Posted in ეპიკ-სთორი, რომანი

ზღაპარ იყო – {თავი 4}

*ტორნადო*

ბნელი ღამე იდგა. ცაზე არც ვარსკვლავები და არც მთვარის შუქი არ შეიმჩნეიოდა, რადგან მძიმე და შავი ღრუბლები  ზეცას ზეწარივით გადაჰკვროდა.

გრილი სიო სისინით დაძრწოდა ბალახებში. ზოგჯერ სიცივის ბასრ კლანჭებსაც გამოურევდა, ზოგჯერ კი ნელდებოდა, რის გამოც ირგვლივ ისევ სითბო ჩამოწვებოდა ხოლმე.

მოსასხამში გახვეული ლინდა, მბჟუტავი კოცონის პირას იწვა, თავი საკუთარ ჩანთაზე ედო, თოკით შეკრული ხელები მკერდზე ჰქონდა მიხუტებული და ცაზე მოუსვენრად მოძრავ ღრუბლებს აკვირდებოდა. რამდენიმე წუთი იყო გასული, რაც ღრმა ძილიდან გამოეფხიზლა და ახლა ჩაძინებას ვეღარ ახერხებდა.

თავში უამრავი მშფოთავი აზრი უტრიალებდა, მაგრამ რომელიმე ერთზე კონცენტრირებას ვერ ახერხედა. მას შემდეგ, რაც ირიმ პირიდან ნაჭერი მოხსნა, თითქოს ცოტა შვება უნდა ეგრძნო, თუმცა მაჯებზე შემოხვეული თოკი ისე უჭერდა, კანს გაუსაძლისად აქავებინებდა.

აგვისტო მალე მიილეოდა, ლინდა კი უკან დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა. დაზუსტებით არ იცოდა, მის სამყაროშიც იგივე დრო იყო თუ არა გასული, თუმცა რამდენიც არ უნდა გასულიყო, ილარიონს შვილის უცაბედი გაქრობით მოგვრილ სტრესსა და ტკივილს მაინც ვერაფერი გაუქარწყლებდა. 

საკუთარ უსუსურებას წყევლიდა ლინდა. გონებაში თავის თავს ლანძღავდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. როცა ამ ფიქრებს უღრმავდებოდა, მერე სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, რის გამოც სხეულში ძალა ეცლებოდა და ბრძოლის სურვილი ეკარგებოდა. ამიტომ ამ აზრების გასაფანტად თავი გააქნია ქალმა, ფიქრებს არ მისცა უფლება იმ ღამეს მის გონებას დაპატრონებოდნენ, გულაღმა გადაბრუნდა და კვლავ ცას ახედა.

უეცრად ნაბიჯების ხმა შემოესმა. თავი წამოსწია და წინ გაიხედა. მოშორებით, გადმოხურული ხეების გვერდით ირის და ლუის ეძინა, ხის ტანზე მიყრდნობილ ანრის კი თავი ჩაექინდრა და მშვიდად ფშვინავდა. ქალმა ამჯერად თავი გვერდზე გადააბრუნა და ცეცხლის ალის მიღმა, შავ მოსასხამში გამოწყობილი ფიგურა შენიშნა. ვინ იქნებოდა, თუ არა ოლივერ ვალენტა?!  მამაკაცი ტიტანიასთან დახრილიყო და ჩლიქებს უწმენდდა.

ლინდა მთელი ტანით წამოიწია, შეკრული ხელები დამუშტა, მიწას დააბჯინა, ტანი გაასწორა და მის უკან მდგარ დიდ ლოდს ზურგით მიეყრდნო. ოლივერმა მოძრაობის ხმა გაიგო და მაშინვე შემობრუნდა. როცა მღვიძარე ლინდა და მისი გამჭოლი მზერა შენიშნა, უთქმელად მიბრუნდა და თავისი საქმე გააგრძელა.

-სადმე მიდიხარ? – ჰკითხა ხმადაბლა ქალმა, ისე რომ სხვები არ გაეღვიძებინა.

-ჯობია კარგად გამოიძინო, ხვალ გრძელი გზა გველის. – მიუგო ოლივერმა. მის ხმაში სარკაზმი იგრძნობდა. ჩლიქებს თავი ანება და ცხენის შეკაზმვას შეუდგა.

-აბრეშუმის ქალაქში ბრუნდები, არა? – მაშინვე მიუხვდა ქალი.

მამაკაცმა პასუხი არ გასცა. ცხენს უნაგირი დაადგა და მისი ქამრების შეკვრა დაიწყო.

-ოლივერ, იქ მარტო წასვლა არ შეიძლება. ანრის მაინც სთხოვე, რომ… – წამოიწყო ქალმა, თუმცა მამაკაცმა შეაწყვწტინა.

-ყველაფერს თვითონ მივხედავ! 

-დახმარების მიღება უნდა ისწავლო!

-შენ კიდევ გულწრფელობა უნდა ისწავლო.

-ოლივერ, – ამოიოხრა ლინდამ, – ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ… ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შენი მოტყუება მომიწია, მაგრამ თავის გადარჩენას ვცდილობდი. უნდა გამიგო! დავიჯერო, თავის გადასარჩენად რაიმე მსგავსი შენ არ ჩაგიდენია?

ამის გაგონებისას ოლივერს უეცრად  ცხენის ზურგზე გადატარებული ხელი გაუშეშდა. მხრები და კისერი დაეძაბა და ერთ წამაში ქანდაკებაას დაემსგავსა. ლინდა მიხვდა, რომ მისი სიტყვებით ზუსტად მიზანში გაარტყა.

-თუ ანრის წაყვანა არ გინდა, მე მაინც წამოგყვები. აბჯარი ჩემ გამო დაკარგე… ელია მკითხავს მე დაველაპარაკები. – დაამატა ქალმა.

-უკვე საკმარისად ჩაერიე ჩემს საქმეებში. – უნაგირს ბოლო ქამარიც შეუკრა მამაკაცმა.

-მაშინ ვიყვირებ და ყველას გავაღვიძებ! – კბილებს შორის გამოსცრა ლინდამ. კისერი წაიგრძელა და დაყვირება დააპირა, თუმცა უეცრად ოლივერი მთელი ტანით მოტრიალდა, ადგილს მოსწყდა, ელვისსისწრაფით გაექანა ლინდასკენ, ცეცხლს გადაახტა, მიწაზე მუხლებით დავარდა, ქალს ერთი ხელი კისერზე მოავლო, მეორე ხელი კი ტუჩებზე დააფარა და თვალები გამაფრთხილებლად დაუბრიალა. 

ლინდას უეცარი აღელვებისგან გული კისერში ამოუჯდა. მისი გახურებული კანის შეხება ტუჩებზე იგრძნო და სუნთქვა გაუხშირდა. მამაკაცის თვალებმა ცეცხლის ალის სინათლე აირეკლეს და ჯოჯოხეთურად აკიაფდნენ. 

ასე უყურა ოლივერმა ცოტა ხანს თვალებში ქალს. ღრმად სუნთქავდა და ამოვარდნილი გულის დამშვიდებას ცდილობდა, მერე კი კისერზე მოვლებული ხელი გაუშვა, მაჯაზე შემოხვეული აბრეშუმის ნაჭერი მოიხსნა, ლინდას ტუჩებზე დააკრა და უკან, კეფაზე მაგრად დაუნასკვა. ქალმა ამჯერად განრისხებული თვალებით ახედა მას და დაიწკმუტუნა.

-აბჯარი უნდა დავიბრუნო. – თქვა და ქალს მოსწყდა, მერე ტიტანიასთან მიირბინა, ზურგზე მოახტა და ჩორთით წავიდა მთავარი გზისკენ, რომ ხმაურით დანარჩენები არ გაეღვიძებინა.

ქალმა თვალი გააყოლა მის მიმავალ ფიგურას და უცნაური შეგრძენბა დაეუფლა. განრისხდა, გაცოფდა, ამავდროულად კი სასოწარკვეთამ მოიცვა. როცა პირველად იხილა ლინდამ ოლივერი, მაშინაც მარტო იყო. მარტო ებრძოდა საფრთხეს და ამას კინაღამ შეეწირა კიდეც. რა მოხდებოდა, ახლაც იგივე რომ მომხდარიყო? ამჯერად უკვე ყველაფერი ლინდას ბრალი იქნებოდა. არა, ამხელა დანაშუალის გრძნობას ვერ გაუძლებდა. ამხელა ტვირთს საკუთარ მხრებს ვერ დააკისრებდა. ამას ერჩივნა ისევ თავისი ძალებით ებრძოლა და ოლივერი უკან მშვიდობით დაებრუნებინა.

ამ ფიქრებში გახლართულმა ლინდამ, უეცრად გადაწყვეტილება მიიღო და ისიც გაიფიქრა, რომ უკან აღარ დაიხევდა. ქალმა მიიხედ-მოიხედა და რაიმე ისეთი ბასრი ნივთის ძებნა დაიწყო, რითიც ხელებს და ფეხებს გაიხსნიდა. სწორედ ამ დროს, მოშორებით მიგდებული ლუის ჩანთა შენიშნა. იცოდა, რომ ბიჭს შიგნით დანა ექნებოდა, რომელსაც ბოსტნეულის საჭრელად იყენებდა ხოლმე. ქალი გვერდზე გადატრიალდა და ჩანთისკენ ჭიაყელასებრი ცოცვის მანერით გახოხდა.

რამდენიმე წამის შემდეგ, ლინდამ ფეხის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ ვიღაც წამოადგა თავზე. ქალმა ქუთუთოები ასწია და ლუის გაოცებულ სახეს რომ წააწყდა, შვებით ამოისუნთქა. 

-ქალბატონო ლინდა, აქ რას აკეთებდთ? – მისკენ დაიხარა ლუი, ქალს ხელი მოკიდა და წამოაყენა. – გაქცევას ცდილობთ?

-მმმმმ! – დაიწკუნუტუნა საპასუხოდ ლინდამ და ლუის ანიშნა მისთვის პირიდან ნაჭერი მოეხსნა.

-არ მესმის რას ამბობთ!

-მმმმმ!

-არ მესმის… აჰ, გინდათ პირი გაგიხსნათ? – ლუიმ მიიხედ-მოიხედა, გადაამოწმა ვინმე ხომ არ უყურებდათ, მერე კი ნაჭერს ხელი ჩაავლო და გახსნა. ქალმა შვებით ამოისუნთქა, მერე ლუის შეხედა.

-ხელებიც გამიხსენი!

-მე… არ შემიძლია… ბატონმა ოლივერმა…

-ბატონი ოლივერი საფრთხეშია!

-რას ამბობთ, ის აქაა.. – მიბრუნდა ლუი და გარემოს თვალი მოავლო, მაგრამ ირგვლივ არავინ იყო მძინარე ირის და ანრის გარდა. – სად არის ბატონი ოლივერი?

-აბრეშუმის ქალაქში წავიდა… აბჯრის დასაბრუნებლად. 

-ცხენის ფლოქვების ხმამ გამაღვიძა. ანუ ბატონი ოლივერი იყო?

-კი! ტიტანია წაიყვანა! ხელები გამიხსენი, ლუი, უნდა გავყვე და დავეხმარო!

-მაგრამ…

-ხომ იცი, როგორია ოლივერი? დახმარებას არავისგან იღებს. 

-ბატონ ანრის ვეტყვი.

-არა, აბჯარი რომ დაკარგა, ჩემი ბრალია, ამიტომ მე უნდა გავყვე. თანაც ირის აქ მარტო ვერ დავტოვებ, ანრისთან ერთად კი ბევრად უსაფრთხოდ იქნება.

ლუი წამით ჩაფიქრდა, მერე კი მიხვდა, რომ ქალი სწორს ეუბნებოდა. ამოიხვნეშა, ჩანთისკენ დაიხრა, იქიდან დანა ამოიღო და ლინდას ზურგს უკან შეკრული ხელები გაუხსნა. ქალიც მაშინვე წამოხტა ფეხზე და ცხენებისკენ გაიქცა. 

-დამეხმარე უნაგირის დადგმაში. – უთხრა და იქვე, ხის ტოტზე გადაკიდებულ უნაგირს ხელი ჩაავლო. ლუიც მაშინვე მიეხმარა, ერთად ასწიეს და რუბუსიდან ლუის მიერ წამოყვანილ ერთ-ერთ წაბლა ცხენს ზურგზე დაადგეს.

-ეს ცხენი ძალიან მშვიდი და ჭკვიანია. მისი ჭენების არ შეგეშინდეთ. – დაარიგა ლუიმ.

-წესით, ცხენს საერთოდ არ უნდა ვაჭენებდე. – ჩაილაპარაკა ლინდამ.

-რადგან ვეგანი ხართ? – ჰკითხა ბიჭმა.

-როგორ მიხვდი? – გაოგნდა ქალი.

-ვიფიქრე, რომ რადგან ცხოველებს არ ჭამთ, თქვენი მოძღვრება მათზე ამხედრებასაც გიკრძალავთ.

-არავინ არაფერს მიკრძალავს, ლუი. წლების წინ ჯირითს თავი დავანებე და ჩემით გადავწყვიტე, რომ ცხოველისთვის მათრახი აღარ დამერტყა ჭენების მიზნით, მაგრამ… – ლინდა წამიერად შეჩერდა, თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებსო. – ეს სამყარო სასტიკია. ისეთი რაღაცების გაკეთებას მაიძულებს, რასაც ჩემ სამყაროში არ გავაკეთებდი.

ლუიმ წარბები გაკვირვებით შეჭმუხნდა. ჯერ კიდევ ვერ გაეგო, ზუსტად რა სამყაროზე საუბრობდა ლინდა, თუმცა მეტი კითხვა აღარ დაუსვამს. 

სწორედ ამ დროს, ატმოსფეროში მქროლავმა ქარმა სქელი ღრუბლები აქეთ-იქით მიმოიფანტა და ცაზე მზარდი მთვარე გამოაჩინა. მისი ვერცხლისფერი შუქი, ლუის წაბლისფერ, ხუჭუჭა თმას დაეცა და ზედ ალიცლიცდა. ლინდამ მაღლა აიხედა და მკაფიოდ განათებული ცა რომ დაინახა, უნებლიეთ გაეღიმა.

-მთვარე გზას გამინათებს.

-გზა იცით?

-კი, მთავარ გზაზე რომ გავალ, უბრალოდ უკან უნდა შევრუნედ და იმავე გზაზე იქამდე უნდა ვიარო, სანამ აბრეშუმის ქალაქი არ გამოჩნდება.

-მართალია. – დაემოწმა ლუი, მერე ჯიბიდან ქისა ამოიღო, ქალს ხელი გამოაწევინა, ქისა ზედ დაუდო და უთხრა, – ეს შეიძლება დაგჭირდეთ. ბატონმა ანრიმ მომცა, მაგრამ ჯობია თქვენ გქონდეთ.

-არა, ლუი… – დაიბნა ქალი.

-უცხო ქალაქში მიდიხართ, აუცილებლად გამოგადგებათ 

-გმადლობ… დაგიბრუნებ. – მიუგო ლინდამ და ქისა მოსასხამის ჯიბეში ჩაიტენა.

-მაგაზე არ იდარდოთ. – უდარდელად თქვა ბიჭმა. 

-როცა ირი და ანრი გაიღვიძებენ, უთხარი რაც მოხდა, მაგრამ ჩვენს მოსაძებნად წამოსვლის ნება არ მისცე. ალბათ შუადღისას დავბრუნდებით. არსად წახვიდეთ ჩვენს გარეშე. – გააფრთხილა ქალმა.

-კარგი, – თავი დაუქნია ბიჭმა, მერე კი დაიჩურჩულა, – მშვიდობიანი მგზავრობა, ქალბატონო ლინდა. ბატონი ოლივერი უსაფრთოხდ დააბრუნეთ.

-ასეც ვიზამ. – თვალი ჩაუკრა ქალმა, ცხენი მიაბრუნა და იგივე გზას გაუდგა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ოლივერმა გათელა.

***

დაახლოებით ორი საათი აჭენებდა ლინდა უკანა გზაზე ცხენს. პერიოდულად ისვენებდა, თუმცა ამოვარდნილ გულს მაინც ვერ იწყნარებდა. თმა გაწეწილი, სხეული კი ოფლის ცივი წვეთებისგან დანამული ჰქონდა.

გრილოდა. ცაზე რუხი ღრუბლები პერიოდულად ისევ აიყრებოდნენ და მთვარეს გადაფარავდნენ, თუმცა შემდეგ იფანტებოდნენ და მის სინათლეს გზას უთმობდნენ. ჰაერში ნესტის მძიმე სუნი ტრიალებდა. 

სადღაც შორიდან მგლების გაბმული ყმუილი და ტურების კივილიც ისმოდა, თუმცა ლინდა მათ მიმართ შიშს ვერ გრძნობდა. ერთადერთი, რაც იმ მომენტში მოსვენებას არ აძლევდა, ეს დანაშაულის გაუსაძლისი გრძნობა იყო.

აწუხებდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ოლივერს მის გამო რაიმე შემთხვეოდა. იმას ვერ ხსნიდა, თუ რატომ დარდობდა ასე მისთვის სრულიად უცნობი ადამიანის გამო, ამიტომ საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებდა, რომ მისი ტყუილის გამო დანაშაულის გრძნობა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც შეაწუხებდა, კონკრეტული ადამიანი აქ არაფერ შუაში იყო.

როცა მთვარით განათებული გზა საბოლოოდ გაილია, აბრეშუმის ქალაქის ჩირაღდნებით გაჩახჩახებული ხედი გამოჩნდა. 

ქალაქი ღამით კიდევ უფრო ლამაზი და მომაჯადოებელი იყო. შუაღამესაც კი ქალაქის მთავარ ქუჩებს არ ეძინა. ყველა ტავერნა, ბარი თუ დუქანი ღიად იყო და ხალხით გადაჭედილი. ამ ქალაქში პირველად მოხვედრილი ადამიანი იფიქრებდა, რომ იქ რაღაც დღესასწაული აღნიშნებოდა, მაგრამ ადგილობრივები უკვე შეჩვეულები იყვნენ, რომ მაცხოვრებლების უმრავლესობისთვის ყოველი დღე დღესასწაული იყო.

როგორც კი გალავნს გასცდა ლინდა, ქალაქის წესებისამებრ ცხენი კარიბჭესთან განთავსებულ სადგომზე დატოვა. შიდა ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, ცხენით გადაადგილების საშუალება მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლებს ჰქონდათ. 

ქალმა სადგომს თვალი გადაავლო და აღმოაჩინა, რომ ტიტანიაც იქვე იყო მიბმული და გემრიელად სვამდა წყალს, ეს კი იმას ნიშნავადა, რომ ოლივერი უკვე ქალაქში იმყოფებოდა. 

