Posted in ეპიკ-სთორი, რომანი

ზღაპარ იყო – {თავი 5}

*დაღი*

ტორნადოს გამო აბრეშუმის ქალაქის კარიბჭის მცველებს შორის პანიკა იყო ატეხილი. 

ასეთ დროს,  მათ სპეციალური გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. პირველ რიგში ქალაქი უნდა ჩაეკეტათ, შემდეგ კი მოსახლეობა უნდა გაეფრთხილებინათ, რომ სარდაფებში მოწყობილ თავშესაფრებში გადასულიყვნენ. 

ლინდამ და ოლივერმა ქალაქის კარიბჭემდე რომ მიაღწიეს, იქაურობა უკვე იკეტებოდა. ძლივსღა მოასწრეს ქალაქის დატოვება. მცველები აფრთხილებდნენ, რომ სჯობდა ქალაქში დარჩენილიყვნენ, მაგრამ ოლივერმა კატეგორიული უარი განაცხადა და ლინდაც დაეთანხმა.

ორივე მათგანს თავიანთი მეგობრების ბედი აღელვებდათ. არ იცოდნენ, რა სიტუაცია იყო იმ მომენტში ბანაკში, ამიტომ მათკენ, მათ დასახმარებლად მიეჩქარებოდათ.

ქარი და წვიმა ერთდროულად დაატყდათ თავს მგზავრებს. გზა ატალახდა, ხედვა და გადაადგილებაც ერთნაირად გაჭირდა, მაგრამ მაინც დაუღალავად აჭენებდა ცხენებს. ტიტანიაზე ამხედრებული ოლივერი წინ დიდი სიჩქარით მიჰქროდა, პერიოდულად კი უკან იხედებოდა. ლინდას თვალს არ აშორებდა. ამას ხმამაღლა არასდროს აღიარებდა, მაგრამ უკვე მისი უსაფრთხოებაც ისევე აღელვებდა, როგორც ირის, ან მისი გუნდის სხვა წევრების.

წვიმას ცოტა ხანში სეტყვაც გამოერია. ყინულის მოზრდილმა ბურთებმა, ციდან შეუჩერებლად იწყეს ცვენა. ამან ცხენები დააფრთხო. ზურგატკიებული ცხოველები აჭიხვინდნენ, სირბილს მოუკლეს, ზოგჯერ კი ყალყზე შედგომასაც კი ცდილობდნენ. ოლივერს მაგრად რომ არ დაეკავებინა ტიტანია, აუცილებლად ჩამოაგდებდა. სწორედ მაშინ გააცნობიერა მამაკაცმა, რომ ბანაკამდე მიღწევა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ გზის მოჭრა გადაწყვიტა.

ცოტა ხანს ხეების ქვეშ მოიცადეს და როგორც კი სეტყვა შენელდა, მაშინვე მთავარი გზიდან გადაუხვიეს. ბუჩქნარს შორის გამავალი ბილიკიდან, უეცრად პურის უზარმაზარ ყანებს მიადგნენ. გადაშლილ სივრცეზე, ერთიანად გადაჭიმულიყო ოქროსფერი თავთავებით დახუნძლული მდელო, სადაც ცივი ქარი დაძრწოდა და უხეში მიხრა-მოხრით პურის თავთავებს რკალავდა. 

უზარმზარი ქარბორბორბალა, რომლის გრიალიც მთელი ეს დრო ყურში მუქარასავით ჩაესმოდათ, ჰორიზონტზე შორს ჩანდა, მაგრამ შეიძლებოდა ნებისმიერ დროს მოახლოებოდა მათ. ყანის მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენად ღრმა ტალახი იყო, რომ ცხენებს სვლა გაუჭირდათ, ამიტომ ოლივერმა შეანელა და ქალისკენ შეატრიალა. წვიმა შეუჩერებლად ასხამდა, წყალი სახესა და თმებზე წურწურით ჩამოსდიოდათ, ხმედველობას უბინდავდა და სუნთქვასაც კი უკრავდა.

ლინდამ თვალებზე ჩამოფარებული თმა გადაიწია და გარემო მოათვალიერა. უცებ ყანის აღმოსავლეთ განაპირას ფიცრული დაინახა, რომელიც სავარაუდოდ მუშებისთვის აგებული სიცხისგან თავშესაფარი უნდა ყოფილიყო.

-ცხენებს სიარული უჭირთ. ბანაკში ფეხით უნდა წავიდეთ! – ყვირილით ამოთქვა ოლივერმა.

-სულ გაგიჟდი? – შესძახა ლინდამ. – წარღვნაა, ოლივერ!

-ბანაკში უნდა დავბრუნდე, ირი მარტოა! – თავი ჯიუტად გააქნია მამაკაცმა.

-ირი მარტო არ არის. მასთან ერთად ანრი და ლუია!

-ორი უქნარა?

-გაჩერება უნდა ისწავლო, ვალენტა!

-ახლა გაჩერების დრო არ არის! – დაიყვირა ოლივერმა. 

-იქ თავშესაფარია! – მხარზე უბიძგა ქალმა და აღმოსავლეთისკენ გაახედა. – ცოტა ხანს იქ მოვიცადოთ…

-არა!

-კი! ცოტა ხანს შევაფაროთ თავი. თუ წვიმა ამ დროის განმავლობაში არ გადაიღებს, გზას მერე გავუდგეთ… მაგრამ ახლა გთხოვ, რომ ცოტა ხანს მოვიცადოთ. – ვედრების თვალებით შეხედა ქალმა.

ოლივერმა მუქი, სქელი წარბების მიღმიდან ამოხედა. ცოტა ხანს უყურა ქალის გამჭირვალე, წყალივით სუფთა და კრიალა თვალებს, შემდეგ კი ღრმად ამოიოხრა. აღვირს უსიტყვოდ ჩაავლო ხელი და ქოხისკენ შებრუნდა. ლინდამ შვებით ამოისუნთქა. მანაც მოკიდა თავის ცხენს აღვირში ხელი და მამაკაცს გაჰყვა. თუმცა უეცრად ცაზე გაიელვა, შემდეგ კი ისე ძლიერად დაიქუხა, რომ ყურებში ბომბის აფეთქების ხმასავით ჩაესმათ. ამ ხმაურზე უეცრად ტიტანია დაფრთხა, ყაყლზე შედგა და ოლივერი გადმოაგდო. მამაკაცი ჰაერში ამოტრიალდა და მიწას სახით დაენარცხა. ლინდამ ცხენიდან ჩამოხტომა მოასწრო, რადგან მომდევნო დაქუხებაზე მისი ცხენიც ყალყზე შედგა, შემდეგ კი ტიტანიასთან ერთად სადღაც ყანის შუაგულისკენ გაიჭრა.

გულამოვარდნილი ქალი ოლივერთან მივარდა, მხრებში ხელები ჩაავლო და გადმოაბრუნა. უეცრად მის შუბლზე რაღაც მოწითალო ფერის წერტილი შენიშნა და როგორც კი გაიაზრა რა იყო, თვალები მაშინვე დახუჭა.

“გული არ წაგივიდეს. ოღონდ ახლა არა! გული არ წაგივიდეს!” – შემოუძახა თავის

ლინდა დაიხარა, ხელები მიწაზე მოაფათურა, ფოთოლი იპოვა, აიღო, მერე კი თითების ცეცებით ოლივერს მიაგნო, მის შუბლზე მოატარა ხელი, იარა უპოვნა და ფოთოლი ზედ დააკრა, რომ გახსნილი ჭრილობა არ დაენახა.

როცა თავის დაზღვევას მორჩა, თვალები გაახილა და მიმოიხედა. ცხენები აღარსად ჩანდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი პოვნის შანსი, ასეთ დროს და ასეთ ამინდში, ნულის ტოლი იყო. 

ცხენები არა, მაგრამ ქოხი ნამდვილად ახლოს იყო და იქ თავის შეფარებაც შეიძლებოდა. ლინდამ ოლივერს დახედა, მერე კი მაგრად შეაჯანჯღარა. მამაკაცი მოძრაობდა და თითქოს თვალების გახელას ძალას ატანდა, მაგრამ უშედეგოდ. გონზე მოსვლას ცდილობდა, თუმცა ამას დრო სჭირდებოდა, ლინდამ კი ძალიან კარგად იცოდა, რომ დრო არ ჰქონდა.

ქალმა ყველაფრის თავად გაკეთება არჩია. მთელი ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა, მამაკაცს ხელებში ჩაეჭიდა და ყანაში შეათრია, რადგან ყანისთვის რომ შემოევლო, დიდ დროს დაკარგავდა, ქოხამდე უმოკლესი გზა კი, სწორედ ყანაზე გადიოდა.

რამდენიმე წუთს პურის თავთავებში ახოხა ქალმა ოლივერი, მთელი ძალით  ზიდა მისი გაბრუებული, დამძიმებული სხეული, ბოლოს წიხლის დარტყმით შეაღო ფიცრულის კარი, მამაკაცი შიგნით შეათრია და ხის ურდულით კარი გადაკეტა.

ძალაგამოცლილი ლინდა ცოტა ხანს პურის თავთავების კონაზე მიესვენა და სულის მოთქმა სცადა, მერე კი მიიხედ-მოიხედა და ფიცრული მოათვალიერა.

პურის თავთავების კონები კარგად დატკეპნილი ჩანდა. ზედ ჭყეტელა ძაფებით ნაქსოვი პლედებიც იყო მიფენილი, რადგან სავარაუდოდ მუშები წამოსაწოლად და დასასვენებლად იყენებდნენ. კედლებზე ნამგლები, ცელები, ფოცხები და სხვა სამუშაო იარაღები ეკიდა. სადღაც, ჭიებისგან შეჭმულ მაგიდაზე სანთლები, წყლიანი სურა და სპილენძის ჭიქებიც კი შეინიშნებოდა.

სანამ ოლივერი თვალებს ძალას ატანდა და გონზე მოსვლას ცდილობდა, ქალმა ძველი პლედი აიღო და იმით სხეულის და თმის გამშრალებას შეუდგა, რადგან უანტიბიოტიკო სამყაროში ფილტვების ანთების აკიდება ნამდვილად არ სურდა. 

ცოტა ხანში ოლივერმა გონს მოსვლა დაიწყო. ჯერ შეიშმუშნა, მერე გაიზმორა, მერე კი თვალები ნელა გაახილა და თავი წამოსწია. მამაკაცმა ჯერ ფიცრულის უსწორმასწორო კედლები მოათვალიერა, შემდეგ კი თავი წამოსწია და პატარა სარკმლიდან გარემოს გახედა. ისევ ქუხდა, ისევ ძლიერად წვიმდა და ტორნადოს ხრიალის ხმაც შორიახლოს გუგუნებდა.

ოლივერმა უეცრად მოვლილი თავის ტკივილი იგრძნო, ხელი ასწია და შუბლზე მოისვა. როცა ხელში ფოთოლი შერჩა, წამოდგა და სარკმლის ანარეკლში ჩაიხედა, შემდეგ კი ლინდას კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა.

-შუბლზე ფორლი მაკრავს?

-გთხოვ, არ მოიხსნა. ჭრილობა გაქვს და მისი დანახვა არ შემიძლია. – თავი გადააქნია ქალმა.

-ლინდა, შუბლზე ფოთოლი მაკრავს! 

-მერე რა? აქ მაინც არავინ გიყურებს… ჩემ გარდა.

-ფოთოლი შუბლზე მაკრავს! – უკვე ბრაზი შეერია ოლივერს ხმაში.

-არ აქვს მნიშვნელობა ამ ფრაზას რამდენჯერ გაიმეორებ, ამით მოცემულობა მაინც არ შეიცვლება. შენი შუბლი და ჩემი ფოთოლი ერთად მშვენივრად გამოიყურებიან. – სიცილი დააყარა ლინდამ მობუზულ, გუნებაწამხდარ ოლივერს. – გტკივა თავი? – ჰკითხა ქალმა, – ცხენიდან ჩამოვარდნისას მაგრად დაეცი.

-არაფერია. – სველ თმაზე ხელი გადაისვა მან, მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, თვალები დაქაჩა და ისევ სარკმელს მიადგა, – ცხენები! სად არიან ჩვენი ცხენები?!

-ქუხილმა დააფრთხო და გაიქცნენ.

-ტიტანია შორს არ წავა. – ჩაილაპარაკა მან. მერე ლინდას გახედა და ჰკითხა, – აქ შენ მომათრიე? 

-არაფრის. – ჩაიბუზღუნა ლინდამ.

-გამუდმებით გზაზე რატომ მეღობები? წასვლის ნება უნდა მოგეცა.

-მართალი ხარ. წარმოდგენაც არ მაქვს, გამუდმებით რატომ მიწევს შენი უფსკრულისგან გადარჩენა.

-გგონია მეხმარები? ხელის შეშლის მეტს არაფერს მიკეთებ!

-იცი რა, ამის შემდეგ როცა დავინახავ, რომ უფსკრულის პირას დგახარ, ხელს კი არ გამოწვდი, ხელს გკრავ! – კბილებს შორის გამოსცრა ქალმა.

