინჯანი ეჭირა. თან ხელი ისე უკანკალებდა, რომ შიგნით ჩადებული კოვზი წკარუნებდა. როგორც კი ლენასკენ გაიწია, ქალი მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ზემოდან დამხედა.

-იცოდე, უკან მუზებით თუ არ დაბრუნდები, ჩემი გამომცემლობა შენთან კონტრაქტს სამუდამოდ გაწყვიტავს! – მუქარის ტონით მითხრა, მერე კი ჩაიცინა და დაამატა, – ჰო მართლა, შენთვის კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს.

ლენამ ორაზროვნად გაიცინა, თაიას გადახედა და თვალით რაღაც ანიშნა. გოგონაც მაშინვე გავარდა ოთახიდან და ცოტა ხნის შემდეგ კარებში საშუალო ზომის, ყვითელი ჩემოდანი შემოაგორა.

-ჩემოდანს მჩუქნი? – ავხედე ლენას ეჭვნარევი მზერით.

-ჩემოდანსაც და თაიასაც. ის შენთან ერთად მოდის!

-რა? რატომ? – წამოვიძახე და თაიას გავხედე. გოგონამ მორცხვად ჩახარა თავი. სახეზე ეწერა, რომ მისი ნების საწინაადეგოდ მოქმედებდნენ.

-მან თვალი უნდა გადევნოს, რომ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო. შენი ამბავი რომ ვიცი, იმ ჯგუფში ვინმე თვალში არ მოგივა და ეგრევე საკამათოდ დაეტაკები, ანდაც მათგან სრულ დისტანციას დაიჭერ, სასტუმროს ნომერში გამოიკეტები და ტალიაშიც დეპრესიაში ჩავარდები.

-მე არ დაგთანხმებივარ!

-ეს შენი სამსახურია და შენარჩუნების ერთადერთი საშულება დათანხმებაა!

-ლენა…

-ზედმეტი კამათის გარეშე! – ჩაისისნა მან, მერე კი თაიას მომაკვდინებელი მზერა ესროლა, – ამდენი ხანი რას აკეთებდი, ყავის მარცხვლებს ახლა ხალავდი?

-მე… 

-აღარ მინდა! – კბილებში გამოსცრა მან. – წავედით!

ეს ორნი კრაზანას და პატარა ობობას მაგონებდა. ლენა კრაზანასავით მუდამ ნადიორბდა საწყალ გოგოზე, თაიას კი ობობასავით მისგან დამალვა შეეძლო, მაგრამ ამას რატომ არ აკეთებდა, ვერაფრით ვხვდებოდი.

თაიამ ყავა ტუმბოზე დადგა, ბოდიში მომიხადა, ოღონდ რისთვის ზუსტად არ ვიცი, მერე კი ლენას უკან გაეკიდა.

როგორც კი ლენა წავიდა, სააბაზანოში შევვარდი და წყალი გადავივლე. ჩემი თითქმის წელამდე ჩამოზრდილი წაბლისფერი თმა პირსახოცით ავიხვიე და სახის მოვლის რუტინას შევუდექი სარკესთან დგომისას იმაზე მეფიქრებოდა, ჩემი თმა წაბლისფერი იყო თუ თაფლისფერი. ზოგჯერ ღია ჩანდა, ზოგჯერ კი მუქი. ფერს განათების მიხედვით იცვლიდა. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ უფრო წაბლის თაფლის ფერი იყო.

კანის კარგად გაწმენდის და დატენიანების შემდეგ, თვალის ქვეშ ალოეს პატჩები დავიკარი და დაბლა ჩავედი. დედა ჩვენი პატარა სახლის, ასევე პატარა და მყუდრო ეზოში ყავას სვამდა, ჩემი ძმა კი მოშორებით ბურთს კენწლავდა, შემდეგ კი ხეზე დაკიდებულ ფარს უმიზნებდა და კალათში აგდებდა.

დედას თავისი საყვარელი, აბრეშუმის, ყვავილებით მოხატული ხალათი ეცვა. როცა უნივერსიტეტში ლექციები არ ჰქონდა, ანდაც შვებულებაში იყო, მთელ დღეს ამ ხალათში გამოწყობილი ატარებდა. სადმე გასვლას და გასეირნებას, ყოველთვის ასე ყოფნას ამჯობინებდა. ამაში ალბათ მას ვგავდი.

-ლენამ იტალიის საგზური მაჩუქა, – გამოვუცხადე ორივეს, – მაგრამ წასვლა არ მინდა.

-სერიოზულად? – ერთ წამში თვალები გაუბრწყინდა და თან სახე მოეღუშა დედას. – რას ქვია წასვლა არ გინდა?

-ერთი სული გაქვს სახლიდან როდის გამაგდებთ, არა? – გავხედე ალმაცერად.

-რა სისულელეა… – გაიცინა მან, – უბრალოდ მინდა, რომ მთელ დღეებს სახლში არ ატარებდე და შენს საუკეთესო წლებს ასე არ ფლანგავდე.

-ნეტავ მე მაჩუქონ იტალიის საგზური. – ჩაიფრუტუნა რენემ.

-ორი წელია მამა გეხვეწება მასთან პოლონეთში ჩახვიდე, მაგრამ უარს ამბობ. – შევხედე მას ალმაცერად.

-პოლონეთში რა უნდა ვაკეთო?

-აბა, იტალიაში რა უნდა აკეთო?

რენე გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა, და ისევ ბურთის კენწვლას მოჰყვა. რაც დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ, მამა პოლონეთში გადავიდა, ვარშავის რომელიღაც პრესტიჟულ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. მე ერთხელ ვიყავი მასთან სტუმრად, მაგრამ რენე ვერაფრით დაითანხმა მასთან ჩასვლაზე. 

-არიადნა, – ჩემკენ გადმოიხარა დედა, ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა, – იტალიაში მოგზაურობა საუკეთესო იქნება შენი დეპრესიის დასაძლევად, შენი ნაჭუჭიდან გამოსასვლელად და შენი ხასიათის გამოსასწორებლად.

-დეპრესია არ … 

-გაქვს! – გამაწყვეტინა დედამ. – და ეს ნორმალურია. არ არსებობს ადამიანი, ვისაც დეპრესია არ აქვს, მაგრამ ხალხი ამისგან თავის დაღწევას ცდილობს, შენ კი არ ცდილობ. კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე და თუ გინდა წიგნები ისევ წერო, საკუთარი მუზა შენვე უნდა გამოკვებო.

-მართალს გეუბნება. – შემომხედა ჩემმა ძმამ. – შენს ადგილას რომ ვიყო, დაუფიქრებლად წავიდოდი. 

-შენ ვიცი რატომაც გინდა ჩემი წასვლა. ეგრევე ჩემს ოთახში რომ გადაბარგდე.

-სანამ ისევ ჩვენთან გადმოხვიდოდი, ეგ ჩემი ოთახი იყო.

-შენს დაბადებამდე ჩემი ოთახი იყო. – გამეცინა, ორივეს თვალი მოვაშორე და დედას უკან აყუდებულ მსხლის ხეს გავხედე. თებერვლის ბოლო იყო. საკმაოდ თბილოდა და მზეც მწველად ასხივებდა. ხის ტოტებს უკვე შესამჩნევად ეტყობოდა წამოზრდილი კვირტები. ჰაერში მომავალი გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. წარმოვიდგინე, რა ლამაზი იქნებოდა იტალია გაზაფხულზე. რა ლამაზი იქნებოდა ყველა ის შენობა თუ ხელოვნების ნიმუში, რომლის ნახვაც მსურდა და რა ლამაზი იქნებოდა ყველა იმ ქალაქის ხედი, სადაც ჩასვლას ჩემი ტურისტული საგზური მოისაზრებდა.

-დედა, გადავწყვიტე, რომ კალათბურთელობა აღარ მინდა. მწერალი უნდა გავხდე, რომ მეც ასე ადვილად ვიმოგზაურო. – ფიქრები რენემ გამაწყვეტინა.

-კალათბურთელები უფრო ხშირად მოგზაურობენ თამაშების გამო. – გაეცინა დედას.

-აჰ… – დაფიქრდა რენე.

-კარგი, წავალ იტალიაში. რაც იქნება იქნება! – ამოვიოხრე ბოლოს.

-როგორც იქნა! – შესძახა რენემ და დედას გამოწვდილი ხელი ჩაურტყა. გეგონებოდათ ჩემ წინააღმდეგ შეიკრნენო.

ორივეს გამკიცხავი მზერა შევავლე, მერე უსიტყვოდ წამოვდექი და სახლში შევბრუნდი. მისაღებში დედას მიერ წლების წინ ნაყიდ მართკუთხა ფორმის ჩარჩოში ჩასმულ ნახატს შევავლე მზერა, რომელზეც ვენეციის უმშვენიერესი ხედი იყო ასახული. ამ ნახატს რომ ვუყურებდი, სულიერი სიმშვიდე მეუფლებოდა. გამახსენდა ბავშვობა. გამახსენდა, თუ როგორ ვოცნებობდი იმ ადგილას მოხვედრაზე და უეცრად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი საბოლოოდ გავითავისე, უჩვეულო სიხარულის შეგრნძება დამეუფლა.

“იტალიაში მივდივარ, არც კი მჯერა!“- დავიჩურჩულე ჩემით და სიხარული უხამუროდ რომ გამომეხატა, სავარძელზე ფეხებით შევდექი და იქიდან გადმოვხტი, მაგრამ სავარძელზე გადაფარებულ პლედში ფეხი გამეხლართა და იატაკს მუხლებით დავასკდი. 

-არიადნა! – შემომძახა დედამ.

-კარგად ვარ! – გავძახე მე და თვალებიდან სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა, თუმცა ჯანდაბას ტკვილი, ვის ადარდებდა, როცა წინ იტალია მელოდა.

* * *

თებერვლის მიწურული იყო, როცა იტალიაში გავფრინდი. გზაში ჩემი ტირისტული ჯგუფის რამდენიმე წევრი გავიცანი, თუმცა ჩემთვის საინტერესო პიროვნება არც ერთი არ აღმოჩნდა. ძირითადად შოპინგზე გაგიჟებული ინფლუენსერები იყვნენ. ყოველ წამს ხელში ტელეფონს ატრიალებდნენ, ყოველ მომენტს იღებდნენ, ვიდეოებში ხმამაღლა გაჰკიოდნენ და მილანის საშოპინგო ადგილების ლოკაციებს ერთმანეთს უზიარებდნენ. თავიდანვე მიხვდვი, რომ მათთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი, ვერც შთაგონებას მივიღებდი, ამიტომ უბრალოდ ფანჯარასთან, ჩემს ადგილას მივჯექი, თვალებზე საძილე ნიღაბი ჩამოვიფარე და გადავწყვიტე მთელი გზა მძინებოდა. 

არ გამოვიდა, რადგან თაია ჩემს გვერდით იჯდა. მისი ღრმა სუნთქვა და ოხვრა მესმოდა. მის მოუსვენრობას და მღელვარებას ვგრძნობდი, მისი მძაფრი სუნამოს სუნი კი ცხვირს მიწვავდა. ცოტა ხანში ნიღაბი ისევ მოვიხსენი და გოგონას შევხედე.

-პირველი ფრენაა? – ვკითხე თითქმის ჩურჩულით. არ მინდოდა დანარჩენების ყურადღებაც მიმექცია.

-ჰო. – თავი დამიქნია მან და გაფითრებული სახით გადმომხედა.

-შიში ბუნებრივია, – ვეცადე დამემშვიდებინა, – გაფრენის წინ დამამშვიდებელი არ დალიე?

-დავლიე, მაგრამ არ მოქმედებს.

-ცოტა ხანს დაიცადე და იმოქმედებს. – მივუგე დარწმუნებით, –  მანქანების ავარიაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე თვითმფრინავის კატასტროფებში. რადგან თვითმფრინავის ჩამოვარდა იშვიათობაა, მანქანები კი ყოველდღე ეჯახება ერთამენთს.

ბოლო სიტყვების მოსმენისას თაიამ გაოგნებული სახით შემომხედა. თვალები თხილის გულის ოდენა გახდომოდა, სხეული კი კიდევ უფრო დასძაბვოდა. მივხვდი, რომ სიტყვა “კატასტროფის” და “ჩამოვარდნის” გამოყენებით კიდევ უფრო შევაშინე. ამხელა მწერალ ქალს ზოგჯერ როგორ მეშლებოდა სწორი სიტყვების შერჩევა, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი.

-არ უნდა წამოსულიყავი, – ამოვიოხრე ბოლოს, – ყველაფერს კი არ უნდა აკეთებდე, რასაც ლენა დაგავალებს?

-არაფერია… იტალიის ნახვა მეც მინდოდა. – ძალდატანებით გამიღიმა.

-სახეზე გეტყობოდა, რომ ჩემთან ერთად წამოსვლას სიკვდილი გერჩივნა. – თვალები გადავატრიალე.

-შენ არაფერ შუაში ხარ.

-თაია, ადამიანების ამოცნობა კარგად მეხერხება. შენ მუდმივად სტრესში ხარ ლენასთან მუშაობის გამო. კომფორტის ზონას ეძებ განსატვირთად და არ მოგწონს, როცა ამ კომფორტის ზონიდან ვინმეს გამოყავხარ. ზოგჯერ მეც ასე ვარ და მესმის. ამიტომაც გეუბნები, რომ ყველაფერს არ უნდა აკეთებდე, რასაც ლენა გიბრძანებს.

-ასე რომ არ მოვიქცე, სამსახურს დავკარგავ. – ისეთი ნაღვლიანი თვალებით თქვა გოგონამ, ლამის ცრემლი წამომივიდა. 

-მესმის შენი. – ამოვიოხრე.