ლინდამ მცველებს ლუის მიცემული მონეტები გადაუხადა, შემდეგ კი პირდაპირ ელია მკითხავის სახლისკენ აიღო გეზი. ზუსტად ახსოვდა სად მდებარეობდა ეს სახლი, ამიტომ დიდი ხნით ძებნა არ დასჭირვებია. 

ელიას სახლიც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც ჩადუმებული დახვდა. არც ოლივერი ჩანდა სადმე და არც სხვა მაცხოვრებლები. დიდხანს აკაკუნა ლინდამ მკითხავის კარზე, თუმცა არავინ გაუღო. ხვდებოდა, რომ კაცი შიგნით იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ელიას მსგავსი ადამიანი, შუაღამეს მისულ თავხედ სტუმარს, განზრახ არ გაუღებდა კარს. ამიტომ გადაწყვიტა დილამდე დალოდებოდა, სანამ ელია თავისი ნებით გამოჩნდებოდა ზღურბლზე და კლიენტების მიღებას დაიწყებდა.

ჯერ ფიქრობდა, რომ იქვე, კიბეზე ჩამომჯდარიყო და დაეცადა, მაგრამ შეიძლებოდა ელიას ფანჯრიდან შეემჩნია და კარი მეორე საღამომდე აღარ გაეღო, ამიტომ ქალაქში გასეირნება და დროის ასე გაყვანა გადაწყვიტა. 

ქალმა უკანა გზაზე დაბრუნებას, არჩია ჩიხით მოკლედ გადაეკვეთა გზა მთავარი ქუჩისკენ. ერთი ჩიხიდან მეორეში შეუხვია, მეორედან მესამეში და როცა მთავარი ქუჩა აღარ გამოჩნდა, მიხვდა, რომ დაიკარგა. ცოტა ხანს იქვე გაჩერდა, მიიხედ-მოიხედა, ფოტოგრაფიულად იქაურობის დამახსოვრება სცადა, რომ წრეზე არ ეარა და ერთი და იგივე ქუჩაზე რამდენჯერმე აღარ ჩაევლო, მერე კი უკან გამობრუნება დააპირა.

როცა შემობრუნდა, უეცრად იქვე კედელში დატანებული ვიწრო კარი მოწყვეტით გაიღო და მისი კედელზე შეჯახების ხმამ გარემო გააყრუა. ღია კარიდან ალკოჰოლის სუნი, თვალისმომჭრელი სინათლე, ღრეობის ხმა და ორი მთვრალი მამაკაცი ერთდროულად გამოიჭრა. ლინდა შეკრთა და მაშინვე გვერდზე გახტა. მამაკაცები ერთმანეთში საუბრობდნენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ, თუმცა როგორც კი ქალი შენიშნეს, მაშინვე მისკენ მიმართეს მთელი ყურადღება.

ლინდამ ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა მამაკაცის ბაგეებიდან ამოფრქვეული სტვენა მაინც წამოეწია გზაში.

-ჰეი, ლამაზო, ასე გვიან ამ ბნელ ჩიხში რას აკეთებ? – შესძახა წვერიანმა კაცმა ჩახრენწილი ხმით.

-შენისთანა ლამაზი გოგონები, ასე გვიან გარეთ არ უნდა იყვნენ. – გამოეხმაურა მეორე, შუბლზე თმაგაცვენილი ასაკოვანი მამაკაცი.

ლინდა უცებ შედგა და ღრმად ამოიოხრა. ყველაზე მტად აღიზიანებდა მსგავსი კატეგორიის ადამიანი, რომლებიც ერთ ჭიქას დალევდნენ, შემდეგ კი ქალთან მიმართებაში თავს ასე უტეხად ზედმეტის უფლებას აძლევდნენ. 

თავი მაღლა ასწია ქალმა, სახეში მოწოლილი ზიზღი ჟანგბადის ღრმა ჩასუნთქვით უკუაგდო, შემდეგ კი ქუსლებზე მოტრიალდა და ორივე მათგანს ცეცხლისმფრქვეველი მზერა მიაპყრო.

-მთვრალი ნაძირლები, – ჩაისისნა მან, – ყველა ეპოქაში და ყველა სამყაროში ერთნაირები არიან.

-რაო? – იკითხა წვერიანმა კაცმა, – რას ბუტბუტებთ, პატარა ქალბატონო? მაგას არ ჯობია ჩემთან წავიდეთ და გავერთოდ?

ლინდამ ყაბლად გაიღიმა, მერე უეცრად ადგილს მოსწყდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მამაკაცისკენ. მან ეს რომ დაინახა, უნებლიეთ გაეღიმა, მხრებში გაიმართა, ხელზე დაიფურთხა და შუბლზე აუბრძგნული თმა გადაისლიპა.

-რა დამიძახე? – მის წინ უტეხად გაჩერდა ლინდა და კაცს თვალებში შეაცქერდა.

-პატარა ქალ… – წამოწყო კაცმა, თუმცა სანამ სიტყვას დაასრულებდა, ლინდა უეცრად კისერში სწვდა მას, კისერსა და მხარს შორის არსებულ რბილობში ცერა თითი ძლიერად ჩააჭირა და უთრხა.

-რაღაც კარგად ვერ გავიგე, აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე!

-ოოოჰ… ააააჰ.. წმინდა მნათობო! – დაიღრიალა კაცმა სასოწარკვეთილი ხმით, მუხლები მოეკეცა და ნელ-ნელა დაბლა დაშვება დაიწყო.

-შენი არ მესმის, უფრო ხმამაღლა თქვი! – სიამოვნებით განაგრძობდა ლინდა მის ტანჯვას და უფრო ძლიერად აჭერდა თითს.

-რა ჯანდაბას აკეთებ? – შეჰყვირა მეორე მამაკაცმა, მაშინვე ლინდას მივარდა, ხელები მხრებში ჩაავლო, ქალი მთელი ძალით მოიქნია და კედელზე მიახეთქა.

ლინდას უნებლიე გმინვა აღმოხდა ბაგეებიდან, შეჯახებისგან თვალებში დაუბნელდა და კედელზე ზურგით მიკრული, დაბლა ნელა ჩასრიალდა. სწორედ ამ დროს, უჩვეულო ხმები ჩაესმა. თითქოს მის გვერდით, კედელს რაღაც მძიმე დაეჯახაო. დაბლა დახრილი ქუთუთოები ნელა ასწია და დაბინდული მზერა ნახევრად ჩაბნელებულ ჩიხს მოავლო.

ჯერ მისგან მოშორებით, ჩიხის მეორე მხარეს მდგარი, შავებში ჩაცმული მამაკაცის ფიგურა შენიშნა, მერე კი თავი გვერდზე მიატრიალა და იქ მდგარი კიდევ ერთი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ყავისფერი, დაცრეცილი მოსასხამი შემოეხვია და თავზე კაპიუშონი წამეფარებინა.  ის ნახევრად მელოტი კაცი, რომელმაც ლინდას ხელი უბიძგა, კედელზე ზურგით მიეყუდებინა, მის ყელზე კი ბასრი ხანჯალი მიებჯინა. მეორე მთვრალი კაცი ჯერ კიდევ ქვაფენილზე გორავდა და ატკიებულ მხარს იზელდა.

-კარგად ხარ? – ბნელ ჩიხში ექოდ გაისმა ყავისფერმოსასხამიანი მამაკაცის ხმა.

ლინდა მიხვდა, რომ მას ეკითხებოდა, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა, რატომ დაკრავდა მის ხმას ასეთი ნაცნობი ელფერი.

-არ მოკლა… – ენის ბორძიკით წარმოთქვა ქალმა, ხელი ასწია და შეჯახებისგან დაბუჟებული კეფა მოისრისა. – გაუშვი… 

მამაკაცმა ხანჯალი ძირს დაუშვა, მთვრალი თავდამსხმელი ხელებიდან მაშინვე დაუსხლტა, ქვაფინილიდან მისი მეგობარი წამოაყენა და ორივენი სირბილით დაუყვნენ ჩიხს.

ყავისფერმოსასხამიანმა ხანჯალი ქამარზე დამაგრებულ ბუდეში ჩამალა, ლინდას მიუახლოვდა, მისკენ დაიხარა და ხელი გაუწოდა.

ქალმა ეჭვით დახედა მის ხელს, შემდეგ კი თავი ასწია და კაცს სახეში შეაჩერდა. მისი სახე არ დაუნახავს, თუმცა მის მიერ გამოცემულ ბგერებზე მიხვდა, რომ ეღიმებოდა. მამაკაცმა უეცრად კაპიუშონს ხელი ჩაავლო და გადაიძრო. 

სახის ერთ მხარეზე მთვარის ვერცხლისფერი, ხოლო სახის მეორე მხარეს, ტავერნის კართან დაკიდებული ჩირაღდნების ოქროსფერი შუქი დაეცა მას. მოულოდნელობისგან ლინდამ ქვედა ტუჩს ძლიერად ჩაასო კბილები, რომ პირს მომწყდარი ამოძახილი შეეკავებინა.

მის წინ დემიან დე რეინი იდგა. არანაირი გვირვინი, მდიდრული სამოსი ან მსახურები, მხოლოდ ის იყო, გლეხივით ჩაცმული, გაცრეცილი პერანგით და გახუნებული შარვლით. ხვეული თმა შუბლზე დაჰყროდა, ოქროსფრად მოელვარე თვალებში კი ინტერესი და მზაკვრობა უკრთოდა. მის ბაგეს უჩვეულო ღიმილი ეფინა. თოთქოს ხალისობდა იმაზე, როგორი ემოციაც ლინდაში გამოიწვია.

-დიდხანს მალოდინებ? – წარბი ასწია მან და გამოწვდილ ხელზე ანიშნა ქალს. 

ლინდას მისი თვალებისთვის მზერა არც კი მოუცილებია,  ისე ჩაეჭიდა ხელზე და წამოდგა.

კეფა ჯერ კიდევ სტკიოდა, მაგრამ ამ ტკივილს მის სხეულში წარმოქმნილი ყველა სხვა უამრავი შეგრძნება სრულიად ფარავდა. ერთდროულად მისი ნახვით გამოწვეულ აღფრთოვანებას, განგაშის სიგნალს, გულის აუტანლად აჩქარებულ ფეთქვას და ამ ადამიანის შეცნობის სურვილს ებრძოდა შინაგანად.

-სულ გაგიჟდი? – გაწეწილი თმა ხელით გაუსწორა დემიანმა, – ორ მთვრალ კაცს თავს დაესხი ბნელ ჩიხში. ასეთ დროს, როცა ქალები საფრთხეს გრძნობენ, გარბიან ხოლმე.

-მე არ გავრბივარ. – თავისი ფიქრები ისე გაახმოვანა ლინდამ, ვერც კი შენიშნა, რომ ამას ხმამაღლა ამბობდა.

-მაინც რისი იმედი გქონდა? – წარბები შეკრა მამაკაცმა.

-საკუთარი თავის! – მტკიცედ უთხრა ქალმა, – თავდაცვის გაკვეთილები წლების წინ გავიარე. ვისწავლე, რომ თავდამსხმელიც ადამიანია, მასაც სდის სისხლი და მისი არ უნდა მეშინოდეს.

-ნუთუ შენი სამყაროც ასეთი სახიფათოა? – თავისთვის ჩაილაპარაკა დემიანმა.

-ხიფათი ყველა სამყაროშია. – მიუგო ლინდამ.

დემიანმა ქალს თვალებში ჩახედა, მერე კი სიცილით გააქნია თავი.

-წამოდი, რაიმეს დაგალევინებ, რომ გონს მოეგო. – უთხრა მამაკაცმა, ქალს ხელი ჩასჭიდა და იმ მიმართულებით წაიყვანა, საითკენაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

ლინდაც უნებლიეთ დაჰყვა მის მოძრაობას, მერე კი შენიშნა, რომ მოშორებით, სიბნელეში მდგარი კიდევ ერთი ფიგურაც დაიძრა და მათ უკან გამოჰყვა. ლინდამ მოიხედა და მას შეავლო მზერა, თუმცა მისი სახე მაინც ვერ დაინახა, რადგან მამაკაცს სახეზე შავი ნიღაბი ეკეთა. მისი გადმოსახედიდან ნიღაბი იმდენად მძიმე და მასიური ჩანდა, შეიძლებოდა ფოლადისაც კი ყოფილიყო.

-ყურადრებას ნუ მიაქცევ, ჩემი პირადი მცველია. ჩრდილს ვეძახი, რადგან უკან სულ ჩრდილივით დამყვება. – ჩაილაპარაკა დემიანმა. ლინდამაც უსიტყვოდ წინ მიაბრუნა სახე და მასთან ერთად გავიდა ჩიხიდან.

ცოტაც რომ გაიარეს, ხმაურიან და ხალხით გადაჭედილ ქალაქის მთავარ ქუჩაზე მოხვდნენ, გვერდი აუარეს “ქალბატონის” სამკერვალოს, რომელიც დაკეტილი და ჩაბნელებული იყო, და მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ტავერნისკენ გაეშურნენ. იქ, სადაც წინა დღეს ძალიან გემრიელი საჭმელი გასინჯა. 

კარი ისე უხამუროდ შეაღო დემიანმა და ისე შეუმჩნევლად შეძვრნენ შიგნით, რომ კაციშვილს მათკენ არ გამოუხედავს. ბარის დახლთან მიიყვანა მამაკაცმა ლინდა, სკამზე დასვა და ორი კათხა ლუდი შეუკვეთა. ლინდამ უკან კიდევ ერთხელ მოიხედა და თვალებით დემიანის მცველი მოძებნა. ტავერნაში ისიც შემოსულიყო, ოღონდ კართან ქანდაკებასავით გაშეშებულიყო და ირგვლივ მიმდინარე სიტუაციას აკვირდებოდა.

დემიანმა ერთი კათხა ლუდი ამოუსუნთქავად გამოსცალა, შემდეგ მეორე შეუკვეთა, კათხა აიღო, ლინდას ზურგი აქცია და ხალხში გაერია.

ტავერნის ერთ კუთხეში ხელკავგამოდებული ქალი და კაცი ვიოლინოზე აჟღერებულ ძალიან ხმაურიან და ენერგიულ მელოდიაზე ცეკვავდნენ. უფრო სწორად, წრეზე ტრიალებდნენ და დახტოდნენ. სახეზე და ქცევაზე ეტყობოდათ, რომ ძალიან მთვარელი იყვნენ. ტავერნის მეორე მხარეს მამაკაცების ჯგუფი შეყრილიყო და მათ წინ გაშლილ მაგიდაზე რაღაცას თამაშობდნენ. ლინდას თამაშმა დააინტერესა, ამიტომ მოცეკვავე წყვილს მზერა მოაცილა და მოთამაშეებს დააკვირდა. თავიდან გაუჭირდა გარკვევა, თუმცა მერე გაიაზრა, რომ ეს თამაში დიდად არ განსხვავდებოდა მისთვის უკვე კარგად ნაცნობი სამაგიდო თამაშებისგან.

მამაკაცები ოთხ ნაწილად იყვნენ გაყოფილები. მაგიდაზე საზღვაო რუკა გაეშლათ და ზედ გემების ფორმის ფიგურები დაელაგებინათ. კამათელს აგორებდნენ და დამჯდარი ციფრების შესაბამის სვლებს აკეთებდნენ, ეს სვლები კი წინასწარ ფურცელზე ჰქონდათ ჩამოწერილი.

ლინდას უნებლიეთ გაეღიმა, რადგან გაახსენდა, რომ მსგავსი თამაშით ადრე ხშირად ერთობოდა თავის მშობლებთან ერთად. თამაშების მოყვარული ოჯახში უფრო დედა იყო, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მინდელების სახლში ყველა თამაში თაროზე იქნა შემოდებული და სამუდამოდ მივიწყებული.

ქალმა ლუდი მოსვა და თავი ასწია, რომ შემდეგი სვლისთვის თვალი მიედევნებინა, თუმცა ამ დროს ერთ – ერთმა მამაკაცმა წააგო და გაბრაზებული მოშორდა მაგიდას. როგორც კი გვერდზე გაიწია, ლინდამ დაინახა, რომ მისი ადგილი დემიანმა დაიკავა.  რამდენიმე წუთს ასე იდგა მამაკაცი, ხელში ლუდის კათხა ეჭირა, გამალებით სვამდა და მიმდინარე თამაშს თვალს არ აცილებდა. თან შიგნით ერთვებოდა, სვლებს აკეთებდა, მოგებისას კი დანარჩენებთან ერთად ხმამაღლა იცინოდა. ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდა, ტიტულების, წარსული ცოდვებისა და კარადაში დამალული ჩონჩხების გარეშე.

ლინდამ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და ისევ შემოსასვლელ კარს გახედა. მანძილი თვალით გაზომა და გაიფიქრა, რომ თუ ადგებოდა და უხმაუროდ წავიდოდა, დემიანი ვერ შეაჩმევდა, მაგრამ მისი პირადი მცველი ნამდვილად  შეამჩნევდა, რომელიც არწივისებური მზერით მთელ ტავერნას აკონტროლებდა. 

ამ ყველაფერში კიდევ იყო ერთი რაღაც უცნაური. ლინდას წასვლა დიდად არც უნდოდა. მას სულ სხვა რამ სურდა. სურდა ამდგარიყო, დემიანთან მისულიყო და მისთვის თვალებში ჩაეხედა. კითხვები დაესვა, გამოძიება ჩაეტარებინა, დემიანი აელაპარაკებინა… და ბოლოს, ის ასეც მოიქცა.

ქალს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც მართავსო, ფეხზე წამოდგა და მექანიკური ნაბიჯებით წავიდა მოთამაშეებისკენ. როცა მაგიდას მიუახლოვდა, მამაკაცებმა შენიშნეს და მაშინვე გაჩუმდნენ. სწორედ მაშინ ასწია დემიანმა თავი და ქალს პირდაპირ თვალებში შეხედა.

ლინდა დაიძაბა, დემიანს კი გაკვირვება ჩაუდგა მზერაში. თუ ცოტა ხნით ადრე, ჯერ კიდევ ეპარებოდა ეჭვი ქალს მომხდარის სიცხადეში, იმ მომენტში საბოლოოდ გაიაზრა, რომ ამჯერად არაფერიც არ ესიზმრებოდა. ყველაფერი რეალობა იყო. უგულო მეფე, დემიან დე რეინი მის წინ იდგა და უბრალო ხალხთან ერთად თამაშობდა.

-ქალბატონო, რა გნებავთ? – ჰკითხა უცებ ვიღაც კაცმა. 

ლინდას მისი ხმა ძალიან შორიდან ჩაესმა ყურში. 