-წარმატებები. – ჩაიცინა ოლივერმა და სველი პერანგი გადაიძრო, მერე გაწურა და იქვე, ძველ სკამზე მიაფინა.

ლინდას უნდოდა გვერდზე გაეხედა, თუმცა თვალებს ვერაფერი მოუხერხა. უნებლიეთ მაინც გაიხედა მისკენ და მზერა მის სხეულს ააყოლა. უეცრად ქალს თვალები გაოგნებით გაუფართოვდა, რადგან ოლივერის მკერდზე ზუსტად ისეთი დანაწვავი დაღი დაინახა, როგორიც დემიანის მკერდზე იხილა იმ დილით. ჯაჭვის ფორმის, ერთ ბოლოში გახსნილი თავით სიმბოლო, დეენემის ჯაჭვს უფრო მოგაგონებდათ. კანი მასაც დანაწვავი და ამობურცული ჰქონდა.

ქალმა თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წამოეყვირა, მამაკაცს არ მივარდნოდა და კითხვებით სული არ ამოეხადა. ამის ნაცვლად ხელები ძლიერად დამუშტა და დიდი ძალისხმევის შედეგად ოლივერს თვალი აარიდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა, თავი დაიმშვიდა და ისე ჰკითხა,  თითქოს დიდად არც აინტერესებდა.

-მკერდზე რა გაქვს? ეგ რა სიმბოლოა?

-შენი საქმე არ არის. – ცივად მიახალა ოლივერმა.

-უბრალოდ კითხვა დაგისვი…

-იმას რატომ არ მეკითხები, რაც სინამდვილეში გაინტერესებს? – თავი ასწია ოლივერმა და თვალი თვალში გაუყარა ლინდას, – იმაზე რატომ არ მეკითხები, რაც ელია მკითხავთან მოისმინე?

-მიკვირს, შენც რომ არ მეკითხები.

-მაგ საკითხს მაშინ გავარჩევთ, როცა ბანაკში დავბრუნდებით.

ამასობაში ტორნადოს ხმა უფრო გაძლიერდა. მიხვდნენ, რომ ქარბორბალა სადღაც ახლოს ტრიალებდა. ლინდა შიშისგან და სიცივისგან მოიბუზა. მუხლები მკერდთან ახლოს მიიტანა, და პლედი კიდევ უფრო ძლიერად შემოიხვია სხეულზე.

-გეშინია? – ჰკითხა ოლივერმა. თითქოს მისი ხმის ტემბრი თაბაო, ასე მოეჩვენა ქალს.

-რა თქმა უნდა, მეშინია. ტორნადო საშინელებებს აკეთებს… ამ სტიქიასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ.

-შენს სამყაროში ასეთი სტიქიები იცის?

-კი. ყველანაირი სტიქია მომხდარა, მაგრამ ეს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ხდება. იმ ქვეყანაში, საიდანაც მე ვცხოვრობ, უფრო ხშირი მიწისძვრები და წყალდიდობებია.

-შენი სამყაროც სამეფოებად არის დაყოფილი და მეფეები მართავენ?

-ზოგს მეფე ჰყავს, თუმცა უმეტესობას პრეზიდენტი.

-ეგ რა არის?

-პრეზიდენტი მმართველია, რომელსაც ხალხი ოთხწლიანი ვადით ირჩევს.

-შენს სამყაროში ხალხი თავად ირჩევს მმართველს? – წარბები შუბლზე აუვიდა ოლივერს. – უცნაური სამყარო ყოფილა.

-შეიძლება, თუმცა სამართლიანი. თუ არჩეული მეთაური ხალხს არ მოეწონება, უფლება აქვთ ოთხ წელიწადში სხვა აირჩიონ. ასე ერთი კაცის მმართველობის ქვეშ ყოფნა, მთელი ცხოვრება მაინც არ უწევთ.

ოლივერი ჩაფიქრდა. ლინდას ნათქვამი თავის სამყაროსთან გააიგივა და მაშინვე უდიდესი კონტრასტი წარმოუდგა თვალწინ. იდეა მოეწონა, მაგრამ შესანიშნავად იცოდა, რომ მისი სამყარო ჯერ მზად არ იყო მსგავსი ცვლილებებისთვის.

-ის ადგილი როგორია, სადაც შენ ცხოვრობ? – ისევ ჰკითხა მამაკაცმა.

-იქ წელიწადის ყველა სეზონი ლამაზია. ხალხი თბილი და მხიარულია. საჭმელიც კარგია და საოცარი წყალია. – გაეცინა ლინდას.

-წყალი? – უნებლიეთ გაეღიმა ოლივერსაც.

-ჰო, იქაური წყალი მენატრება. აქაურ წყალს რაღაცნაირი მომჟავო გემო აქვს.

-მაგაში გეთანხმები. აქაური წყალი რაღაც მინერალებს შეიცავს, რის გამოც მჟავეა. ბაზალტის სამეფოში ბევრად უკეთესი წყალია. აქაურ წყალთან შეგუება მეც გამიჭირდა. – ნოსტალგიამ და მონატრებამ გაიჟღერა ოლივერის ხმაში. პურის თავთავების კონებზე დაჯდა მამაკაცი, ზურგით კედელს მიეყრდნო და თავი უკან გადასწია.

-აქ როგორ აღმოჩნდი? – ჰკითხა უცებ ლინდამ, – თუ ბაზალტის სამეფოდან ხარ, ქარვის სამეფოში ზუსტად როგორ მოხვდი?

-წლების წინ, როცა მე და ჩემი ძმა მოზარდები ვიყავით, მეფე ბენედიქტემ ბაზალტის სამეფოს ომი გოუცხადა, მდინარე ცინკა გადმოკვეთა და თავისი ჯარი ჩვენს სოფლებს შეასია. ის ტერიტორიები ჩემი ოჯახის საკუთრებაში იყო. სანამ ბაზალტის სამეფოს მეფე ჯარის შეკრებას მოასწრებდა, მანამდე მამაჩემი იძულებული გახდა მიწების დასაცავად თავად შეეკრიბა ჯარი. ის პირველივე შემოტევისას დაიღუპა, მეფე ბენედიქტემ კი დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოზარდი ბიჭები შეკრიბა და თავის სამეფოში წაასხა. მათ შორის მე და ჩემი ძმაც ვიყავით… 

-მეფე ბენედიქტეს სამეფო კარზე ასე მოხვდით?

-ჰო. – თავი დაუქნია მამაკაცმა, – ამის შემდეგ ჩვენი გაწვრთნა დაიწყეს, რომ ჩვენგან მეომრები გამოეზარდათ და გამოუვიდათ კიდეც.

-დედაშენი?

-დედაჩემი ადრე გარდაიცვალა. მაშინ პატარა ვიყავი. სუსტი ჯანმრთელობა ჰქოდა და სულ ავადმყოფობდა. – სევდაჩამდგარი თვალებით ჩაილაპარაკა ოლივერმა.

-დედაჩემიც… ბავშვი ვიყავი, როცა დაიღუპა. ჟანგიან ლურსმანზე ხელი გაიჭრა და სისხლი მოეწამლა. ირონიულად არა? რადგან ზღაპრებშიც ზუსტად ასე ხდება. პატარა გოგოს სულელური უბედური შემთხვევით დედა ეღუპება და აი, საბოლოოდ ზღაპარულ სამყაროში აღმოჩნდება. თუმცა თავს ზღაპრის პერსონაჟად მაინც ვერ ვგრძნობ. – თვითირონიით წარმოთქვა ქალმა. ისე საუბრობდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, თითქოს თავის ფიქრებს უნებლიეთ ახმოვანებდა.

-ზღაპრული სამყარო?

-მაგია, ჯადოქრები, მეფეები… ჩემს სამყაროში ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება.

-შენს სამყაროში მაგია და ჯადოქრები არ არსებობენ?

-არა… ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მსმენია. ჩემს სამყაროში მხოლოდ მეცნიერება და ტექნოლოგიები აკეთებს იმას, რასაც აქ მაგია სჩადის. 

-საინტერესოდ ჟღერს. ალბათ კარგია იქ ცხოვრება, სადაც მეფეები მაგიურ არსებებს არ ებრძვიან და ხალხი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული. მაგალითად მედიცინაში ახალი აღმოჩენებით და ხალხის სიცოცხლეების გადარჩენით.

-ჩემს სამყაროსაც აქვს მინუსები, თანაც ძალიან დიდი, მაგრამ კი… მაგაში გეთანხმები. – თავი ასწია ლინდამ, თუმცა სანამ კიდევ რაიმეს იტყოდა, უცებ შენიშნა, რომ ირგვლი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. აღარც გიჟური ქარის ქროლვის ხმა ისმოდა და აღარც ტორნადოს ხრიალის ხმები. მხოლოდ წვიმა წკაპუნებდა მსუბუქად ფიცრულის სახურავზე.

-რა სიჩუმეა. – თქვა ოლივერმა.

-ტორნადო გაქრა?

-ჩაგვიარა. კიდევ კარგი ეპიცენტრში არ მოვხვდით. – ფეხზე წამოდგა მამაკაცი, თავისი პერანგი სწრაფად გადაიცვა და ფიცრულის კარი გამოაღო.

როცა გარეთ გამოვიდნენ, მათ თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა. ჯერ კიდევ შენაცრისფერებული ღრუბლებიდან მზის სხივები გამოჭრას ცდილობდა, ამ მოყვითალო ფერის შუქის ფონზე ოქროსფრად ლივლივებდა პურის ყანა, შიგნით კი მათი ცხენები ბედნიერი ჭიხვინით დაჰქროდნენ. თითქოს მთელი ბუნება აღნიშნავდა ამ დიდი საშიშროების ჩავლას.

ლინდამ ოლივერს გახედა, მისთვის რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ეუცრად ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო მამაკაცმა, თვალებში ჩახედა და ანიშნა ხმა არ ამოეღო.

-რა? – წარბები შეკრა ლინდამ.

-აქ ვიღაც არის. – მამაკაცმა დამფრთხალი სახით ირგვლივ მიმოიხედა. ამ დროს ლინდასაც შემოესმა ტოტების მტვრევის ხმა და ერთიანად დაიძაბა. მერე ინსტინქტურად ოლივერს მივარდა და უკან ამოეფარა. მამაკაცმაც თავი ასწია და მხრები ისე გადაშალა, თითქოს არწივი იყო და თავის ნადავლს იცავდა.

უეცრად ფიცრულის კედელებს ამოფარებული ჩრდილები დაიძრნენ. ნელი, მტაცებლური მოძრაობებით გადმოდგეს ნაბიჯები და მათ წინ გაჩერდნენ. მწვანე მოსასხამები ეცვათ, სახეები ასეთივე ფერის მატერიით დაეფარათ. მხოლოდ თვალები უჩანდათ. მშვილდებით, ისრებით, ხმლებითა და ხანჯლებით შეიარაღებულიყვნენ და მზერაში ეტყობოდათ, რომ ნებისმიერი საფრთხისთვის მზად იყვნენ.

ოლივერმა თავისი მახვილისკენ ფრთხილად წაიღო ხელი, თუმცა სანამ ვადას თითებს შეახებდა, უეცრად ვიღაც დააცხრა თავს, ცივი მეტალი ყელზე მიაბჯინა, ნიღაბი ჩამოიწია და ხრინწიანი ხმით უთხრა:

-არც იფიქრო!

ოლივერმა ხელები მაღლა ასწია და ცალი თვალით გადახედა მომხდურს. მის მხარს უკნიდან ლინდამაც გადმოიხედა და ახალგაზდრა, ოც წელს ახალხანს გადაცილებული ბიჭი დაინახა. მწვანე კაპიუშონიდან ალისფერი, ხვეული თმა მოუჩანდა, ნიკაპზე მოწითალო ფერის წვერი მოსდებოდა, თვალები კი ბრაზით ჰქონდა სავსე. ქალმა დაკვირვებული მზერა მოავლო დანარჩენებს და შენიშნა, რომ ბიჭები და გოგონები მისივე ასაკის თუ იქნებოდნენ. მართალია სახეები ნახევრად დაეფართა მაგრამ, აღნაგობით მარტივი გასარჩევი იყო მათი სქესი.

-უბრალოდ გამვლელები ვართ… არაფერს ვაშავებთ. – თქვა ლინდამ.

ბიჭმა ჯერ ლინდას გახედა, მერე ისევ ოლივერისკენ გადაიხარა, თვალები დააწვრილა, კარგად დააკვირდა და გაკვირვებულმა ჰკითხა.

-შუბლზე… ფოთოლი გაკრავს?

ოლივერმა უხალისოდ ამოიოხრა. ბიჭმა ხელი ასწია, თუმცა სანამ ფოთოლს შეეხებოდა, ლინდამ შეაჩერა.

-არ მოხსნა! – შესძახა უცებ ქალმა. – გთხოვ, უბრალოდ არ მოხსნა. 

-სერიოზულად? – უნებლიეთ უკან გასწია ხელი მან.

-წასვლის ნება მოგვეცით. – დაამატა ოლივერმა.