-არა მგონია გესმოდეს, – ხმადაბლა თქვა მან, – შენ სხვა გამომცემლობასთანაც შეგიძლია კონტრაქტის გაფორმება, მე კი… თუ მისგან წავალ, ის რეკომენდაციას არასდროს მომცემს, და ლენას რეკომენდაციის გარეშე არსად მიმიღებენ.
-თაია, ოდესმე რაიმე დაგიწერია? – გადავხედე გოგონას.
-მე მწერალი არ ვარ. – მხრები აიჩეჩა მან.
-ზუსტად. – თავი უღონოდ გავაქნიე. – ამიტომაც არ გესმის რამხელა სტრესში მამყოფებს ეგ ქალი. მწერლისთვის საშინელებაა, როცა მუზა არ აქვს და ამ დროს წერას აძელებენ. შენზე მეტი თავისუფალი არც მე ვარ ლენას ხელში.
-ჩვენ ორივე მისი ტყვეები ვართ. – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გოგონამ.

მის მიმართ უსაზღვრო სიბრალული ვიგრძენი და გული შემეკუმშა. მეტი ვერაფერი ვუთხარი, სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და გოგონას ხელი მოვკიდე. მანაც, თავისი გაყინული თითები ჩამჭიდა და ასე იქამდე იჯდა, სანამ დამამშვიდებელმა არ იმოქმედა.

*

იტალიაში შუადღისას ჩავფრინდით. რომში მზიანი და თბილი დღე იდგა. საქართველოს ამინდზე მეტადაც კი თბილობდა. ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი ხალხი ირეოდა. ზედ არავინ გვიყურებდა, რადგან ყველა თავის საქმეზე მიიჩქაროდა, ერთის გარდა. და ეს ერთიც მე ვიყავი.

ზოგადად, უცნაურ და იდიოტურ სიტუაციებში გახვევის თანდაყოლილი უნარი მქონდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, უბრალოდ სახლიდან ქუჩაშიც რომ გამოვსულიყავი, არ არსებობდა რაიმე სიგიჟე არ დამმართნოდა და რაღაც ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავი, რაც მაგრად შემარცხვენდა უამრავი ადამიანის თვალწინ.

აი მაგალითან, ჩემი მეორე წიგნის პრეზენტაციაზე, წიგნზე ავტოგრაფის დასატოვებლად მოსულ უსიმპათიურეს ბიჭს, შარვალზე თაფლი გადავასხი. საიდან მქონდა წიგნის პრეზენტაციაზე თაფლი? რამდენიმე წუთით ადრე, ჩემმა ერთ-ერთმა მხურვალე გულშემატკივარმა და ერთგულმა მკითხველმა მაჩუქა. არ ვიცი რატომ ჩათვალა, რომ თაფლის ჩუქება მისი საყვარელი მწერლისთვის კარგი აზრი იქნებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ტრილოგიის პირველ წიგნში თაფლსა და ფუტკრის ნაკბენს საკვანძო დატვირთვა ჰქონდა.

აი სწორედ ასეთი ამბების გამო თინეიჯერობიდანვე ამბივერტის ბუნება ჩამომიყალიბდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზოგჯერ ძალიან მსიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ზოგჯერ კი ჩემს თავს ვწყევლიდი იმის გამო, რომ ადამიანად გავჩნდი.

გაფრენის წინ გულში მხურვალედ ვილოცე და ღმერთს ვთხოვე, რომ მთელი მოგზაურობა თუ არა, პირველი რამდენიმე დღე მაინც გასულიყო ისე, რომ მსგავსი არაფერი დამმართნოდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ღმერთმა ჩემი თხოვნა შეისმინა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

აეროპორტის დაცვამ იმის გამო გამაჩერა, რომ ჩემი ხელბარგის ჩანთიდან უჩვეულო წიკწიკის ხმები საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა. აღმოჩნდა, რომ საეჭვო ნივთი ყუმბარის ფორმის პატარა მაღვიძარა საათი იყო, რომელიც წარმოდგენაც არ მქონდა ჩემს ჩანთაში საიდან გაჩნდა, ანდაც ქუთაისის აეროპორტიდან საერთოდ როგორ გამომატანეს. ალბათ იქაურმა სკანერმა იმიტომ ვერ დააფიქსირა, რომ ნივთი მთლიანად პლასტმასის იყო.

-ეს საათია, სა-ა-თი! – უკვე მეათასედ ვუმეორებდი დაცვის წევრს, რომელიც დაბნეული შემომცქეროდა.

-ყუმბარის ფორმა აქვს. – მეასედ მიმეორებდა ისიც.

-ასეთებსაც აკეთებენ!

-რატომ მოგზაურობთ ყუმბარის ფორმის საათით? – ულვაშზე ხელი გადაისვა კაცმა.

-ჩემი არ არის!

-გინდათ თქვათ, რომ ეს ჩანთა თქვენი არ არის?

-ჩანთა ჩემია, ოღონდ საათი არა!

-თქვენს ჩანთას ვინმე შეეხო?

-არ ვიცი! – ამოვიოხრე და მივიხედ-მოვიხედე. ცოტა ხნის წინ თუ ყურადღებას არავინ მაქცევდა, ახლა უკვე ყველა მე მიყურებდა. მათ შორის ჩემი ჯგუფის წევრებიც, რადგან ჩემ გამო აეროპორტის დაცვა ახლა მათ ჩანთებსაც ჩხრეკდა. ერთადერთი თაია შემომცქეროდა საწყალი ლეკვის თვალებით. მგონი მხოლოდ ის წუხდა ჩემს გამო.

-იტალიაში რისთვის ჩამობრძანდით? – მკითხა დაცვამ.

-სამოგზაუროდ! – ამოვიოხრე.

კაცმა რიგში ჩამდგარ ტურისტებს გადახედა. ყველა მათგანს შტატივზე დამაგრებული ტელეფონები ეჭირა. ზოგი სელფს იღებდა, ზოგიც აეროპორტს, ზოგი ვლოგს წერდა, ზოგიც რაღაც უაზრო ჩელენჯის ვიდეოს.

-თქვენც ინფლუენსერი ხართ? – მომიბრუნდა კაცი.

-მწერალი ვარ, მწე-რა-ლი! – ისევ დავუმარცვლე, ხმამაღლა და მოუთმენლად. – “მკვლელის ინსტიქტი” არ წაგიკითხავთ?

როგორც კი სიტყვა მკვლელი ვახსენე, მაშინვე დაიძაბნენ დაცვის წევრები. ღმერთო, ზოგჯერ მართლა როგორ მიჭირდა საჭირო სიტყვების შერჩევა.

-წიგნების ტრილოგიაა. მისი ავტორი ვარ. ინგლისურ ენაზე ნათარგმნია და მალე იტალიურზეც ითარგმნება.

-არა. – თავი გააქნია კაცმა.

-რა თქმა უნდა, არ იცით, ალბათ კითხვისთვის ვერც იცლით. – სიბრალულით შევხედე ორივეს და გაოფლიანებული ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი.

აეროპორტში კიდე ნახევარი საათი დავყავით. ჩემი ზურგჩანთაც მთლიანად გაჩხრიკეს და ჩემი პატარა, ყვითელი ჩემოდანიც, შემდეგ კი ტურისტული ჯგუფის ყველა წევრის ბარგიც გადაქექეს. საბედნიეროდ არც ერთ ჩვენგანს ჩანთაში რაიმე საეჭვო არაფერი აღმოგვაჩნდა, რის გამოც არც არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ დაუდეპორტირებიათ. 

როცა აეროპორტის დაცვასთან კამათს მოვრჩი, მოვიხედე და ნაცნობი ვეღარავინ დავინახე. მერე თვალები გავაცევე და სივრცეში გავიხედე. ჩემი ჯგუფის წევრები გიდის მეთაურობით აეროპორტს ტოვებდნენ. ვიცოდი, რომ დამელოდებოდნენ, მაგრამ მაინც ვიჩქარე. ჩემს პატარა ჩემოდანში ტანსაცმელი უწესრიგოდ ჩავკუჭე, მაგრად შევკარი, მერე დაცვის წევრებს ანკეტაზე ავტოგრაფი დავუტოვე, არ უთხოვიათ, მაგრამ მაინც, და გასასვლელს მივაშურე.

ჩემი ჯგუფის წევრებით სავსე ავტობუსი, სადღაც შორიახლოს იცდიდა, ახლა მთავარი იყო სწორად მომეძებნა, კიდევ ერთხელ არ ჩავვარდნილიყავი სულელურ მდგომარეობაში და სხვა ავტობუსში არ ავსულიყავი. 

როცა აეროპორტიდან გამოვედი და ავტობუსების სადგომისკენ წავედი, შემცივდა. ამიტომ წამიერად შევჩერდი, ჩემოდანი იქვე, ერთ-ერთ ავტობუსთან მივაგორე, ხელზე გადაკიდებული ფანელის, კუბოკრული ჟაკეტი შემოვიცვი და რამდენიმე ღილი შევიკარი. თავი რომ ავწიე, მოულოდნელად მხრებში ვიღაცის ძლიერი ხელი დამეძგერა, შემდეგ კი კისერში ნემსის ჩხვლეტის მსგავსი საშინელი წვა ვიგრძენი. პირი გავაღე, რომ მეკივლა და დახმარება მეთხოვა, თუმცა ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა. უეცრად მოგვრილმა შიშმა ამოტანა, თავში ერთდროულად ათასმა საშინელმა ფიქრმა გამიელვა, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ ჩავეჭიდე, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს.

ჩემს კისერზე შემოჭერილ ვიღაცის ტატუიან მკლავს ფრჩხილები ჩავარჭე და მისთვის კბენა ვცადე, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წამიანი ფართხალის შემდეგ, ვიგრძენი, როგორ მომიდუნდა მთელი სხეული. თვალებზე თითქოს ბნელი ფარდა ჩამომაფარესო, სიმძიმემ ქუთუთქოები დამახუჭინა, შემდეგ კი შიშისმომგვრელი სიჩუმე ჩამოწვა.

*

როცა ჩემმა გონებამ გამოფხიზლება დაიწყო, სრულიად დეზორიენტირებული ვიყავი. არ ვიცოდი რამდენი დრო იყო გასული, არ ვიცოდი სად ვიყავი და არც ის ვიცოდი, რატომ ჩამესმოდა იტალიური გინება შორიდან. 

ჰო, იტალიურ ენაზე არ ვსაუბრობდი, მაგრამ საგინებელ სიტყვებს მარტივად ვცნობდი, რადგან ცოტათი ესპანურს წააგავდა. არც ესპანურზე ვსაუბრობდი გამართულად, მაგრამ ის სტუდენტობის პერიოდი, რაც ესპანეთში გავატარე, უნაყოფო სულაც არ ყოფილა. ჩემმა ყოფილმა ესპანელმა შეყვარებულმა, ბევრი ცუდი სიტყვა მასწავლეს და ყველა მასზე დავხარჯე, როცა დავშორდი.

თვალი რომ გავახილე, პირველად ბეტონის, დანესტილი და ალაგ-ალაგ ამოტეხილი იატაკი დავინახე. თავჩაქინდრული ვიჯექი, მეგონა კისერზე რაღაც მძიმე ტვირთი მედო და წინ მექაჩებოდა. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, თვალები მეწვოდა და ყნოსვას მძაფრი, ობის სუნი მიხშობდა. ცივ, ლითონის დაჟანგულ სკამზე ვიჯექი და ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული. ყურებში ძლიერი შუილი ჩამესმოდა, და მცირედ გულისრევასაც ვგრძნობდი. ფეხები თავისუფალი მქონდა, თუმცა დაბუჟების გამო ისედაც ვერ ვამოძრავებდი.

თავი დიდი ძალისხმევის შედეგად ავწიე, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რომ მხედველობა გამწმენდოდა და ტერიტორია მოვათვალიერე. სადღაც მიტოვებულ, ძველ ქარხანაში ვიმყოფებოდი. შენობა მართკუთხა ფორმის იყო, ერთიანი დიდი სივრცე ჰქონდა, მე კი ზუსტად ამ სივრცის ცენტრში ვიჯექი. ჩამოლეწილი ფანჯრებიდან ჯერ კიდევ მზის შუქი შემოდიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უგონოდ დიდხანს არ ვყოფილვარ.  სწორედ ამ ჩალეწილი მინებიდან შემოფრენილი მტრედები ჩემს თავს ზემოთ გადებულ რკინის მილებზე ისხდნენ და მშვიდად ღუღუნებდნენ. სადღაც, შორიახლოს, დაჟანგულ დანადგარებს შორის წყალი წვეთავდა, ალბათ ობის მძაფრ სუნსაც ეს სველი წერტილი იწვევდა. 

დაჭიმული კისერი გავამოძრავე, ჯერ მარჯვნივ გავიხედე და მოშორებით მინებიანი კედელი დავინახე. მარცხნივაც, ზუსტად ისეთივე კედელი იყო. ჩემს ზურგს უკნიდან იტალიური საუბარი ისევ ნესმოდა, მაგრამ კისერს ვერც კი ვაბრუნებდი, რომ დამენახა, ვინ იყო ჩემი გამტაცებელი.

“გამტაცებელი” – უეცრად ეს სიტყვა ზარის გუგუნივით ჩამესმა გონებაში. გამახსენდა აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმა, ძლიერი წვა კისერში და ახლა ეს შენობა… ეს ყველაფერი სწორედ იმაზე მიანიშნებდა, რომ გამიტაცეს!

მძაფრსიუჟეტიან ფილმებშიც ზუსტად ასე იტაცებდნენ ახალგაზრდა, დაუცველ გოგონებს, რომლებსაც მერე ლიამ ნისონი იხსნიდა ხოლმე ტყვეობიდან. 

სამწუხაროდ ლიამ ნისონი არ იყო მამაჩემი.

ერთადერთი, რაც იმ მომენტში მომაფიქრდა, ხელების გათავისუფლება იყო. ვცადე კიდეც, მაგრამ სულ ტყუილად. თოკი ისე მაგრად მიჭერდა, რომ სისხლს მიჩერებდა. თითები დამბუჟებოდა, კიდურებში კი ძალა სულ გამომცლოდა. ზარმაცასავით ნელა ვამოძრავებდი თითებს, რაც გათავისუფლებში აშკარად ვერ დამეხმარებოდა.