დემიანი უეცრად მისკენ გადმოიხარა, ხელებით მაგიდას დაეყრდნო, გვერდულად გაიღიმა და ჰკითხა.

-ითამაშებ? 

მისი ღიმილის დანახვაზე ლინდას მთელს სხეულში უჩვეულოდ გააჟრჟოლა, შემდეგ კი გაყინულ კიდურებს დიდი სიჩქარით მიაწვა ძარღვებში აჩქეფებული სისხლი.

-დიახ! – თქვა უცებ მან, დემიანს თვალი მოსწყვიტა და დანარჩენებს გადახედა, – თამაში მინდა!

-რა კარგია! – შესძახა მის გვერდით მდგარმა ლოყებღაჟღაჟა კაცმა, – როგორც წესი ქალბატონები ასეთი თამაშებით არ ინტერესდებიან!

-მე ძალიან დამაინტერესა. – ძალდატანებით გაუღიმა ლინდამ მას, – როგორც ვხვდები საზღვაო ბრძოლები გაქვთ.

-დიახ. ფლოტი გვყავს, კამათელს ვაგორებთ და თითო რაუნდში ციფრების მიხედვით რომელი იარაღიც ამოვა, მხოლოდ იმ იარაღის გამოყენების უფლება გვაქვს. ჩვენმა ლოთმა მეგობარმა წააგო, შეგიძლიათ მისი ფლოტით ისარგებლოთ. – წაგებული მოთამაშისკენ გაიშვირა ხელი მან, – გააგორებთ?

ლინდამ წაგებული კაცის გემების მინიატურული ფიგურები აიღო და თავისკენ დაფაზე განალაგა, მერე კამათელი უსიტყვოდ გამოართვა კაცს, ხელში აათამაშა და გააგორა. პირველივე ცდაზე ხუთიანი დასვა, რის გამოც ყველამ ერთად წამოიყვირა.

-რა ხდება? – იკითხა ლინდამ.

-ხუთიანი ზარბაზნების გამოყენების უფლებას გაძლევს. ეს საზღვაო ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღია. ახლა მთავარია ვისი ფლოტის წინააღმდეგ გამოიყენებთ. – უთხრა ლოყებღაჟღაჟა კაცმა.

-ოქროსფერი ფლოტი ვისია? – იკითხა ქალმა, თუმცა პასუხი უკვე ისედაც იცოდა.

-ბატონი დეიმოსის. – თქვა კაცმა და ხელი დემიანისკენ გაიშვირა.

ლინდას ცივად გაეღიმა. დეიმოსი რაღაც ახალი იყო, თუმცა ეს არც გაკვირვებია. აბა, უგულო მეფე ხომ არ დადგებოდა და ყველას ხომ არ მოუყვებოდა, რომ სინამდვილეში დემიანი ერქვა?!

-კიდევ ერთხელ გააგორეთ კამათელი. – მიუთითა კაცმა მენტორივით.

ლინდამ გააგორა და ამჯერად ორიანი დასვა, რაზეც ასევე ყველამ შეიცხადა.

-ახლა რაღა მოხდა? – ჰკითხა სიცილით ქალმა, რადგან მათი რეაქციებით მიხვდა, რომ კიდევ რაღაც ჩაიდინა.

-ზარბაზნებით მისი ფლოტის ნახევარი ჩაძირეთ. – ფურცლებს ჩახედა კაცმა და ორიანის გასწვრივ დაწერილი სიტყვები ამოიკითხა. – რადგან იგებთ, ისევ თქვენ უნდა გააგოროთ.

ლინდამ კამათლები ხელში ააწკარუნა, მერე კი მაგიდაზე გაისროლა. სამიანი დაჯდა და ამჯერად ყველა იქ მყოფს სიცილი აუვარდა.

-დღეს თქვენი იღბლიანი დღეა. – გადაიხარხარა ლოყებღაჟღაჟა კაცმა. – ამჯერად მისი ფლოტის მეორე ნახევარი გადაწვით.

-დიდი ბოდიში, პირველად ვთამაშობ. – დემიანს გაუსწორა მზერა ქალმა და სარკაზმით გაუღიმა.

-ახალბედებს ყოველთვის უმართლებთ. – სარკაზმითვე უპასუხა მამაკაცმა, შემდეგ კი მაგიდას მოშორდა და ბარის დახლთან მივიდა.

ლინდამ თვალი გააყოლა მას, თუმცა მოთამაშეებმა აიძულეს ისევ თამაშს დაბრუნებოდა. ამის შემდეგ ქალმა კიდევ ითამაშა რამდენიმე რაუნდი. ორი ფლოტი გადაწვა, ერთს ადმირალი მოუკლა, ერთს კი გემის კაპიტანი. საბოლოოდ კი ერთი ქისა ვერცხლის მონეტები მოიგო.

როცა თამაშს შეეშვა და სხვა მოთამაშეები მაგიდასთან დატოვა, ისევ კარს გახედა. კვლავ გაიფიქრა, რომ წასვლა შეეძლო, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა აკავებდა და დემიანისკენ გახედვას აიძულებდა. 

იქნებ ეს ინტერესი იყო? იქნებ საიდუმლოებების გაგების სურვილი იყო? ამაზე პასუხი არ ჰქონდა, და საერთოდ, იმ ყველაფერში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავდა.

ქალი ბარის დახლს მიუახლოვდა და მაღალფეხება სკამზე, დემიანის გვერდით შემოჯდა. მამაკაცს მისკენ არ გაუხედავს. წინ იყურებოდა, ლუდს ხარბად სვამდა და ღრმად სუნთქავდა. მისი გამოკვეთილი პროფილი, ხელით გამოქანდაკებულს ჰგავდა. მისი მაღალი კისერი კი მარმარილოს მასალას.

-ამ ხალხმა არ იცის, ვინ ხარ, ხომ ასეა? – სიჩუმე დაარღვია ლინდამ.

-რა თქმა უნდა, არა. აბრეშუმის ქალაქი თავისი ნებით შემოგვიერთდა. ბრძოლის გარეშე დაგვნებდნენ, ოღონდ პირობები წამოგვიყენეს, რომ აქ პროპაგანდას ვერ გავავრცელებდით. ამ ქალაქში მეფე-მზის შესახებ ცნობები არ არის გამოკრული. – ცივად თქვა დემიანმა. მის სიტყვებში უკმაყოფილება იგრძნობოდა.

-ესე იგი, შემიძლია სახელით მოგმართო, დემიან. – ჯიქურ შეაცქერდა ქალი. თავადაც ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ამდენი გამბედაობა.

-შეგიძლია. – ცალყბად გაიცინა მამაკაცმა.

-ისინი სახეზე არ გიცნობენ, მაგრამ … შენ რატომ გაცვია ასე და რატომ თამაშობ მათ საზოგადოებაში? – კითხვა თითქოს თავის თავს დაუსვა ლინდამ.

-ზოგჯერ მეფე-მზესაც სჭირდება განტვირთვა. – ცივად გაიღიმა დემიანმა.

-მაგრამ მთლად განმარტოებასაც ვერ ახერხებ. – მცველზე ანიშნა ქალმა.

-მას შემდეგ, რაც ახლადდაპყრობილ რუბუსში მარტომ გავისეირნე და ბანაკში დაბრუნებაც მარტო გადავწყვიტე… მას შემდეგ, რაც ოლივერ ვალენტამ ჩემი მოკვლა სცადა, ჩემი პირადი მცველი მარტოს ერთ წამსაც აღარ მტოვებს. – უსიამოვნოდ თქვა მამაკაცმა.

-მიკვირს შენი ქურუმიც თან რომ არ დაგყვება. – ცინიკურად მიუგო ლინდამ.

-ათანასია ზედმეტად თვალშისაცემია. – ტუჩი აიბზუა დემიანმა.

ლინდამ არაფერი უპასუხა, ლუდი მოსვა და ისევ კარს გახედა. ეს ქცევა უკვე ჩვევაში გადასდიოდა. იმ მომენტში, როცა ისევ კარამდე მანძილს თვალით ზომავდა, უეცრად ხელზე შეხება იგრძნო. დაიხედა და მის მაჯაზე შემოხვეული დემიანის თითები დაინახა. ქალმა ქუთუთოები ასწია და მამაკაცს გაკვირვებულმა შეხედა.

-შენ ჩემთან დაბრუნდი, ლინდა. – ჩაილაპარაკა ხმადაბლა მან.

ქალს უეცრად თვალები გაუფართოვდა, რადგან მისი სიზმარი გაახსენდა, როცა დემიანი მასთან დაბრუნებას სთხოვდა.

-შენ…

-ჰო, ეს მე ვიყავი შენს სიზმარში. – ველურად გაიღიმა.

-როგორ… ეს როგორ მოხდა? – ხმა აუკანკალდა ქალს.

-პატარა ჯადოქრობით. – ისევ ველურად გაიღიმა, – ათანასიამ შენი პირადი ნივთი შეინახა, შემდეგ კი შენთან დასაკავშირებლად მაგია გამოიყენა.

ლინდას გაახსენდა, რომ კარავში ფეხსაცმელები გახადეს და მის ნაცვლად სხვა ჩააცვეს, რადგან მისი ქუსლები თითქმის განადგურებული იყო. ივარაუდა, რომ სწორედ ეს ნივთი გამოიყენა მზის ქურუმმა ჯადოქრობსთვის

-მე შენთან არ დავბრუნებულვარ. – ხელი სწრაფად გამოსტაცა ქალმა.

-მაშინ, აქ რას აკეთებ? – გამომცდელი მზერა მიაპყრო დემიანმა, – ოლივერს არ გამოექეცი?

ლინდას ლამის სიტყვები წამოსცდა, რომ იქ ოლივერისგან გასაქცევად კი არა, სწორედ ოლივერის საძებნელად იყო, მაგრამ როგორც კი გაიაზრა ამ ინფომრაციას რამხელა ზიანის მოტანა შეეძლო ორივე მხარისთვის, მაშინვე მოკუმა ტუჩები და პირს მომდგარი სიტყვები უკანვე გადაყლაპა.

მოულოდნელად მუსიკა შეწყდა და ლეწვის და ყვირილის ხმა გაისმა. დამფრთხალმა ქალმა მაშინვე უკან მოიხედა. მაგიდასთან მდგარ მოთამაშეებს ერთმანეთში ჩხუბი გაემართათ. ცოტაც და ეს ჩხუბი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. მთვრალი კაცები ერთმანეთს დაერივნენ და ცემა-ტყეპა გამართეს.

როცა დემიანმა შენიშნა, რომ ჩხუბი ჩაცხრომის ნაცვლად, უფრო და უფრო მძაფრდებოდა, ლინდას ხელი დაავლო და ბარის დახლის გვერდით მდებარე გრძელ დერეფანში გაიყვანა.

ქალმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. რამდენჯერმე კარისკენაც გაიხედა და გულით ინანა, რომ როცა შესაძლებოლობა ჰქონდა მაშინ არ წავიდა. დემიანმა ამჯერად ორივე ხელი მოხვია მხრებზე მას და დერეფნის ბოლოს მდებარე კიბეები აირბინა. ზემოთ მხოლოდ ერთი ოთახი იყო, სადამდეც ეს კიბე მიიდიოდა. დემიანმა კარი შეაღო და ლინდა შიგნით შეიყვანა.

ოთახს ხის იატაკი, ქვის, შელესილი კედლები და ერთი სარკმელი ჰქონდა. ცენტრში დიდი საწოლი იდგა, აბრეშუმითა და ცხოველის ბეწვით მორთული, კედელში ამოშენებულ დიდ ბუხარში კი ცეცხლი განელებულიყო და ახლა მხოლოდ ნაკვერჩხლებიღა ბჟუტავდა.

დემიანმა კარი მიხურა, მერე კი ჩაკეტა. როცა საკეტის ტკაცუნის ხმა გაიგო ლინდამ, გული კისერში ამოუჯდა და კიდევ უფრო მეტად ინანა, რომ იმ ტავერნიდან თავის დროზე არ გაიქცა. 

დემიანი მისკენ შებრუნდა და ქალის შიშჩამდგარი, გაფართოებული თვალის გუგები რომ დაინახა, მკრთალად გაეღიმა.

-ქვემოთ რომ დამეტოვებინე, ვინმეს გასროლილი ბოთლი მოგხვდებოდა. 

ფეხსაცმელი გაიხადა მან, მერე მოსასხამიც მოიხსნა და ორივე იატაკზე დაყარა. ოთახში ლუდის და ალკოჰოლის მძიმე სუნი დადგა. დემიანი ნასვამი იყო, ლინდა კი ფხიზელი, თუმცა უკვე ფიქრობდა, რომ ჯობდა ერთ კათხაზე მეტი დაელია. იქნებ მერე მაინც არ ენერვიულა ასე.

დემიანმა იქვე, პატარა მაგიდაზე დადებული ბროლის ბოთლი გახსნა, ჭიქაში კონიაკი დაასხა და ბუხრის წინ სავარძელში ჩაეშვა. 

-რეალურად ქუჩაში ასე ჩაცმული რატომ დადიოდი? – ჰკითხა ლინდამ, მოსასხამი მოიხსნა და სკამზე მიაფინა.

-მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი მეფეზე. – კონიაკი ყელში მძიმედ გადაიტანა კაცმა.

-მერე… მოგწონს რასაც იგებ? 

-რომ ხალხს ჩემი ეშინია? რა თქმა უნდა, მომწონს. მეც ზუსტად ამისკენ ვიღწვოდი. – გაიცინა მამაკაცმა.

-ოლივერი ვერ გიტანს. – საწოლზე ჩამოჯდა ლინდა და მამაკაცს ზურგიდან მიადევნა მზერა. მის ხვეულ თმას და მხარს ხედავდა. ცალი ხელი სავარძლის სახელურზე გადმოეკიდებინა და თითს ჭიქაზე ათამაშებდა.

-რაიმე ისეთი მითხარი, რაც არ ვიცი. – თვითირონიით გაიცინა დემიანმა.

-რატომ ვერ გიტანს ოლივერი? – პირდაპირ მიახალ კითხვა ლინდამ.

ამის გაგონებისას, უნებლიეთ დემიანმა ათამაშებული თითები გააჩერა, რამდენიმე წამს ამოუსუნთქავად იჯდა, მერე კი ქალისკენ შემობრუნდა და თვალებში შეხედა.

-რა გითხრა ოლივერმა ჩემს შესახებ?

-რომ საკუთარი ოჯახი ამოხოცე და ტახტი მიისაკუთრე!

უგულო მეფემ უნებლიეთ გულიანად გაიცინა. ლინდა ვერ მიხვდა, ასეთი ქცევით მამაკაცი ოლივერს დასცინოდა, ლინდას თუ საკუთარ თავს. დემიანი უცებ წამოდგა, ჭიქა მაგიდაზე დადგა, ნელი ნაბიჯებით მიუალოხვდა ლინდას და ზემოდან დახედა. ქალმა თავი ასწია და თვალებში შეაცქერდა მას. 

უჭირდა ამის აღიარება, თუმცა იმდენად ნათლად გრძნობდა პეპლებს მის მუცელში, რომ ეს შეგრძნება უკვე აუტანელი ხდებოდა. საკუთარი თავის უკვირდა. საკუთარ თავს ეჩხუბებოდა, რომ  პატარა, სულელი გოგოსავით შეგრძნებების აყოლა უნდა შეეწყვიტა, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოსდიოდა.

-და რა გითხრა ოლივერმა ოლივერის შესახებ? – დაბალი, დამაინტრიგებელი ხმით ჰკითხა დემიანმა.

-ბევრი… არაფერი. – დაიბნა ქალი.

-ისეთივე სიტყვაძუნწია, როგორც ადრე იყო. – გაიღიმა მან.

უცებ წამოდგომა სცადა ლინდამ, რადგან მის სიახლოვეს ვეღარ უძლებდა, თუმცა დემიანი მხრებში სწვდა და უკანვე საწოლზე დააბრუნა. მერე ფეხი ასწია, მუხლი მოხარა და ლინდას ფეხებს შორის, საწოლზე დააჭირა. ქალმა მის მოძრაობას დახედა, მერე კი გაკვირვებით თვალებში შეხედა მამაკაცს. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ააღელვა, თუმცა ეცადა ემოცებისგან თავი შეეკავებინა, რომ მის წინაშე სუსტი და დაუცველი არ გამოჩენილიყო. 

დემიანმა უეცრად მისკენ წაიწია. მხრებზე ხელები დააწყო, ლინდა საწოლზე გადააწვინა და  თვითონ ზემოდან მოექცა. მისი სხეულის სიმძიმე და მისი კანის სურნელი რომ შეიგრძნო ქალმა, ცხელმა ჟრუანტელმა ტალღად დაუარა მთელს ტანში და მკლავებზე კანი აუხორკლა.

თვალის გუგები არაბუნებრივად გაუფართოვდა, როცა მამაკაცის ბაგეზე გადაფენილი ღიმილი დაინახა, შემდეგ კი გული კისერში ამოიუჯდა, როცა მამაკაცმა მისი ბაგეებისკენ წაიწია.

-ჩემი ბედისწერა ხარ. – დაიჩურჩულა დემიანმა და ქალის ტუჩებს შეეხო. მოულოდნელად მთელ მის ორგანიზმში უკვე წარმოქმნილი ყველა გრძნობა და ყველა ემოცია გაორმაგდა. სიმხურვალის ტალღებად იქცა და მთელ სხეულში გაიფანტა. სწორედ ამან გამოიწვია ლინდას ქმედება, როცა ორივე ხელი მამაკაცს კისერზე მოხვია, თითები მის ხვეულ თმაში გახლართა და მისი ბაგეების მოძრაობას აჰყვა. დემიანმა უცებ თავისი გაცრეცილი პერანგი გადაიძრო და ოთახის მეორე ბოლოსკენ  გაისროლა.

ლინდამ მისი სხეულის გამოკვეთილ კონტურებს მზერა და თითები ერთდროულად ააყოლა. როცა თითები მის მკერდზე შეახო, ხელში ნაიარევისგან ამობურცული კანი მოხვდა, თუმცა მისი ფორმა ვერ გაარჩია.

დემიანს უნებლიეთ გააჟრჟოლა, გულის სიღრმიდან ამოიგმინა, ლინდას ხელი ჰკრა და ისევ საწოლზე დააგდო. ქალმა ერთი წამით მოჰკრა მის ვნებით აკიაფებულ ოქროსფერ თვალებს მზერა, შემდეგ კი ისევ შეერწყა მამაკაცის ტუჩები თავისას.

მომდევნო რამდენიმე წამის განმავლობაში, ვნებით ათრთოლებულ ბაგეებს ტუჩებიდან ლოყაზე, მერე ყბის ძვალზე, ყელსა და ლავიწზე დაატარებდა დემიანი, ღრმად სუნთქავდა, ლინდას კანის სურნელს ისრუტავდა და მისით ისე ტკებობდა, როგორც ფუტკარი ყვავილის ნექტარით. 