-თქვენ ჩვენი ტერიტორია გადმოკვეთეთ. ვეღარსად წახვალთ. – ჩაიცინა ბიჭმა, მერე თავი მიაბრუნა და მის უკან მდგარებს რაღაც ანიშნა. მათ ორი ბიჭი გამოეყო, ოლივერს და ლინდას მიუახლოვდნენ, ჯერ თავზე ტომრები ჩამოაცვეს, შემდეგ კი ხელები ზურგს უკან შეუკრეს.

გულამოვარდნილი ლინდა კიდევ უფრო განერვიულდა, როცა მხედველობა წაართვეს. აფორიაქდა, აღელდა, სუნთქვა შეეკრა, კიდურებში კი სისხლი გაეყინა. გაურკვევლობაში იყო. არ იცოდა ვის გადაეყარა, ანდაც რამდენად საფრთხისშემცველები იყვნენ ეს დაუპატიჟებელი სტუმრები. ამას კი ისიც ემატებოდა, რომ ვერაფერს ხედავდა, სრულიად დეზორიენტირებული იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, საით მიდიოდნენ. ერთადერთი, რაც იმ მომენტში ნუგეშს აძლევდა, მის მხარდამხარ ოლივერის სხეულის სითბოს შეგრძნება იყო. ამშვიდებდა, ის ფაქტი, რომ ისიც იქვე იყო, მის სიახლოვეს.

ცოტა ფეხით გაიარეს, შემდეგ კი ორივენი კარეტაში შერეკეს. კარეტამ დიდხანს იარა დანჯღრეულ გზაზე, რამდენჯერმე შეუხვია სხვადასხვა შესახვევებში, ბოლოს კი გაჩერდა. ჩუმი მგზავრობის შემდეგ ოლივერი მიხვდა, რომ სადღაც უფრო ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას ამოყვეს თავი. როცა კარეტიდან გადმოვიდნენ, ბიჭმა ტომრები მოხსნა თავის ტყვეებს.

უკვე მოსაღამოვებულიყო, მზე ჩადიოდა და ჰაერის ტემპერატურაც უფრო და უფრო ეცემოდა. ჩამავალი მზის სხივების ფონზე ნათლად ჩანდა დიდი ბანაკი, ან იქნებ სოფელიც კი იყო. ტყით შემოსაზღვრულ ადგილას ქაოტურად განეთავსებინათ კარვები, ფიცრულები, დახლები. ბანაკში, როგორც ოლივერმა ივარაუდა, ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო. ადამიანები მიმოდიოდნენ, თავიანთ საქმეებს აკეთებდნენ, კოცონებს ანთებდნენ, ხორცს ამზადებდნენ, ზოგი ხილს ჭრიდა, ზოგი კი ბოსტნეულსა თუ თევზს ამუშავებდა. ირგვლივ ბავშვებიც კი დარბოდნენ თამაშითა და ჟრიამულით, თუმცა ახლადმოსულებს  ყურადღებას არავინ აქცევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქაურები სავარაუდოდ შეჩვეულნი იყვნენ ახალი, დატყვევევბული ადამიანების სტუმრობას.

-ეს… რა ადგილია? – იკითხა ლინდამ ჩურჩულით.

-წარმოდგენაც არ მაქვს. – ჩაილაპარაკა ოლივერმა.

-იარეთ! – ხელი ჰკრა უკნიდან წითურწვერიანმა ბიჭმა მათ და ტყვეები წინ წაიგდო. ოლივერმა  მომაკვდინებელი მზერით გახედა მას, მერე კი ლინდას ანიშნა გაჰყოლოდა. 

ბანაკში გამავალი მთავარი გზა ისე გაიარეს, რომ მათკენ მხოლოდ ორმა ან სამმა კაცმა თუ გამოხედა, მერე კი ხეებს შორის ჩადგმულ კარგად შეკრულ, ტირიფის ტოტებისგან დაწნილ კარავს მიადგნენ. ბიჭმა ფარდაგი ასწია და ტყვეები შიგნით შეიყვანა.

კარავი მყუდრო და ცხოველის ტყავებით დათბილული იყო. ხის ბოძებზე, რომლებსაც ჭერი ეყრდნობოდა, სასანთლეები და მათში მობრიალე ქონის სანთლები ეკიდა. ცენტრში მაგიდა იდგა, მაგიდასათან სამი ადამიანი დახრილიყო, ორი ასაკოვანი კაცი და ერთიც ახალგაზრდა ქალი. წინ რუკა გაეშალათ და ინტერესით ჩაჰკირკიტებდნენ.

-ესენი ჩვენს საზღვრებთან ვიპოვეთ. – გამოაცხადა ბიჭმა და ტყვეებზე ანიშნა მათ.

სამივემ ერთდროულად ასწიეს თავები, თუმცა გაოცება მხოლოდ ქალს გამოესახა სახეზე. მან გაფართოებული თვალები ოლივერზე შეაჩერა და წამოიძახა.

-ვალენტა?

-კარინა! – შესძახა მამაკაცმა, როცა ქალის ხმა იცნო, მერე კი დაწვრილებული თვალებით მას სახეზე დააკვირდა. სანთლის შუქზე ახლა უკვე ნათლად გაარჩია ნაცნობი ნაკვთები.

-ღმერთებო! ოლივერ ვალენტა! – ამჯერად გახარებული ხმით შესძახა ქალმა, მაგიდას შემოურბინა  ხელებგაშლილი გამოიქცა და ოლივერს კისერზე შემოეხვია.

ლინდამ განცვიფრებით გახედა ორივეს, მერე კი ქალი შემფასებლური მზერით აათვალიერა. კარინა მაღალი ქალი იყო, ოლივერზე ოდნავ დაბალი, თუმცა ლინდაზე ბევრად მაღალი. ჩალისფერი, მზეზე გახუნებული სწორი თმა და ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა. მისი ყბები მამაკაცური და გამოკვეთილი იყო, თუმცა მისი თვალები ბავშვური სიხალისით სავსე. ქალს სუსტი აღნაგობა სულაც არ ჰქონდა. პირიქით, სპორტული და ნავარჯიშები ჩანდა. მის სხეულსაც კაბის ნაცვლად შარვალი ამშვენებდა. შარვალი, რომლის ტარებაც დიდად მიღებული არ იყო ქალისთვის ქარვის სამეფოში. ლინდას უკვე მოსწონდა კარინა. მის მიმართ ერთ წამში განეწყო სიმპათიით.

-თვალებს არ ვუჯერებ! – ვერ მშვიდდებოდა ქალი და აბრჭყვიალებული მზერით ოლივერს ათვალიერებდა. – ჭორები კი დადიოდა, მაგრამ აღარ ვიცოდი რომლისთვის დამეჯერებინა. ამბობდნენ, რომ მოკვდი და მერე მკვდრეთით აღსდექი.

-ხალხი რას არ მოიგონებს. – ირონიული ღიმილით გადააქნია თავი ოლივერმა. თვალებში ეტყობოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო მისი ძველი ნაცნობის ნახვით.

-ხელები გაუხსენი! – წითურწვერიან ბიჭს უბრძანა კარინამ.

-ქალბატონო… – შეკამათება სცადა ბიჭმა.

-ახლავე! – წარბაწევით, მკაცრი იერით გადახედა ქალმა მას.

ბიჭმა შეკამათება ვეღარ გაბედა. მაშინვე ამოიღო დანა და ხელები გაუხსნა მამაკაცს. ოლივერმა შორიდან შეუბღვირა მას, მერე კი დანა აართვა, ლინდასაც მიუბრუნდა, ხელები გაუხსნა და დანა ისევ მფლობელს დაუბრუნა.

-მეგონა ისევ დემიანისთვის მსახურობდი. – შეხედა ოლივერმა კარინას.

-სამი წლის წინ გამოვიქეცი. მისი უსამართლობის ატანა აღარ შემეძლო. ის ზედმიწევნით იპყრობდა აჯანყებულ ქალაქებს და უდანაშაულო ხალხს ჰკლავდა… მე იარაღი ვიყავი მის ხელში. – კარინას ხმაში ზიზღი და ბრაზი ერთდროულად გაისმა.

-და აქ რას აკეთებ? – ირგვლივ მიმოიხედა ოლივერმა, – რა ადგილია ეს?

-ეს მწვანე ბანაკია. ჩვენ აქ იმ ხალხს ვიცავთ, ვისაც უგულო მეფის უზირპაციის ქვეშ ცხოვრება არ უნდა.

-ყაჩაღების დაჯგუფება ხართ? 

-ეგ ცოტა… უხეში ნათქვამია.

-აბა, როგორ უნდა ვთქვა სწორად? ყაჩაღების ბანდაში ხარ!

-ბანდაში კი არ ვარ, ბანდის მეთაური ვარ. აქაურობა მე დავაარსე. – სიამაყით მიუგო კარინამ.

-სერიოზულად? ჩვენ ერთ დროს ასეთი ხალხისგან ვიცავდით მშვიდობიან მოსახლეობას.

-შენ ქარვის სამრფოში არ გიცხოვრია ბოლო ხუთი წელია. წარმოდგენაც კი არ გაქვს, აქ ყოფნა როგორი იყო.

ოლივერი გაჩუმდა. შინაგანად ხვდებოდა, რომ კარინას თავისი სიმართლე და თავისი გადმოსახედი ჰქონდა, რასაც ის არ ეთანხმებოდა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ თვითონაც არაერთხელ მოუწია საკუთარი წესების დარღვევა თავის გადასარჩენად, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარინასთვის მორალის კითხვის უფლება არ ჰქონდა.

ქალმა უცებ თვალები ოდნავ დააწვრილა, ოლივერისკენ გადაიხარა, სახეზე დააცქერდა და თქვა:

-რაც კარავში შემოხვედი, მას შემდეგ მინდა გკითხო… შუბლზე ფოთოლი გაკრავს?

-ოჰ, ღმერთო! – თვალები გადაატრიალა ოლივერმა, შუბლზე ხელი მოისვა, ფოთოლი მოიგლიჯა, მერე კი თმა ჩამოიფარა და ლინდას გახედა. – გულის წასვლა არც იფიქრო.

ლინდამ თვალი აარიდა მას. მართალია მის ჭრილობას თმა ფარავდა, მაგრამ მისთვის მზერის გასწორების სურვილი მაინც არ ჰქონდა.

-ეს ვინ არის? – როგორც იქნა ლინდას მიაქცია ყურადღება ქალმა.

-ეს… – ოლივერი ფიქრებიდან გამოერკვა, მაგრამ ენა მაინც დაება, რადგან ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ წარედგინა ლინდა სხვებისთვის. ქალი ამას მიუხვდა, ამიტომ თავად გადაწყვიტა პასუხის გაცემა.

-მე ლინდა ვარ. ბატონი ვალენტას მსახური.

ოლივერმა გაკვირვებით გახედა მას, ლინდამ კი ღიმილით შესცინა სახეში.

-მსახური? მსახურიც გყავს, ვალენტა?

-ჰო, მყავს. – ჩაილაპარაკა მან თავისთვის. – და იმედი მაქვს მე და ჩემ მსახურს წასვლის ნებას მოგვცემთ.

-ნებას კი მოგცემთ, მაგრამ წასვლას არ გირჩევთ.

-რატომ?

-ტორნადომ ყველაფერი გაანადგურა. ახლა ზუსტად რუკაზე ვნიშნავდით იმ გზებს, რომლებიც უნდა გავწმინდოთ. ხეებია წაქცეული, ზოგან ხიდებია მდინარის მიერ წაღებული. ვერც ცხენით ივლით და ვერც ფეხით.

-ჯანდაბა! – ამოიოხრა ოლივერმა დაღლილი სახით.

-სადმე გეჩქარება?

-მე ჩემი გზა მაქვს.

-ჩემი ხალხი მთელი ღამით აპირებს მუშაობას. როგორც კი ნაწილს გაწმენდენ, წასვლას შეძლებთ. მანამდე კი აქ დარჩით. წამოდით, აქაურობას გაჩვენებთ. – კარინამ ფარდაგი ასწია და სტუმრებს გარეთ გაუძღვა.

როცა დახლებს შორის მიაბიჯებდნენ, ოლივერმა შენიშნა, რომ იქ ბევრი მოხუცი და ბავშვი იყო. ლინდამ რამდენიმე ბავშვს გაუღიმა და თმებზე წაეთამაშა, ბავშვებმაც მაშინვე თავის ახალ მეგობდად ჩათვალეს, ხელებში ჩაეჭიდნენ და სათამაშოდ ლამის ძალით წაათრიეს. ოლივერმა თვალი ღიმილით გააყოლა მათ, კარინამ კი ეს მზერა მაშინვე შენიშნა.