უეცრად ჩემს ზურგს უკნიდან ნაბიჯების ხმა უფრო მკაფიოდ გავიგონე და ერთიანად დავიძაბე. ვიცოდი, რომ უნდა მენერვიულა, რადგან სახარბიელო სიტუაციაში ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ნერვიულობას საერთოდ ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ დაძაბულობას. თითქოს ჩემს სხეულში ყველა ემოცია გათიშულიყო. ეს ალბათ იმ წამლის დამსახურება უნდა ყოფილიყო, რაც გამტაცებლებმა გამიკეთეს.

კიდევ რამდენიმე წამიც და ჩემს წინ სამი მაღალი მამაკაცის ფიგურა გაჩნდა. დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებულები უნდა ყოფილიყვნენ. ძლიერი აღნაგობით, ტანზე მორგებული პიჯაკებით და გადაპარსული თავებით ერთმანეთს ჰგავდნენ, თუმცა სახის ნაკვთებით სრულიად განსხვავდებოდნენ. კიდევ ერთი საერთო, რაც ამ ადამიანებს გააჩნდათ, გადაპარსულ თავზე ამოსვირინგებული კრაზანის ტატუები იყო. ეს სიმბოლო იმაზე მიანიშნებდა, რომ რომელიღაც დაჯგუფების, ანდაც მაფიის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. უცებ მათ შორის ყველაზე მაღალი და სასტიკი მზერის მამაკაცი დანარჩენებს გამოეყო, მომიახლოვდა და რაღაც იტალიურად მითხრა.

-იტალიური… არ ვიცი. – წავილუღლუღე ძალდატანებით. ჩემი ხმა მეუცნაურა. უჩვეულოდ მშვიდად და სერიოზულად ჟღერდა.

-კრისტალი სად არის? – ამჯერად ინგლისურად მკითხა უკან მდგომმა კაცმა, რომელსაც მზის სათვალე ეკეთა. 

ნეტავ, რად უნდა მზის სათვალე, ნახევრად ჩაბნელებულ შენობაში-მეთქი, ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევდა.

-რა… კრისტალი? – ვიკითხე მე.

ამ კითხვის დასმისას წესით გაოცება უნდა გამომეხატა, მაგრამ სახის მიმიკები საერთოდ ვერ დავიმორჩილე.

როცა კაცი ჩემკენ დაიხარა, მისი თამბაქოს სუნით გაჟღენთილი სუნთქვა სახესთან ახლოს ვიგრძენი და თავი შეუმჩნევლად მივაბრუნე გვერდზე.

-თუ არ გვეტყვი კრისტალი სად არის, ხელ-ფეხს მოგაგლიჯავ. – პირიდან სიტყვები თამაბქოს უფრო მძაფრ სუნთან ერთად ამოანთხია მან.  

-მგონი, ვიღაცაში… შეგეშალეთ. – მივუგე ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

ეს აზრი გონზე მოსვლის მომენტიდან მიტრიალებდა თავში. რადგან სხვანაირად ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნიდი. ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ჩემი გატაცება? არც მილიონერი ვიყავი და არც რომელიმე სამეფო ოჯახის წევრი. არც ლიამ ნისონი იყო მამაჩემი. უბრალოდ მწერალი ვიყავი. შეიძლება ვინმეს ჩემი წიგნები ისე ეკითხა, რომ არც კი სცოდნოდა როგორ გამოვიყურებოდი.

მაღალმა კაცმა უცებ ხელი ასწია, მთელი ძალით გამომიქანა და სახეში გამარტყა. წამით თვალებში დამიბნელდა, თან დარტყმის ძალისგან გვერდზე გაბრუნებული თავის გამო ჩემი გრძელი, წაბლისფერი თმა თვალებზე ჩამომეფარა და ვეღარფრის დანახვა ვეღარ შევძელი. სახე ისედაც დაბუჟებული მქონდა, ამიტომ ტკივილი დიდად არ მიგრძვნია, თუმცა  პირში მეტალის გემო ვიგრძენი. ტუჩი კბილებს შორის დამეტნა, რის გამოც უნებლიეთ ვიკბინე და სისხლი დამდინდა. 

კაცმა თავისი უხეში ხელები სახეზე მომკიდა, თავი ძალით გამასწორებინა, სახიდან თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა. ისეთი მრისხანებით სავსე მზერა ჰქონდა, მეგონა მალე დამახრჩობდა. მან კიდევ ერთხელ ასწია ხელი, რომ ჩემთვის დაერტყა, თუმცა მე გვერდზეც კი არ გამიხედავს, არც თვალები დამიხუჭავს. არ ვიცი ამხელა გამბედაობა საიდან მოვიკრიბე, მაგრამ გადავწყვიტე მისთვის შიში არ მეჩვენებინა, ამიტომ თვალებში ჯიქურ შევაცქერდი. 

კაცმა ცივად ჩაიცინა და ჩემკენ წამოიწია, თუმცა უეცრად ჰაერშივე გაუშეშდა აწეული ხელი, რადგან მოულოდნელად საშინელი ნგრევის და მსხვრევის ხმა ერთდროულად გაისმა. ჩემი შენელებული ინსტინქტების გამო არ ვიცი, ასე სწრაფად როგორ მოვახერხე ყველაფრისთვის თვალის მიდევნება, თუმცა ნათლად დავინახე, მართკუთხა შენობის ორივე მხრიდან ორმა მანქანამ ერთდროულად როგორ შემოანგრია მინის კედელი და მთელი სიჩქარით ჩემკენ წამოვიდა. კაცები, რომლებიც თავზე მადგნენ, მანქანით გატანის შიშით, შენობაში გაიფანტნენ და ამ ორ, მქროლავ მეტალის სიკვდილს დაუფიქრებლად შემატოვეს.

თავს აქეთ-იქით ბუსავით ვატრიალებდი, ვხედავდი ორივე მხრიდან ჩემკენ როგორ მოექანებოდნენ მთელი სისწრაფით მანქანები, და ვიცოდი, რომ რამდენიმე წამში გამსრესდნენ. ისევ ვერაფერს ვგრძნობდი. ვერც შიშის, ვერც პანიკას, ვერც ისტერიკას, მხოლოდ დედაჩემის და ჩემი ძმის ამბავი მაწუხებდა, რადგან ვიცოდი, რომ ისე მოვდკვდებოდი, ისინი ჩემს საფლავსაც ვერ იპოვიდნენ. მამას ამბავიც მაწუხებდა. სახლიდან შორს, სადღაც პილონეთში, ჩემი დაკარგვის ამბავს რომ შეიტყობდა, ალბათ მიკრო ინფარქტს მიიღებდა. თაიას ამბავიც მაწუხებდა. საწყალი გოგო, ალბათ ამ ამბავში თავს დიდხანს დაიდანაშაულებდა.

ისნტინქტურად თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და წელში ოდნავ მოვიხარე. გადავწყვიტე ჩემს აღსასრულს ისე შევხვედროდი, რომ მომხდარი დეტალებში არ დამენახა. რამდენიმე წამიც და ყველაფერი დამთავრდება-მეთქი,  ბოლოს ეს გავიფიქრე, თუმცა ფიქრები მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ გამაწყვეტინა. თვალები, რომ გავახილე, დავინახე, ორივე მანქანა ჩემგან სულ ორი ან სამი სანტიმეტრის დაშორებით გაჩერებულიყო. ერთი მანქანა თეთრი იყო, მეორე კი შავი, თუმცა მარკა ნამდვილად აღარ მახსოვს.

სანამ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, უცებ ორივეს კარი ერთდროულად გაიღო. თეთრი მანქანიდან ახლგაზრდა ქალი გადმოვიდა,  შავი მანქანიდან კი ახალგაზრდა მამაკაცი.

ქალს პლატინისფერი, მაღლა აწეული თმა, ალმასისებრი მოელვარე თვალები და ძალიან ბასრი, გამოკვეთილი ყბები ჰქონდა. ქუსლიანი ფეხსაცმელი და ბარძაყთან ღრმად ჩახსნილი კაბა ეცვა. პირველად მის დანახვაზე სწორედ ის გავიფიქრე, რომ სიტუაციასთან შეუფერებლად ეცვა. ვინ დადის ასეთ ადგილებში ქუსლიანებით-მეთქი, გაკვირვებულმა შევხედე მას და მზერა შესაფასებლად ამჯერად მამაკაცზე გადავიტანე. აღმოჩნდა, რომ მასაც საკმაოდ შეუფერებლად ეცვა. გუჩის პიჯაკი ლამის კანზე ასკდებოდა, მუქი წაბლისფერი თმა კი მოდურად დაევარცხნა. გეგონებოდათ სალონიდან ახლახანს გამოვიდაო.

-პირველად მე მოვედი! – დაუკივლა ქალმა მამაკაცს, წინ ჩამიქროლა და მისკენ გამძვინვარებული წავიდა. თან კაბის ჭრილიდან, ბარძაყზე დამაგრებულ ბუდეში ჩადებული იარაღი რომ უჩანდა, ხელის სწრაფი მოძრაობით ამოაძვრინა. სანამ გადატენვას მოასწრებდა, მამაკაცი უცებ მაჯაში სწვდა, იარაღი გააგდებინა, შემდეგ კი წელზე ხელი მოავლო და მთელი ტანით მოატრიალა. ქალი მანქანის კარზე აღმოჩნდა ზურგით მიკრული. გაიბრძოლა, თუმცა კაცმა მეორე ხელიც ზურგს უკან გადაუგრიხა და გაუკავა, შემდეგ თავისი თავისუფალი ხელის თითები წელიდან დაბლა ჩაასრიალა, სხეულის ფიგურას ჩაუყვა, ჩახსნილი კაბის ჭრილში თითები შეაცურა, მის ფეხზე დამაგრებული ბუდიდან დანა ამოიღო და ძირს დააგდო. დღემდე ვერ ვხვდები, იმ ვიწრო კაბის შიგნით, ეს ქალი, ამდენ იარაღს როგორ მალავდა.

თვალები რამდენჯერმე დავახმახამე, თუმცა ჩემს წინ განვითარებული სცენა მაინც არსად გამქრალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არაფერი მელანდებოდა. მართლა ვხედავდი ორ უცნაურ ადამიანს, ერთმანეთს მთლიანი სხეულებით რომ ეტმასნებოდნენ და ირგვლივ სექსუალურ დაძაბულობას აღვივებდნენ. რა ჯანდაბა ხდება-მეთქი, გავიფიქრე და გონებაში პირვჯვარი გადავისახე.

მოულოდნელად ფიქრები შუაზე გამიწყდა, რადგან გასროლის გამაყრუებელი ხმა გაისმა. ქალი და მამაკაცი ერთმანეთს მოშორდნენ და მანქანასთან დაიხარნენ. ქალმა იარაღისკენ გაიწია, თუმცა კაცმა აღება დაასწრო და საპასუხო ცეცხლი გახსნა. სროლა რამდენიმე წამში შეწყდა, რადგან სავარაუდოდ ტყვია ჩემი გამტაცებლებიდან რომელიღაცას მოხვდა. 

იმწამს გავიფიქრე, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და კომაში მყოფს ყველაფერი მესიზმრებოდა, თუმცა ჩემი ყველა ფიქრი მაშინვე გაბათილდა, როცა გაფანტული მელოტი კაცები უეცრად ამ მტვერსა და ბუღში საიდანღაც გამოტყვრნენ, და იმ ორ ახალგამოჩენილს თავს დაესხნენ.

თვალების არ დავუჯერე, როცა დავინახე, ქალი და მამაკაცი როგორ ჩაერთნენ ხელჩართულ ბრძოლაში იტალიელ გამტაცებლებთან. ყველაფერი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრებივით განვითარდა ჩემს თვალწინ. ქალს საოცრად გრაციოზული და მოხდენილი მოძრაობები ჰქონდა. კატასავით სწრაფი იყო და ამ მოუქნელ ტიპს ხელიდან წამებში უსხლტებოდა. მამაკაცი კი ძალიან ძლიერი ჩანდა და ერთი დარტყმით ანადგურებდა ყველაფერს. სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ გამტაცებელი წამში უგონოდ მიაგდო მიწაზე და ჩემკენ წამოვიდა. ამ დროს ქალმაც ფეხის დარტყმით რკინის ბოძს მიახეთქა მელოტი კაცი, ჩამოიშორა და ისიც მომიახლოვდა. 

მამაკაცს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ძირს დაგდებული დანა ამოიღო და ჩემს უკან დაიხარა. ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ მომიდუნდა ხელები, რადგან მან ჩემს ხელებზე მოჭერილი თოკი ჩაჭრა, მერე კი მკლავში ჩამეჭიდა და ფეხზე ძალით წამომაგდო.

-ის ჩემია! – მომვარდა უცებ ქალი და თავისკენ დამქაჩა.

-აქედან გაქრი, სირენა, თუ არ გინდა, რომ გულში ტყვია მიიღო! – კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.

-შენ თვითონ გაქარი, ანუბის! – კბილებს შორის გამოსცრა მან.

ჯერ ერთს გავხედე, შემდეგ კი მეორეს. ისევ იმ აზრს დავუბრუნდი, რომ ყველაფერი მელანდებოდა. ანდაც მანქანებმა გამსრისეს და ჯოჯოხეთში მოვხვდი, ახლა კი ორი ეშმაკი ერთმანეთს ერკინებოდა, ვინ უფრო სასტიკად დამსჯიდა. 

-ეს ჩემი დავალებაა! – არ ნებდებოდა ქალი.

-ის ჩემთან ერთად წამოვა! – მისკენ მექაჩებოდა მამაკაცი.

ახლა უკვე თავი ისე ვიგრძენი, თითქოს განქორწინებული მშობლებს შორის ვიდექი და ისინი ვერ მიყოფდნენ. ასეთი გამოცდილება უკვე მქონდა. ჩემი მშობლები რომ განქროწინდნენ, დიდხანს იკამათეს ბავშვები ვისთან უნდა დარჩენილიყო, საბოლოოდ კი იქამდე მივიდნენ, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩემი და ჩემი ძმის სურვილი გაიგეს. ვიფიქრე, იქნებ ამან ახლაც გაჭრას-თქო, ამიტომ სანამ ისინი ჭიდაობდნენ და აქეთ-იქით მახეთქებდნენ, გადავწყვიტე ხმა ამომეღო.