მოულოდნელად ლინდას არსაიდან მოგვრილმა შიშმა დაუარა ტანში. თავადაც არ იცოდა ეს საიდან მოდიოდა, მაგრამ ამ შიშმა ერთ წამში მთელ სხეულში სისხლი გაუყინა. ქალი გაშეშდა, თითქოს ქვად იქცა. სხეული დაეძაბა და სუნთქვა შეუნელდა. დემიანმა ეს მაშინვე იგრძო, თავი ასწია და ქალს თვალებში ჩახედა. იქ შიშის და დაბნეულობის მეტი ვერაფერი ამოიკითხა, ამიტომ მაშინვე შეუშვა ხელი, საწოლზე წამოჯდა და ცოტა იმდეგაცრუებული ხმით თქვა. 

-ჯერ მზად არ ხარ!

-ეგ… რას ნიშნავს? – ლინდაც წამოჯდა საწოლზე და ამოჩაჩული პერანგი გაისწორა.

-მე ძალიან რთული ქმნილება ვარ, შენ კი არ ხარ მზად გამიმკლავდე. – ორაზროვნად გაიღიმა დემიანმა. 

-შეიძლება რთული პიროვნება ხარ, მაგრამ არ მგონია ბოლომდე ისეთი ცუდი იყო, როგორსაც აღგწერენ. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა.

-ცდები! – ძალდატანებით გაიცინა დემიანმა. – ამ ამბავში ერთაფერთი დემონი არსებობს და ეს მე ვარ, ლინდა! ამას ვერაფრით შეცვლი!

-შეგეძლო ჩემთვის ნებისმიერი რამ დაგეშავებინა, მაგრამ ეს არ გააკეთე…

-იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი საქმისთვის მჭირდები. – გვერდულად ჩაიცინა მან, ქალს წელზე ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა. ლინდამ თავი ვეღარ შეიმაგრა და მამაკაცთან ერთად ისევ მოწყვეტით დაეცა საწოლზე. სანამ წამოდგებოდა, მან მაგრად დაიჭირა და თავადაც გვერდით მიუწვა.

-მინდა ამაღამ შენ გვერდით დავიძინო. – ქალს წელზე ხელები ისე შემოხვია დემიანმა, რომ ერთიანად შებორკა, მერე კი ყურში ჩასჩურჩულა, – თუ მეტყვი, რომ შენ არ გინდა, წავალ.

-მინდა. – უთხრა ლინდამ და მუცელზე გადაჯვარედინებულ მის მაჯებს თავისი თითებით ჩაებღაუჭა.

არ ცდებოდა ქალი. მართლა გრძნობდა იმას, რომ უგულო მეფის გვერდით მეტი დროის გატარება უნდოდა. მისი სხეულის სითბოს შეგრძნება სურდა, მის თვალებში დიდხანს ყურება სურდა. სურდა მისი ბაგეებიდან გაეგონა სიტყვები, რომ ოლივერი მის შესახებ ტყუოდა. თუ ამას ერთხელ მაინც ეტყოდა დემიანი, ის აუცილებლად დაუჯერებდა.

***

-ლუდოვიკო! – უკვე მესამედ და უფრო მჭექარედ დაიძახა ირიმ. 

ძილში წასული ბიჭი შეკრთა და ტკბილი სიზმრიდან დაბნეული გამოერკვა. მერე ნამძინარევი თვალები აახამხამა და მის თავზე წამომდგარ ირის და ანრის ახედა. დღის შუქმა და ნაცრისფრად შეღებილმა ცამ თვალი მოსჭრა ლუის, რის გამოც ხელის აფარებით მზერა მოიჩრდილა.

-გისმენთ, ქალბატონო ირი… რა ხდება? – წაილუღლუღა მან თვალების ფშვნეტით.

-შეგიძლია ამიხსნა, სად არიან ოლივერი და ლინდა? – მკაცრი ტონით მიუგო გოგონამ.

-რა? – წამოჯდა ლუი და თვალები უფრო ძლიერად მოისრისა.

-ოლივერი და ლინდა ბანაკში არ არიან. ანრიმ არაფერი იცის, იმედი მაქვს შენ მაინც იცი რამე.

-მე… მე… დიახ.

-გთხოვ მითხარი, რომ ოლივერმა რაიმე სისულელე არ ჩაიდინა!

-ის შუაღამით აბრეშუმის ქალაქში წავიდა… თავისი აბჯრის დასაბრუნებლად. 

-რა?! – შეიცხადა გოგონამ.

-და ლინდა? – იკითხა ანრიმ.

-ქალბატონი ლინდაც გაჰყვა.

-ოლივერი არ წაიყვანდა.

-არა, ბატონი ოლივერის წასვლის შემდეგ მე გავათავისუფლე, რომ გაჰყოლოდა.

-რატომ გაათავისუფლე, სულ გაგიჟდი? – აღელდა ირი.

-ძალიან მთხოვა. – თავი იმართლა ლუიმ. – თქვა, ოლივერს უნდა დავეხმარო, თორემ მარტო რაიმე შარში გაეხვევაო.

-ოჰ, ღმერთო, გადამრევს ეგ ორი. – შუბლში ხელი შემოირტყა ირიმ და ქვაზე მძიმედ დაეშვა.

მოღრუბლული და ნაცრისფერი დილა იდგა. ცა სულ ჩამუქებულიყო ნალექით გაბერილი ღრუბლებისგან. გეგონებოდათ სადაცაა გასკდება და ზეციდან წამოსული ნიაღვარი სამყაროს წალეკავსო. გრილი სიო ჰქროდა, რომელსაც შიგადაშიგ სუსხიც თან ახლდა.  მისი შეგრძნებისას უსიამოვნოდ შეამცივნა ირის, მხრებში მოიხარა და მოიბუზა. 

მღელვარებას ვერ თოკავდა. ერთდროულად ოლივერზეც ედარდებოდა და ლინდაზეც, ამავდროულად კი საკუთარ თავზე და მათ მისიაზეც დარდობდა. რა მოხდებოდა, თუ ოლივერი ვერ დაბრუნდებოდა? რა მოხდებოდა, თუ მთელი ამდენი ხნის ნაშრომი წყალში ჩაეყრებოდათ?

 არა, ამას არ დაუშვებდა!

-ქალბატონმა ლინდამ თქვა, რომ მათ დაბრუნებამდე ბანაკს მივხედოთ… – უთხრა ლუიმ ანრის.

-არ მაინტერესებს რა თქვა ლინდამ, მეც მივდივარ! – უცებ ფეხზე წამოხტა ირი და თავის ცხენს მივარდა. 

-გაგიჟდი? – მკლავით დაიჭირა ანრიმ, – ამინდი სულ მალე მკვეთრად გაუარესდება. ქარიშხალი გვიახლოვდება!

ირიმ მომაკვდინებელი მზერა ჯერ მამაკაცს ესროლა, მერე კი იგივე მზერით მის მკლავში ჩაჭიდებულ ანრის ხელს დახედა. მამაკაცმა იგრძნო, რომ ზღვარს გადავიდა, ამიტომ ხელი ცივად შეუშვა ქალს და უკან დაიხია.

-მე წავალ. – თქვა ანრიმ. – თქვენ ბანაკში დარჩით. იმ ორს მე დავაბრუნებ.

-გმირობა საჭირო არ არის! აქ დარჩი და ბანაკს თავად მიხედე! – მედიდური იერით ბრძანება გასცა ირიმ. ისეთი ხმა და გამომეტყველება ჰქონდა, გეგონებოდათ მთელი ცხოვრება ბრძანებების გაცემის მეტი არაფერი უკეთებიაო. 

გოგონამ უნაგირი სწრაფად დაადგა ობერონს და ქამრები შეკრა. მერე თავის ნივთებს მივარდა, მოსასხამი, მონეტებით სავსე ქისა და პატარა, ძალიან ბასრი ხანჯალი აიღო. მოსასხამი ჩაიცვა, დანარჩენი ნივთები კი უნაგირზე დაკიდებულ ტყავის ხურჯინში ჩამალა.

-გზაზე მარტოს არ გაგიშვებ! – მტკიცედ უთხრა ანრიმ, როცა მიხვდა, რომ გოგონა შეჩერებას არ აპირებდა.

-შენი ნებართვა არ მჭირდება! – მაჯაზე დახვეული თასმით თმა უკან შეიკრა გოგონამ, ცხენზე შეჯდა, დეზები ჰკრა ცხოველს და დატკეპნილ ბილიკზე გააჭენა.

ანრიმ არაფერი უპასუხა, მიტრიალდა  მეორე უნაგირი აუღო და ხეზე მიბმულ ცხენს დაადგა.

-თქვენ თუ მიდიხართ, მაშინ მეც წამოვალ. – ინიციატივა გამოიჩინა ლუიმ. – აქ რა უნდა ვაკეთო თქვენს გარეშე?

-ბანაკს შენ უნდა მიხედო, ფუნთუშა. – ძალდატანებით გაუღიმა მამაკაცმა, ქამრები სწრაფად შეკრა, ცხენს მოახტა და გოგონას დაედევნა. 

ირი მთელი სისწრაფით მიაჭენებდა. უკან არც კი იხედებოდა. ცივი ქარი სახეში სცემდა და ისეთ შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს კანს უსერავდა. მის მოსასხამს ჰაერში აფრიალებდა და მისი პერანგის შიგნით იჭრებოდა. გოგონა გრძნობდა, რომ ტემპერატურა თანდათან უფრო ეცემოდა. ეს ქვეყნის სამხრეთით, თანაც შუა აგვისტოს კლიმატისთვის, ნამდვილად უჩვეულო ჩანდა. ფიქრობდა, რომ ანრი მართალი იყო. ამინდი მალე რადიკალურად შეიცვლებოდა, მაგრამ ეს დიდად არ აღელვებდა. მისთვის პრიორიტეტს ოლივერი და მისი უკან მშვიდობით დაბრუნება წარმოადგენდა, რადგან ცოცხალი ოლივერი უკვე თავისთავად ნიშნავდა მის უსაფრთხოებას.

ცოტაც და სახეზე წვიმის წვეთების შეხება შეიგრძნო. როგორც მოსალოდნელი იყო ზეცამ პირი მოხსნა და წვიმა ჩანჩქერივით წამოვიდა ღრუბლებიდან. ცხენმა სვლა შეანელა. გოგონა უკვე ვეღარაფერს ხედავდა, ისევე როგორც მის ფეხებს შორის მოქცეული გონიერი ცხოველი. წვიმა სახეში სცემდა, სუნთქვას უკრავდა, მკერდზე მძიმედ აწვებოდა, მის თმას ასველებდა, მის კრემისფერ პერანგზე კი თმიდან ჩამოსული შავი ფერის წყალი ლაქებად იღვრებოდა.

უკნიდან ცხენის ფლოქვების თქარუნის ხმა ესმოდა. იცოდა, რომ ანრი მოყვებოდა, მაგრამ უკან არ იხედებოდა. 

მამაკაცი ერთიანად გაწუწულიყო. ცხენის ფლოქვების დარტყმისგან მაღლა ამოსროლილი ტალახი ჩექმებსა და შარვალზე ეშხეფებოდა. თმას ქარი უწეწავდა, მზერას კი შტორმი უბინდავდა. ამის მიუხედავად მაინც არ ჩერდებოდა. მთელი ყურადღება მის წინ მოძრავ სამიზნეზე ჰქონდა გადატანილი. არც ძალიან უახლოვდებოდა და არც ძალიან შორდებოდა. გოგონას გაღიზიანება არ უნდოდა, თან კი ცდილობდა, რომ ის თვალთახედვიდან არ დაეკარგა.

მოულოდნელად ისეთი გუგუნის ხმა გაისმა, გეგონებოდათ ზეცაში რაღაც აფეთქდაო. ანრიმ ინსტინქტურად უკან მოიხედა და თვალებს არ დაუჯერა, რაც იმ მომენტში დაინახა. ციდან ძაბრისებრი ქარბორბალა გრუხუნით დაეშვა, მიწის ზედაპირს შეერწყა და წრიულად ტრიალი დაიწყო. თან ირგვლივ ყველაფერს ხვეტდა, ნაფოტებად აქცევდა, ჰაერში იტაცებდა და აქეთ-იქით ფანტავდა. გეგონებიდათ გიგანტური, დამშეული მხეცი იყო და სამყაროს გადასანსვლას ცდილობდა. 

მამაკაცს უეცრად მოგვრილმა შიშმა სუნთქვა შეუკრა, თუმცა მასში თვითგადარჩენის ინსტინქტმა უფრო იმძლავრა. მალევე გამოერკვა, ცხენს დეზები ძლიერად შემოჰკრა და უფრო სწრაფად გააჭენა.

-ირი! – დაიყვირა, როცა გოგონას მიუხალოვდა.

-ხომ გითხარი შემეშვი-მეთქი,  უკან დაბრუნი! – დაუყვირა გოგონამ, როცა მისი ხმა გაიგონა.

-ამას შეხედა! – ხელი გაიშვირა მამაკაცმა. – ეს ტორნადოა!

ირიმ ჯიუტად გააქნია თავი. ის უცნაური ხმა მასაც ესმოდა და დაახლოებით იმასაც ხვდებოდა, რაც მის უკან ხდებოდა, მაგრამ მობრუნება და სიმართლისთვის თვალებში შეხედვა ჯიუტად არ სურდა. არ სურდა მისთვის რაიმეს ხელი შეეშალა მიზნის მიღწევაში.

-ირი, შეხედე! – დაიღრიალა ანრიმ.

-არა!

-ირი!

გოგონამ ძალდატანებით მოაბრუნა თავი, მოიხედა და ქარბორბალა რომ დაინახა, გული შიშისგან აუფრთხიალდა.

-ჩვენ მოგვყვება! – დაიყვირა ანრიმ. მისი ხმა ასეთ ხმაურში ძლივსღა ისმოდა.

-რა უნდა ვქნათ? – მღელვარება ჩაუდგა თვალებში გოგონას. თავადაც მიხვდა, რომ გაჩერების დრო იყო. თუ მას რაიმე დაემართებოდა, ოლივერს მერე ვეღარაფრით დაეხმარებოდა.

-იქით გადავუხვიოთ, წამოდი! – დაუყვირა ანრიმ, აღვირს ძლიერად მოქაჩა და ცხოველს მთავარი გზიდან გადაახვევინა. 

ცოტა ხანს მაღალ ბალახებს შორის აჭენეს, მერე კი ხისგან ნაშენი შენობა შენიშნეს. მამაკაცი მაშინვე ირის მიუბრინდა და დაუყვირა.

-იქ ფარდული ჩანს, თავი შევაფაროთ!

გოგონამ ჰაერში გაფანტული მისი სიტყვები ძლივს გაიგონა და უსიტყვოდ დაუქნია თავი მამაკაცს.  

იმ მომენტში საბოლოოდ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ბუნებამ სხვა გზა აღარ დაუტოვა. ოლივერის საძებნელად ვეღარ წავიდოდა, ერთადერთი კი რაც იმ მომენტში დარჩენოდა, ეს თავის გადარჩენა იყო.

როცა ფარდულს მიუახლოვდნენ, ცხენებიდან ჩამოხტნენ. ამასობაში ქარი კიდევ უფრო გაძლიერა, წვიმამაც იმატა და ხმაურმაც. ციდან კი ცოტა ხანში კვერცხის ოდენა სეტყვამ იწყო ცვენა. ანრიმ ფარდული გახსნა და დამფრთხალი ცხენები შიგნით შეუშვა. უკვე თავადაც ფარდულში შესვლას აპირებდენენ, როდესაც ირიმ უკან მოიხედა. ქარბორბალა ახლოვდებოდა და კიდევ უფრო ძლიერდებოდა. თითქოს ბუნებრივი სტიქია გზაში ძალებს იკრებდა, უფრო დიდდებოდა და უფრო დაუნდოებლი ხდებოდა. 

ირი უკვე მობრუნებას აპირებდა, როცა უეცრად სეტყვის ფარდის მიღმა, ფარდულიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, მინდორში, ხეებს შორის მოწყობილ პატარა, მყუდრო ბუდუარში, გოგონა შენიშნა. ბავშვს სათამაშო ჩაეხუტებუნა, ბუჩქებთან აზუტულიყო და ხმამაღლა ტიროდა.

-ანრი, იქ ბავშვია! – დაიყვირა ირიმ.

-რა? – ხმაურში ვერაფერი გაიგონა მამაკაცმა.

-იქ ბავშვია! – ხელი გაიშვირა მან.

ანრიმ მის ხელს მზერა გააყოლა და მანაც დაინახა პატარა, ატირებული გოგონა. მამაკაცს გული შეეკუმშა. წამითაც არ უყოყმანია. ირი ხელისკვრით შეაგდო ფარდულში, უთხრა დალოდებოდა, თვითონ კი გოგონასკენ გაიქცა.

კვერცხის ოდენა სეტყვა ქვებივით ეხეთქებოდა პირდაპირ ზურგში მამაკაცს, ამით გამოწვეული ტკივილი კი ძვლებამდე აღწევდა, თუმცა ერთი წამითაც არ შეუსვენია. როგორც კი გოგონას მიუახლოვდა, მაშინვე თავისი მოსასხამი გაიხადა, ბავშვი შიგნით გაახვია, მერე კი ხელში აიყვანა, მაგრად ჩაიხუტა და ფარდულისკენ მთელი სისწრაფით გაიქცა.

კარში ჩამდგარი ირი გულამოვარდნილი ელოდებოდა. როგორც კი ფარდულის ზღურბლი გადაკვეთა ანრიმ, გოგონამ მაშინვე მოხურა კარი, ხის ურდულით ჩაკეტა და ირგვლივ მიმოიხედა. ფარდული კონებად შეკრული თივით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით იყო სავსე. ერთ კუთხეში მაღალი ფიცრები ისე მიეყუდებინათ, რომ მათ ქვეშ ცარიელი ადგილი დარჩენილიყო.

-იქით! – ხელი გაიშვირა ირიმ მისკენ.

-ხომ იცი, რომ თუ ეპიცენტრში მოვხვდებით, ვერანაირი ფიცრები ვერ გვიშველის?

-ვიცი, მაგრამ ასე ბავშვი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. – უთხრა გოგონამ. ანრიც მაშინვე დაჰყვა მის ნებას, და სამივენი ფიცრებ ქვეშ შეძვრნენ.