-ახალგაზრდები გვიცავენ და ჩვენთვის მარაგებს ავსებენ, ბავშვებს და მოხუცებს კი ჩვენ ვპატრონობთ. უგულო მეფის უმოწყალობის გამო, ამ ბავშვებმა მშობლები, მოხუცებმა კი შვილები დაკარგეს. ამიტომ გვიწევს ასე ცხოვრება და თავის გადარჩენა. ჩვენ უდანაშაულო ფერმერებს არ ვაწუხებთ, ზოგჯერ ისინი თავისი ნებით გვეხმარებიან. ჩვენ მხოლოდ უგულო მეფის მოკავშირე მდიდარ საზოგადოებას ვესხმით თავს, მათ ბეღლებს ვაცარიელებთ, ანდაც მეფის ჯარისკაცებს ვუგებთ მახეებს. ამ ბოლო დროს, რაც დემიანმა რუბუსი აიღო, ამ მხარეში ძალიან მომრავლდნენ ოქროსაბჯრიანები. მათი მორთულობა და ძვირფასი ნივთები კარგად იყიდება. – ველურად გაიცინა ქალმა.

-დემიანი არ ჩქარობს აქაურობის დატოვებას. – ცივად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-თუ გაიგო რომ აქ ხარ, რა თქმა უნდა, არ იჩქარებს. 

-ზუსტად იცის, რომ აქ ვარ.

-მაშინ არ არის გასაკვირი, რომ გუშინ ჩემმა ჯაშუშებმა ის აბრეშუმის ქალაქში ნახეს.

-რა? – წარბები შეჭმუხნა ოლივერმა და მთელი ტანით მიტრიალდა მისკენ. – დემიანი აბრეშუმის ქალაქშია?

-იყო! – მხრები აიჩეჩა კაეინამ. – როგორც ჩემმა ჯაშუშებმა მაცნობეს, ტავერნაში იყო ვიღაც ქალთან ერთად. იქ ღამე გაათია და დილით წავიდა. 

-ათანასიასთან ერთად?

-ათანასიას აქ ყველა იცნობს. სხვა ქალი იყო. ბიჭებმა ისიც კი მითხრეს, რომ ჩემსავით შარვალს ატარებდა. – გაიცინა კარინამ. – რაც უფრო მეტი ქალი ჩაიცვამს შარვალს, მით უკეთესი. ხომ ხედავ, შენს მსახურსაც კი უხდება. – ლინდასკენ გაიშვირა ხელი მან.

ოლივერმა მის ხელს მზერა გააყოლა და ღრმად ჩაფიქრებულმა, ლინდას შეხედა, რომელიც ისევ ბავშვების გარემოცვაში იყო და მათთან ერთად მორბენალ პატარა ლეკვს ეთამაშებოდა. მამაკაცი თითქოს რაღაცას მიხვდა, რის გამოც ბრაზით გააღრჭიალა კბილები და გულის სიღრმიდან ამოიგმინა. კარინას ეს არ შეუმჩნევია, ამიტომაც განაგრძო არხეინად გზა.

ბანაკის ცენტრში უაზარმაზარი კოცონი ენთო, სადაც გარეულ ტახს წვავდნენ მამაკაცები, ქალები კი სოუსსა და სანელებლებს ამზადებდნენ ხორცისთვის. ჰაერი მადისაღმძვრელი სურნელით გაჯერებულიყო.

-ამაღამ გემრიელი ვახშამი გვექნება. – მიუბრუნდა კარინა ოლივერს.

-შეგიძლია ამ ხალხს სთხოვო, რომ ლინდასთვის ბოსტნეული მოამზადონ? – ჰკითხა მან.

-ბისტნეული? – გაუკვირდა კარინას.

-ხორცს არ ჭამს, რაღაც მოძღვრების თუ სარწმუნოების გამო. კარგად ვერც მე გავერკვიე. – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

-რა თქმა უნდა, ვეტყვი. – თავი დაუქნია ქალმა, მერე კი ეშმაკურად ჩაიცინა და დაამატა, – და ის უბრალოდ მსახურია, არა?

ოლივერს უნდოდა პასუხი გაეცა მისთვის, თუმცა კარინამ სწრაფად აქცია ზურგი და მზარეულებისკენ წავიდა. 

მამაკაცმა ლინდას გახედა. ქალი ამჯერად კოცონთან გაწოლილ გრძელ ხის მორზე ჩამომჯდარიყო და პატარა გოგონებს გაწეწილ თმას უსწორებდა. როცა ოლივერი მიუახლოვდა მათ, ბავშვებმა ცოტა შიშით შეხედეს, მერე თავიანთი ჭყიპინა ლეკვიანად იქიდან გაიძურწნენ. მამაკაცი მის გვერდით უჩუმრად დაჯდა და ცეცხლს მიაცქერდა.

-კი დაგვატყვევეს, მაგრამ ცუდი ხალხი არ ჩანს. – თქვა ლინდამ.

-კარინა კარგი ადამიანია. – ისე თქვა ოლივერმა, მისთვის არც შეუხედავს.

-როგორც მივხვდი… დიდი ხანია იცნობ.

-ის ბროლის სამეფოდანაა. მეფე ბენედიქტეს ბროლის სამეფოს რაღაც ნაწილიც ჰქონდა დაპყრობილი და იქიდანაც ისე წამოიყვანა ბავშვები, როგორც ბაზალტის სამეფოდან. კარინა ჩემთან ერთად იწვრთნებოდა. რამდენიმე წელი ჩემი მარჯვენა ხელი იყო, მერე კი ასეულის მეთაური გახდა. ის ერთადერთი ქალი იყო ჩვენს საწვრთნელ ბანაკში. როგორც წესი, დაპყრობილი ტერიტორიებიდან გოგონები მხოლოდ მსახურებად მოჰყავდათ, მაგრამ კარინას განსაკუთრებული უნარები აღმოაჩნდა. 

-ეტყობა, რომ მებრძოლი ქალია.

-ჩვენს გუნდში, ყველა ბიჭისთვის აქვს ცხვირი განატეხი, ერთხელ მაინც.

-შენთვისაც?

-ჩემთვის – ორჯერ. –  ცხვირის ძვალზე ხელი გადაისვა ოლივერმა და გვერდულად ჩაიცინა.

ამ დროს მზარეული, ასაკოვანი ქალი მოუახლოვდა მათ და ორი სპილენძის დიდი ლანგარი გაუწოდა. ერთზე ტახის ხორცის ნაჭერი იდო, მაყვლის სოუსითა და ბოსტნეულის გარნირით, მეორეზე კი მხოლოდ მოშუშული ბოსტნეული მაყვლის სოუსით. ქალს ორივემ მადლობა გადაუხადა, მანაც გაუღიმა და წავიდა. ლინდამ თეფშს რომ დახედა, გაოგნებული მზერა ოლივერს მიაპყრო.

-ალბათ ვერასდროს გავიგებ ბოლომდე, რატომ არ ჭამ ხორცს, მაგრამ რადგან არ ჭამ, ვუთხარი, შენთვის ბოსტენეული მოემზადებინათ.

-გმადლობ. – ოდნავშესამჩნევი ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა. სწორედ მაშინ იგრძნო კუჭში წვა და მუცლის გვრემა. აღარც კი ახსოვდა, რომ შიოდა.

-გუშინ, ქალაქში ღამით ჩამოხვედი თუ დილით? – ჰკითხა ოლივერმა.

პირგამოტენილ ლინდას, თვალები შუბლზე აუვიდა. გულმა რეჩხი უყო. იგრძნო, რომ რაღაც კარგის გამო ოლივერი იგივე თემას არ წამოჭრიდა, რაც უკვე გაიარეს.

-ამ… დილით. – ძლივს ამოილაპარკა ლინდამ.

-ღამით ჩამოხვედი და ის ნახე, არა?

-რა?

-კარინამ მითხრა, რომ გუშინ დემიანი ნახეს აბრეშუმის ქალაქში. – უცებ სიცივე გაერია ხმაში მამაკაცს, მერე სახე ლინდასკენ მიაბრუნა და თვალი თვალში გაუყარა. – თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ დემიანი არ გინახავს.

ლინდას სუნთქვა შეეკრა. კისერში გაჩხერილი ლუკმა ძლივს გადაყლაპა, ჩახველებით ყელი ჩაიწმინდა და ახალი ტუილის მოფიქრება სცადა, თუმცა არ დასჭირდა.

მოულოდნელად შორიახლოს ქალმა გამყინავად დაიკივლა, შემდეგ კი ამ კივილს ცხენის ფლოქვების თქარუნი და მამაკაცების ღრიალიც თან მოჰყვა. ოლივერი და ლინდა დაფრთხნენ. მამაკაცი ფეხზე წამოხტა და კისერი წაიგრძელა. ლინდა კი ადგილს მიელურსმა შიშისგან.

სწორედ ამ დროს, ბანაკში აბრიალებული კოცონების ფონზე, ნათლად გამოიკვეთნენ ცხენოსანთა ფიგურები. ლინდამ დაინახა, როგორ გადათელეს წინ შემხვედრი ყველა მოძრავი არსება. მამაკაცებს ოქროსფერი, პრიალა აბჯრები ემოსათ, ხელში ზოგს მახვილი ეჭირა, ზოგს კი აალებული ჩირაღდნები. მეომრებმა ჩირაღდნიანი ხელები ქოხებისა და კარვებისკენ გაიქნიეს. ერთ წამში ცეცხლი აბრიალდა და ყველაფერი მწველ, დამანგრეველ ალში გაეხვა. 

ოლივერმა კარავს გახედა. მის უკან მისი ცხენი იყო მიბმული, რომლის უნარგიზეც ჩანთა ეკიდა აბჯრითა და მახვილით. მანძილი თვალით გაზომა, და მიხვდა, რომ იქამდე ვერ მიასწრებდა. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, ამიტომ შიშველი ხელებით უნდა ებრძოლა.

უეცრად არსაიდან კარინა გამოჩნდა, ქამარზე დამაგრებული ხმალი იშიშვლა, მერე პირში თითები ჩაიყო და ძლიერად დაუსტვინა, სტვენის შემდეგ კი დაიღირალა.

-ოქროსაბჯრიანები! თავდაცვისთვის მოემზადეთ!

მის ბრძანებას ერთ წამში დაჰყვნენ დაფანტული, ახალგაზრდა მეომრები. შუბები, ფარები და ხმლები აისხეს და მომხდურ მტერს მამაცურად ეკვეთთნენ. მათ შორის თავაწეული, ომის ქალღმერთივით შევარდა კარინა და მტრის მოგერიება მთელი თავისი ძალებით დაიწყო.

ოლივერმა დაბნეულ, გაშტერებულ ლინდას ხელი ჩაავლო, ფეხზე წამოაყენა და თვალებში ჩახედა.

-გაიქეცი! კარვების უკან ჩვენი ცხენებია! შენსაზე შეჯექი, ტიტანიაც წაიყვანე და პურის ყანებთან დამელოდე!

-გაგიჟდი?! – თვალები აენთო ქალს. – აქ მარტო არ დაგტოვებ!

-გგონია შენი დაცვა მჭირდება?

-ბანაკიდან შენს საძებნელად წამოვედი, უკან შენ გარეშე ვერ დავბრუნდები! 

-წადი, სანამ ამის შესძლებლობა გაქვს! – კარვებისკენ მიატრიალა მამაკაცმა და ხელი უბიძგა. თვითონ კი ცეცხლს მიუბრუნდა, იქიდან ალმოდებული ხის უზარმაზარი ნაჭერი გამოიღო და მისკენ გამოქანებულ, ხმალამოღებულ კაცს ესროლა.

ცეცხლმოდებული ნაფოტი ბრახუნით შეეჯახა მეომრის ცხაურს და ნაპერწლები პირდაპირ თვალებში შეეყარა. კაცი ცხენიდან ჩამოვარდა და ოლივერის წინ მიწაზე დაეხეთქა. მამაკაცმა, მას მახვილი აართვა და შემდეგი მომხდურისკენ მიბრუნდა. მეორე თავისი ნებით ჩამოხტა ცხენიდან, ხელში მახვილი დაატრიალა და ოლივერისკენ გაიწია.

სწორედ ამ დროს, იქვე გაშეშებულ ლინდას, რომელიც ადგილიდან ჯერ კიდევ არ დაძრულიყო, მეფის გვარდიელი ეცა, წელზე თავისი ძლიერი მკლავი მოავლო, ჰაერში აიტაცა და თავისი ცხენისკენ წაათრია.

-გამიშვი! გამიშვი! – აკივლდა ლინდა. მამაკაცის ხელებში აფართხლდა და მუშტები მის აბჯარს დაუშინა. უნდოდა მისთვისაც ისეთი სუსტი წერტილი მოეძებნა, როგორც იმ მთვრალ კაცს, ბნელ ჩიხში, მაგრამ მეომარს თითქმის მთელ ტანს აბჯარი უფარავდა, ლინდამ კი შესანიშნავად იცოდა, რომ ფოლადს თითებით ვერ მოერეოდა.