-მე… მე არაფაერს მკითხავთ? – ისევ სადღაც შორიდან ჩამესმა საკუთარი ხმა.

-არა! – მომიბრუნდნენ და ერთდოულად შემომიყვირეს.

რა თქმა უნდა, არ გაჭრა. ისინი მართლა ჩემი მშობლები კი არ იყვნენ,  რომლებიც ყველაფერს მითმობდნენ?! ნეტავ, საერთოდ რისი იმედი მქონდა?

უეცრად ორივემ ხელი შემიშვა და ერთმანეთისკენ გაიწიეს, რომ ისევ ერთმანეთში ებრძოლათ, თუმცა როგორც კი ვიგრძენი, რომ არც ერთის ძლიერი ხელი აღარ მაკავებდა, მუხლები მაშინვე მომეკვეთა და მიწას დავენარცხე. რომ შემძლებოდა იქვე სირცხვილით გარდავიცვლებოდი, მაგრამ საბედნიეროდ არც ემოციები გამაჩნდა და ვერც მათ გამოვხატავდი. ერთადერთი, რაც შევძელი, სხეულის ახიკვა და გულაღმა გადაბრუნება იყო. დავინახე, როგორ დამადგა ორი ფიგურა თავზე და ზემოდან შეწუხებული სახეებით დამხედეს.

-კარგად ხარ? – მკითხა მამაკაცმა.

ნეტავ რაში ადარდებს-მეთქი, გავიფიქრე გაკვირვებულმა და მის სახეს დავაკვირდი.  სიმპათიური სახე ჰქონდა. მუქი, ხორბლისფერი, მზისგან გარუჯული კანი და მუქი თვალები ამშვენებდა. მისი აღნაგობის და გარეგნობის ადამიანი მოდელი უნდა იყოს-მეთქი, ლამის ხმამაღლა წამოვიძახე. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემს მომავალ წიგნში სიამოვნებით გამოვიყენებდი მისი გარეგნობის და მონაცემების პერსონაჟს.

-მგონი მოკვდა. – თქვა ქალმა.

-ვინ… ხართ? – ენა პირში ძლივს მოვაბრუნე, – ტრიადა? იაკუძა?

-აჰ, ცოცხალია. – თვალები გადაატრიალა ქალმა. 

მგონი ის უფრო გაუხარდებოდა, იქვე რომ მოვმკდარიყავი.

-ტრიადა ჩინური მაფიაა, იაკუძა – იაპონური, ჩვენ კი იტალიაში ვართ! – გაიცინა მამაკაცმა.

-მაშინ… კოზანოსტრა? – ვეცადე მეც გამეღიმა, თუმცა სახის კუნთები ისევ ვერ დავიმორჩილე. ჩემს თავს ვერ ვხედავდი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გაღიმების ნაცვლად უბრალოდ დავიჯღანე.

ქალმა და კაცმა ერთმანეს გადახედეს, ამოიოხრეს, თავები გადააქნიეს, მერე კი ზემოდან დამხედეს და ერთდროულად მიპასუხეს:

-ჩვენ ასასინები ვართ! 

***

წიგნის წერის პროცესში ბევრი ისეთი სცენა შევქმენი, სადაც მოულოდნელი, ზოგჯერ კი წარმოუდგენელი ამბები ემართებოდათ პერსონაჟებს. ჩემს ფანტაზიას მაქსიმალურ გასაქანს ვაძლევდი. 

მამაჩემმა ჩემი პირველი წიგნის წაკითხვა რომ დაასრულა, შემომხედა და მკითხა: “მართლა ფიქრობ, რომ შეიძლება ადამიანებს ცხოვრებაში ასეთი რაღაცები გადახდეთ?”

მაშინ დავიბენი და რა ვუპაუსხე თავადაც არ მახსოვს, მაგრამ მამაჩემს ასასინებთან ერთად რომ ვენახე, დიდი სიამოვნებით გავუღიმებდი ნიშნის მოგებით და ვეტყოდი: “აბა შემომხედე!”

სამწუხაროდ მამაჩემს წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად ვიყავი იმ მომენტში და რა შემემთხვევა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ჩემი ოცნების ქვეყანაში ჩავედი, მომიტაცეს, მცემეს და კინაღამ მანქანით გამიტანეს, მაგრამ ახლა ამ ორი უცნაური არსების წინ ვეგდე მიწაზე გაშხლართული და გიჟივით ვიცინოდი, მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე: “ჩვენ ასასინები ვართ“.

ემოციების გამოხატვის უნარი, სულ რამდენიმე წამი იყო, რაც დამბრუნებოდა, თუმცა არაადეკვატურად. რადგან სხვა მხრივ ვერ ვხსნიდი, როგორ შეიძლებოდა ორი შეშლილი კრიმინალის წინაშე მიწაზე გაშხლართული ვყოფილიყავი და ისტერიულად მეხარხარა. როგორც შემეძლო სხეულს ისე ვზიდავდი, აქეთ-იქით ვგორავდი, მუცელზე ხელს ვიჭერდი და სიცილს ვერ ვწყვეტდი.

-რა სჭირს? – გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა მამაკაცმა ქალს.

-მგონი გაგიჟდა. – დაიჩუჩულა ქალმა.

-ის ხომ მწერალია, ისედაც გიჟია. – უპასუხა მამაკაცმა.

მინდოდა მათთვის დეტალურად ამეხსნა, რამდენად წარმოუდგენლად მიმაჩნდა ის, რაც ცოტა ხნის წინ მითხრეს, თუმცა უეცრად საიდანღაც პოლიციის სირენების ხმა გავიგონე, რის გამოც ჩემს გონენაში მაშინვე იმედის ნაპერწკლები აკიაფდა. იმედის, რომ ამ ჯოჯოხეთიდან სამართალდამცავები მაინც მიხსნიდნენ.

-პოლიცია ვინ გამოიძახა? – თვალები აუელვარდა ქალს.

-ალბათ ვინმემ გასროლის ხმა გაიგონა. – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

-წავიდეთ აქედან! 

-ამას რა ვუყოთ?

-მიგვყავს! – ბრძანება გასცა ქალმა, მერე მამაკაცის მანქანას ეჭვით შეხედა და დაამატა, – ჩემი მანქანით წავიდეთ, საერთოდ არ დაზიანებულა. 

კაცმაც შეავლო მზერა თავის მანქანას და შენიშნა, რომ მინის კედლის შემონგრევისას მართლაც საკმაოდ დაზიანებული ჩანდა.

-ჩალეწილი ფარებით ქუჩებში შესამჩნევი იქნება. – ჩაილაპარაკა მან, მერე გაიქცა, თავისი მანქანის საბარგულიდან ზურგჩანთა ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა.

მივხვდი, რომ იქიდან პოლიციის მოსვლამდე თუ წამიყვანდნენ, მერე ვეღარავინ მიპოვიდა, ამიტომ მთელი ძალა მოვიკრიბე, ლითონის ბოძისკენ გავხოხდი და და ხელებით მოვეჭიდე, მაგრამ სულ ტყუილად. ქალმა ერთი ხელის მოსმით მომგლიჯა ბოძს და ფეხზე წამომაყენა. ვერ მივხვდი, მე ვიყავი ასეთი მისუსტებული, თუ ამ ქალს ჰქონდა ხელებში წარმლუდგენელი ძალა. 

მეორე მხარში მამაკაცი ამომიდგა და მანქანისკენ გამათრიეს. ვცდილობდი წინაამღდეგობა გამეწია, თუმცა ფეხებში ჯერ ამდენი ძალა არ დამბრუნებოდა, რომ იმ ორს გავქცეოდი. 

ქალის თეთრ მანქანას რომ მივუახლოვდით, მეგონა საბარგულში ჩამტენიდნენ, რის გამოც მთელი სხეულით დავიძაბე, თუმცა ასე არ მომხდარა. არ ვიცი ჰუმანურობა გამოიჩინეს, თუ უბრალოდ საბარგული არ გაახსენდათ, მაგრამ უკანა კარი გამიღეს, სავარძელზე მიმაგდეს, თვითონ წინ დასხდნენ და მანქანა დაქოქეს.

რამდენიმე წუთში ქარხნის ტერიტორიას ისე გავცდით, რომ არც არავის დავუნახივართ და არც პოლიცია დაგვდევნებია. მაქანის სალონში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. 

ის ორი არ საუბრობდა, მე კი თავის გადარჩენის მიზნით ჩუმად ვიჯექი, გარემოს ვაკვირდებოდი და ადგილების დამახსოვრებას ვცდილობდი. დროის შეგრძნება ჯერ კიდევ დაკარგული მქონდა, ამიტომ არ მახსოვს რამდენი ხანი დაგვჭირდა ვატიკანის ხედების დასანახად. თავიდან რამდენიმე ნაცნობი შენობა შევნიშნე, რომელიც ძირითადად გუგლის საშუალებით მქონდა ნანახი. ჩემს თვალწინ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სანტ-ანჯელო, წმინდა პეტრეს ტაძარი და პანთეონი, მერე კი ხედებთან ერთად ლანდშაფტიც შეიცვალა. მივხვდი, რომ ქალაქიდან გავდიოდით, რადგან მანქანა გაშლილ მინდვრებს შორის მიჰქროდა. 

აქ უკვე ყველა ადგილი ერთმანეთს ჰგავდა. არ იდგა ისტორიული შენობები, სახლები გზიდან მოშორებით იყო, ცოტა მანქანა მოძრაობდა, მათგან კი პატრულის მხოლოდ ერთი იყო. შემხვედრ მანქანებს შორის, როცა ფერად ნათებებს მოვკარი თვალი, მთელი ტანით წამოვიწიე. ზუსტად არ ვიცოდი, რის გაკეთებას ვაპირებდი. გეგმა არ მქონდა, მხოლოდ ინსტინქტებს მივყვებოდი.

როგორც კი ჩემი მოძრაობა შენიშნა საჭესთან მჯდარმა ქალმა, სარკე გაასწორა, იქიდან ეჭვის თვალით გამომხედა და ბრაზით სავსე ხმით მითხრა.

-არც იფიქრო! იმაზე სწრაფად შემიძლია შენი მოკვლა, ვიდრე შენ პოლიციისთვის დახმარების თხოვნას შეძლებ!

უიმედოდ ამოვიოხრე და ისევ სავარძლის საზურგეს მივეყრდენი. პატრულის მანქანამ მშვიდად ჩამიარა და სადღაც გაუჩინარდა. სარკის ანარეკლში დავინახე, როგორი კმაყოფილი გამომეტყველებით გაიღიმა ქალმა, შემდეგ კი ისევ მე გამისწორა მზერა სარკიდან.

-აბა, მწერალო, გვეტყვი სად არის კრისტალი? 

დაბნეულმა შევხედე ჯერ ქალს, მერე კი მამაკაცს. ჩემი გამტაცებლებიც რაღაც კრისტალზე მელაპარაკებოდნენ და მწერალს მეძახდნენ. ერთადერთი, რაც აზრად მომდიოდა, ის იყო, რომ ამ ხალხს ვიღაცაში შევეშალე, მაგრამ როგორ და რატომ, ამ კითხვებზე ჯერ პასუხი არ მქონდა.

-რა კრისტალზე მელაპარაკებით დღეს ყველა? იმ ტიპებსაც ვუთხარი, რომ არაფერი ვიცი. – ძლივს ამოვიდგი ენა პასუხის გასაცემად.

მამაკაცი უცებ მომიბრუნდა, მუქი ყავისფერი თვალები ეჭვით მომაპყრო, კარგად დამათვალიერა, მერე კი ჯიბიდა სუფთა ხელსახოცი ამოიღო, გამომიწოდა და მითხრა.

-ტუჩიდან სისხლი მოგდის, მოიწმინდე.

მამაკაცს გაოგნებით შევხედე. მართლა ვებრალებოდი თუ ეს რაიმე თამაში იყო, ვერ ვხვდებოდი. ჯერ კიდევ ვერ ვიგებდი ზუსტად ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ჩემი მოკვლა უნდოდათ, თუ არა? დამნაშავეები იყვნენ თუ კარგი ტიპები? იქნებ კარგი და ცუდი პოლიციელის როლს თამაშობდნენ? 

ხელი ავწიე და ხელსახოცი ფრთხილად გამოვართვი. თითები მიკანკალებდა, რადგან კიდურებში ძალა ჯერ კიდევ არ დამბრუნებოდა. ტუჩზე შემხმარი სისხლი მოვიწმინდე და თავი გვერდზე მივაბურნე.

-გმადლობ. – ვთქვი ხმადაბლა.

 -როგორი ჯენტლმენი ხარ. – ირონიულად ჩაიცინა ქალმა. 

-რატომ ერევი გამუდმებით ჩემს საქმეში? – ახლა მას მიუბრუნდა მამაკაცი და უსაყვედურა.

-მე კი არა, შენ ერევი. ჯერ ანდრონოვი მოკალი ჩემს მაგივრად. ახლა კი ეს… 

-როგორც ჩანს საპირისპირო მხარეს აღმოვჩნდით… ისევ. 

-საწამლავი შენ შემიცვალე, ხომ ასეა ? – ჰკითხა უცებ ქალმა.

-ჰო, როცა სასტუმროში გეძინა, იქ შემოვიპარე და ციანიდის ნაცვლად იმ ბეჭედში კუჭის მოქმედების წამალი ჩაგიყარე. – ჩაიცინა კაცმა.

-ორი წლის ხარ? შეგეძლო უბრალოდ შაქრით შეგეცვალა. ციანიდის და შაქრის ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. – თქვა სარკასტულად ქალმა.

-ასე სახალისო აღარ იქნებოდა! – ახარხარდა მამაკაცი.

-არ მჯერა, რომ დიმიტრის გულში ესროლე… – ჩაისისნა მან.

-რა ჩემი ბრალია, თუ ორ სხვასხვა პიროვნებას დიმიტრის მოკვლა სურდა და მათ ჩვენ დაგვიქირავეს? – უდარდელად თქვა მამაკაცმა. – როგორც ჩანს, მე შენზე უკეთესი შემსრულებელი ვარ.