ირიმ ბავშვი გამოართვა ანრის, სველი მოსასხამი მოხსნა და გოგონას თვალებში ჩახედა. დიდი, თაფლისფერი, შეშინებული თვალები და გაფერმკრთალებული, ფუმფულა ლოყები ჰქონდა პატარას. წაბლისფერი თმა სქელ ნაწნავად ჩაეწნა, ხელში ჩაბღუჯულ ნაჭრის თოჯინას კი წურწურით გაუდიოდა წყალი.

-გამარჯობა. – შეეცადა მაქსიმალურად მშვიდად გეღიმა ბავშვისთვის, რომ გოგონა კიდევ უფრო არ შეშინებულიყო უცხო ხალხის გვერდით. – აქ ცხოვრობ?

ბავშვმა მუნჯურად დაუქნია თავი. ხუთი ან ექვსი წლისა იქნებოდა. აბრეშუმის, ლამაზად მოქარგული კაბა ეცვა, ყელზე კი ოქროს ძეწკვი ეკეთა, რაც იმას ნიშნავადა, რომ მსახური არ უნდა ყოფილიყო. ქარვის სამეფოში მსახურები ოქროს და აბრეშუმს არ ატარებდნენ.

-მე ირი მქვია. – მოსასხამის ნაჭრით სახე შეუმშრალა გოგონამ, – შენ რა გქვია?

-მე პრინცესა დეიანირა ვარ. – ისეთი ჯიუტი ხმით თქვა ბავშვმა, გეგონებიდათ ამის გამეორება ხშირად უწევდა, რომ სხვები თავის სიმართლეში დაერწმუნებინა.

როცა ეს სიტყვები მოისმინა ირიმ, უნებლიეთ სხეულში ცხელმა და ცივმა ჟრუანტელმა ერთდროულად დაუარა. გამშრალ ყელში ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, თავი ასწია და ანრის მრავალმნიშვნელოვანი მზერით გახედა. მამაკაცს უჩვეულოდ გაეღიმა, თითქოს რაღაცას მიხვდაო, გოგონას დახედა და ჰკითხა.

-ნამდვილად ასე გქვია?

-არა. – თავი გააქნია ბავშვმა. – მაგრამ, რომ გავიზრდები მინდა პრინცესა გავხდე, როგორც პრინცესა დეიანირა.

-პრინცესა აუცილებლად გახდები, ოღონდ ჯერ სახელი გვითხარი. – სიცილი ვერ შეიკავა ანრიმ.

-მარტა. – თითქმის ჩურჩულით თქვა ბავშვმა.

-მარტა, ძვირფასო, გარეთ ძლიერი ქარია. როგორც კი გადაიღებს, სახლამდე მიგიყვანთ, კარგი? – მიუგო მშვიდად ირიმ.

-კარგი. – თავი დაუქნია გოგონამ.

-ხომ არაფრის გეშინია?

-არა.

-ყოჩაღ! – შუბლზე აკოცა ირიმ.

უეცრად ძალიან ახლოს ძლიერი მეხი გავარდა, შემდეგ კი ქარიშხლის გრგვინვა კიდევ უფრო გაძლიერდა. მიწამაც კი დაიწყო ზანზარი. ქარბორბალა ახლოვდებოდა, მათ კი გადარჩენის შანსი უფრო და უფრო უმცირდებოდათ. დაძაბულმა და შეშინებულმა ირიმ ცალი ხელი გოგონას მოხვია მაგრად, მეორე ხელი კი ინსტინქტურად ანრის ჩასჭიდა. ანრიმაც ორივე ხელები შემოხვია ბავშვს და ირის, და სხეულზე მიიხუტა. სამივეს თვალები მაგრად ჰქონდათ დახუჭული და გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში, გულები გამალებით უფეთქავდათ.

მიწა კიდევ უფრო აზანზარდა. ფარდულის ფარღალალა ფიცრებმა ჭრიალი დაიწყეს, სახურავზე სეტყვის ბურთები არახუნდა, ღრიჭოებში კი კიდევ უფრო ძლიერად იწყო ქარმა წივილი. უეცრად ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა, ფარდულის კარს ქარბობრალა ეძგერა, მოგლიჯა და ჰაერში აიტაცა, მერე კი მისი ნაფოტები აქეთ-იქით მიმოფანტა. ირიმ უფრო ძლიერად ჩასჭიდა ანრის ხელი, მამაკაცმაც უფრო ძლიერად მიიკრა ორივე მკერდზე და გაშლილი მხრებით ორივე მათგანს არწივივით გადაეფარა.  ქარბორბალამ გრუხუნითა და ხმაურით გადაუარა ფარდულის ნახევარს, ფანჯრები ჩაამსხვრია, სახურავი ჩამოანგრია, ფიცრები გაავებული დევივით მილეწ-მოლეწა, მერე კი უეცრად ყველაფერი დაწყნარდა. გრუხუნი შეწყდა, მიწა მიჩუმდა, ქარი შესუსტდა, სეტყვა და წვიმა კი საერთოდ შეწყდა. 

ანრიმ თავი ასწია და ნახვერად განადგურებულ ფარდულს გახედა. აღმოაჩინა, რომ საბედნიეროდ ქარბობორლაა იმ კუთხეს არ შეხებია, სადაც ისინი და ცხენები იმალებოდენენ.

ირიმაც ასწია თავი და ანრის საფირონისფერ თვალებში ჩახედა.

-ყველაფერი რიგზეა. ტორნადომ გადაიარა. – უთხრა მამაკაცმა.

-მადლობა ღმერთს. – შვებით ამოისუნთქა ირიმ და მის მკლავებში მოქცეულ გოგონას დახედა. ბავშვი ხელებით ებღაუჭებოდა მას და იმედით სავსე თვალებით შესცქეროდა.

-წამოდით, გავიდეთ აქედან. – ფეხზე წამოდგა ანრი და ხელი გაუწოდა გოგონას. ირი მის ხელს ჩაეჭდია, მერე კი ბავშვიც წამოაყენა და სამივენი ფარდულიდან გამოვიდნენ.

ცა ისევ რუხი და ღრუბლიანი იყო, თუმცა თვითონ ტორნადოს სვეტი არსად ჩანდა. გარემოს ვერც კი იცნობდით, იმდენად შეცვლილი იყო. ხეები წაქცეულიყო. ირგვლივ მდებარე სხვა ბეღლები და ფრადულები სულ ნაფოტებად ქცეულიყო. ზოგან მიწაც კი გადათხრილს ჰგავდა. დახოცილი საქონელიც კი შეიმჩნეოდა ალაგ-ალაგ.

სწორედ ამ დროს, შორიდან ყვირილის ხმები გაისმა. გაიხედეს და მათკენ სირბილით მომავალი ადამიანთა ჯგუფი დაინახეს. როცა ახლოს მოვიდნენ, გაარჩიეს, რომ ორ მათგანს ფიწლები ეჭირა ხელში, ერთი შედარებით უფრო ასაკოვანი მამკაცი კი ხელჯოხს ეყდენობიდა და კოჭლობით მოდიოდა. როცა ახლოს მოვიდნენ, ირიმ და ანრიმ შენიშეს, რომ მოხუც კაცს ხის ფეხი ჰქონდა და ამიტომაც უჭირდა სიარული ასე. 

ჭაღარა, სახეზე წვერმოშვებული  კაცი, ერთიანად გაფითრებულიყო. თვალები გაფართოებოდა და შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა. როცა პატარა გოგონა დაინახა, უეცრად შვებით ამოისუნთქა.

-ბაბუა! – შესძახა გოგონამ მის დანახვაზე, ირის ხელებიდან გაუსხლტა და მისკენ გაიქცა.

-ძვირფასო, როგორ ვინერვიულე. – გულში მაგრად ჩაიკრა კაცმა შვილიშვილი და ხმაურით აკოცა, – ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი მოგსვლია?

-კარგად ვარ. ფარდულში ვიმალებოდით. – სიცილით თქვა ბავშვმა.

-გამარჯობა! – უცებ წინ წადგან ნაბიჯი ანრიმ და მომხდურთ მიესალმა.

-ვინ ხართ? – ბავშვი უკან დაიყენა კაცმა, თითქოს მის დაცვას ცდილობსო, მერე კი უცნობებს კუშტი მზერა სტყორცნა.

-არ შეგეშინდეთ, უბრალოდ ჩვენს გზაზე მივდიოდით, ქარბორბალა დავინახეთ და თავშესაფრის ძებნა დავიწყეთ. – უთხრა ანრიმ.

-აქ რომ მოვირბინეთ, პატარა გოგონა შევნიშნეთ და ფარდულში შევიყვანეთ, რომ რაიმე არ მოსვლოდა. – დაამატა ირიმ.

-ვინ ხართ? – ისევ მკაცრი ტონით იკითხა კაცმა.

-ჩვენ…

-ახლადაქოწრწინებული წყვილი ვართ. მე ანრი მქვია, ეს კი ჩემი მეუღლეა, ირი. – ისე მოიტყუა ანრიმ, წარბიც არ შეუხრია, – მსახურთან ერთად ვმოგზაურობთ, ზღვაზე მივდივართ. ჩვენი ბანაკიდან ცხენებით სასეირნოდ წამოვედით და მერე ეს მოხდა.

მამაკაცმა ეჭვით აათვალიერა ორივე, მერე კი ღრმად ამოისუნთქა და თქვა.

-სველები ხართ, წამობრძანდით, გაშრით და რამე შეჭამეთ. 

-აჰ, დიდი მადლობა დახმარებისთვის.

-არა, პრიქით, მადლობა, რომ ჩემი გოგონა გადაარჩინეთ. – უთხრა მოხუცმა კაცმა და წინ გაუძღვა დანარჩენებს.

ფარდულიდან პატარა გორაკი გადაიარეს და დაბლობზე განთავსებულ სახლს მიადგნენ. მუშები ეზოს გასაწმენდად წავიდნენ, მოხუცი კი სახლში შეუძღვა სტუმრებს.

მისი სახლი ორსართულიანი იყო,  ხითა და ქვით ნაშენი. ანრის სახლს არაფრით ჰგავდა.  ეს უფრო უბრალო ფერმერის სახლი იყო, რომელსაც საბედნიეროდ ტორნადო არ შეხებოდა. 

სახლში შესვლისთანავე ორი მსახური ქალი შემოეგებათ. ერთმა სველი და ტალახიანი ბავშვი მაშინვე მეორე სართულისკენ გააქნა, მერეს კი მოხუცმა უბრძანა ახლადდაქორწინებულ სტუმრებს თავის მოწესრიგებაში დახმარებოდა. ქალმაც თავი დაუკრა ბატონს, მერე კი წყვილს გახედა და ანიშნა, რომ მას გაჰყოლოდნენ.

მისაღები ითახიდან ხალიჩებით მორთული გრძელი დერეფანი გაიარეს, მერე კი სამრეცხაო ოთახში შევიდნენ, სადაც კიდევ ერთი მსახური გოგონა ნახშირის უთოთი თეთრეულს აუთოევებდა. წითურმა ქალმა თვალით ანიშნა გასულიყო, მერე ახლადგარეცხილ და დაუთოვებულ  ტანსაცმელს მიუბრუნდა და იქიდან რამდენიმე ამოარჩია. კაბა, რომელიც სავარაუდოდ მსახურის უნდა ყოფილიყო, ირის გაუწოდა, შარვალი და პერანგი კი, რომელიც სავარაუდოდ მოხუცს ეკუთვნოდა, ანრის მისცა. ბოლოს პირსახოცებიც ამოარჩია და იქვე, სკამზე გადაუფინა.

-თქვენი სამოსი აქ დატოვეთ. ჩვენ მოვაწესრიგებთ. – უთხრა ქალმა და გავიდა.

როგოც კი კარი გაიხურა, ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ირი და ანრი დაკეცილი ტანსაცმლით ხელში, ცოტა ხანს გაშეშებულებული იდგნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ. 

ბოლოს გონს ირი მოვიდა და გამბურღავი მზერით შეხედა ანრის.

-რა იყო? – ჰკითხა მამაკაცმა.

-მასპინძელს უთხარი, რომ ახლადაქორწინებულები ვართ. ამიტომაც გვიწევს ახლა ტანსაცმლის გამოცვლა ერთამენთის წინაშე.

-აბა, რა უნდა მეთქვა? – მხრები აიჩეჩა მან, – რითი ამეხსნა, რომ ახლაგაზრდა ქალი და ახლაგზარდა მამაკაცი ერთად მოხვდნენ მის ფარდულში? მოხუცებს უყვართ ახლდაქორწინებული წყვილები, ამიტომაც განეწყო ეს კაცი ჩვენს მიმართ ასე კარგად.

-კარგად იმიტომ განეწყო, რომ მისი შვილიშვილი გადავარაჩინეთ. – ჩაისისინა ირიმ. – შებრუნდი და გამოხედვა არც კი გაბედო!

-არც… შენ გაბედო! – მიახლა ანრიმ და ქუსლებზე შეტრიალდა.

ირიც შებრუნდა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო.

-ეს არასწორია. მასპინძელს არ უნდა ვატყუებდეთ. – თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ.

-თუ ასე გინდა მიდი და გულახდილად უთხარი, რომ ოლივერ ვალენტას მსახური ხარ, რომელიც მისი მეფის მოკვლას აპირებს. – ჩაისისინა ანრიმ.

ირიმ უხალისოდ ჩაიფრუტუნა და თვალები გადაატრიალა. სველი ტანი შეიმშრალა და ცისფერი, ტილოს კაბის ჩაცმა დაიწყო.

-გაიგონე, ბავშვმა რა თქვა? – რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, ჰკითხა გოგონამ მამაკაცს.

-რაზე ამბობ? – ანრი უკვე მშრალ პერანგს იცვამდა.

-პირნცესა დეიანირა ახსენა.

-მერე?

-საიდან იცის პატარს ბავშვმა იმ პრინცესას სახელი, რომელიც… ალბათ… მის დაბადებამდე გარდაიცვალა? – თითქოს თავის თავს ჰკითხა ირიმ, – დემიანის შიშით მისი და-ძმების სახელს სამეფოში ვერავინ ახსენებს. ადრე პრინცების და პრინცესების სახელები ძალიან პოპულარული იყო. ხალხი თავიანთ შვილებსაც კი არქმევდა მათ სახელებს, მაგრამ ახლა დემიანის შიშით ამასაც კი აღარავინ აკეთებს.

-რისი თქმა გინდა ამით? – ანრიც დააფიქრა მისმა სიტყვებმა.

-იმის, რომ ბავშვმა პრიცნესას შესახებ უფროსებისგან გაიგო, და თუ ამ სახლში პრინცესას კარგ კონტექსტში ახსენებენ, გამოდის, რომ… 

-დემიანი გულზე აქ არავის ეხატება. – მაშინვე მიუხვდა ანრი. – მაგრამ ამაზე საუბარი მაინც არ ღირს. ფრთხილად უნდა ვიყოთ.

-მართალი ხარ. – თქვა გოგონამ. – უკვე ჩაიცვი?

-კი, შენ?

-კი.

-შემოვბრუნდე?

-შემობრუნდი და ეს შემიკარი. – უთხრა და ზურგსუკან ახლართულ თასმებზე ანიშნა გოგონამ.

ანრი მოტრიალდა და ცისფერ კაბაში გამოწყობილი ირი რომ დაინახა, უნებლიეთ გაეღიმა. გოგონა ზურგზე გადაჯვარედინებული თასემების შეკვრას ამაოდ ცდილობდა თავისი პატარა ხელებით. მამაკაცი მას მიუახლოვდა, თასმები გამოართვა და შეკვრას შეუდგა.

როცა ირიმ მისი სხეულის სითბო იგრძნო, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რამდენად აღელვებდა მამაკაცის სიახლოვე. თავი მაღლა ასწია, ჰაერი ჩაისუნთქა და ეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.

ანრიმ ძირს დაგდებულ მის პერანგს დახედა, რომელიც ერთ დროს კრემისფერი იყო, წვიმის შემდეგ კი ტალახიანს დამსგავსებოდა.

-არ ვიცოდი თმას თუ იღებავდი. – ჩაიალაპარაკა მან.

-რა? – უეცრად შეკრთა ირი და ფიქრებიდან გამოაერკვა.

-თმას იღებავ, შენს პერანგზე შავი კვალია. – პერანგზე ანიშნა ანრიმ. – ჩემ დას ჟღალი თმა ჰქონდა. საშინლად არ მოსწონდა, ამიტომ შავად იღებავდა ხოლმე და წვიმაში ზუსტად ასე ემართებოდა.

-აჰ, ჰო… ეგ შესანიღბვად არის. ოლივერის იდეა იყო. – ჩაილაპარაკა ირიმ. – არ უნდოდა ვინმეს ვეცნეთ…

-ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვს?

-მოწითალო. – გაეღიმა გოგონას, 

ანრისაც გაეღიმა და მის წელზე ბოლოჯერ განასკვა თასმა. მერე ირის მხრებში ხელი ჩაავლო, მისკენ შემოატრიალა, ნეკა თითიდან თავისი დედის საფირონის თვლიანი ბეჭედი წაიძრო, გოგონას გაუწოდა და ჰკითხა.

-ცოლად გამომყვები? 

-რა თქვი? – უნებლიეთ უკან დაიხია ირიმ. 

ანრიმ სიცილით გადააქნია თავი, მერე გოგონას ხელი გამოაწევინა და გამხდარ თითზე ბეჭედი ლამის ძალით გაუკეთა.

-მასპინძელს ვუთხარი, რომ ახლადაქორწინებულები ვართ. უცნაური იქნება ბეჭედი მე თუ მეკეთება და არა შენ.

-მაგრამ… ეს ხომ… 

-დამშვიდდი, აქედან რომ წავალთ, მერე ისევ დამიბრუნე. – უთხრა და კარისკენ წავიდა. 

პატარა სარკმილიდან შემომავალ დღის შუქზე გახედა ირიმ ულამაზეს ბეჭედს, რომლის თვლებიც გასაოცრად ბრწყინავდა, და გააოგნა იმ ფაქტმა, თუ როგორ ზუსტად მოერგო ბეჭედი მის თითს.  

-მოდიხარ? – უკვე ღია კარიდან გამოსძახა მამაკაცმა.

-ჰო! – გამოფხიზლდა გოგონა და მას გაჰყვა.

სასადილო ოთახი ისეთივე უბრალო და სადა იყო, როგორც დანარჩენი სახლი. ხის იატაკი ხალიჩას შეემკო, კედელი ცხოველის ტყავს, ხის მაგიდა კი ნაქსოვ გადასაფარებელს. სადილად სოკოს წვნიანი და საქონლის ხორცი მოემზადებინათ მსახურებს. თეფშებს ოხშივარი ასდიოდა, ოთახში კი გაუსაძლისად გემრიელი სუნი ტრიალებდა.