ოლივერმა მისი კივილი რომ გაიგონა, ერთ დარტყმით მოუღო ბოლო მის მოწინააღმდეგეს, მოტრიალდა და ლინდასკენ გაიქცა. ოქროსაბჯრიანმა ეს რომ დაინახა, ქალს ხელი შეუშვა, მახვილი მოიქნია და ოლივერის დარტყმას შეაგება. ლინდა ადგილს მოსწყდა, მოჩხუბრებს შემოურბინა და ოლივერის უკან დადგა. მეფის გვარდიელი ღრიალით მიეჭრა ოლივერს, მანაც მოიგერია, ლინდამ კი უცებ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და მის ასრულებასაც შეუდგა. ქალი ელვისისწრაფით დაიხარა, ქვა აიღო და მთელი ძალით გაისროლა. ქვა მეომრის უკან მდგარ ცხენს გავაზე მოხვდა, ცხენმა კი ტყუპი წიხლი გაიქნია და მეომარს ფერდებში უთავაზა. მან დაიღრიალა, თუმცა სანამ სახით მიწაზე დაენარცხებოდა, მახვილი კიდევ ერთხელ მოიქნია.

ხმლის ბასრმა პირმა, პირდაპირ თვალებთან ჩაუქროლა ოლივერს და ამოწეულ ყვრიმალზე კანი გადაუსერა. ოლივერმა ინსტინქტურად უკან დაიხია და მის უკან მდგარ ლინდას დაეჯახა. ქალმა წამოიკივლა, ოლივერი კი სხარტად მოტრიალდა, ლინდას წელზე მოავლო ხელი და ჰაერშივე დაიჭირა.

როცა წელში გადაზნექილმა, ჰაერში გამოკიდებულმა ქალმა მზერა გაუსწორა მამაკაცს, დაინახა როგორ გადმოწვეთა მისი ჭრილობიდან სისხლის წვეთმა, რომელიც ლინდას პირდაპი ტუჩებზე დაეწვეთა. 

ქალმა გულის სიღრმიდან ამოიოხრა, შემდეგ კი თვალები გადაატრიალა და როგორც მოსალოდნელი იყო, გონება დაკარგა.

გულყრისას მთლად ბოლომდე არასდროს ითიშებოდა ლინდა. გარეშე ხმები მაინც ჩაესმოდა ხოლმე გონებაში და რაღაცებს გრძნობდა კიდეც. მაგალითად იგრძნო, როგორ აიტაცა ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა, როგორ მიწყდა ნელ-ნელა ღრიალის და ხმლების ჭახანის ხმები, შემდეგ კი კარავში გაეღვიძა.

როცა თვალები გაახილა, პირველი რაც დაინახა კარვის გადაყოფილი ფარდაგი და იქ მდგარი ორი ფიგურა იყო. ცოტა ხნის შემდეგ მათში ხმებით და სილუეტით ამოიცნო კარინა და ოლივერი.

-ეს ასე არ დამთავრდება. ისინი დაბრუნდებიან. – ამბობდა განერვიულებული ქალი. – არ ვიცი როგორ მოგვაგნეს. ალბათ შენ გამოგყვნენ. შეიძლება აქ კიდევ არის შემოვლითი გზები, რომლებიც ტორნადოს არ დაუზიანებია.

-შეიძლება შენს ხალხს გამოყვნენ, რომლებიც აბრეშუმის ქალაქში შენთვის ჯაშუშობდნენ. – ხმადბლა თქვა ოლივერმა. ნახევრად განათებულ მის სახეზე სალბუნი შეიმჩნეოდა, რომელიც სავარაუდოდ მეფის გვარდიელის მიერ, მისთვის მიყენებულ ჭრილობას ფარავდა.

-შესაძლოა. დღეს ბევრი დავკარგეთ. გარისკვას აღარ ვაპირებ.

-სად წახვალთ?

-ცოტა ხნით მთებისკენ. – ჩაიალაპარაკა ქალმა, მერე თავი ასწია და ოლივერს ახედა. ლინდა კარვის ფარდაგის ჭრილიდან მის ნახევარ სახეს ხედავდა, თუმცა მაინც შენიშნა, რომ ქალი უჩვეულოდ იღიმოდა. – შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე.

-ხომ იცი, რომ არ შემიძლია.

-მე შენს მხარეს ვარ, ოლივერ. ყოველთვის შენს მხარეს ვიყავი და მომავალშიც ასე იქნება. – ორი თითი ასწია ქალმა და მკერდზე მიაბჯინა მამაკაცს, – ჩემზე უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვი.

-შეიძლება. – გვერდულად გაეღიმა ოლივერს. აშკარა იყო, კარინას ფლირტს ძალიან დადებითად იღებდა.

-მითხარი, აღთქმა უკვე დაარღვიე? – ეშმკაურად მოელვარე თვალების ბრიალით შეხედა ქალმა ოლივერს.

-რა… – უცებ სახიდან ღიმილი გაუქრა მამაკაცს, წარბები კი შუბლზე აუვიდა, – რას გულისხმობ? 

-კარგად იცი, რასაც. – ველურად ჩაიღიმა ქალმა და ცალი წარბი ასწია. – მე უკვე დავარღვიე, თანაც არაერთხელ.

-გილოცავ. – ცივად, სარკასტულად ჩაილაპრაკა ოლივერმა.

-კარგი რა, დავიჯერო ერთხელაც არ გაგჩენია აღთქმის დარვევის სურვილი, თუნდაც შენს მსახურთან?

მამაკაცი მომენტალურად ანერვიულდა. თითქოს ქალმა ამ სიტყვებით მის გონებაში არსებულ პანიკის ღილაკს თითი დააჭირაო. თითქოს მისი გონების ბნელ კუნჭულში გადაკრგული სურვილები, რომელსაც ასე ებრძოდა, სააშკარაოზე გამოიტანაო.

-ის… ჩემი მსახურია…

-დიდი ამბავი!

-კარინა…

-ოლივერ, დე რეინების საკუთრება აღარ ხარ. თავისუფლად, წესების და დისციპლინის გარეშეც შეგიძლია ცხოვრება. თავშეკავება აღარაა საჭირო. მიდი, ფრთები გაშალე. – მხარზე ხელი წაჰკრა სიცილით ქალმა, მერე კი თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე, ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს, ფრთხილად შეეხო ბაგეებით. – თუ წასვლა გინდა, გამთენიისას წადი. შუადღემდე ჩვენც დავტოვებთ აქაურობას.

კარინა ოლივერს გაეცალა, მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი ფარდაგი ასწია და კარავში შევიდა. როცა თივით დატენილ ლეიბზე წამომჯდარი ლინდა დაინახა, კითხვის ნიშნებით სავსე მზერით შეხედა.

-კარგად ვარ. – უთხრა ქალმა, მერე კი უეცრად ფეხზე წამოდგა, ოლივერს მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია, თავი მკერდზე მიაბჯინა და თქვა. – გმადლობ.

ოლივერმა ამოიოხრა, ლინდას თმაზე გადაუსვა ხელი, შემდეგ კი მისი თმიდან მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.

***

ბართლომეოსსის ფერმაში დიდი ხალხმრავლობა იყო. ხალხი ყველა მხრიდან მოედინებოდა, თავიანთი მეზობლის დასახმარებლად. კაცს დაქირავებული მუშებიც ჰყავდა და გლეხებიც, რომელბიც მის მიწაზე ცხოვრობდნენ. ყველანი ტორნადოს დანგრეულ ფარდულებსა და ბეღლებს შეჭიდებულიყვნენ და ტერიტორიის ნაფოტებისგან გათავისუფლებას, ზოგიც კი შეკეთებას ცდილობდა.

ანრიც მათ შორის იყო. ბართლომეოსმა, როგორც სტუმარს, დაჟინებით მოსთხოვა დაესვენა, თუმცა არც არაგონმა დახარა თავი და ასევე დაჟინებით მოითხოვა მისთვის სამოუშაო იარაღები მიეცათ. 

ირი მთელი ეს დრო მსახურებს ეხმარებოდა. სახლის პარმაღზე სუფრა გაეშალათ და ვახშმისთვის ემზადებოდნენ, რომ დამღლელი დღის ბოლოს, მუშებისთვის და დამხარეებისთვის გემრიელი ვახშამი შეეთავაზებინათ.

შუა სამზადისში იყვნენ, როდესაც მოულოდნელად პარმაღზე, შესვენების მიზნით ცოტა ხნით ჩამომჯდარ და შვილიშვილთან მოთამაშე ბართლომეოსთან გულამოვარდნილმა მსახურმა მოირბინა. კაცი სახეზე ერთიანად გადაფითრებული იყო, ქუდი ხელში ეჭირა და აღელვებული ჭმუჭნიდა.

-რა ხდება? – ჰკითხა მას მასპინძელმა.

-ბატონო, ჩვენკენ მეფის გვარდიელები მოემართებიან. – მიუგო კაცმა.

ამის გაგონებისას ირის უეცრად გული შეუქანდა, თეფშები რიწკინით დაახეთქა მაგიდაზე და თავი ასწია. როცა მისი რეაქცია შენიშნა ბართლომეოსმა, ხელჯოხს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა, პატარა მარტას უთხრა სახლში შესულიყო, თვითონ კი ირის მიუბრუნდა.

-ანრი სად არის? – ჰკითხა გოგონამ მსახურს, ის კი დაიბნა.

-ჩვენი სტუმარი, რომელიც თქვენთან ერთად მუშაობს. – განუმარტა კაცმა.

-აჰ, ის ახლაგაზრდა აქვეა, ბეღლის ჩამონგრეულ ფიცრებს აჭედებს.

-ბართლომეოს, ის… ის… მეფის გვარდიელებმა არ უნდა ნახონ. – შიშჩამდგარი თვალებით მიუბრუნდა გოგონა კაცს. მის ხმაში ვედრებაც გაისმა. – გთხოვთ, რამე იღონეთ. 

კაცი წამიერად ჩაფიქრდა, მერე კი სანამ პირს გააღებდა და რამეს იტყოდა, უეცრად ცხენების ჭიხვინის ხმები გაისმა და ჰორიზონტზე გვარდიელებიც გამოჩნდნენ. ექვსნი იყვნენ, სამეფო წესისამებრ ოქროსფერი აბჯრითა და იარაღით შემკულები. სახეებს ჩაფხუტები უფარავდათ. მათი ცხენებიც კი ოქროთი იყო შემოსილი. ბართლომეოსი მუშას მიუბრუნდა და უთხრა.

-ბეღელთან გაიქეცი და ჩვენს სტუმარს უთხარი რაც ხდება. უთხარი არ გამოჩნდეს, სანამ არ წავლენ!

-დიახ, ბატონო! – თავი დაუქნია მან და მაშინვე გაიქცა.

ირის გული აუჩქროლდა ნერვიულობისგან, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მისმა მასპინძელმა ზედმეტი კითხვები არ დაუსვა, ძალიან გაახარა. საკუთარი თავის გამო არ დარდობდა. იცოდა, რომ სახეზე მაინც ვერავინ იცნობდა, რადგან ხუთი წელი იყო ამ სამეფოში აღარ ყოფილა, თუმცა სახეზე ნამდვილად იცნობდნენ ციხიდან გაქცეულ არაგონს, ამიტომ პრიორიტეტი ახლა მხოლოდ მისი დაცვა იყო.

მეფის გვარდიელებმა მსახურებსა და მეზობლებს შორის გზა მედუდრი შემართებით გამოიკვლიეს და სახლს მოუახლოვდნენ. ბართლომეოსმა ხელჯოხის დახმარებით, თავისი ხის ფეხით ძლივს ჩაიარა კიბეები და ამაყად, თავაწეული გაჩერდა მხედრების წინაშე.

-ბართლომეოს სორია? – ცხენიდან ჩამოსვლაც კი არ ინება მხედარმა, ზემოდან გადმოხედა მას, ჩაფხუტის ცხაური აიწია და ისე გადმოსძახა.

-დიახ, მე ვარ. ჩემს ფერმაში იმყოფებით. – ცივად მიუგო კაცმა.

მხედარმა გვერდულად ჩაიცინა, ჩაფხუტს ხელი ჩაავლო და მოიხადა. იმ მომენტში ნათლად დაინახა ირიმ მისი სახე, რის გამოც სხეულში უსიამოვნოდ გასცრა. ცივი ჟრუანტელი ხერხემალს დაუყვა და კიდურებში სისხლი გაეყინა. ეს მეფის გვარდიის კაპიტანი, მარატ მარსელი იყო. ამ ხუთ წელიწადში მისი წითური თმა სულ უფრო გაღიავებულიყო და გაჭაღარავებულიყო, მაგრამ მის სახეზე თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ზუსტად ისეთივე მედიდური და ამპარტავნული იერის მქონე იყო, როგორც ახსოვდა.

გოგონამ ამის გააზებისას მკვეთრად მიაბრუნა სახე და პარმაღის მასიურ, ხის სვეტს ამოეფარა. კაპიტანმა მისი ეს მკვეთრი მოძრაობა შენიშნა, წამით შეავლო მზერა ირის ჩრდილს, მერე კი ისევ ბართლომეოსს გახედა.

-მოღალატე ოლივერ ვალენტას ვეძებთ. ვიცით, რომ ქარვის სამეფოშია და სადღაც ამ ტერიტორიებზე დახეტება!

-ოლივერ ვალენტა? – გაოგნდა ბართლომეოსი, – მხედართმთავარი?

-ყოფილი! – შეუსწორა კაცმა.