-იოცნებე!

ორივენი ისე იყვნენ კამათში გართულნი, არც კი შეუმჩნევიათ, როგორ მეწყებოდა ნელ-ნელა პანიკა. “მკვლელობა”, “მოწამვლა”, “გულში სროლა”- ეს სიტყვები სასწრაფო დახმარების მანქანის სიგნალივით გაჰკიოდა ჩემს გონებაში და ჩემს შინაგან სამყაროს სრულიად აფორიაქებდა. როცა მითხრეს ასასინები ვართო, სიცილით კინაღამ მოვკვდი, რადგან ჩემი ძმა მომაგონდა, რომელიც დივანზე წამოგორებული ასასინების ვიდეოთამაშის მერამდენე ტურს ხურავდა, თავადაც აღარ ახსოვდა. აქამდე მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ, ანდაც ჩემს შეშინებას ცდილობდნენ, თუმცა მათი დიალოგიდან დავასკვენი, რომ ნამდვილად შეშლილ დაქირავებულ მკვლელებთან მქონდა საქმე. გამტაცებლებს გამოვექეცი, მაგრამ ახლა ამ შეშლილების მანქანაში ვიჯექი და წარმოდგენაც არ მქონდა, სად ჯანდაბაში მივყავდი.

-მე არიადნა არშბა ვარ, მწერალი… საქართველოდან ჩამოვედი იტალიაში სამოგზაუროდ და აეროპორტიდან მომიტაცეს. – არ ვიცი ჩემი ბიოგრაფია რატომ მოვყევი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ასე მათ დარწმუნებას უფრო შევძლებდი ჩემს უდანაშაულობაში.

-მოპარული პიროვნებით და შეთხზული ამბებით ვერაფერს გახდები. – სარკასტულად მომახალა ქალმა. – შენნაირებს ერთ წამში ფაქტავდა ფრანკენშტეინი.

-დამამტკიცებელ საბუთს გაჩვენებდით, მაგრამ პასპორტი, ტელეფონი და ყველა ჩემი პირადი ნივთი მაშინ დავკარგე, როცა მომიტაცეს…

-პასპორტის გაყალბება ერთ დღეშია შესაძლებელი. – იგივე ტონით მითხრა ქალმა, მერე მამაკაცს გადახედა და დაამატა, – მასში საკმაოდ დიდ თანხას მიხდიან, ასე რომ არც გაბედო ჩემთვის მისი თავის წართმევა.

-მას ისედაც მე წავიყვან. – სახეში შესცინა მამაკაცმა.

-ასე ფიქრობ? – ბასრი მზერა ესროლა ქალმა.

-დარწმუნებული ვარ! – თავდაჯერებით ჩაიღიმა მან.

სარკის ანარეკლში დავინახე, როგორ აენთო ქალს ბრაზით თვალები. როგორც მწერალს ადამიანის ამოცნობა კარგად მეხერხებოდა, ამიტომ მისი პიროვნება ერთ წამში გავფაქტე. ამ ქალს რაღაც ცხოვრებისეული ტრავმა უნდა ჰქონოდა გადატანილი, რის გამოც საბოლოოდ ასეთი ფიცხი ხასიათი ჩამოუყალიბდა. ვფიქრობ მამაკაციც არანაკლებ ფიცხი იყო, უბრალოდ ზოგიერთ სიტუაციაში თავის კონტროლი უკეთ შეეძლო, ვიდრე ამ ქალს.

უეცრად მუხრუჭს ძლიერად დააწვა ქალი და მანქანა შუა ტრასაზე გააჩერა. უკვე დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს ვიყავით. ირგვლივ სულ მაღალი ბალახები იყო. არც სახლები ჩანდა და აღარც სხვა მანქანები. ადამიანების ჭაჭანებაც კი არსად იყო, რომ დამეყვირა და ვინმესთვის დახმარება მეთხოვა.

ქალი მანქანიდან გადავიდა და საბარგული გახსნა. მამაკაცმა თვალები მოუთმენლად გადაატრიალა, კარი გააღო და ისიც გადავიდა. სავარაუდოდ უკვე ხვდებოდა მისი პარტნიორი რასაც აპირებდა.

-სერიოზულად, სირენა? – ხელები გაშალა მან. – დუელი გინდა?

-ასასინები ხომ უთანხმოებას ასე ვაგვარებთ?! – გაიცინა ქალმა. 

მთელი ტანით მოვტრიალდი და უკანა მინიდან წყვილს გავხედე. დავინახე, როგორ ამოიღო ქალმა ორი ხმალი საბარგულიდან და ერთი მამაკაცს მიუგდო ფეხებთან. ფოლადის ბასრპირიანი ხმლები შუა საუკუნეებში დამზადებულ ანტიკვარებს მოგაგონებდათ. ჯვრისებრი ვადები და ელვარე პირები ჰქონდა.

ამის დანახვისას მე თვალები გაოგნებით დავქაჩე, მამაკაცს კი სულაც არ გაჰკვირვებია. გავიფიქრე, რომ ეს პირველი შემთხვევა არ უნდა ყოფილიყო მათი ხმლებით ბრძოლის.

მამაკაცმა პიჯაკი გაიხადა და მანქანში შემოაგდო, მერე კი ხმალი აიღო და მისკენ გაექანა. წამიც და ფოლადის ერთმანეთზე შეჯახების ხმები გავიგე, ჰაერში კი ნაპერწლები გასცვივდა. დაზუსტებით ვერ გეტყვით ეს ნაპერწკლები მე მიბრჭყვიალებდა თვალებში, თუ ფოლადს ჭახანმა გამოიწვია, მაგრამ ისინი ნამდვილად დავინახე.

მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟად ისევ ვიგრძენი. ვუყურებდი ამ არსებებს, როგორი მრისხანებით და ვნებით შეპყრობილები ებრძოდნენ ერთმანეთს და თვალებს არ ვუჯერებდი. ხმლის მოქნევით გამოწვეული შხუილის ხმა ყურებში შემზარავად ჩამესმოდა და ვიღაცის სიკვდილის მოლოდინში გული გამალებით მიცემდა. ქალმა აშკარად უფრო მეტი ეშმაკური ხერხი იცოდა, ვიდრე მამაკაცმა, ამიტომ ფეხის დადებით მოწინააღმდეგე წააქცია და თვითონ ზემოდან მოექცა. უეცრად ამ ორს შორის უჩვეულო სექსუალური მუხტი ისევ ამოვიცანი. ერთმანეთისთვის უბრალოდ კონკურენტები არ უნდა ყოფილიყვნენ. რაღაც უფრო მეტი აკავშირებდათ.

ბოლოს მამაკაცმა სხეულზე ხელი მოავლო ქალს, გვერდზე გადააგდო და ამჯერად თვითონ მოექცა ზემოდან. 

სანამ ისინი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, მე დრო ვიხელთე, ასასინის პიჯაკს გადავწვდი და ჯიბეები მოვუსინჯე. ბოლოს ასე ცხოვრებაში როდის გამიმართლა, აღარც კი მახოვს-მეთქი გამეღიმა, რადგან გულის ჯიბეში ტელეფონი ვიპოვე, თუმცა ღიმილი სახიდან მაშინვე გამიქრა, როცა აღმოვაჩინე, რომ ტელეფონი თითის ანაბეჭდით იყო დაშიფრული. ნეტავ, სხვას რას ველოდი ასასინებისგან? მანქანიდან ისე გადავიდოდნენ, რომ ცხვირწინ დაუშიფრავ ტელეფონს დამიტოვებდნენ?!

მომდევნო რამდენიმე წამი, განრისხებული ჩემს ბედს ვწყევლიდი და ნერვიულობისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. მერე მოულოდნელად ჩემს თითებს შორის მოქცეული ტელეფონიდან ვიბრაცია ვიგრძენი და უნებლიეთ ხელიდან გამივარდა. ნელა დავიხარე სავარძლებს შორის ჩაგდებული ტელეფონისკენ, გადმოვაბრუნე და ეკრანს დავხედე. ზედ მხოლოდ ერთი სიტყვა ამოვიკითხე: “ფრანკენშტეინი”.

სხეულში უსიამოვნოდ გამცრა. ეს სახელი უკვე მსმენოდა ჩემი გამტაცებლებისგან. არ ვიცოდი ვინ იყო ფრანკენშტეინი, ან რას წარმოადგენდა, თუმცა იმას ნამდვილად ვხვდებოდი, რომ ასასინის ტელეფონზე ნორმალური არავინ დარეკავდა, ვისაც დახმარებას ვთხოვდი. თავიდან გადავწყვიტე არ მეპასუხა, თუმცა ის არა და არ თიშავდა, შესაბამისად ტელეფონიც ზუზუნს არ წყვეტდა. გათიშვის სენსორისკენ თავად გავწიე თითი, თუმცა მერე თავში ერთმა აზრმა გამიელვა. იქნებ ჩემს გამტაცებლებზე მეტი ინფორმაცია გავიგო, რომ მერე პოლიციას მათზე ყველაფერი მოვუყვე-მეთქი, გავიფიქრე და გათიშვის ნაცვლად პასუხის სენსორს დავაჭირე.

ტელეფონი ყურთან მივიტანე, თუმცა ხმა არ ამომიღია. ამ დროს იქიდან მამაკაცის სუფთა, თუმცა დაპანიკებული ხმა შემომესმა.

-ნიკო, შენგან ბოლო შეტყობინება არ მომსვლია. ხომ შევთანხმდით, რომ უნდა დამკავშირებოდი? რა ქენი, მწერალი აიყვანე? – მისი არათანაბარი სუნთქვა გარკვევით მესმოდა და მის ხმაში გამჯდარ მოუსვენრობასაც ვგრძნობდი. – ნიკო? – იკითხა მან, როცა პასუხი ვერ მოისმინა, – ნიკო, რატომ არ მპასუხობ?

-ნიკო… ახლა ცოტა დაკავებულია. – ვთქვი მაქსიმალური თავდაჯერებით. თავადაც გამიკვირდა ჩემი თავის, რომ ხმა არ ამკანკალებია. 

-ვინ… ხარ? – ამჯერად მის სუფთა და სასიამოვნო ხმას დაბნეულობის ელფერი შეერია, – ჰანა… შენ ხარ? ნიკოს ტელეფონს… რატომ პასუხობ? ერთმანეთს ისევ გადაეყარეთ, არა?

მე გავჩუმდი, ისიც გაჩუმდა. ტელეფონში მისი სუნთქვა მესმოდა, მას კი ალბათ ჩემი. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა. ვხვდებოდი, რომ ჰანა და ნიკო ჩემი გამტაცებლების ნამდვილი სახელები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის იქით მათზე არაფერი ვიცოდი. არც ის ვიცოდი, საუბარი რა მხრივ უნდა წამეყვანა, რომ ამ იდუმალი ადამიანისთვის, სახელად ფრანკენშტეინისთვის, მათზე ინფორმაცია გამომეძალა. განვლილმა დღემ, თავსგადამხდარმა ამბებმა და ალბათ იმ წამალმა, რაც ჩემს ორგანიზმში ჯერ კიდევ ტრიალებდა, ჩემი მწერლის და წერის დროს შეძენელი დეტექტივის უნარები, სულ დააჩლუნგა.

უცებ ტელეფონში ღრმა ამოოხვრის ხმა გავიგე. თითქოს მთელი ეს დრო სუნთქვა ჰქონდა შეკავებულიო, შემდეგ კი მან ჩაახველა და ამჯერად უფრო მეტად დაზაფრული ხმით თქვა:

-შენ ჰანა არ ხარ… – მცირე პაუზის შემდეგ, ხმა კიდევ უფრო მღელვარე გაუხდა, – სად არის ნიკო? მას… რაიმე დაუშავე?

-ფრანკენშტეინი… – ვთქვი უცებ მისი სახელი, მაგრამ არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. ალბათ ვფიქრობდი, რომ ადამიანს სახელით თუ მივმართავდი, მასთან კომუნიკაციას ასე უფრო მარტივად დავამყარებდი. 

-ღმერთო ჩემო! – შესძახა უცებ მან და ტელეფონი მაშინვე გათიშა.

გაოგნებულმა თავი ავწიე და მანქანის საქარე მინის მიღმა გაშლილ სივრცეს გავხედე. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ასასინების მეგობარი, რომელიც მათზე არანაკლებ საშიში ტიპი უნდა ყოფილიყო, მე, ქველმოქმედმა ადამიანმა, ცხოველთა დამცველმა და უბრალოდ ფრთიანამა ანგელოზმა, მხოლოდ ერთი სიტყვით შევაშინე.

მანქანის უკანა მინიდან ასასინებს მდგომარეობა გადავამოწმე. ისევ ერთმანეთთან ბრძოლით იყვნენ დაკავებულები. სწორედ ამ დროს, ფეხებში უჩვეულო ძალა შევიგრძენი, გულის მიერ გამომუშავებული ადრენალილნით კი მთელი ორგანიზმი ამევსო. გრძნობიები, ემოციები და კიდურებში ძალა ერთდროულად დანიბრუნდა. გადავწყვიტე ამ მომენტით მესარგებლა, მანქანის კარი გავაღე, ძირს გადავხტი და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი.

ადგილი სწორად ვერ გავთვალე. ნეტავ ვისთან გავრბოდი გაშლილ მინდვრებს შორის? როგორც უკვე აღვნიშნე, იქ არც მოსახლეობა იყო, არც მანქანები მოძრაობდა და არც ქუჩის კამერები ჩანდა სადმე. იქვე რომ მოვეკალი იმ ორის და დავემარხე, ვერავინ ვერასდროს მიპოვიდა. მოულოდნელად  პლატინისფერ თმას მოვკარი თვალი. ქალი ძლიერად ჩამაფრინდა მხრებში და მიწაზე წამაქცია, ტელეფონი გამივარდა და ასფალტზე გასრიალდა. ცალი ხელი მისკენ გავწიე, თუმცა ქალი მაჯაში მწვდა და მეორე ხელთან ერთად ზურგს უკან გადამიგრიხა. სად ჯანდაბიდან ჰქონდა ამხელა ძალა ამ გამწლეულ არსებას, ვერაფრით ვხვდებოდი. მალე მამაკაციც იქ გაჩნდა, ტელეფონი აიღო და გამკიცხავი მზერა მესროლა.