როცა საკამებზე დასხდნენ, ირიმ  ბუხრის თავზე, ჩარჩოში ჩასმული ხელისგულის ზომის ოქროს მედალი შენიშნა. მედალს ოვალური ფორმა ჰქონდა, შუაში კი მეფე ბენედიქტე იყო გამოსახული პროფილში. ამ მედალს ცნობდა. ასეთით ბევრი დაეჯილდოვებინა სასახლეში მეფეს და ყველა მათგანს სხეულის რაღაც ნაწილი აკლდა. ასეთი ადამიანები სასახლეში ხშირად მოდიოდნენ, შემდეგ კი უკან მედლით ხელდამშვენებული ბრუნდებოდნენ. მაშინ ირი ფიქრობდა, რომ მათთვის დიდი პატივი იყო, როცა მეფე მედლით აჯილდოებდათ, მაგრამ ახლა, როცა უკვე ზრდასრული იყო, ყელში უსამართლობის კლანჭები უჭერდა და აიძულებდა ეფიქრა, რომ მწარედ ცდებოდ.

-ჩემმა ჯილდომ მოგხიბლათ? – მისი მზერა დაიჭირა მოხუცმა და გვერდულად, თვითირონიით ჩაიცინა.

-დიახ… – ფიქრებიდან გამოფხიზლდა ირი, – ბატონო, შეიძლება თქვენი სახელი ვიკითხო?

-მე ბართლომეოსი მქვია, – ამაყად მიუგო კაცმა, – ბართლომეოს სორია.

-სორია? – წვნიანი გადასცდა ანრის და ძლივს ამოახველა.

-დიახ, – უნებლიეთ გაეღიმა მამაკაცს, – ჩემი წინაპრები ცნობილი მშენებლები იყვნენ. ამ მხარეში მათი აგებულია თავდაცვითი ნაგებობები და ცნობილი სორიას ციხე.

ბოლო სიტყვების წარმოთქმისას, ირიმ და ანრიმ უნებლიეთ ერთმანეთს გადახედეს. ჯერ კიდევ დამდენიმე დღის წინ, ანრი სორიას ციხის ერთ-ერთი საკნის იატაკს ხეხავდა, ახლა კი ამ ციხის ამგებთა შთამომავალთან ერთად ერთ სუფრაზე იჯდა.

-როგორც ვხვდები, თქვენ მშენებელი არ ხართ. – თქვა ირიმ.

-ვიქნებოდი, ჩვენს აწგარდაცვლილ მეფეს ომში რომ არ წავეყვანე.

-ფეხი… ასე დაკარგეთ? – კითხვა ფრთხილად შეაპარა გოგონამ.

-დიახ, ყვითელი უდაბნოს ბრძოლაში ქვეითთა ასეულის კაპიტანი ვიყავი.

-და მადლობა ამ მედლით გადაგიხადეს? – ბუხრის თავზე შემოდებული მედლისკენ ზიზღით გაიხედა ირიმ.

-ასეა!

-სხვა არაფერი გაუკეთებია სამეფოს თქვენთვის, რითიც თქვენს ცხოვრებას შეამსუბუქებდა?

-კი, ცოხვრება მაშინ შემიმსუბუქეს, როცა თეთრი ზღვის ბრძოლაში დაკარგული ფეხის გამო აღარ გამიწვიეს. – ირონიულად თქვა კაცმა.

ირის თითქოს შერცხვა და სახეზე ალმური მოედო. საკუათარი თავის და ბავშვობის შერცხვა. იმ ბავშვობის, სადაც ფიქრობდა, რომ დასახიჩრებული მებრძოლის ოქროს მედლით დაჯილდოება, ყველაზე კარგი რამ იყო, რასაც მეფე სჩადიოდა.

ირიმ ცოტა ხანს უყურა მამაკაცის მზისაგან გარუჯულ და დანაოჭებულ სახეს, მის ჭაღარა წვერს, მუშაობისგან დაკოჟრილ ხელებს, მერე კი მთელი ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა გულიდან ამოეღო ის, რისი თქმაც მთელი ეს დრო უნდოდა.

გოგონამ უცებ კოვზი დადო. მხრებში გაიმართა, ხელები გადააჯვარედინა და თქვა. 

-ძალიან ვწუხვარ იმ ყველაფრის გამო, რაც შეგემთხვათ. ომი ყველაზე დიდი საშინელებაა იმ ყველაფრიდან,  რაც კი ადამიანს გამოუგონია!

ამ სიტყვების გაგონებისას, ანრის გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა და კითხვის ნიშნებით სავსე მზერით ირის გახედა. ვერ გაეგო, გოგონა რატომ ამბობდა ამ სიტყვებს. 

იგივე რეაქცია ჰქონდა მოხუცსაც, თუმცა ცოტა ნაკლებად მძაფრად. მანაც წარბშეკრული შეხედა ირის, მერე კი თქვა:

-ასეა, და კიდევ უფრო დიდი საშინელება ის არის,  რომ ადამიანი ჭკუას ვერ სწავლობს. 

-მმართველები უბრალოდ ჭირვეული ბავშვები არიან, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეებით ომობანას თამაშობენ. – ჩაილაპარაკა ირიმ.

ანრიმ ჩაახველა, მერე კი უხერხული სიჩუმის გასაფანტად საუბარში ჩაერია.

-თქვენი შვილიშვილის… მშობლები სად არიან? – იკითხა მან.

-შარშან ორივე წითელ ცხელებას ემსხვერპლა. – ცივად თქვა კაცმა. თითქოს ემოციები სადღაც ბნელ კუნჭულში გადაეკეტა. – მხოლოდ შვილიშვილი დამრჩა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ მას დაეხმარეთ. 

-რას ბრძანებთ, პირიქით, მადლობა რომ გვიმასპინძლეთ. დიდხანს არ დავრჩებით. არ შეგაწუხებთ. – თავაზიანად მიუგო ანრიმ.

-შეგიძლიათ ღამითაც დარჩეთ, პრობლემა არ არის. თქვენი ცხენები დაღლილები არიან, თქვენი ტანსაცმლის მოწესრიგებას კი დრო დასჭირდება. თან გზებზეც ხეები იქნება წაქცეული. ჩემ მსახურებს გავგზავნი, მაგრამ არა მგონია ხვალამდე გზის გაწმენდა შეძლონ.

ირიმ და ანრიმ ისევ გადახედეს ერთმანეთს. სიტყვები საჭირო არ იყო. თავიანთ საქმეზე კი ეჩქარებოდათ, მაგრამ რასაც ბართლომეუსი ამბობდა, ისიც სიმართლეს შეესაბამებოდა.

-ძალიან კეთილი ბრძანდებით. – გაუღიმა ირიმ მასპინძელს და ჭიქიდან ღვინო ხარბად მოსვა.

***

დიდხანს იდგა ლინდა ფანჯარასთან. ფარდა ოდნავ გაეწია და მოქუფრულ ზეცას გაჰყურებდა. წესით მზე უკვე უნდა ამოსულიყო, მაგრამ სქელი და ნაცრისფერი ღრუბლების ზეწარს მნათობის სხივი ვერაფრით არღვევდა. ოდნავ შეღებულ ფანჯარაში დილის გრილი სიო იჭრებოდა, ქალის პერანგის მკლავებში ძვრებოდა და კანს უსერავდა.

ფიქრობდა ლინდა. მისი გონება სხვადასხვა სახის ემოციებს მოეცვათ. ორჭოფობდა. თითქოს გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, მაგრამ მაინც, შინაგანად უკვე კარგად იცოდა, რა იყო სწორი ნაბიჯი, რისი გადადგმაც აუცილებლად მოუწევდა.

ოლივერი სადღაც იქ იყო, იმ ქალაქში, დემიანი კი მისგან რამდენიმე ნაბიჯში, საწოლზე გულაღმა იწვა და მშვიდად ფშვინავდა. შეიძლებოდა ნებსმიერ დროს შეეტყოთ ერთმანეთის ადგილსამყოფელი და შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გაეჩაღებინათ სისხლისღვრა. ეს ყველაზე მეტად აშინებდა ლინდას. არ სურდა რომელიმე მათგანი იქ, იმ მომენტში დაშავებულიყო, ანდაც მათ დაპირისპირებას სრულიად უდანაშაყლო ქალაქის მაცხოვრებლები შეწირულიყვნენ.

“ჯანდაბა! თითქოს საკუთარი სადარდებელი არ მყოფნიდეს, ახლა ამ ორზეც მე უნდა ვიდარდრო!” – ტუჩების სმუბუქი მოძრაობით, ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა და უკან მოიხედა.

წელსზევით შიშველ დემიანს, ხელები მშვიდად დაელაგებინა აქეთ-იქით, მკერდი კი ნელა აუდ-ჩაუდიოდა. ღრმად ეძინა და თანაბრად სუნთქავდა. ლინდამ გაიფიქრა, რომ იმ მომენტში ძალიან დაუცველი და უსუსური იყო. ნებისმიერ დროს შეეძლო მისთვის რაიმე დაეშავებინა, ის კი წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდა. 

ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალი და მამაკაცს ზემოდან დახედა. ხვეული თმა უწესრიგოდ ეყარა შუბლზე, ამოწეულ ყვრიმალებზე გადაკრული კანი ბავშვურად შეფაკლოდა, მის ტუჩებს კი სიცოცხლით სავსე, ვარდისფერი შეფერილობა მიეღოთ. 

უეცრად ლინდას ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. ქალმა დაბლა ჩააყოლა მზერა და მკერდზე, მარცხენა მხარეს, უჩვეულო ნაიარევი შენიშნა. ნაიარევს ჯაჭვის ფორმა ჰქონდა, ოღონ მეორე ბოლოში გახსნილი პირით. კანი აშკარად დანაწვავი და ამობურცული იყო, თუმცა ნაიარევის შეფერილობით ირკვეოდა, რომ დიდი ხნის უნდა ყოფილიყო. ლინდამ გაიფიქრა, რომ ეს უფრო დაღს ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ იარას.

ქალმა აცახცახებული ხელი ასწია და ინსტინქტურად ნაიარევისკენ გაიწვდინა. უნდოდა თითებით შეხებოდა, რათა მის ნამდვილობაში დარწმუნებულიყო, თუმცა უეცრად დემიანი შეიშმუშნა, ლინდამ კი სწრაფად გამოსწია ხელი უკან. მერე გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა უგულო მეფეს ნებისმიერ დროს გაეღვიძა, ამიტომ ის უნდა გაეკეთებინა, რაც ცოტა ხნით ადრე, ფანჯარასთან მდგომმა მტკიცედ გადაწყვიტა.

ქალი უცებ მიტრიალდა, ფეხაკრეფით მივიდა თავის მოსასხამამდე, აიღო, კარისკენ გაემართა და იქ მისულმა კიდევ ერთხელ მოიხედა უკან. ბოლოჯერ შეავლო მზერა მძინარე დემიანს, მერე კი კარი გამოაღო და ზურგს უკან გამოიხურა.

კიბეები რომ ჩაიარა, უეცრად გზა შავმა ჩრდილმა გადაუღობა. ქალი შეკრთა, ადგილზევე გაშეშდა და თავი ასწია. 

დანახვის გარეშეც უკვე იცოდა, რომ მის წინ მეფის პირადი მცველი იდგა. კაცი კვლავინდებურად შავ მოსასხმაში გახვეულიყო და სახეს შავი ფოლადის ნიღაბი უფარავდა. ისევ უტყვი და კლდესავით შეუვალი ჩანდა. არც დაღლა ეტყობოდა და არც გამოუძინებლობა.

ლინდამ მის მუქ თვალებში ჩაიხედა წამიერად, მერე კი მისთვის გვერდის ავლა დააპირა, თუმცა კაცმა მკლავში წაავლო ძლიერი ხელი და ქალი მაგრად დაიჭირა. ლინდამ ღრმად ჩასუნთქვით ყელში ამომჯდარი გული დაიმშვიდა, მერე ქუთუთოები ასწია, მომაკვიდლენებელი მზერა მცველს მიაპყრო და კბილებს შორის გამოსცრა.

-გამიშვი!

კაცმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა. ლინდამ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და თქვა:

-ოლივერ ვალენტა სადღაც ამ ქალაქში დაეხეტება, ზემოთ კი შენი მეფე მთვრალი და დაუცველი წევს. მართლა გინდა ახლა შეხვდნენ ისინი ერთმანეთს? ახლა, როცა დემიანი უცხო ქალაქშია, დაცვად კი მარტო შენ ჰყავხარ?

მცველმა ისევ არაფერი უპასუხა. ლინდამ ისიც კი გაიფიქრა, ალბათ მდუმარების ფიცი აქვს დადებულიო, თუმცა მის საპასუხო რეაქციას მაინც დაელოდა. იცოდა, რომ კაცს სწორს ეუბნებოდა, მას კი თუ ტვინი ოდნავ მაინც უმუშავებდა, ლინდას სიტყვებს არ დააიგნორებდა.

ქალი არც შემცდარა. მამაკაცს უეცრად თითები მოუდუნდა, მერე კი ხელი გაუშვა და უკან დაიხია. ლინდამ კმაყოფილი სახით ოდნავშესამჩნევად გაიღიმა, გვერდი აუარა მას და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ტავერნა.

წინა დღით მიღებული გადაწყვეტილება ოლივერის პოვნასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ძალაში იყო, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ ელია მკითხავის სახლისკენ გაემარათა. 

სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა ჯერ კიდევ ცარიელ ქალაქის ქუჩებში გზის გასაკვლევად. როცა მკითხავის სახლს მიუახლოვდა, აღელვება შემოაწვა გულზე. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, კიბეები აირბინა და ხელი ასწია, რომ კარზე დაეკაკუნებინა, თუმცა უეცრად  მაჯაში ვიღაცამ ხელი წაავლო და ჰაერში გაუკვა. ქალი მოტრიალდა და გაფართოებული თვალებით ახედა უცნობს.

შავი მოსასხამის კაპიუშონის გადაწევის შემდეგ, სიბნელიდან ოლივერის სახემ გამოანათა, ლინდამ კი შვებით ამოისუნთქა.

-მეხუმრები, არა? – თვალები გადაატრიალა ოლივერმა. – აქ რას აკეთებ? მე შენ ბანაკში არ დაგტოვე?

-შენს დასახმარებლად მოვედი. – ჩაისისინა ლინდამ.

-არ მჭირდება შენი დახმარება!

-არ მაინტერესებს, მაინც დაგემხარები!

ოლივერმა მოუთმენლად ამოიოხრა. მიიხედ-მოიხედა, მერე კი ხელი ასწია და კარზე დააკაკუნა.

-მთელი ღამე აქ იყავი? – ჰკითხა ჩურჩულით ლინდამ.

-გვიან ღამით მოვედი და კარი არავინ გამიღო. ყურადღების მიქცევა არ მინდოდა, თორემ კარებს ჩამოვიღებდი. – ჩურჩულითვე უპასუხა მამაკაცმა. 

-ღამე სად გაათიე? 

-მეზობლად, დუქანში. ცოტა ხნის წინ ისევ დავბრუნდი და სახლს ვუთვალთვალებდი. ფანჯერებში სინათლე დავინახე. ეს შარლატანი ამჯერად ვერსად გამექცევა. – თქვა და კარზე ისევ დააბრახუნა. – და შენ?

-მე ახლა მოვედი. – მოიტყუა ლინდამ.

სწორედ ამ დროს, საკეტი გაჩხაკუნდა, კარი გაიღო და ზღურბლზე აბრეშუმის ხალათში და თავზე ნაჩქარევად ჩამოფხატულ წითელ პარიკში გამოწყობილი ელია გამოჩნდა.

-ოჰ, ისევ თქვენ? – აღმოხდა კაცს. – მეგონა უკვე აქედან შორს იყავით.

-გაგიკვირდება და კრისტალმა არ იმუშავა. – კარს ხელი უხეშად ჰკრა ოლივერა, ელია გვერდზე გასწია და სახლში შევარდა. 

-რა უმსგავსობაა, სახლში რატომ მეჭრებით? – შეჰყვირა ელიამ.

-უმსგავსობა ის უფროა, გაფუჭებული კრისტალის ნაცვლად აბჯარი რომ დამათმობინე!

-კრისტალი გაფუჭებული არ იყო, მე გაგაფრთხილეთ, რომ წესებს უნდა მიჰყოლოდით…

-აბჯარი დამიბრუნე! – მბრძანებლური ტონოთ შეაწყვეტინა ოლივერმა.

-რა?

-აბჯარი დამიბრუნე!

-მაგას ვერ ვიზამ!

-რატომ?

-გავყიდე!

-ტყუილია!

-მართლა გავყიდე!

ოლივერი უცებ ერთ ნაბიჯში კაცთან გაჩნდა, კისერში ხელი წაავლო და კედელზე მიახეთქა. ელიას პარიკი ნახევრად გადასვძრა თავიდან და გადაპარსული თავი გამოუჩნდა, მერე კი ხელით ნაჩქარევად შეისწორა.

-ოლივერ, გაუშვი. – უთხრა ლინდამ.

-ჰო, მოუსმინე შენ გოგოს. – ძალდატანებით გაიცინა კაცმა.

-აბჯარი, ახლავე! – დაუყვირა ოლივერმა.

-ხომ გითხარი, არ შემიძლია!

-ახლავე!

-დაუბრუნე! – უთხრა ლინდამ ელიას. – ეგ აბჯარი სიცოცხლედ გიღირს?

-კარგი, კარგი! – ხელები ასწია კაცმა. – ჯერ გამიშვი.

ოლივერმა ხელი შეუშვა. ელიამ უკან დაიხია, კისერი მოისრისა, მერე კი ველურად ჩაიღიმა და თქვა.

-დაგიბრუნებ აბჯარს, თუ დილის ჩაიზე დამეწვევით.

ოლივერმა უეცრად მახვილი იშიშვლა და კაცისკენ გაიწია. მან ხელები ასწია გამაფრთხილებლად და დაუყვირა.

-თუ მომკლავ, ვერასდროს გაიგებ, სად არის აბჯარი!

ოლივერი ადგილზე გაიყინა. ლინდა ინსტინქტურად მათ შორის ჩადგა და მამაკაცს მაჯაში სტაცა ხელი. მანაც მახვილი ნელ-ნელა დასწია დაბლა, მერე სკამი გამოაჩოჩა, ჩამოჯდა, ხელი გაიწვდინა და  მახვილი მაგიდაზე მიაყუდა.

-აბა, სად არის ჩაი?

ელიამ გაიღიმა და ლინდას გახედა. გაფითერებული და ანერვიულებული ქალი უცებ გონს მოეგო, ადგილიდან დაიძრა, მაგიდასთან მდგარი მეორე სკამი გამოსწია და ისიც დაჯდა.