-აქ არ არის და არც გვინახავს. – ხელები გაშალა მასპინძელმა.

-მეფემ ბრძანება გასცა, რომ ვინც დამნაშავეს შეიფარებს, სიკვდილით დასჯიან! – ზიზღი გამოერია კაპიტანს ხმაში.

-ჩემს შვილიშვილს მარტო მე ვყავარ. როგორ ფიქრობთ, ასე გავრისკავდი ვიღაც მოღალატის შეფარების გამო? – ირონიამ გაიჟღერა მის ხმაში, მაგრამ ირიმ იგრძნო, რომ ეს ირონია ოლივერს არ ეკუთვნოდა, ეს უგულო მეფის და მთელი მისი არმიის წინააღმდეგ იყო გაჟღერებული.

-ჩემი ხალხი მას ყველგან ეძებს. იმედი მაქვს ასეთი სულელიც არ აღმოჩნდებით. – მიახალა კაცმა ცივად, მერე კი აღვირს მოქაჩა, ცხენი მიაბრუნა, დეზები შემოჰკრა და თავის დამქაშებთან ერთად იქითკენ გაქუსლა, საიდანაც მოვიდა.

როგორც კი სახლს გაშორდნენ, ირიმ შვებით ამოისუნთქა, დაძაბული მხრები ჩამოუშვა და მოწყვეტით ჩაესვენა სკამში. სწორედ ამ დროს ანრიმაც მოირბინა. სახე სულ გაფითრებული ჰქონდა, თმა კი გიჟივით გასწეწოდ. ფერწასულ ირისთან მივარდა და მის სკამთან ჩაიმუხლა.

-მსახურებმა მითხრეს, რომ მეფის გვარდიელები იყვნენ მოსული. ყველაფერი კარგადაა? 

-კი, კარგადაა. – ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ. – ოლივერს ეძებდნენ.

-კიდევ კარგი, ჩვენთან ერთად არ არის. – ისე დაიჩურჩულა ანრიმ,  რომ მხოლოდ ირის გაეგონა.

სწორედ ამ დროს, იქვე, კიბესთან მდგარმა ბართლომეოსმა ჩაახველა და პარმაღზე მყოფ თავის სტუმრებს ინტერესით სავსე მზერით ახედა.

-ახალგაზრდებო, მგონი ჩემთვის რაღაც გაქვთ ასახსნელი.

ირიმ და ანრიმ ერთმანეთს გადახედეს. უსიტყვოდ მიხვდნენ, რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ანრიმ გადაწყვიტა, თავად ეღიარებინა ყველაფერი.

-ბატონო ბართლომეოს, ეს ყველაფერი ჩემ გამო მოხდა. მე ანრი არაგონი ვარ, რამდენიმე კვირის წინ სორიას ციხიდან გავიქეცი.

მასპინძელმა მიწოდებული ინფორმაცია ძალიან ჩვეულებრივად, ზედმეტი ემოციების გამოხატვის გარეშე მიიღო. მერე თვალები დააწყვრილა და მამაკაცს ჩააკვირდა.

-არაგონი? – იკითხა მან. – იმ ცნობილი არაგონების ოჯახიდან ხარ?

-დიახ.

-ციხეში რატომ იჯექი?

-მეფისთვის მსახურობაზე უარი ვთქვი!

-გასაგებია. – თავი დაუქნია მშვიდად მან, – და ოლივერ ვალენტას იცნობთ?

-არა! – მაშინვე უარყვეს ერთდროულად, თუმცა ბართლომეოსის ბაგეზე აღბეჭდილმა ირონიულმა ღიმილმა მიახვედრათ, რომ კაცმა სიმართლე უკვე ისედაც იცოდა.

-ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, – მათკენ წაიწია მასპინძელმა და ხმას დაუწია, – ზოგჯერ მეც ვეხმარები მეფის ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ აჯანყებულებს.

ირიმ ცოტა ხანს უმზირა გაშტერებული მზერით კაცს, შემდეგ კი გადაწყვიტა მისთვის ის კითხვა დაესვა, რომელიც ფერმაში ფეხის დადგმის მომენტიდან აწუხებდა. გოგონამ ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და ჰკითხა.

-ისეთი მმართველი რომ გამოჩნდეს, ვისაც მხოლოდ მშვიდობა ენდომება, ვინც დათმობებზე წავა და ვინც ხალხის სიცოცხლეებით არ ითამაშებს, თქვენნაირი ადამიანი მას მხარს დაუჭერდა? 

ანრის ლამის სუნთქვა დაავიწყდა, როცა გაჟღერებული კითხვა გონებაში გადახარშა. ირის კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა, თუმცა გოგონა მას და მის მშფოთვარე განწყობას საერთოდ ვერ ამჩნევდა. მთელი ყურადღება ბართლომეოსზე ჰქონდა გადატანილი.

-ვინმე, ოლივერ ვალენტას მსგავსს გულისხმობ?

-თუნდაც.

-მნიშვნელობა არ აქვს ტახტზე ვინ დაჯდება, ომი მაინც ყველას სურს. ყველა მმართველს მუდამ დაპყრობა და განადგურება უნდა. 

-და მაინც, მხარს დაუჭრდით? რადგან ქვეითთა ასეულის კაპიტანი იყავით, ალბათ ძალიან დიდი სანაცნობო წრე გყავთ და გავლენაც გაქვთ. მითხარით, მხარს დაუჭერდით უგულო მეფისგან რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას?

-თუ მეცოდინებოდა, რომ ამით ჩემს შვილიშვილს უკეთეს მომავალს შევუქმნიდი, მხოლოდ მხარს კი არ დავუჭერდი, მისთვის ჩემი ცალი ფეხით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებდი! – ისეთი ხმით თქვა კაცმა, თითქოს ეს სიტყვები ფურცელზე მანიფესტად ჩამოწერა და ბეჭედიც დაუსვაო.

ირიმ აღფრთოვანება ვერ დამალა. მიმიკა ვერ შეინარჩუნა და უეცრად გულით გაეღიმა, მერე კი შენიშნა, რომ მამაკაცის ხშირი ულვაშების მიღმაც გაკრთა ეშმაკური ღიმილი.

პარმაღზე ჩამოვარდნილი უჩვეულო სიჩუმე, წითურმა მსახურმა ქალმა დაარღვია. ქვაბში მოთუხთუხე ცხელი კარძი ხმაურით გამოიტანა და გაშლილ სუფრაზე დადგა.

-ვახშამი მზარ არის, ბატონო, შეგიძლიათ სტუმრებს მოუხმოთ. – თქვა წითურმა და ისევ სახლში შებრუნდა.

-წავალ, ვახშმისთვის მოვემზადები. – თავის დავსრილ პერანგს დახედა ანრიმ, მერე კი სახლში შეჰყვა მოახლეს. მამაკაცს ეგონა, რომ ირიც უკან მიჰყვებოდა, თუმცა როცა მოტრიალდა, დაინახა, როგორ გადაიხარა ირი მოხუცი მასპინძლისკენ, მის მხრებზე ხელები დაალაგა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. 

ამ სიტყვების თქმის შემდეგ, მოხუცს უეცრად თვალები გაუფართოვდა. ერთდროულად უამრავი ემოცია ჩაუდგა მზერაში. თითქოს რაღაც სასწაული მოისმინაო, აღშფოთდა, ანერვიულდა, თან სიხარულიც გამოხატა. მის სახეზე ერთდროულად მილიონმა ემიციამ გადაირბინა. ირიმ თავდაჯერებულად გაიღიმა, თითქოს სწორედ ამ რეაქციას ელოდა მისგან. მერე შემოტრიალდა და  ანრისკენ წავიდა.

-რა უთხარი ასეთი იმ კაცს? – ჰკითხა გაოგნებულმა მამაკაცმა.

-იმედი მივეცი. – ორაზროვნად გაიღიმა ირიმ.

ვახშმის მხიარულად დასრულების შემდეგ, კარგად დანაყრებული და ცოტა შეზარხოშებული სტუმრები მალევე დაიფანტნენ. ძალიან გვიანი იყო, ამიტომ ირიმ და ანრიმაც გადაწყვიტეს დაძინება და რადგან მასპინძლისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდათ, რომ ახლადაქორწინებულები იყვნენ, მათთვის მსახურებმა ერთი საძინებელი მოამზადეს.

შანდლით ხელმომარჯვებულმა მოახლე ქალმა, საძინებლამდე მიაცილა სტუმრები. შანდალი, რომელზეც ოთხი სანთელი ენთო, ხის, მოჩუქურთმებულ კომოდზე შემოდგა, თავად კი მშვიდობიანი ღამე უსურვა სტუმრებს და გარეთ გავიდა.

ოთახი უხერხული სიჩუმით გაიჟღინთა. საწოლთან მდგარი ირი დაბნეული და სახეაჭარხლებული აქეთ-იქით იხედებოდა, ოთახს ათვალიერებდა, თან არ იცოდა აცახცაეხებული ხელები სად წაეღო. ფანჯარასთან აწურული ანრი ეზოს გაჰყურებდა. მთვარის შუქით განათებულ ჰორიზონტზე, ჯერ კიდევ შეინიშნებოდა მუშებისა და მსახურების გადაადგილება.

ოთახი არც ისე დიდი იყო. შიგნით მხოლოდ მოზრდილი საწოლი და კომოდი იდგა. მეტი ავეჯისთვის ადგილი ისედაც არ იყო. 

ბოლოს ირიმ საწოლზე მისთვის მიფენილი ღამის, ტილოს პერანგი შენიშნა, ხელში აიღო და ანრის გახედა.

-შეტრიალდი. – სიჩუმე დაარღვია გოგონამ.

-ისედაც შეტრიალებული ვარ და ეზოს ვუყურებ, რომ უხერხულობა არ შეგიქმნა. – ჩაილაპარაკა თავისთვის მამაკაცმა. 

-საწოლზე ვინ დაიძინებს? – იკითხა გოგონამ, წინსაფარი მოიხსნა, ცისფერი კაბა გადაიძრო და ტილოს პერანგი სწრაფად ჩაიცვა.  

-რა კითხვაა? მშობლებმა კარგად აღმზარდეს. ასე რომ, რაინდულად მოვიქცევი და საწოლს ქალბატონს დავუთმობ. – მიუგო ანრიმ. ხმაზე ეტყობოდა, რომ სიცილის შეკავებას ცდილობდა.

ირიმაც კმაყოფილი სახით გაიღიმა, საბანი ასწია და შიგნით შეძვრა. როცა გოგონა საბნის შრიალს მორჩა, ანრიმ წარბაწევით გადახედა მას.

-ახლა შენც შებრუნდი.

-საწოლში ვერ შევბრუნდები. – გაიკვირვა ირიმ.

-უბრალოდ არ მიყურო. – შეუბღვირა არაგონმა.

-კარგი. – თქვა სიცილით გოგონამ, ბალიში აიღო და სახე შიგნით ჩარგო.

ანრის გაეცინა, მერე სწრაფად გაიხადა პერანგი, შარვალი და საცველბის ამარა საწოლზე მიგდებულ პლედში გაეხვა. ირიმ თავი ამოსწია ბალიშიდან, მის გვერდით მეორე ბალიშს გადასწვდა და ანრის ესროლა. მამაკაცმაც სწრაფად დაიჭირა, სანთლები სულის შებერვით ჩააქრო, ხალიჩაზე წამოგორდა და ბალიში თავქვეშ ამოიდო.

-როგორ ფიქრობ, ოლივერი და ლინდა კარგად არიან? – ფანჯარას გახედა ირიმ. სანთლის ჩაქრობის შემდეგ შენიშნა, რომ ფანჯირს კუთხეს მთვარის ვეცრხლისფერი შუქი ადგა, რომელიც იატაკზე იღვრებოდა და პირდაპირ ანრის მბზინვარე თმას ეცმებოდა.

-დარწმუნებული ვარ, არაფერი უჭირთ.

-და ლუი?

-ძლიერი ბიჭია. ამ მხარეში გაიზარდა. კარგად იცის ტორნადოებისგან თავი როგორ უნდა გადაირჩინოს.

-ხვალ, როგორც კი გათენდება, ბანაკში წავალთ. – თითქოს თავის თავს უთხრა გოგონამ.

-ირი, ძალიან დავიღალე და დაძინებას ვცდილობ. – ამოიოხრა ანრიმ, – ვცდილობ მალე გავთიშო გონება, რომ აღარ ვიგრძნო, როგორი მყარი და ცივია ეს იატაკი.

წამიერად ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ირიმ შინაგანი მღელვარება იგრძნო. არ ასვენებდა ის ფაქტი, რომ დაღლილ და მთელი დღის ნაბრძოლ ანრის, იატაკზე უწევდა დაძინება, თავად კი რბილ და კომფორტულ საწოლზე. თავიდან აზრების უკუგდება სცადა, თუმცა საბოლოოდ სინდისმა მაინც არ მოასვენა. გოგონა საწოლზე წამოჯდა და წინ გადმოიხარა.

-ანრი! – დაუძახა მან.

მამაკაცმა უჩუმრად გადაატრიალა თვალები, მერე კი მთელი ტანით გადმობრუნდა გოგონასკენ. მან საბნის კიდე ასწია და ღიმილით უთხრა.