-ხომ არ დარეკა? – ჰკითხა ქალმა.

-სულელი კი არ ვარ, დაუშიფრავი ტელეფონი დამეტოვებინა?

-სულელი ხარ, რადგან საერთოდ ტელეფონი ამასთან ერთად მანქანაში დატოვე.

-ბოდიში, შენს უეცარ აფეთქებაზე ვიყავი გადართული. – ხელები გაშალა უკმაყოფილოდ მან.

ქალმა ფეხზე წამომაყენა, მკლავში ჩამავლო თითები და მანქანასთან მიმათრია, მერე კი ისევ უკანა სავარძელზე მიმაგდო. როცა ისინიც ჩასხდნენ მანქანაში, კაცმა თავის ამოქექილ ჩანთას უკმაყოფილოდ დახედა, შემდეგ ძირს გადმოვარდნილი წყლის ბოთლი აიღო და მომიბრუნდა.

-გინდა?

-თქვენს მოწოდებულს არაფერს დავლევ! – მივახალე ცივად.

-მაშინ წყურვილით მოკვდი. – სარკე გაასწორა ქალმა და იქიდან გამომხედა თავისი ალმასებივით მოელვარე თვალებით.

ბრაზმორეული მზერა ორივეს შევავლე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოვხატავდი იმ ყველაფერს, რაც ჩემს შიგნით ქარიშხალივით ტრიალებდა. მინდოდა მეყვირა, მეჩხუბა, მათთვის სახეში გამერტყა, ანდაც იმ თავიანთი ხმლებით თავები წამეცალა, მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც ვერაფერს გავხდებოდი. არ მქონდა ამდენი ფიზიკური შესაძლებლობა და არც მოხერხება, თუმცა გამაჩნდა საკმაოდ ჩახლართული გონება და დიდი სიტყვათა მარაგი. სიტყვა ხომ ხმალზე უკეთ ჭრის-მეთქი, გავიფიქრე, და იმწამსვე გადაწყვიტე, რომ მათთან სიტყვით მებრძოლა. ტვინისთვის ჩასუნთქვით მიწოდებული ჟანგბადის შემდეგ, ნერვები დავიწყნარე და ორივეს შევხედე.

-სირენა და ანუბისი… თქვენი ნამდვილი სახელები არაა, ხომ ასეა?  – ვიკითხე მშვიდად.

ამის გაგონებისას უცებ ორივემ თავები ასწიას და ერთმანეთს გადახედეს. მანქანის სალონში ჩამოწოლილი დაძაბული მუხტი მთელი სხეულით შევიგრძენი.

-ეგ სახელები საიდან იცი? – აღელვებულმა მამაკაცმა ბოთლს თავი მოხსნა და წყალი მოსვა.

-ერთმანეთს დაუძახეთ რამდენჯერმე. – გამეცინა.

-ჩვენი სახელები მხოლოდ ჩვენი საქმეა და სხვა არავისი. – მომახალა ქალმა.

-მართლა? – ყალბი გაკვირვება გამოვხატე, – არადა ჰანა და ნიკო ძალიან ლამაზი სახელებია.

დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს მათი სახელები იყო, თუმცა როცა მამაკაცს ბოთლიდან მოსმული წყალი გადასცდა და ხველა აუვარდა, ქალს კი ლამის თვალები ბუდიდან გადმოსცვივდა, ყველაფერი ნათელი გახდა. ჩემი სიტყვა ჭრიდა და მათ ფსიქოლოგიურ დარტყმებს აყენებდა, მე კი ეს ძალიან მსიამოვნებდა.

ორივენი გაოგნებულები მომიბრუნდნენ.

-ჩვენი სახელები საიდან იცი? – აფორიაქდა მამაკაცი.

-რას ეკითხები, ის ხომ მწერალია? – თვალები დაუბრიალა ქალმა მამაკაცს.

-მერე რა? მწერალმა არ იცის ჩვენი სახელები. საერთოდ არავინ არ იცის საგიტარიუსის გარდა და არც უნდა იცოდნენ, ამიტომაც ვიყნებეთ მეტსახელებს.

-მართალია. – მრისხანე მზერა მესროლა ქალმა.

-რატომ ანუბისი და სირენა? – ისევ ვკითხე.

-ეგ ჩვენი ზედმეტსახელებია. – თქვა ნიკომ. – ასასინურ დაჯგუფებებში მეტსახელებს ვიყენებთ. მე სნაიპერი ვარ, ადამიანებს გულში ტყვიით ვკლავ. ეგვიპტურ მითოლოგიაში, ანუბისი მიცვალებულთა ღმერთი იყო და ადამიანთა გულებს წონიდა. რადგან გულთან მაქვს შეხება, ეს სახელიც ამიტომ დამარქვეს. სირენა, ანუ სირინოზი ბერძნულ მითოლოგიაში ქალთევზაა, რომელიც მეზღვაურებს თავისი სილამაზით იტყუებს და მერე ზღვაში ახრჩობს. ისიც ვიტყუებ თავისი სილამაზით კაცებს და მათ ციანიდით წამლავს.

ამ ყველაფრის მოსმენისას ინსტიქტურად თვალები გამიფართოვდა. იმწამს ნამდვილი ასასინების აღსარება მოვისმინე და ისევ გაოგნებული დავრჩი. ამან საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ეს ადამიანები სულაც არ ხუმრობდნენ. უეცრად უსაზღვრო ინტერესი ვიგრძენი ამ ორის მიმართ და გავიფიქრე, რომ ჩემი მომავალი წიგნისთვისთვის შესანიშნავ ინფორმაციის წყაროს გადავაწყდი. იქნებ მათი პერსონაჟებიც ჩამესვა წიგნში? ან იქნებ მთლიანი წიგნი მათზე დამეწერა? ნელ-ნელა აღტაცება მიპყრობდა, ახალი იდეის, მუზისა და წერის გაგრძელების სურვილით გაჯერებული.

ამ დროს ნიკომ ქალის დაჟინებული მზერა იგრძნო და მას გახედა.

-რა იყო?

-ბარემ სისხლის ჯგუფი და ჩვენი მისამართებიც უთხარი. – განსმჯელი მზერით გააქნია თავი ქალმა.

მთელი ტანით წამოვიწიე, მათკენ გადავიხარე და ფრთხილად ვკითხე.

-ასასინები ხომ აღარ არსებობენ? როგორც ვიცი ეს შუა საუკუნეების დროინდელი დაქირავებული მკვლელების დაჯგუფება იყო, რომელზეც ძალიან ბევრი ფილმი და თამაშია შექმნილი.

-ახლა თავს რომ წაგაცლი, მერე დაიჯერებ ჩვენს არსებობას. – ჩემკენ წამოიწია ჰანამ, თუმცა ნიკომ მაშინვე დააკავა, მე კი ისევ სავარძლის საზურგეს მივეკარი, რომ ამ აფთარი ქალისგან თავი დამეცვა.

-დაწყნარდი. – მხარზე ხელი დაადო მამაკაცმა, მერე მე მომიბრუნდა და მითხრა. – ჩვენ ვარსებობთ და ჩვენს გარდა კიდევ ბევრნი არიან.

-ერთმანეთს, რატომ ებრძვით?

-მორჩა, ყელში ამომივიდა! – კბილებს შორის გამოსცრა ჰანამ და წამებში მომიტრიალდა. არ ვიცი საიდან გაჩნდა მის ხელში პატარა ბოთლი, თუმცა ნათლად დავინახე, როგორ შემასხა რაღაც სახეში. მეც ინსტინქტურად შევისუნთქე, შემდეგ კი ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემმა სხეულმა წონა დაკარგა, უკან გადავქანდი და სავარძლებს შორის ჩავსრიალდი. შემდეგ ვიგრძენი როგორ დაიძრა მანქანა, შემდეგ კი სიბნელეში ჩავიძირე.

არ ვიცი ჰანამ რა წამალი გამოიყენა, მაგრამ მას ბოლომდე აშკარად არ გავუთიშივარ. დროდადრო აზრზე მოვდიოდი და მათი კამათი მესმოდა. ერთმანეთს გამუდმებით ექიშპებოდნენ, ლანძღავდნენ, რაღაც ძველ ამბებს და წყენებს იხსნებდნენ, მე კი არავის ვახსოვდი. ისე მატარებდნენ, როგორც ტვირთს, ტანსაცმლის ჩანთას ანდაც კარტოფილის ტომარას.

მერე ვიგრძენი, როგორ  გავჩერდით, როგორ ამიყვანა ხელში ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა. ეს ალბათ ნიკო უნდა ყოფილიყო, თუმცა არც გამიკვირდებოდა თუ ჰანა აღმოჩნდენოდა, რადგან ეს ქალიც არანაკლები ძალის მქონე იყო. 

ამჯერად დროის შეგრძნება არ დამიკარგავს. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ მოვედი საბოლოოდ გონს, თვალი გავახილე და პირველი, რაც დავინახე, ძველი ხის საწოლი იყო, ხელები შეკრული მქონდა და საწოლის თავზე თოკით ვიყავი მიბმული. მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობდი, თუმცა კისერი აღარ მტკიოდა. შეიძლება ჰანას გამოყენებულ წამალში ტკივილგამაყუჩებელიც ერია.

თავი ავწიე, კისრის მკვეთრი მოძრაობით სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადავიყარე და გარემო მოვათვალიერე.

პატარა ოთახში ვიყავი, რომელსაც გახუნებული ფორთოხლისფერი კედლები და თაბაშირის მძიმე ფიგურებით შემკული ჭერი ჰქონდა. ხის იატაკი გაცრეცილი და ლაქგადაცილებული იყო, ისევე როგორც ფანჯრის ჩარჩოები. მთელ ოთახს სიძველის ელფერი დაჰკრავდა და მთელ ოთახში ძველი ავეჯის სუნი იდგა.

ჰანა ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან იჯდა და ლეპტოპის ეკრანზე თვალი მიეშტერებინა, ნიკო კი არსად ჩანდა.

იმ მომენტამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიზმარში ვიყავი და ყველაფერი, რაც თავს გადამხდა მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა შემდეგ მთლიანი გონება გამინათდა. თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი რამ მე დამმართნოდა, იმ მომენტში ყველა თავსგადამხდარი დეტალი რეალურად აღვიქვი და უეცარმა მღელვარებამ სუნთქვა შემიკრა. 

გულის მიერ გამომუშავებულმა ადრენალინა მთელი სხეული ამიკანკალა. ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი, სუნთქვას ვერ ვაკონტროლებდი, თვალებიდან კი უნებლიეთ მომდიოდა ცრემლები. სევდას არ ვგრძნობდი, ეს უფრო სიმწრის ცრემლები იყო. პირი გავაღე და ღრმად სუნთქვა დავიწყე, რომ გული არ წამსვლოდა. ხმაურზე ჰანამ თავი ასწია და ალმაცერად შემომხედა. არაფერი მითქვამს, არც მას უთქვამს რაიმე. უბრალოდ წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. იქიდან შემოსულმა გრილმა ნიავმა სუნთქვა წამებში აღმიდგინა, თუმცა ჩემი სხეული ჯერ კიდევ გადარჩენისთვის იბრძოდა, სწორედ ამიტომ წავიგრძელე კისერ და ხმამაღლა დავიყვირე:

-მიშველეთ! დამეხმარეთ!

-ტყუილად ირჯები, – უემოციოდ მითხრა ქალმა, – პანსიონში არავინაა, მფლობელი კი სმენადაქვეითებულია, და საკმაოდ ბევრი გადავუხადე, რომ მხედველობადაქვეითებულიც გამხდარიყო.

გავჩუმდი და ისევ ღრმად სუნთქვა დავიწყე. ცრემლები უკვე აღარ მომდიოდა. ნელ-ნელა ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ გამიტაცეს, ჩემს დასახმარებლად კი არავინ მოვიდოდა. მხოლოდ მე უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე. მე უნდა მოვქცეულიყავი ჭკვიანურად, რომ მათგან თავი დამეღწია. 

იყავი შენი პერსონაჟებივით გამჭრიახი-მეთქი, საკუთარ თავს რამდენჯერმე გავუმეორე და გადავწყვიტე სწორედ მათსავით მემოქმედა.

-სად ვარ? – ვიკითხე ხმადაბლა.

-ისტერიკამ გაგიარა? – რიტორიკულად მკითხა მან, მერე კი ისევ ლეპტოპს მიუჯდა.

-ვიღაცაში რომ შეგეშალეთ, ამას ვერ ხვდები? – შევხედე ჰანას. – მე არიადნა მქვია…

-თავისუფლება თუ გინდა, კრისტალი მომეცი და გაგიშვებ. – მითხრა უემოციოდ მან.

-არ მაქვს ეგ კრისტალი, ხომ გითხარით, რომ ვიღაცაში გეშლებით. მე მწერალი ვარ, წიგნებს ვწერ… იტალიაში კი უბრალოდ დასასვენებლად და მუზების საძებნელად ჩამოვედი.

-ჯობია გაჩუმდე, უკვე ნერვებს მიშლი! 

-სად არის, ნიკო? – ვიკითხე იმ იმედით, რომ ის მაინც დამიჯერებდა, რადგან ჰანასგან განსხვავებით, აშკარად უფრო ჰუმანური ჩანდა.

-პანსიონის სამზარეულოდან რაიმე საჭმელს მოიტანს. 