ელიამ კარადიდან ჩაით სავსე ქილა აიღო, კარადის გვერდით მდებარე ვიწრო კარში გაძვრა, ბუხრის ჯაჭვზე დაკიდებული მოთუხთუხე ჩაიდანი ჩამოხსნა და ჩაის მომზადება დაიწყო. 

ფანჯარაზე ისევ სქელი ფარდები ჩამოეფარებინა კაცს. შუაში ფარდებს პატარა ღარი ჰქონდა, საიდანაც შემომავალი დღის შუქი პირდაპირ ოლივერის სახეს ეცემოდა. მამაკაცი მდუმარედ იჯდა და შეღებული კარის იქით მოფუსფუსე ელიას, მშვიდად ადევნებდა მზერას.

ცოტა ხანში ელია ლანგრით ხელში დაბრუნდა ოთახში, ლამბაქები სტუმრებს დაუდო წინ და ერთი თავისთვისაც დაიდგა. მერე ქიშმიშიანი, ყვავილის ფორმის ფუნთუშები და ლიმონის ჯემიც თან მოაყოლა. ჩაის საოცარი არომატი ასდიოდა, ციტრუსების და პიტნის გამაგრილებელი სურნელით მთელი ოთახი წამებში გაიჟღინთა. ლინდას კუჭი აუღმუვლდა. შიმშილის გრძნობამ დარია ხელი, თავი ვეღარ შეიაკავა და არომატული ჩაი მაშინვე დააგემოვნა.

-უნდა მაპატიოთ ჩემი საქციელი. – მოიბოდიშა ელიამ. ოლივერმა გაიფიქრა, რომ მის სიტყვებში არაფერი იყო ნამდვილი. – საინტერესო სტუმრები იშვიათად მყავს ხოლმე, და ვიფიქრე მომენტით ვისარგებლებდი.

-საინტერესო სტუმრები? – თვალები ეჭვით დააწვრილა მამაკაცმა და ჩაი თავადაც დააგემოვნა.

-აბა, ყოველდღე კი არ მოდიან ჩემთან სამოგზაურო კრისტალის სათხოვნელად? – გაიცინა ელიამ, – ძირითადად ისეთი ხალხი მსტუმრობს, ვისაც სიყვარულში ანდაც ბიზნესში არ გაუმართლა. მოვლენ, დასხდებიან, ტირიან, წუწუნებენ. თქვენგან კი ასეთი არაფერი წამოსულა.

-ჩაი ჩვენი მოტყუების გარეშეც შეგეძლო შემოგეთავაზებინა. – ცინიკურად მიუგო ლინდამ.

-სამწუხაროდ, ცოტა გვიან გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი სტუმრები ხართ, – უეცრად ველურად გაიღიმა კაცმა. სახე უკვე სრულიად შეცვლილი ჰქონდა. თუ ორი წამის წინ მეგობრულად უღიმოდა სტუმრებს, ახლა მზაკვრობა გადაჰკვროდა მის გამომეტყველებას. – აბა, ოლივერ, – მიუბრუნდა ის მამაკაცს, – სად იმალებოდი მთელი ხუთი წელი? 

-ბაზალტის სამეფოში. – დაუფიქრებლად უპასუხა ოლივერმა, მერე კი წარბები შეჭმუხნა. თავისი საქციელის და სიტყვების გაუკვირდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს პირიდან მისი სიტყვები ძალით ამოჰგლიჯესო.

-შენზე ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა. – ფეხი-ფეხზე გადაიდო კაცმა და ჩაი თავადაც მოსვა, – ამბობდნენ, რომ მოკვდი, ზოგი კი ამბობდა, რომ დემიანს დატყვევებული ჰყავდი და გაწამებდა.

-როგორც ხედავ, არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება.

-მისი ჯარის მხედართმთავარი და მეფის პირველი ვეზირი იყავი. რატომ აქციე ზურგი? ასეთი რა მოხდა? – ჭორიკანა, დაინტერესებული მეზობელივით იკითხა კაცმა.

ამ კითხვის დასმისას ლინდა ერთიანად დაიძაბა და სმენად იქცა. დაძაბულობა ოლივერსაც შეეტყო. იმიტომ კი არა, რომ ეს კითხვა დაუსვეს, არამედ იმიტომ, რომ  პასუხი პირზე ჰქონდა მომდგარი და სიტყვების ამოთქმისგან თავს ვერ იკავებდა.

რაღაც ემართებოდა. გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. სხეული უხურდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ცივი ოფლი ასხამდა. მზერა ემღვრებოდა, კისერში კი მარწუხები უჭერდა.

-მე… მან… მან… – თავისი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა ოლივერი, – ისეთი რამ დამავალა… რისი გაკეთებაც… უბრალოდ არ შემეძლო!

-რა დაგავალა? – ფინჯანი მაგიდაზე დადო და მისკენ გადაიხარა კაცი.

-რა ხდება… თავს რაღაც უცნაურად ვგრძნობ. – თავი დახარა ოლივერმა და მაგიდაზე დალაგებულ საკუთარ ხელებს დახედა. მზერა გაუორდა, ძლიერმა თავბრუსხვევამ კი მისი სხეული აამჩატა. 

მამაკაცმა თავი ასწია და დაბინდული მზერა გარემოს მოავლო. მძაფრად შეიგრძნო, რომ მთელი ოთახი ტრიალებდა.

ზუსტად იგივე ემართებოდა ლინდასაც. თავბრუ ეხვეოდა, სკამიდან წამოდგომას ცდილობდა, თუმცა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისი სხეული ტყვიასავით დამძიმებულიყო. თითქოს გრავიტაციის უდიდესი ველი მას სკამზე აჯაჭვავდა და წამოდგომაში და იქიდან გაქცევაში ხელს უშლიდა.

-ლინდა… – თვალებით მოძებნა გაფითრებულმა ოლივერმა ის. 

ოთახი უკვე ლივლივებდა. ქალის ფიგურა ხან შორს გაიწეოდა მისგან, ხანაც ახლოს მოვიდოდა მასთან.

-ოლივერ … ამას შენც გრძნობ? – ხმა აუკანკალდა ქალს.

-მგონი… სასმელში რაღაც ჩაგვიყარა. – ამოთქვა მამაკაცმა. – გაუძელი. ალბათ მალე გაივლის.

-რა? – ლამის კივილი აღმოხდა ლინდას და ცეცხლისმფრქვეველი მზერა ელიას მიაპყრო. – რა ჯანდაბა ჩაგვიყარე ჩაიში?

-სიმართლის ელექსირი და ცოტა პარალიზების ელექსირი ერთმანეთში არეული. არ იღელვოთ, ძალიან მცირე დოზა იყო, რამდენიმე წუთში გაგივლით, მაგრამ მანამდე კითხვებზე უნდა მიპასუხოთ.

-არა! – თავი ჯიუტად გააქნია ოლივერმა. – ლინდა, არაფერი უთხრა!

-არც შენ! – მიუგო ქალმა. – სიტყვაც არ დაგცდეს!

-უკან რატომ დაბრუნდი, ოლივერ? – კითხვით ისევ მამაკაცს მიუბრუნდა ელია.

-არა… არა… – თავის შინაგან ხმას შეეწინააღმდეგა მამაკაცი, მაგრამ მუცელში დავლილმა ცხელმა ტალღამ, თითქოს მთელი შიგნეულობა დაუწვა. 

-ტყუილად ეწინააღმდეგები, – გაეცინა ელიას, – სიმართლის ელექსირს თავს ვერ დააღწევ. ახლა კი მითხარი, უკან რატომ დაბრუნდი?

-დემიანის მოკვლას ვაპირებ! – უეცრად მის ბაგეს ღრიალის მსგავსად მოსწყდა ეს სიტყვები.

-რა თქმა უნდა, აპირებ. – თავი დაუქნია ელიამ, მერე ლინდას  მიუბრუნდა. – ამ ოთახში შემოსვლის წამიდან შენგან უცაური აურა მოდის, ლინდა. – ხელი მისკენ გასწია მან და ქალს შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. – შენ არ გაქვს აქაური ადამიანებისთვის დამახასიათებელი ველი. შენი აურა სულ სხვანაირია. თითქოს ციდან ჩამოვარდი. მითხარი, ბავშვო, საიდან ჩამოხვედი?

-ჩემი სახელი საიდანაც გაიგე, წესით იქიდან სხვა დანარჩენიც უნდა გაგეგო. – მიახალა ცივად ლინდამ.

-შენი სახელი მკითხაობისას, ხილვაში გავივე და შენი სახეც ვნახე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იმ დღეს კარზე დამიკაკუნებდი. ხილვაში უმნიშვნელო ადამიანებს არასდროს ვნახულობ, აქედან ვიცი, რომ ჭადრაკის ამ დაფაზე შენ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ. – დარწმუნებით მიუგო ელიამ, – ახლა კი კითხვაზე მიპასუხე. საიდან ხარ?

-მე… – ამოლაპარაკა ქალმა.

-არა! ლინდა, არაფერი უთხრა! – კბილებს შორის გამოსცრა ოლივერმა.

ლინდაც გაუძალიანდა ელექსირის მოქმედებას ოლივერი მსგავსად, მაგრამ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ძარღვებში სისხლი აუდუღდა. გული კისერში ამოუჯდა და სუნთქვა გაუხშირდა.

-საიდან ჩამოხვედი? – კითხვა მშვიდად გაუმეორა ელიამ.

-მე… სხვა სამყაროდან ვარ! – ბოლომდე თავი ვერ გააკონტროლა და სიტყვები პირიდან გადმოყარა მან.

-სხვა სამყაროდან? – თვალის გუგები გაუფართოვდა კაცს. – აი, რაში გჭირდებოდა სამოგზაურო კრისტალი.

-მოგკლავ, გეფიცები. – ბურტყუნებდა ძალაგამოცლილი ოლივერი.

-ჯერ შენთან არ დამიმთავრებია,  ვალენტა. – მშვიდი სახით გახედა ელია მკითხავმა. – არ გითქვამს, რა დაგავალა დემიანმა ასეთი, რომ საკუთარ მეფეს ზურგი აქციე. რა ჩაიდინე, ოლივერ? 

-ვიღაც… ვიღაც… მოვკალი! – ამოიხრიალა ბრძოლისგან დაღლილმა ოლივერმა. სახე სულ გასწითლებოდა და შუბლი ოფლის წვეთებით დასცვაროდა.

-ვინ მოკალი? – თვალები გაკვირვებით გაუფართოვდა მას.

-ძმა!

-დემიანის ძმები შენ დახოცე?

-საკუთარი ძმა მოვკალი! – ბოლო სიტყვები ამოთქვა თუ არა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა ოლივერს, თითქოს ყელში მოჭერილმა მარწუხებმა შეუშვა. თითქოს ძალიან მძიმე ტვირთი ჩამოეხსნა მხრებიდან და თავისუფლად ამოისუნთქა. წამის შემდეგ სხეულში დავლილი ცხელი ნიაღვარიც განელდა, კიდურებმა კი თავისუფლად იწყო მოძრაობა.

სწორედ მაშინ მიხვდა ოლივერი, რომ ელექსირის მოქმედება გადიოდა, ამიტომ იქვე, მაგიდაზე მიყუდებულ მის მახვილს გახედა და მოემზადა. გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორც კი ეს შეგრძნება ბოლომდე გაუვლიდა, ხმალს აიღებდა და ელიას იმ არამკითხე თავს წააგდებინებდა.

-ამას რატომ გვიკეთებ? – ჰკითხა არაქათგაცლილი ხმით ლინდამ.

-სიმართლის გასაგებად. – მიუგო ელიამ.

-შენთვის სულერთი არ არის სიმართლე? – გაუკვირდა ქალს. – შენ აქ ზიხარ, მთელი დღე ხალხს ატყუებ და ამაში უამარავ ფულს იღებ. არავინ გეხება. ვინც არ უნდა იჯდეს ტახტზე, შენ ხელს მაინც არავინ გახლებს…

-ძალიან ცდები თუ ასე ფიქრობ. – მისკენ გადაიხარა ელია, – წლებია ჩემნაირ გრძნეულებს საზოგადოებაში გამოჩენის ეშინიათ. ამიტომაც ვარ ამოფარებული უბრალო მკითხავის ნიღაბს. დემიანმა რომ შეიტყოს ჩემს შესახებ, ან მზის ქურუმი წამაბრძანებს თავის მზის ტაძარში და მეც მის ერთ-ერთ მსახურად მაქცევს, ანდაც თავს წამაგდებინებენ.

-ისინი თუ არა, მე ნამდვილად წაგაგდებინებ თავს! – კბილებს შორის გამოსცრა ოლივერმა, უეცრად ფეხზე წამოფრინდა, მახვილს ეცა, ხელში მოატრიალა, ტარით მაგრად დაიჭირა და ელიას ყელზე მიაბჯინა.

-გაჩერდი! – შეჰკივლა უცებ ლინდამ. – ის ჩვენს მხარესაა!

-გაგიჟდი? – ბრაზით აელვარებული თვალებით გახედა ოლივერმა მას. – მან მოგვწამლა და მარიონეტებივით გვათამაშებდა თავის ჭკუაზე!

-იმიტომ, რომ გაეგო ვის მხარეს ვიყავით. მასაც ეშინია, როგორც ჩვენ. – თქვა ქალმა და გადაწმენდილი მზერა ელიას მიაპყრო.

მძიმე ტვირთის მოხსნას და სიმსუბუქეს უკვე თავადაც გრძნობდა. ელექსირის მოქმედება მის სხეულსაც ნელ-ნელა ტოვებდა.

-დიახ, ასეა. – უცნაურად გაიღიმა კაცმა.

-რატომღაც მაინც მინდა თავი წავაგდებინო! – ჩაისისინა ოლივერმა.

-შეჩერდი! – ხელი ასწია ელიამ, მერე კი აწეული საჩვენებელი თითი მისგან მარცხნივ გაიშვირა. ოლივერმა მის ხელს მზერა გააყოლა და შემოსასვლელ კართან დადებული მისი ჩანთა დაინახა. – შენი აბჯარი იქ არის. გიბრუნებ!

ოლივერმა ეჭვით შეხედა ნივთს. მერე კი ხმალი ნელა დაუშვა დაბლა, ჩანთასთან მიირბინა, გახსნა და შიგნით ჩაიხედა. იქ ნამდვილად მისი აბჯარი იყო, მხოლოდ ის ვერ გაეგო მამაკაცს, ეს ჩანთა იქ საიდან გაჩნდა, ანადაც თუ მთელი ეს დრო იქ იყო, აქამდე როგორ ვერ შეამჩნია.

-ეს რა წარმოდგენა მოაწყვე? – კუშტად შეკრული წარბებით შეხედა ოლივერმა ელიას. – აუცილებელი იყო ჩვენი მოწამვლა? 

-კი, აუცილებელი იყო. თქვენზე ყველაფერი გავიგე, რისი გაგებაც მინდოდა. – ელიას ხმაში იგრძნობოდა, რომ საერთოდ არ თვლიდა თავს დამნაშავედ.

-არაფერი მიშლის ხელს, რომ აქვე მოგკლა! – ცივად მიუგო მამაკაცმა.

-მართალია, მაგრამ ასე სანდო მოკავშირეს დაკარგავ ისეთ ადგილას, როგორიც აბრეშუმის ქალაქია. – ეშმაკურად გაიღიმა კაცმა.

-გგონია ამის მერე ოდესმე გენდობი?

-მე შემეძლო თქვენი თავი მეფის გვარდიელებისთვის გადამეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ვფიქრობ, ამ ჟესტით მაინც დავისმახურე ნდობა.

ოლივერი გაჩუმდა და ლინდას გახედა. ქალი უკვე ფეხზე წამომდგარიყო. თავბრუ აღარ ეხვეოდა და მყარადაც იდგა.

-თუ გინდა ნუ მენდობი, მაგრამ ერთი რაღაც კარგად დაიმახსოვრე. თუ ძალიან გაგიჭირდება, მოჯადოებულ ტყეში დახმარებას იპოვნი. – ჯიბიდან ოქროს მონეტა ამოიღო ელიამ, რომელზეც ოთხფურცლიანი სამყურა იყო ამოტვიფრული, და მას გაუწოდა.

-შენგან არაფერი მჭირდება! – გაღიზიანებული ხმით მიახალა ოლივერმა.

-ეს ჩემგან არ არის. ჩემ უკან ხალხი დგას, რომელიც დღის შუქზე მხოლოდ იმიტომ ვერ გამოდის, რომ  გმირი არ ჰყავთ, ვინც თავდადებული ბრძოლის სურვილს დაუბრუნებს.

ოლივერი ისევ უძრავად იდგა, გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ნაბიჯის გადადგმას არც კი აპირებდა, ამიტომ ელია ამჯერად ლინდას მიუბრუნდა, ხელი გამოაწევინა და მედალიონი შიგნით ჩაუდო.

-ეს შენს ბიჭს გაახსენე, როცა ძალიან გაუჭრიდება.

ლინდას უნდოდა მისთვის ეყვირა ჩემი ბიჭი არ არისო, მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მიბრუნდა, ოლივერს ხელი მოკიდა და უთხრა, რომ გაჰყოლოდა. მამაკაცმაც უხსიტყოვოდ მოიგდო ჩანთა მხარზე და სწრაფად დატოვეს იქაურობა. 

როცა კიბეები ჩაირბინეს და ქუჩაში გავიდნენ, ოლივერი უეცრად შედგა და ლინდას მიუბრუნდა.

-რაც იქ მოხდა… – ყოყმანით წამოიწყო მან. – ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

-კარგი. – თავი დაუქნია ლინდამ.

ოლივერს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თუმცა უეცრად მზერა შორს, სივრცეში გაუშტერდა. თითქოს რაღაც უჩვეულო დაინახაო. ამ დროს ცივმა ქარმა დაუბერა, ქუჩის მტვერი მოხვეტა და ორივე მათგანს თვალებში შეაყარა. ლინდა მოიბუზა, დააცემინა და თვალები მოისრისა, მერე კი თავი ასწია და ოლივერის მზერის მიმართულებით გაიხედა.

შორს, ჰორიზონტზე ძალიან შავი ღრუბლები შეკრებილიყვნენ, ერთობილივი, სქელი მასა შეექმნათ, იქიდან კი ნელ-ნელა ძაბრისებრი ქარბორბალა ეშვებოდა და მიწასთან შერწყმას ლამობდა, რათა ყველაფერი გაენადგურებინა, რაც გზად შეხვდებოდა.

-ეს… რა ჯანდაბაა? – იკითხა თვალებაგაფართოებულმა ლინდამ. არც კი სჯეროდა, რასაც ხედავდა. ფიქრობდა, რომ ელიას მოწამლული ჩაი ისევ მოქმედებდა და ყველაფერი ელანდებოდა.