-მოდი!

-სერიოზულად? – გაოგნდა ანრი.

-იატაკზე დასაძინელად არ მემეტები, მით უმეტეს, როცა რბილი საწოლი აქვეა. – გაეცინა ირის.

მამაკაცსაც უნებლიეთ გაეცინა, მაშინვე წამოხტა ფეხზე, პლედი მოიძრო, სადღაც გაისროლა და თავის ბალიშიანად საწოლში თავით შევარდა.

-გაყინული ფეხები გაქვს. – დაიწუწუნა გოგონამ, როგორც კი მისი შეხება იგრძნო.

-ამაღამ ძალიან ცივა.

-იცოდე, ზედმეტი არაფერი გაბედო. – თვალები გამაფრთხილებლად დაუბრიალა, მერე გადაბრუნდა და კედელზე არეკლილ მთვარის მოლიცლიცე შუქს შეაცქერდა.

-რა თქმა უნდა. – გაეღიმა ანრის, საბანში გაეხვა და თავი ბალიშს მიაყრდნო. 

საბანი ერთ წამში გახურდა და მოგიზგიზე ცეცხლით სავსე ბუხრად გადაიქცა. ირის დასცხა და საბნიდან ხელები ამოსწია, მერე თმა გადაიწია, მერე ბალიში გაისწორა, მაგრამ მოსვენება მაინც ვერ ჰპოვა. მთელი ტანით გრძნობდა, როგორ ხურდა მის ზურგს უკან ანრი არაგონი. მისი ძლიერი გულის ბაგაბუგიც კი ესმოდა, რომელიც საწოლს ვიბრაციად გასჯდომოდა. 

წამის შემდეგ გოგონამ შენიშნა, რომ მისი გულის ცემის ძალაც არ ჩამორჩებოდა ანრისას. 

ვერ დაიძინებდა. ასე ვერა. რაღაც უნდა გაეკეთებინა. რაღაც, რაც ორივეს მოადუნებდა და რაღაც რაზეც იმ მომენტში ორივე ფიქრობდა.

უცებ ირიმ მხარი იცვალა, ანრისკენ გადაბრუნდა, წამოიწია, იდაყვით საწოლს დაეყრდნო და მამაკაცის სახეს, მის პროფილს და მის მკვეთრად გამოყვანილ ყბის ძვალს დააკვირდა. ანრიმ ნელა გადმოაბრუნა მისკენ თავი და გოგონას შეხედა. მზერაში გაკვირვება ჩასდგომოდა. ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ირის ეს საქციელი.

-რა… – პირი გააღო მამაკაცმა და კითხვის დასმა დააპირა, თუმცა მოულოდნელად გოგონა მისკენ დაიხარა, მის სახეს თითები მოკიდა, მყარად დაიჭირა და თავისი ბაგეებით ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს. 

ანრის მთელ სხეულში გააჟრჟოლა. ერთ წამში სისხლი დიდი სიჩქარით აუვარდა თავში, ქალას ააწვა და ყურები აუწივლდა. ირის სახეში სისხლი მოაწვა და მისი ყვრიმალები ვარდისფრად შეფაკლა. გული კისერში ჩიტივით უფართხალებდა და სუნთქვას უკავებდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა მისი ტუჩების ფრთხილად შეხებას, დაგემოვნებას, შეგრძნებას. უეცრად არაგონმა გულის სიღრმიდან ამოიგმინა, გოგონას წელზე ხელი ძლიერად მოავლო, ოდნავ წამოსწია და მუხლებზე დაისვა, შემდეგ კი მის თმებში საკუთარი თითები გახლართა, თავისკენ მიიზიდა და ვნებით წამონთებული ბაგეებით დაეწაფა.

ფრთხილი და ნაზი შეხებიდან, ასეთ ვნებიან ნახტომს ნამდვილად არ ელოდა ირი. ამან კიდევ უფრო ააღელვა, კიდევ უფრო აუჩქარა პულსი და კიდევ უფრო ააფორიაქა მთელი მისი შინაგანი სამყარო. ათრთოლებული თითები მის შიშველ მკერდზე აატარა, მხრებზე გადაუსვა, მერე კი კისერზე შემოხვია და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. ვინმეს რომ ეთხოვა, სიტყვებით ვერასდროს გადმოსცემდა იმ ვნებას, სიამოვნებას და ყველა იმ ემოციას, რასაც იმ წამში განიცდიდა, თუმცა შინაგანად მაინც იცოდა, რომ დროზე უნდა გაჩერებულიყო. თავადვე უნდა შეეჩერებინა ის, რაც წამოიწყო. და საბოლოოდ ასეც მოიქცა.

გოგონამ უეცრად თავი ასწია, ანრის ბაგეებს მოსწყდა, მკერდზე ხელები მიაბჯინა, მსუბუქი ბიძგით მამაკაცი ჩამოიშორა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. გაოგნებული, ემოციით სავსე ანრის საფირონისფერ თვალებს წამიერად ჩააკვირდა, შემდეგ კი მხარი ისევ იცვალა და ისევ კედელს მიაშტერა მზერა.

ხუთი წამის განმავლობაში ჩაისუნთქა და ხუთი წამის განმავლობაში ამოისუნთქა. ასე რადენჯერმე გაიმეორა, რის შედეგადაც ამოვარდნილი გული დაუწყნარდა, სუნთქვა და გონება დაუმშვიდდა და მთელი ძალით დააიგნორა ის არსება, რომელიც მის გვერდით იწვა და ახლა უკვე იმაზე მეტად დუღდა, ვიდრე რამდენიმე წამით ადრე.

***

ჩავლილი ტორნადოს შემდეგ, მზიანი და ცხელი, თაკარა დღე დადგა, თუმცა არც სიცხეს შეუშინებია  ანრი და ირი. დილით თავიანთ მასპინძელს ისევ გაუწიეს დახმარება წვრილმან საქმეებში, მერე კი ფერმის ყველა ბინადარს სათითაოდ დაემშვიდობნენ და ბანაკისკენ გზას დაადგნენ.

თავიდან სწრაფად აჭენებდნენ, ხოლო, როცა ბანაკს მიუახლოვდნენ, სვლა შეანელეს. ანრიმ იცოდა, რომ მალე ლუის და დანარჩენებს ნახავდნენ, რის გამოც შეიძლებოდა ირისთან განმარტოებით საუბრის საშუალება აღარ მისცემოდა, ამიტომ გადაწყვიტა იქამდე წამოეწყო საუბარი, სანამ ჯერ კიდევ მარტონი იყვნენ.

-ბართლომეოსი კარგი ადამიანია, არა? – სასხვათაშორისოდ თქვა ანრიმ. – იშვიათია დღევანდელ ეპოქაში ასეთი ადამიანი შეგვხდეს.

-კი, ნამდვილად კარგი ადამიანია. – ისე დაეთანხმა ირი, მისკენ არ გამოუხედავს. გაშტერებული მზერით გზას უყურებდა.

-მისი მსახურებიც კარგი ხალხია. გუშინ მეფის გვარდიელები რომ გამოჩნდნენ, ძალიან დაგვეხმარნენ. – ისევ გულგრილად თქვა მამაკაცმა.

-ასეა. – ისევ დაეთანხმა ირი.

-და მისი შვილიშვილი… – კვლავ წამოიწყო ანრიმ, თუმცა ამჯერად გოგონამ შეაწყვეტინა.

-არაგონ, პირდაპირ რატომ არ ამბობ იმას, რისი თქმაც გინდა? – თავი მოაბრუნა და ცისფერი თვალები შეანათა გოგონამ მას.

-მე? – გაიკვირვა მამაკაცმა.

-ჰო, შენ! – სარკასტულად გაიღიმა ირიმ, – აშკარად ვხვდები, რომ რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ საუბარს წელავ.

-კარგი, მართალია… – როგორც კი მის თვალებში ჩაიხედა, მაშინვე დანებდა და აღიარა ანრიმ, –  გუშინდელი… ამბავი მაინტერესებს.

-რომელი ამბავი? – ცალი წარბი ასწია გოგონამ და უტეხად შეხედა.

-კარგად იცი, რომელიც. – გამკიცხავი მზერა ესროლა მამაკაცმა.

-არ ვიცი! – მხრები აიჩეჩა ეშმაკური ღიმილით გოგონამ. შესანიშნავად იცოდა, რა ამბავიც აინტერესებდა ასე ანრი არაგონს.

-რატომ მაკოცე? – ჰკითხა უცებ პირდაპირ.

-შენ რატომ ამყევი?

-რას ჰქვია, რატომ?

-მე მსუბუქად შეგეხე ტუჩებზე, შენ კი ლამის…

-ბოდიში თავი თუ ვერ შევიკავე იმ მომენტში, როცა ლამაზი ქალი ჩემთან ასე ახლოს იყო და მკოცნიდა.

-მე დავიწყე, ასე რომ… უფრო მეტწილად ჩემი ბრალია.

-რა თქმა უნდა, შენი ბრალია. – წარბები შეჭმუხნა მამაკაცმა.

-აი, ჩვენი პირველი ჩხუბიც. ძალიან ვწუხვად, რომ არაფერი გამოვიდა. ჯობია ერთმანეთს დავშორდეთ, ქმარო. – სერიოზული სახით უთხრა ირიმ, მერე თითიდან ანრის დედის საფირონისთვლიანი ბეჭედი წაიძრო, ცხენიდან გადაიწია და მამაკაცს გაუწოდა.

-რა სწრაფად დასრულდა ჩვენი ქორწინება. – სიცილს ვერ იკავებდა მამაკაცი. ისიც გადმოიხარა ქალისკენ, ხელი გამოუწოდა, მერე კი ბეჭედი ისევ ნეკა თითზე წამოიცვა. – მაგრამ ჩემ კითხვაზე მაინც არ გიპასუხია!

-კარგი რა, ახლა გინდა ამაზე საუბარი?

-კი, მინდა.

-იმიტომ გაკოცე, რომ ეს… გამომეცადა.

-რა გამოგეცადა?

-მთელი ცხოვრება ჯერ მშობლების კონტროლის ქვეშ გავატარე და მერე გაქცევაში. როგორ ფიქრობ, ოდესმე შანსი მექნებოდა, რომ შეყვარებული მყოლოდა? – თვალებში შეხედა ირიმ მას, – მინდოდა გამეგო… კოცნა… როგორია. ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ.

ანრიმ უეცრად საშინელი იმედგაცრუება იგრძნო. მას შემდეგ, რაც ირიმ აკოცა, მთელი ღამე თეთრად გაათენა. გონება აფორიაქებული ჰქონდა, რაც თვალის მოხუჭვის საშუალებას არ აძლევდა. ათას რამეზე ეფიქრებოდა. აინტერესებდა, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი გოგონამ. იქნებ მოსწონდა, ან იქნებ მის მიმართ უფრო მძაფრი, ღრმა გრძნობები ჰქონდა? ორივე შემთხვევაში ანრი კმაყოფილი დარჩებოდა, მაგრამ საერთოდ არ დააკმაყოფილა ირის პასუხმა. ეს ძალიან მარტივი პასუხი იყო, რაზეც წინა ღამით ანრის საერთოდ არ ეფიქრა.

-კარგი, – ჩაილაპარაკა მამაკაცმა გულდაწყვეტით, – ვიქნები შენ გამო რაინდი და ამ ყველაფერს დავივიწყებ.

-გმადლობ. – თავი დაუქნია გოგონამ, მერე კი გზიდან გადაუხვია და დაბლა ჩამავალ ბილიკს ჩაუყვა. ანრიც უკან მიჰყვა. 

ცოტა ხანში ცხენიდან ჩამოხტნენ და ბანაკში შეაბიჯეს. ოლივერი და ლინდა უკვე იქ იყვნენ. როდესაც ლუიმ ისინი დაინახა, გაბრწყინებული სახით ორივეს მივარდა და ლამის მუხლებში ჩაუვარდა.

-ღმერთს მადლობა, რომ დაბრუნდით! – შესძახა სახეაჭარხლებულმა ბიჭმა, რომელსაც თვალები ცრემლებით გავსებოდა. 

-რა თქმა უნდა, დავბრუბდით, ფუნთუშა, ამაში ეჭვი გეპარებოდა? – მხარზე ხელი დაუტყაპუნა ანრიმ.

-ისეთი საშინელი ტორნადო იყო… კიდევ კარგი ჩვენს ბანაკს არ გადაუარა, თორემ… – სლუკუნით თქვა ბიჭმა.

-დამშვიდდი, ახლა ყველაფერი რიგზეა. ჩვენ აქ ვართ. – ერთი გაუღიმა ანრიმ და ლუისთვისაც სწორედ მაშინ გამოანათა მზემ.

ირიმ თვალებით მაშინვე ოლივერი მოძებნა, მისკენ გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა, მერე კი თვალებში შეხედა.

-ყველაფერი რიგზე გაქვს?