ახლა კი მზაკვრული გეგმის დროც დადაგა.“მიდი იფიქრე, უამრავი წიგნი გაქვს წაკითხული, უამრავი ფილმი გინახავს და ისტორიაც კარგად იცი, ისიც გეცოდინება ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცე.” ვიმეორებდი გულში და რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ, თავში ერთმა ფრაზამ გამიელვა. “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია-მეთქი”, ამჯერად ეს სიტყვები გავიმეორე რამდენჯერმე გონებაში და გადავწყვიტე ერთმანეთზე გადამტრებული წყვილისთვის კუპიდონის როლი მეთამაშა, რადგან თუ ერთმანეთთან ჩხუბის ნაცვლად ფლირტით დაკავდებობდნენ, ყურადღებას მოადუნებდნენ, მე კი გაქცევას მოვახერხებდი. 

-შენ და ნიკოს რა ურთიერთობა გაქვთ? – ვკითხე უცებ ჰანას.

-შენი საქმე არ არის! – ჩაისისნა მან.

-წყვილს ჰგავხართ.

ჰანამ უცებ ბეჭდვა შეწყვიტა. თავი ასწია და თვალები შემომანათა.

-რა სისულელეა! – კბილებში გამოსცრა მერე.

-მას… მოსწონხარ.

-საიდან მოიტანე?

-შევამჩნიე, როგორ გიყურებს. 

-მაინც როგორ? – სახე უცებ დაუმშვიდდა ჰანას და გამოხედვა უფრო ადამიანური გაუხდა. თითქოს ჩემმა სიტყვებმა დააინტერესაო.

-ისე, თითქოს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავ. დამიჯერე, გოგო ვარ და ასეთ რაღაცეებს კარგად ვამჩნევ.

-მეც გოგო ვარ, მაგრამ ეგ არ შემიმჩნევია. 

-შენი გონება სულ სხვა რაღაცებით არის დაკავებული და მაგიტომაც ვერ შეამჩნიე. – გაჭირვება რას არ გათქმევინებს ადამიანს.

-ერთხელ ვაკოცე. – თქვა ფიქრებში წასულმა ქალმა.

-მართლა? – ისე გავიკვირვე თითქოს, მართლა მაინტერესებდა.

-მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება გაფანტვოდა. მერე ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვაცალე და მდინარეში გადავუგდე. – ჩაიცინა ჰანამ.

გაკვირვებულმა შევხედე. მეგონა რაღაც რომანტიულს მეტყოდა. ნეტავ, სხვას რას ველოდი ამ არანორმალურისგან? 

-რადგან ამან გაამართლა, ესე იგი მართლა მოსწონხარ და შენი კოცნის გამო ამიტომაც დაიბნა. – ვანუგეშე.

ამ დროს დერეფნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა. ჰანა სწრაფად წამოხტა, თვალებში ჩამხედა და მითხრა.

-თუ მასთან ჩვენს საუბარზე სიტყვას დაძრავ, გაგატყავებ და შენი კანისგან ჩანთას შევიკერავ.

-სამარე ვარ. – გავუღიმე ყალბად.

ნიკო ოთახში შემოვიდა და საჭმლით სავსე ლანგარი მაგიდაზე დადგა. ჰანა აბაზანისკენ გაემართა და ჩემი თავი ნიკოს ჩააბარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლა მეორე ასასინის ჯერი დადგა.

მამაკაცი ისე მომიახლოვდა, რომ ჩემთვის თვალებში არც შემოუხედავს. ხელები გამიხსნა, მაგიდასთან დამსვა და წინ წვნიანის თეფში დამიდო. მგონი სოკო იყო. მძულდა სოკო, ამიტომ პირიც კი არ დამიკარებია.  მხოლოდ ბოლონიურ სენდვიჩს გადავწვდი და დავაგემოვნე. ნიკოს ჩემ საქციელზე გაეცინა, ჩემი წვნიანის თეფში აიღო და თვითონ შეუდგა ჭამას. აშკარად ის უფრო კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, ვიდრე ჰანა, ამიტომ მასთან საუბრის წამოწყების არ შემშინებია.

-რაღაც უნდა გითხრა. – დავიჩურჩულე

-კრისტალს ეხება? – მანაც ჩურჩულით მკითხა.

-არა.

-მაშინ, არ მაინტერესებს.

-ჰანას ეხება. – ხმას კიდევ უფრო დავუწიე და აბაზანის კარგს გავხედე. საბედნიეროდ იქიდან წყლის ხმა ისმოდა, ამიტომ ქალი ვერაფერს გაიგებდა.

-და რატომ გგონია, რომ ეგ დამაიტერესებს?

-არ გაინტერესებს, რომ მასსავით ლამაზ გოგოს მოსწონხარ? – ყალბად გავიკვირვე.

-რა? – ნიკოს სოკოს წვნიანი გადასცდა. იმ დღეს უკვე მეორედ კინაღამ დავახრჩე ეს ბიჭი. იქნებ საბოლოოდ გამომსვლოდა კიდეც. – ეს თვითონ თქვა?

-პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ დიდი სიამოვნებით გაიხსენა, როგორ გაკოცა. – შევაპარე ეშმაკურად.

-ის არ უთქვამს, მაგ კოცნას რა მოჰყვა? – ნიკოს სევდიანად გაეღიმა.

-კი, მაგრამ ისეთი ხმით საუბრობდა, რომ აშკარაა მისთვის სულერთი არ ხარ.

-საინტერესოა. – ჩაილაპარაკა ნიკომ. – თუ კიდევ რაიმეს იტყვის ამ თემაზე, მე მითხარი, კარგი?

-რა თქმა უნდა, ოღონდ არ გამამახილო, თორემ გამატყავებს და ჩემი ტყავისგან ჩანთას შეიკერავს.

 -ჰო, მაგას ნამდვილად იზამს. – გაეცინა.

ესეც ასე, გეგმა განხორციელებული იყო. ვიცოდი, რომ ამ ქვისგულიან ასასინებთან შეწყალების თხოვნა არ გაჭრიდა, მაგრამ იქნებ ერთმანეთის მიმართ უკვე არსებული გრძნობების გამოღვიძებას გაეჭრა? ახლა მხოლოდ ამის იმედიღა მრჩებოდა. ცალ-ცალკე ორივე დავაფიქრე რაღაცაზე და ამით მათი საომრად მობილიზებული გონება სხვა ინფორმაციით დავტვირთე. ახლა კი გაქცევის გეგმის შემუშავების დროც დადგა.

უცებ აბაზანის კარი გაიღო და იქიდან ჰანა გამოვიდა. ხელში ტელეფონი ეჭირა, ეკრანს დაჰყურებდა და ქვედა ტუჩს იჭამდა. მერე ნიკოს გახედა და თვალი თვალში გაუყარა.

-ერთი წამით გარეთ გავიდეთ. – ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.

ნიკოც უსიტყვოდ წამოდგა და ქალს დერეფანში გაჰყვა. როგორც კი გავიდნენ სკამიდან წამოვდექი და კარს ფეხაკრეფით მივუახლოვდი. შორიდან მათი კამათი შემომესმა. 

-მან მითრხა, რომ არიადნა არ… არ… არშბა ჰქვია. – ჩემი გვარის წარმოთქვა ძალიან გაუჭირდა ჰანას. – მისი სახელი დავგუგლე და წიგნების სერია ამოაგდო. ის ნამდვილი მწერალია. 

-მწერალი ძალიან სახიფათო პიროვნებაა. ადამიანების გონების არევა მარტივად ეხერხება.

-მაგრამ ფაქტია, რომ მას ნამდვილად აქვს წიგნები დაწერილი.

-შეიძლება დაწერა კიდეც, რომ ნამდვილი მწერლის სახეს ამოფარებოდა. იმასაც ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და გარეგნობა სრულიად შეიცვალა.

ჰანა გაჩუმდა. ცოტა ხანს ნიკოც გაჩუმდა. ამ მცირე პაუზით, თითქოს ინფორმაციის გაანალიზებას ცდილობდნენ.

-არაფერს იტყვის. – თქვა ბოლლს ქალმა. – უნდა ვაწამოთ.

-ჩვენ ხლხს არ ვაწამებთ, ჰანა!

-ეგ მაგან არ იცის. შეგვიძლია შევაშინოთ.

-თუ ის მწერალია, ვინც ჩვენ გვგონია, მაშინ შეშინება არ გაჭრის.

-ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ფრანკენშტეინი და მისი გიჟური ცდები, ადამიანის ტვინზე. – უთხრა ქალმა.

-სამწუხაროა, რომ ფრანკენშტეინი საგიტარიუსის დაცემის შემდეგ არავის უნახავს. – ჩაილაპარაკა ნიკომ.

-როგორმე უნდა გავიგოთ კრისტალი, სად აქვს დამალული…

ამ სიტყვების გაგონებაზე ერთიანად დავიძაბე. კიდევ უფრო დამაინტერესა ვინ იყო ფრანკენშტეინი და რატომ ახსენებდნენ ასე ხშირად ასასინები მას.

შეიძლება მათზე ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ როცა “წამება” და “ტვინზე ცდების ჩატარება” ახსენეს, ერთიანად დავიზაფრე. ვიცოდი, რომ მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ჰანას სიტყვებისთვის აღარ მომისმენია. გადავწყვიტე სასწრაფოდ გავქცეულიყავი იქიდან, რომ წამების მსხვერპლი არ გავხმდარიყავი.

მაშინვე მივტრიალდი, ფანჯრისკენ გავიქეცი, ბოლომდე გამოვაღე და დაბლა გადავიხედე. მეორე სართულზე ვიყავით. თუმცა კედლებს სუროები მიუყვებოდა, რაც ფეხის მოკიდების საშუალებას მომცემდა. როგორც კი ჩარჩოს ჩავეჭიდე და მაღლა ასვლა ვცადე, უეცრად წელზე ვიღაცის ძლიერი ხელი შემომეხვია, დაბლა ჩამომსვა და იატაკზე დამაგდო. თვალები რომ გავახილე, ჩემს თავზე წამომდგარი ჰანა დავინახე. ხომ ვამბობ, ამ არსებას ნამდვილად ტიტანური ძალები ჰქონდა.

ქალი მაშინვე ნიკოს მიუბრუნდა და თვალები დაუბრიალა.

-ხელები გაუხსენი მაშინ, როცა ფანჯარა ღიად იყო?

-არ ვიცი… ადამიანი არადროს გამიტაცებია… მე მხოლოდ ტყვია მეხერხება პირდაპირ გულში. ასე არავის გავუწვრთვნივარ!

ჰანამ ღრმად ამოიოხრა, წამომაყენა, ისევ საწოლზე მიმაგდო, საიდანღაც ბასრი დანა ამოაძვრინა, ჩემკენ გადმოიხარა და თვალებში ჩამხედა.

 -ჩვენთვის რამის თქმა ხომ არ გინდა?

-გეფიცებით, ის არ ვარ, ვინც თქვენ გგონივართ… – ხმა ამიკანკალდა.

-სხვა გზა არ მაქვს. – სიბრალულით შემომხედა ჰანამ, მერე დანა სახესთან ახლოს მომიტანა და ვიგრძენი, როგორ შეეხო ჩემს ნიკაპს ბასრი მეტალი. – სად არის კრისტალი?

-უთხარი, არაიადნა, თორემ თავის თავზე პასუხს არ აგებს. – შემომხედა ნიკომ და ჩემი სახელი ხაზგასმით წარმოთქვა.

-არ ვიცი!

-თქვი!

-არ ვიცი-მეთქი!

-არიადნა, თქვი!

-ფლორენციაში! – წამოვიძახე უცებ.

თავადაც არ ვიცი საიდან მომაფიქრდა, ეს სისულელე. ალბათ ჩემმა ქვეცნობიერმა იმუშავა სხარტად, რადგან მომაგონდა, რომ ჩემი ტურისტული ჯგუფის წევრების გეგმაში რომის შემდეგ ფლორენციაში ჩასვლა იყო და დუომოსა და სანტა მარია დელ ფიორეს მონახულება. ალბათ იმედი მქონდა, რომ მათ იქ წავაწყდებოდი და დახმარებას ასე მაინც ვითხოვდი.

-ზუსტად სად? – მკითხა ნიკომ.

აქ გავიჭედე. ფლორენციაში მანამდე არასოდეს ვყოფილვარ. ერთი ქუჩის ან რომელიმე კაფის სახელსაც კი ვერ დავასახელებდი, ამიტომ ვთქვი ის, რაც პირველი მომაფიქრდა. 

-კამპანილე!

-რა?

-პაიაცა დუომო, ჯოტოს კოშკში! – მეტი დამაჯერებლობისთვის უფრო დავაზუსტე.

-იქ დამალე?

-ჰო.

-რატომ? – გაუკვირდა ჰანას.

-ხელოვნება მიყვარს. – თავი გავიმართლე.

ჰანამ სახიდან დანა მომაშორა, მერე კი ნიკოს გახედა და უთხრა.

-როგორც ჩანს ამ საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. კრისტალს ჩვენ გარდა სხვებიც ეძებენ.

-ის მელოტი იტალიელები, მწერალი ვისგანაც დავიხსენით, ისინიც საქმეში არიან.

-მისი გატაცების გამო, ალბათ იტალიის პოლიციაც საქმეშია… რას იტყვი, ერთად რომ ვიმოქმედოთ?

-დროებითი ზავი?

-და ასასინის ფიცი!

ორივეს შევხედე. ვიცოდი, რომ თუ არ ვიკითხავდი, არც ერთი ამიხსნიდა, რა ჯანდაბა იყო ასასინის ფიცი. 

-ეგ რაღაა? – როგორც იქნა ხმა ამოვიღე.

-დაპირებაა, ოღონდ უფრო ძლიერი მნიშვნელობა აქვს. როცა ერთი ასასინი მეორეს სიტყვას აძლევს, მოკვდება და მას არასდროს დაარღვევს. – ამიხსნა ნიკომ, რის გამოც ჰანას უკმაყოფილო მზერა და გამკიცხავი თავის გადაქნევა ისევ დაიმსახურა.

-ვერასდროს ისწავლი, რა უნდა უთხრა შენს მსხვერპლს და რა არა.

-ალბათ იმიტომ, რომ აქამდე მსვერპლებთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. მე რამდენიმე მეტრის მანძილიდან ვისვრი. სულ ესაა.

-ჰოდა, არ უნდა დათანხმებოდი ამ საქმეს.