-ეს… ტორნადოა. – უპასუხა აღელვებული ხმით ოლივერმა.

-ტორნადო? – უნებლიეთ გაიმეორა ლინდამ.

-შენს… სხვა სამყაროში… ტორნადოები არ იცის? – ორაზროვანი მზერით გახედა მას მამაკაცმა.

-არა… უფრო სწორად კი, მაგრამ მე არასდროს მინახავს… ასე ახლოდან. – ენის ბორძიკით თქვა ქალმა. -ტორნადო აღმოსავლეთიდან მოდის. იქ ჩვენი ბანაკია. უკან უნდა დავბრუნდეთ! – ჩაიალაპრაკა მამაკაცმა, ადგილს მოსწყდა და სირბილით გაიქცა  ქალაქის მთავარი კარიბჭისკენ.

ლინდამაც დააპირა გაჰყოლოდა, თუმცა უეცრად ქუჩის მეორე მხარეს დემიანის პირადი მცველი შენიშნა. ის უბრალოდ იქ იდგა ქანდაკებასავით გაშეშებული და თავისი ბნელი თვალებით მათ უყურებდა. ლინდას შიშისგან გული აუფრიალდა. გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა დემიანიც სადმე იქვე ყოფილიყო და ოლივერისთვის მახე დაეგო, ანდაც შეიძლებოდა შემთხვევით ერთმანეთს გადაჰყროდნენ. ამიტომ შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წამოეწია ოლივერს, რომ იქაურობისთვის რაც შეიძლებოდა მალე განერიდებინა.

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

20 thoughts on “ზღაპარ იყო – {თავი 4}

  1. მაინც უნდა დავწერო იქნებ არ გამოჩნდეს კომენტარი მარა მაინც.
    ლინდას მიმართ ჩემი აზრი ისეთი ორაზროვანია როგორც მისი გრძმობები ოლივერის და დემიანის მიმართ. არც ვამტყუნებ. ადვილი არაა ასეთი ორი სატყურა დაგტრიალებდეს თავს და შენ მუნჯად იქცე😄
    რაღაც უცნაირი იწყება რაზეც არ აქვთ უკვე ცნობილ პერსონაჟებს წარმოდგენა. არ მინდა ოლივერი გამოიყენონ. დემიანს კი ვფიქრობ შავი ბნელი მაგია მართავს. ამიტომაც იქცევა ისე. გული მიგრძნობს
    წინ გველის საინტერესო ამბები
    🤝🌬🔮🪄🖤🤍

    Like

    1. კი ბატონო, განოჩნდა შენი კომენტარი და ძალიან გამიხარდი🥰🥰 საინტერესო მოსაზრებები გაქვს🤩 ლინდა ძალიან დიდი ცდუნების წინაშე დგას😂 რთულია ალბათ მის ადგილას ყოფნა😂 წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გველის🥰 დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის ქალაუ🥰💛🖤⚔️👑

      Liked by 1 person

  2. დემიანი რო გამოჩნდა ვიკივლე😂არ ველოდი. რა საოცარი თავი იყო, ძაან დაძაბული და ჩამთრევი ერთი მომენტიც რო არაა მოსაწყენი ზუსტად ეგეთი🤩 ირის და ანრის მომენტებზე ჩამოვდნი😂 ბეჭედი რო მოერგო მეთქი დაიტოვე ქალო შენთვის გამოუჭედია ოქრომჭედელსთქო😂ვაიმეძან მიყვარს ყველა. ისეთი ეიფორიით ვკითხულობ ამ ისტორიას გულს სულ ბაგბუგი გაუდის🤩

    Like

      1. უი ჩემი ფოქსიკო ყოფილა😂😍😍 ხო, ბევრი ამბობს რო ზოგჯერ კომენტარის დაწერაც უჭირთ სახელზე რო აღარ ვთქვათ არაფერი🥲🖤💛

        Like

    1. ამონარიდით კი დაგასპოილერეთ დემიანის შესახებ, მაგრამ ალბათ არ გინახავს, თორე არ გაგიკვირდებოდა😂 ირის და ანრის ნამდვილად საყვარლობა მომენტები ჰქონდათ ამ თავში🙈 ძალიან მიხარია, რომ ასეთ ემოციებს იწვევს ისტორია შენში🙈უღრმესი მადლობა🙈😍😍🖤💛⚔️👑

      Like

  3. სალამი 🩷 იმედია ჩემი ფუნთუშა ლუი ამ ტორნადომ არ შეიწირაა. ჩემი ბუთქუჩა ბუთუ კეთილი ბიჭი 🥺

    ანრი სუპერ ბიჭია, გადაეცი რომ მეუასება ძალიან 🧡😁 რაღაც ირის პიროვნებაში შემეპარა თითქოს ეჭვი, შემთხვევით, გადარჩენილი პრინცესა ხომ არაა? 🤔 ისე აბრიალებდა თვალებს და გასცემდა ბრძანებებს, რაღაც გამკრა გულში, მაგრამ როგორც იტყოდა ჩემი მეგობარი ლანა – რას დეინახავ უაჩკოთ?! 😁😁😁 ანრი და ირი ერთას სასწაული წყვილია, ვგულშემატკივრობ ✌️🌟

    მიუხედავად იმისა, რომ მთლად საამაყო მასპინძლობა ვერ გაუწია ლინდას და ვალენტების ბიჭს, ელიას მიმართ მაინც დადებითად განვეწყვე.. ჩაი როგორც კი ახსენა, მეთქი მითიშავს ამათ ეხლათქო 😁

    დემიანის თავს მარტივი რამე რომ არ ხდება ცხადზე უცხადესია, ან რაღაც ბნელი ძალები მართავენ, ან აი არ ვიცი 🤷🏾‍♀️ ერთადერთი დემონი მე ვარო
    .. რათა შვილო, რათა?!

    ლინდაზე არ მითქვამს არაფერი და.. მომწონს. საოცრად მამაცი, კეთილშობილი და უბოროტო ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რა არჩევანის გაკეთების წინაშეც არ უნდა დააყენოს მარგოს ფანტაზიებმა, თავისთავად იქნება სიკეთის და სამართლიანობის მხარეს..

    ლუიმ რომ ვეგანობის საფუძვლები დაამუღამა 😅😅😇

    პუ.სუ. ვცდილობ სტრიქონებს შორის წავიკითხო და სულ პატარა მინიშნებებიც არ გამომრჩეს, მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაც სასწაულით გაგვაკვირვებ ბოლოს.

    პუ. პუ.სუ. ათანასია და ის საეჭვო წარმოშობის იდუმალი მცვლელი არ მომდის თვალში.

    რომ მიყვარხარ და რომ მევასები, ის ნეს..

    Like

    1. სალამი🥰 უიჰ, აქვე გეტყვი, რომ ლუიზე არ იდარდო🙈 ეგ ბიჭი ყველაფერს გაართმევს თავს ისეთია. ბოლო-ბოლო არაგონების ოჯახში გაზრდილია😆 ანრი სუპერ ბიჭია ვითომ?? 😂 ბევრი მინუსები აქვს, მაგრამ სამაგიეროდ სიმპათიურია🤣🤣ვაპატიოთ მინუსები🤣🤣 ირის ხასიათში აქვს ბრძანებების გაცემა, ბოლო ბოლო ოლივერის გაზრდლია😂😂 ელია+ჩაი, აი მანდ უკვე უნდა ჩართულიყო განგაშის სიგნალები, რადგან ყველა ჩემმა მკითხველმა იცის, რომ გრძნეულს ჩაიზე არასდროს არ უნდა დაეწვიონ🤣
      დემიანი ძაან დრამა ქვინი იყო ამ თავში🙈 მაგრამ რა ვქნა, ყველაფერი უხდება მაგ ბიჭს😂
      ლინდაზე ასეთი კარგი აღწერა აქამდე არასდროს წამიკითხავს🥰 ნუ მგონი არც ერთ ჩემ პერსონაჟზე არ წამიკითხავს, რადგან როგორც წესი მკითხველებს ჩემი ქალი პერსონაჟები აღიზიანებთ😂😂
      ლუი არის გენიოსი, ხომ ვამბობ, ეგ ბიჭი მოსიარულე ტვინია. მაგან მოიფიქრა ოლივერის და ანრის შეხვედრაც🤣 ათანასია ის პერსონაჟია, რომ არ უნდა გიყვარდეს😂
      ძალიან დიდი მადლობა ნეს🥰🥰 აი არ იცი როგორ მახარებ შენ მიერ დაწერილი თითოეული სიტყვით🥰 გყვარობ მეც🥰🥰🥰🖤💛⚔️😍

      Like

  4. ლინდა რო მიბრუნდა და იმ მთვრალ კაცს კუნგფუ ჩაუტარა მაგაზე ბოლო ხმაზე ვიხარხარე😂😂😂😂😂😂😂😂 ქალო გაიქეცი უშველე თავს ბნელ ჩიხში მთვრალი კაცები დადიან და ამან არ მოინდომა ჯეკი ჩანობა?😂😂😂😂😂 ეგ თუ შეეძლო ოლივერს რათ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ხელებს რო უკოჭავდა წარამარა😂😂😂😂გადამრევს ეს გოგო😂ულამაზესად აღწერილი თავი იყო მარგო😘

    Like

    1. მთვრალი კაცის მოგერიება სხვაა და კარგად გაწვრთნილი ფხიზელი მხედართმთავრის სხვა😂 ან შეიძლება ოლივერს რომ ხედავს ლინდა მასში ფემინიზმის უკანასკნელი მარცვლებიც კვდება და ხელების შეკვრის უფლებას აძლევს😂😂 არ ვიცი, ჯერ მეც არ ვიცნობ კარგად ამ ისტორიის პერსონაჟებს😂😂 უღრმესი მადლობა🙈😍🖤💛⚔️👑

      Like

  5. ძალიან გამიხარდა ახალი თავი და დემიანის ისევ გამოჩენა, აი ძალიან მიყვარს ❤️ და ჯერ კიდევ ვერაფერი მაცვლევინებს მასზე აზრს. 🥰
    ლინდას გაორებული გრძნობები აქვს არ იცის რომელი უფრო მოსწონს, ოლივერი თუ დემიანი. ორივეს მიახლოვებისას ჟრუანტელი უვლის. 😁 ვფიქრობ, რომ ოლივერსაც ნელ-ნელა უკვე მოსწონს ლინდა, მაგრამ ამას ჯერჯერობით არც გამოცატავს და არც აღიარებს. საინტერესოა რამ აიძულა ოლივერი საკუთარი ძმის მოკვლა, მაგრამ აქაც მგონია, რომ საქმე რაღაცაშია, ისევე როგორც დემიანის შემთხვევაში.
    ელაია მკითხავიც საინტერესო პერსონაჟი ჩანს, ვფიქრობ ეგეც დიდ როლს ითამაშებს შემდეგში განვითარებულ მოვლენებზე. მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები ეგ როლი კარგი იქნება თუ ცუდი, ოლივერს რომ უთხრა ჩემს უკან უამრავი ხალხიაო ალბათ ჯადოქრები იგულისხმა, რომელთაც მეფე სძულთ.
    ათანასიას პერსონაჟი კი პირველივე თავიდან არ მომწონს, მგონია რომ ეგ ძალიან ცუდ საქმეებს ხლართავს. დემიანის პერსონაჟი ჩემთვის ისევ გამოცანა, ვერ ვხვდები სინამდვილეში როგორია, ბევრ საიდუმლოს მალავს, ისევე როგორც ოლივერი. ისე დამთავრდა რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები. ❤️🏰🥰

    Like

    1. მგონი დემიანის გამო კითხულობს ხალხი ამ ისტორიას🤣ყველას მის გამო გაუხარდა ეს თავი🤣🤣 ლინდა ნამდვილად გაორებულია. არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნა. რანაირია ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის დანახვაზე ერთნაირად ელეთმელეთი გემართებოდეს😂 მართალი ხარ, ელია ნამდვილად არაა ერთჯერადი პერსონაჟი, თუმცა საბოლოოდ კარგი იქნება თუ ცუდი ამას მოგვიანებით გავიგებთ🥰🥰 ათასნასიასაც აქვს თავისი საიდუმლოებები . რომ გაიგებთ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც🙈 ძალიან ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა😍 უღრმესი მადლობა აზრის გაზიარებისთვის🥰🥰😍💛🖤⚔️👑

      Like

  6. ირი რა ტკბილი გოგოა. მისი და ბავშვის ურთიერთობა საოცარი მომენტი იყო🤌 დემიანი გადაცმული რო დადის ქუჩებში ძაან მეცინა. ჩვენი ქართველი მეფეებიც ეგრე არ დადიოდენ?😂 აუკიდე ის უნდა მეთქვა, ოლივერი რო ცეცხლს გადააფრინდა და ლინდა მისკოჩა რა ზეგზი მომენტი იყო გული ამიფრთხიალდა😂 წარმოვიდგინე ოლივერი თავისი შავი თვალებით ცხვირწინ რო ყავს ლინდას და უბრიალებს იმ თვალებს😋😂🤩

    Like

    1. ირი ნამდვილად ტკბილი გოგოა🥰 კი, ქართველი და სხვა ცნობილი ისტორიული პიროვნებებიც ეგრე ხშირად დადიოდნენ ქუჩებში😂 მაშინდელი სელებრითები ეგენი იყვნენ🤣🤣 ვუიმეეე ძაან მიხარია, რომ ასე მოგეწონა😍😍🙈🙈 დიდი დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის🥰🥰🖤💛👑⚔️

      Like

  7. ქალუ ❤ პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადო რომ ამდენი დრო დამჭირდა აქამდე მოსაღწევად, მარა ხო იცი დაკავებულობის ამბავი :')
    თავიდანვე სიცილით დავიწყე, ლინდა რომ პირაკრული წკმუტუნებდა და ლუი რო კითხვებს უსვამს :დდდდდ ძაან მესაყვარლება ლუი, მარა მეთქი ბიჭი, ტვინი გაანძრიე-გამოანძრიე პაწა რა :დდდ
    ლინდას სიმამაცე მხიბლავს, ცხენი რომ შეკაზმა და აბრეშუმის ქალაქისკენ გაემართა, მეთქი გოოუ ლინდა გოუუ! ❤ მომწონს ისიც რომ სინდისი აქვს და თვალი გაუსწორა საკუთარ საქციელს და მის შედეგებს (იმის მიუხედავად რომ მისი მესმის და ცოტა ძაან არჩევანი არ ჰქონდა რა), მოკლედ ვაფასებ ❤
    ღმერთო როგორ მძულს ეს მთვრალი უტვინო კაცები რიააა, როგორ მიხარია რო ლინდამ ერთი მიატაბურეტკა იქვე რა :დდდ და დე რეინიო, ვაიმეეეე თვალები გადმომცვივდა კინაღამ, გეფიცები, მეთქი ეს მეფე კაცი რას შვება ღამე რო ქალაქში აჩრდილივით დაეთრევა თქვა? საცხა ოთახში რომ გამოკეტა კიდე, ქვემოთ რომ დამეტოვებინე, ბოთლი მოგხვდებოდაო, ეეეეხ დემიააააან ბიჭოოო ოთახში შეტყუება გინდოდა და არ გინდა ახლა მომიზეზება რაცხის :დდდ აუუუუ ძაან ჰოთად კი იყო აღწერილი კოცნები მერე, მარა რატომღაც ცუდი შეგრძნება მაქვს, იქნება აჯადოებს დემიანი ლინდას? ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. მზად არ ხარო, ეგ რაღას ნიშნავს ნეტა. დემიანთან რომ დარჩა ღამე და ოლივერიც გადაავიწყდა, გამიკვირდა ეგიც 😦
    ცოტა ავღელდი, ანრისა და ირის რომ ამისთანა ამინდი+ქარბორბალა წამოადგათ თავზე, ფარდულში თავის შეფარება კიდე ძაან მერომანტიკულა ნიუ :დდდ დეიანირა რა კაი სახელია ისე, ძალიან მომეწონა ❤ მოხუცების მასპინძლობა ძალიან საყვარლობა იყო, მიხარია რომ ცოტა ბექსთორიც გავიგეთ. ანრიმ რა უცებ დაახეთქა, ახალდაქორწინებული წყვილი ვართო, ანიუ რაზე ფიქრობ ბიჯო? (ვიცი რო ლოგიკური იყო მარა მაინც ვფართხალებ :დდდ)
    ჩაიზე დაწვევა რო შესთავაზა მკითხავმა მეთქი ვაიიიი ახლა იწყება თავდავიწყებაააა, ეგრევე ვისუნე რო რაცხა ვერ იყო რიგზე საქმე :დდ და ვაიმეეე ოლივერ შენ მოგიკვტიიიი რა საშინელება გადაუტანია 😦 იმედია ცოტა უფრო დაწვრილებით შევიტყობთ, თუ რა მოხდა და რატომ მოუწია იმის გაკეთება, რაც გააკეთა.
    და როგორც ყოველთვის, უზომოდ ნიჭიერი ბრძანდებით, ქალბატონო! ❤ გელი მოგელი მოველი შემდეგ თავს ❤

    Like

    1. ვაიმეე ლინდუუუ😭😭😭რა ბოდიში ქალაუუუ😭😭 უსაზღვროდ მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა და იმას არ აქვს მნიშვნელობა ადრე იქნება თუ გვიან😍😍😍
      ჰო, ლუი კია ჭკვიანი ბიჭი, მაგრამ ხანდახან ელემენტარულს ვერ ხვდება🤣გონებაგაფანტული მყავს🤣 ლინდა მთელი ცხოვრებაა მარტო ებრძვის ცხოვრებას. დედა გვერდით არ ჰყოლია და მამა, ასე რომ გამომუშავებული აქვს უნარები სად როგორ მოიქცეს😁😁 მოუნდა დემიანს გაგულავება. ძაან გადაიღალა ამ სამეფო კარის ინტრიგებით და კი წააწყდა ლინდას😂 ანრი ძაან კრეატიული მყავს😇😇 მოფიქრებებში და დახეთქებებაი ბადალი არ ჰყავს😂 დეიანირა ბერძნული მითოლოგიიდან მაქვს აღებული. თუ სწორად მახსოვს ჰერკულესის მეორე ცოლი იყო. მეც ძაან მომწონს ეგ სახელი.😇
      ვერ დაიმახსოვრებს ჩემმა პერსონაჟებმა, რომ მკითხავებს ან უცხოების მიერ მიწოდებულ ჩაებს არ უნდა ენდონ😂😂 ძალიან ძალიან დიდი მადლობა ქალაუ წაკითხვისთვის და აზრის გაზიარებისთვის🥰🥰🥰🥰🖤💛

      Like

დატოვე კომენტარი