-უკვე ვნანობ,  მაგრამ რადგან საქმეში ვარ, უკან ვეღარ დავიხევ.

-მაგას ისედაც მივხვდი!

-დამპირდი, რომ თავს გააკონტროლებ და მას არაფერს დაუშავებ, სანამ საქმეს არ დავასრულებთ. – ჩემკენ თითით ანიშნა ნიკომ.

-შენ კი დამპირდი, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიმაყვანინებ.

ნიკომ უხმოდ გაუწოდა მას ხელი, ჰანამ ჩამოართვა, შემდეგ კი გაიღიმა და თქვა:

-ფლორენციაში მივდივართ!

ამჯერად შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ  წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა ფლორენციაში ჩასულს.

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

19 thoughts on “ასასინები – {თავი 1}

      1. მოკლედ ჩემი კომენტარები ამ ბოლოს ქრება რატომღაც არ ვიცი ახლა შევამჩნიე და არ იყო რა ჭირი ეტაკა ვორდპრესს თუ რაღაცაა რა🥴
        არიადნას შემოქმედებითი პაუზა ვერ გამოვა ისეთ ქარიშხალს დაატრიალებენ ეს ორი ასასინელი შეიძლება სრული შოკი მიიღოს თუმცა დიდად მშვიდი არც არიადნა ჩანს 🤭❤️
        სიამოვნებით დაველოდები ძალიან კარგი რომანია მიყვარს ასეთი სიგიჟეები.
        კიდევ დედოფალი კატალინა და მისი მომავალი მეუღლის დიალოგები მიყვარს ამ რომანში არაა მაგრამ ახლა უცებ გამახსენდა😊❤️

        Like

      2. Jetpack ის გადმოწერას რომ გიჩვენებს მანდ ვორდპრესის აპში ის გადმოწერე და იგივე მეილით და პაროლით შეხვალ როგორც ვორდპრესზე ხარ დარეგისტრირებული. იგივე აპია და უფრო გამართულად მუშაობს🥰 დიდი დიდი მადლობა ქალაუ🥰🥰🥰🥰🥷🏻🥷🏻⚔️💎🖤🤍

        Liked by 1 person

  1. Vaimeeeeeeeeee margaret ramdeni xania am istoriis wakitxva minda. Adre saitze wavikitxe da gavgijdi ise momewona. Vedzebdi mara arsad iko. Axla wavikitxe da gamaxsenda is dzveli sasacilo ambebi. Ragaceebi shecvlili gak xo? Ariadnas enakvimatobaze dzaan bevri vicine. Niko momwons hanaze bevrad gawonasworebulia mara hanac momwons. Kvela momwons. Renezec bevei vicine fanjatashi ro gadmodzvra da gagirda dzirs😂😂iseti sakvarloba saxelebi gak shercheuli ucbat davimaxsovre kvela😂 Dzaan gaxarwbuli var ro es istoria isev dade. Didi madloba margo. Sauketeso mwerali xar. Ar gagikvirdes ro shengan igeben inspiracias da mere amis agiarebac ar undat. Asea adamianis buneba mowkobili. Mara nichi tu ar aqvt ase ramdenxans gakachaven neta😂shen udidesi nichi da adamianoba gak, eg momwons shenshi. Didi madloba dges ro amdeni macine😂❤️‍🔥

    Like

    1. ჰო ჩემო კარგო, 5 წელია არსად არ დამიდევს🥰🥰😍😍😍 რამდენჯერაც დავაპირე მისი რედაქტირება, იმდენჯერ სხვა ისტორია დავიწყე და ეს სულ მრჩებოდა გვერდზე😂 კი, ბევრი რამე მაქვს შეცვლილი, თუმცა ის ძირითიდადი ჩონჩხი ისევ ისეთია და ბევრი დიალოგიც😍😍 მართლა რა სწრაფად დაგიმახსოვრებია სახელები🙈🙈🙈რა მაგარია🙈🙈 მეც ვეცადე მარტივი სახელები ამერჩია და მგონი გაამართლა😂😂😍😍 პირიქით უდიდესი მადლობა შენ, რომ წაიკითხე და აზრი გამიზიარე😍😍😍😍 ძალიან ძალიან ძალიან გამახარე😍😍😍😍🥷🏻🥷🏻🤍🖤⚔️💎

      Like

  2. რამდენი ვიცინე :დდდდ სასწაული იყო დასაწყისი და აწი რა იქნება :დდდდდდდ ველოდი პირველივე თავში ფრანკენშტეინის გამოჩენას და ძალიან გამიკვირდა რო არ გამოჩდა. ისტორიებში წყვილი ხო პირველივე თავში იკვეთება. იმედია სწორად მივხვდი და არიადნას ბიჭი მერე გამოჩდება. თუ ნიკო გინდა არიადნასთვის? მაშინ ჰანა ვისთანაა :დდდდ ჰანაც მომწონს, არ მინდა ბოლომდე ცუდი ტიპი იყო. უმაგრესი გოგო ხარ მარგო❤

    Like

    1. ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა🙈🙈😍😍😍😍 მგონი ეს ჩემი ისტორიებიდან ერთადერთია, სადაც მთავარი პერსონაჟი თავიდანვე არ ჩანს😂 გამოჩნდება აუცილებლად🙈🙈🙈 დიდი დიდი მადლობაააა😍😍😍😍😍😍🥷🏻🥷🏻🤍🖤⚔️💎

      Like

  3. დედა რა ეფექტური პირველივე თავი იყო თვალი ვერ მოვწყვიტე😂 ისე ფილმივით ჩამორბინა კადრება ყველაფერი წარმოვიდგინე გონებაში🤩 მარგო ეს მწერალი გოგო ის გოგოა ხო სოფიას რო შეხვდა და რომეი მიბეგვა? 😂მიპასუხე გთხოვ როგორ მაინტერესებს😂 შენ კი უჭკვიანესი და უმაგრესი მწერალი ხარ🤩🤩🤩🤩🤩🤩

    Like

    1. მეც ბოლო რედაქტირებისას შევნიშნე, რომ სიუჟეტი ისე დინამიურად ვითარდებოდა დავიღალე კიდეც მისი შესწორებისას🤣🤣🤣 კი ბატონო, ეს ის არიადნაა სოფიას თავისი წიგნი რომ აჩუქა და მერე რომეო გაიფინა🤣🤣 იქ უკვე მომხდარი იყო ეს ამბები 🥰🥰 ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ჩემო საყვარელო🥰🥰🥰🥷🏻🥷🏻🖤🤍⚔️💎

      Like

  4. ძიედააააა მარგუშ ❤ როგორ გამიხარდიიიიი შენც და ახალი(ძველი) ისტორიაც ❤
    პირველ რიგში ძაან უკაცრავად და არიადნა ნამეტანი მეცოდება ნიუ, მართლა შემტკივა გული 😦 ჯერ ხომ მუზა დაკარგა, დეპრესიაშია, დესპოტი ლენა უკაცრავად და უდრაგებს, ახლა კი რაში გაეხვა, ვაიმეეე (ისე, ლენა დესპოტი კია და სისტემატიურ ბულინგს კი აწარმოებს საცოდავ თაიაზე, მარააააა ბოსი რომ იტალიაში გაგიშვებს, აი ეგი ყოფილა ბოსი ნიუ :დდდდ). ჰანამ ცოტა ნერვები მომიშალა :დდდ ნიკოც კიდე, ორივენი ჭკვიანები ჩანან და იმდენს ვერ ხვდებიან რომ ეს საცოდავი გოგო არაფერშია გარეული? 😦 (კაი ხო, ვიცი რომ აქვთ აშკარად მიზეზები და ერთი სული მაქვს გავიგოთ რა მიზეზები კონკრეტულად მარა მაააინნნნცცცც მეცოდებააააა არიადნააა). არიადნა ძაან მომწონს, რა ტიპია, რა უცებ დაახეთქა, ფლორენციაო :დდდდდდ
    ყველა პერსონაჟი ძალიან ჩამოყალიბებული და ინდივიდუალურია და ეჭვიც არ მეპარება რომ უმშვენიერესი და უსაინტერესოესი მოგზაურობა გამოგვივა იტალიაში ❤ ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი და მოუთმელად ველი ახალ თავს ❤ ❤

    Like

    1. ლინდუუუუ🙈🙈🙈🙈🙈რავარი გამიხარდა შენი აქ გამოჩენა ქალუუუ😍😍😍😍 არიადნა კია შესაცოდ მდგომარეობაში😂😂 საწყალი გოგო, როცა როგორც იქნა უნდა ამოესუნთქა და უცებ ამდენ უბედურებაში გავხვიე🤣🤣 ლენა არის სწერვა და დესპოსტი, მაგრამ კი ითმენენ საწყალი თაია და არიადნა😂 მარა არიადნა რამდენ ხანს მოითმენს მაგას ვერ ვიტყვი წინასწარ😂 შეიძლება ერთ დღესაც ამოასხას და შილაკებით შეერკინონ ეგ და ლენა ერთმანეთს😌😌💅🏻💅🏻 ჰანა და ნიკო ორი დაუშუშუებელი არსებაა😂სულ კუნთებზე იხედებიან და ცოტა ტვინის განძრევა უჭირთ😂 შემოლაწუნება აე აწყენდათ😂😂 დიდი დიდი მადლობა ქალაუ, რომ წაიკითხე და აზრი გამიზიარე🤗🤗😍😍😍 მიხარიხარ უზომოდ🤩🤩🤩🥷🏻🥷🏻🤍🖤⚔️💎

      Like

  5. არიადნა მოსიარულე ხათაბალაა😂😂😂😂😂😂რა შარში გაეხვა ამ მცირე დროში😂😂😂😂 ერთი სული მაქვს ფრანკენშტეინი როდის გამოჩდება😊 მარგო მომწონხარ ძალიან. შენ ბლოგზე და შენ ჯგუფშიც ახალი ვარ. ძალიან სწორად მოაზროვე და უკარგესი ადამიანი ხარ. მინდა სულ ვიკითხო შენი ისტორიები💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖

    Like

    1. არიადნასთან დაჯავშირებით გეთანხმები🙈 ფრანკენშტეინი გამოჩნდება აუცილებლად თან ძალიან მალე🙈😍 უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ჩემო კარგო😍😍 ყოველთვის უზომოდ მახარებს ახალი მკითხველის გამოჩენა😍😍🥷🏻🥷🏻🤍🖤⚔️💎

      Like

  6. სალმები და ქალმები ჩემს საყვარელ მწერალს 🧡 მივაღწიე როგორც იქნა და ჩავედი ბოლომდე. ნეტა იცოდე როოოოგორ შემშურდა არიადნასი თავის დასაწყისში. ასე უსაქმოდ წოლა და თუნდაც დეპრესიაში ყოფნა ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ფუფუნებაა 🙈🥹.. ნანა 🧡რენე ❤️ უსაყვარლესები 🫶
    ხმერთოო ჩემოო, ყუმბარის ფორმის საათი, დარტყმული რომ იქნები ადამიანი, თორემ მაგის აეროპორტში შეტანა შეიძლებოდააა?! თან ასეთებსაც აკეთებენო არგუმენტია ისეთი, ტყვიას ადნობს 😇😁😁😁.

    ნიკო და ჰანა, ჰანა და ნიკო.. წარმოდგენაც არ მინდა ამ დუეტმა რა შეიძლება აწი დაატრიალოს 🙈 ნიკო რა პოლოსავით ბუნჩულა და დაბნეულია ხანდახან, გეგონება ტყვიას ტყვიაში ჩემი მეზობელი 80 წლის ზურიკო ბაბუ აჯენდეს და ეს მყავდეს პურზე და წყალზე მიმარხულე მონაზონი. ჰანა ისეთი ქაჯია, ისეთიი, აგერ ინეზასაც პირი აქვს დაღებული თავის ჯინის ბოთლში და უხარია იქ რომაა სამუდამოდ გამოკეტილი 😁😁. მაგრამ ხიმიაა ისეთიი, ისეთიიი, მტრისას 💚😬

    ეხლა მოუვა თუ მოუვა მუზები ჩვენს გოგოს, თან არც აცია და არც აცხელა და პირდაპირ ფლორენციაო.. ველოდები ფლორენციებს (და კიდე სხვა სატრიპაჩო ადგილებსაც) და მის აღმატებულება ფრანკენშტაინსაც. გამოდი ერთი, გვანახე რა ბიჭი ხარ 🙂🫠
    გყვარობ ქალბატონო მარგარიტავ და ქი იცი შენ მაი 💜

    Like

    1. ქალაუუუ🙈🙈 კომენტარზე ძაან ბევრი ვიცინე😂😂😂😂 ასე შორიდან კი ჩანს ფუფუნებად წამოწოლა და უსაქმოდ ყოფნა, მაგრამ დეპრესია ისეთი უფსკრულია იქიდან ცოტა თუ ამოდის🥺 საბედნიეროდ პირველი ნაბიჯები გადადგა არიადნამ და ვნახოთ აბა შემდეგში რა იზამს🥰 ყუმბარის ფორმის საათი მაქვს ადრე ნანახი სადღაც მოლში, აქსესუარების მაღაზიაში და სულ მინდოდა რაიმე სცენაში გამომეყენებინა იმდენად საინტერესო და სასაცილო ნივთია🤣🤣🤣 ჰანა და ნიკო არიან მეთანი და ნაპერწკალი🙈🤣🤣 ვაი თუ სადმე ერთმანეთს შეეჯახნენ, წალეკავენ ყველაფერს🤣🤣🔥🔥🔥💣 არიადნას ეწვია უკვე მუზა😂 ვინ აძლევს ჩაწერის საშუალებას თორე აქამდე უკვე წიგნსაც დაწერდა😂 გამოჩნდება მალე ფრანკენშტეინი🙈 ზუსტად ვერ გეტყვი რომელ თავში, თუმცა ისედაც ისტორია პატარაა🙈🙈 დიდი დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის ქალაუ😍😍😍😍 უსაზღვროდ გამახარე😍😍 გყვარობ მეც 😍😍😍🥷🏻🥷🏻💎⚔️⚔️🖤🤍

      Like

დატოვე კომენტარი