-ჩემზე ღელავ? მე კიდევ შენზე დარდით მოვკვდი. ახლა შენს საძებნელად წამოსვლას ვაპირებდი . – მიუგო აღელვებულმა ოლივერმა. – ასე სულელურად როგორ მოიქეცი? რამდენჯერ გაგაფრთხილე, გაავებული მხეციც რომ მჭამდეს შენს თვალწინ, ჩემკენ ნაბიჯი არ უნდა გადმოდგა. თავს უნდა გაფრთხილდე, ირი!

-მაგას როგორ მთხოვ, მას შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ? – გაცხარდა გოგონაც. – შენ გარეშე ვერ გადავრჩებოდი! როგორც შენ ხარ მზად ჩემთვის სიცოცხლე გაიღო, იგივეს გაკეთება შემიძლია მეც!

-კარგად იცი, რომ ამ სიტუაციაში მე არ ვარ მნიშვნელოვანი. – კბილებს შორის გამოსცრა მან, მერე ანრის გახედა და ჰკითხა, – სად იყავით?

-აქვე, ფერმას შევაფარეთ თავი. ბართლომეოს სორიამ გვიმაპსინძლა. როგორც აღმოჩნდა, შენი დიდი გულშემატკივარია.

-სორია?

-იცნობ?

-არა, მაგრამ მსმენია, რომ კარგი მებრძოლი იყო.

-ახლა ცალი ფეხი აქვს, მაგრამ მაინც მყარად დგას მიწაზე.

-გმადლობ, რომ ირი მშვიდობით დააბრუნე უკან. – ბოლოს მეგობრული, დამთბარი ტონით მიუგო მამაკაცმა.

ირიმ ხელი ასწია, მის სახეზე დაკრულ სალბუნს კუთხე აუწია და ჭრილობას შეხედა. 

-სახეზე რა მოგივიდა? 

-არაფერია.

-ოლივერ!

-ნუ ღელავ, უბრალოდ ნაკაწრია.

-აბჯარი დიაბრუნე?

-დავიბრუნე!

ირიმ შვებით ამოისუნთქა, შემდეგ კი უკან მდგარი ლინდასკენ წავიდა. როცა მიუახლოვდა, უეცრად ხელები გაშალა, ქალს მოეხვია და გულში მაგრად ჩაიკრა. ლინდა ჯერ გაკვირვებით გაშეშდა, შემდეგ კი სხეული მოადუნა და გოგონას წელზე თავადაც შემოხვია ხელები.

-რას ვიფიქრებდი, შენი დანახვა, ასე თუ გამიხარდებოდა. – სიცილით უჩურჩულა ირიმ.

-არც მე. – ლინდასაც გაეცინა.

-გმადლობ, რომ ოლივერს გაჰყევი. – ამჯერად უფრო ხმადაბლა დაიჩურჩულა გოგონამ, მერე მზერა გაუსწორა ქალს და თვალი ჩაუკრა.

-რადგან ყველანი აქ ხართ და საფრთხე აღარ გემუქრებათ, ახლა მშვიდად შემიძლია სადილი მოვამზადო. – შესძახა გახარებულმა ლუიმ.

-სადილის შემდეგ დავიძინოთ, შუაღამისას კი ავდგეთ და გზას დავადგეთ. ხვალ უკვე სანაპირომდე უნდა მივაღწიოთ. რას იტყვით? – გეგმა გააცნო ოლივერმა დანარჩენებს.

-კარგი აზრია. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. – დაეთანხმა ირი.

დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა ეთანხმებოდა მამაკაცს.

ლუიმ სწრაფად დაანთო ცეცხლი და სადილის მომზადებას შეუდგა. ისადილეს, რამდენიმე საათს დაიძინეს, შემდეგ კი როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, შუაღამისას ოლივერმა ყველა გააღვიძა. 

ბარგი აკრეფილი, ცხენები კი გამზადებული ჰყავდათ, ამიტომ გამოფხიზლდნენ თუ არა, მაშინვე გზას დაადგნენ.

გზაზე წინ ოლივერი მიდიოდა, ტიტანიაზე ამხედრებული. წელში გამართულიყო, თავი მაღლა აეწია და გარემოს ინტერესიანი, დაკვირვებული მზერით ათვალიერებდა, რომ რაიმე არ გამოჰპარვოდა. 

თავს არც ისე კარგად გრძნობდა. გაბრუებული იყო, პერიოდულად ყურებში შიშინი ესმოდა, სახის მარჯვენა მხარე კი, სადაც ჭრილობა ჰქონდა, მთლიანად სტკიოდა, თუმცა ყველაფერს გადაღლას აბრალებდა და ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა. წინ დიდი გზა ჰქონდა, რომელიც შეუსვენებლივ უნდა გაევლოთ.

ურემზე წინა დასაჯდომზე ანრი და ლუი ისხდნენ, უკან კი ნივთებსა და ბარგს შორის, პლედზე ერთმანეთის პირისპირ ირი და ლინდა მოთავსებულიყვნენ. ლუის ხელში აღვირი ეჭირა, თვლემდა, პერიოდულად თავი უვარდებოდა და შუბლს ანრის მხარზე აყრდნობდა.

ანრის თითებს შორის თავისი ძვირფასი შენაძენი, მისი საყვარელი მუსიკალური საკრავი, ბარბითი მოექცია. მისი თავი მუხლებზე ჩამოეყრდნო, სიმებს მართავდა და მის ჟღერადობას ამოწმებდა. რაღაც მელოდიის აწყობას ცდილობდა, თუმცა სულ ტყუილად. 

ლინდა მთელი ეს დრო ჩუმად იჯდა, ხელში ის ალბომი ეჭირა, რომელიც სახატავად აჩუქეს, და ნახშირით შიგნით რაღაცას ხატავდა. უფრო სწორად იმ სიმბოლოს ხატავდა, რომელიც ოლივერსაც ჰქონდა და დემიანსაც. მისი მნიშვნელობა ძალიან აინტერესებდა.

-ხვალ უკვე ზღვაზე ვიქნებით. – უცებ სიჩუმე დაარღვია ირიმ. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა და ისე ეღიმებოდა, თითქოს რაღაც ტკბილი მოგონება გაახსენდაო.

-ბოლოს ზღვაზე როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. – ჩაილაპარაკა ანრიმ, მერე ლინდას გადმოხედა და ჰკითხა, – შენს… სამეფოში… ყველაზე სუფთა ზღვაა, ხომ ასეა?

-ასეა. – თავი დაუქნია მან. – ყოველ ზაფხულს ზღვაზე ვატარებ. – გაეღიმა ქალს, რადგან არ ტყუოდა. თავის მეგობრებთან ერთად ყოველ წელს ატარებდა ზღვაზე. ისიც გაახსენდა, რომ ბავშვობაში საზღვაო არდადეგებს მშობლებთან ერთადაც იწყობდა ხოლმე. – წელსაც გავატარებდი, უეცრად აქ რომ არ აღმოვჩენილიყავი.

-ჯერ კიდევ აგვისტოა. არავინ იცის, ხვალ რა იქნება. იქნებ უკან დაბრუნდე და მოახერხო შენი მშვიდი ცხოვრების რიტმის დაბრუნება.

-იმედი მაქვს ასეც იქნება. – ნაღვლიანი სახით თქვა ლინდამ, მერე კი მისდაუნებლიეთ სევდით სავსე მზერა წინ მიმავალ ოლივერის ფიგურას გააყოლა. ეს მზერა ირიმ დაიჭირა და გაოცებით თვალები გაუფართოვდა. ვერ მიხვდა, რითი იყო ლინდას სევდა გამოწვეული. იქნებ აქედან წასვლა აღარც უნდოდა? ან იქნებ გულიც კი სწყდებოდა აქ გაცნობილ ადამიანებზე? ან იქნებ მხოლოდ ერთ ადამიანზე?

-ლინდა! – შესძახა უცებ წინ მიმავალმა ოლივერმა. ქალმა მისი სახელის გაგონებისას, თავი უნებლიეთ წამოსწია და მამაკაცს გახედა. მას მისკენ არ გამოუხედავს, უბრალოდ ხმაზე შეეტყო, რომ ეცინებოდა. – შენ იტყვი თუ მე ვთქვა?

ქალი მაშინვე მიხვდა, რაზეც საუბრობდა ის, ამიტომ თავი უხალისოდ გადააქნია.

-ეს…აუცილებელია?

 ჯერ კიდევ არ ჰქონდა იმის სურვილი გაემხილა, თუ საიდან ჩამოვიდა.

-აუცილებელია. გუნდი ისე ვერ შეიკვრება, თუ გულწრფელობა არ იარსებებს წევრებს შორის. – მიუგო ოლივერმა და სვლა ოდნავ შეანელა, რომ ურემი დასწეოდა და ყველაფერი კარგად მოესმინა, რასაც ლინდა იტყოდა.

-და შენს გულწრფელობაზე რას იტყვი, ოლივერ ვალენტა?!

-ახლა საუბარი შენს გულწრფელობაზეა, ლინდა!

-რა ხდება? – იკითხა ამ საუბრით დაბნეულმა ირიმ.

-ლინდას რაღაც აქვს სათქმელი! – გაეპასუხა ოლივერი.

ყველამ ლინდას გახედა დაინტერესებული მზერით. ქალმა ამოიოხრა, ალბომი დაკეცა და ოდნაც წამოიწია. იცოდა, რომ გაჯიუტებას, ანდაც დროის გაწელვას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ირის გაუსწორა მზერა და თქვა.

-მარგალიტის კუნძულებიდან არ ჩამოვსულვარ!

-ვიცით!. – ერთდროულად თქვეს ირიმ, ანრიმ და ნახევრად მძინარე ლუიმ.

-იცით? – გაუკვირდა ქალს.

-მარგალიტის კუნძულები აქედან არც ისე შორსაა. შევხვედრივართ მაგ ხალხს და შენ ისე არ გამოიყურები, როგორც ისინი. – მოუგო ღიმილით ანრიმ.

-მივხვდით, რომ მოგვატყუე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან არის ადამიანი წარმოშობით. – თქვა ირიმ.

-მერწმუნე, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. – უთხრა ოლივერმა, მერე კი წარბაწევით ქალს გადახედა, – მიდი, თქვი საიდან ხარ.

-მე… – ღრმად ჩაისუნთქა მან და ამოსუნთქვას სიტყვებიც თან ამოაყოლა, – სხვა სამყაროდან ვარ!

-ვერ გავიგე, ანუ სხვა სამეფოდან? – ჩაეძია ანრი.

-არა, სხვა სამყაროდან… როგორც აღმოჩნდა პარალელური სამყაროები არსებობს. – შოკოლადისფერი თმა ნერვული ხელის მოძრაობით გადაიწია ქალმა, – ჩემი სამყარო თქვენის პარალელურად აქ, იგივე დედამიწაზე, უბრალოდ სხვა განზომილებაში არსებობს და მე სწორედ იქიდან მოვედი. ვიცი, ეს რთული გასაგებია, მაგრამ…

-არც ისე რთულია. ყველას გვსმენია ლეგენდები სხვა სამყაროდან მოსულ ადამიანებზე. – თქვა ნარიმ. – დედა ზღაპრებს გვიყვებოდა ხოლმე მე და ჩემ დებს ამაზე.

-ჰო, მეც მიყვარდა ეგ ზღაპრები. – დაემოწმა ლუი.

-ამიტომაც ხარ ასეთი განსხვავებული. სხვანაირი იერი გაქვს, და სხვანაირი საუბრის მანერა. – უთხრა ირიმ ლინდას და ქალს ისეთი გამჭოლი მზერით დააკვირდა, თითქოს მის მიღმა ცდილობს სამყაროს დანახვასო.

-ყვითელმა ქალმა რაღაც ფხვნილი შემაყარა სახეში, თორემ მანამდე თქვენი ენაც კი არ მესმოდა. აღმოჩნდა, რომ ჯადოსნურ ფხვნილს შეუძლია სხვის ენაზე აგალაპარაკოს.

-ყვითელმა ქალმა?

-ათანასიას გულისხმობს. – მისი სიტყვები განმარტა ოლივერმა.

-და აქ როგორ მოხვდი? – ისევ ჰკითხა ანრიმ.

-შემთხვევით. – მხრები აიჩეჩა ქალმა, – ის ისტორია ჩემს აქ მოხვედრაზე არ მომიტყუებია. მამაჩემი ძველი ნივთების კოლექციონერია. მას სჯეროდა პარალელური სამყაროების და მასში მოგზაუორბაზეც ოცნებობდა. ჰოდა, ამას წინათ ვიღაცისგან სამოგზაურო კრისტალი იყიდა, რომ აქ მოხვედრილიყო, მაგრამ შემთხვევით მე გამიტყდა.

-რაღაც მაინც არ ჯდება. – წარბები შეჭმუხნა ირიმ, – გამიგია, რომ სამყაროებს შორის მხოლოდ ჯადოქრები მოგზაურობენ. შენ კი ჯადოქარი არ ხარ. მაშინ… როგორ გადმოგისროლა აქ სამოგზაურო კრისტალმა?

-წარმოდგენაც არ მაქვს. ვფიქრობ… შეიძლება… ეს ჩემი სიზმრების ბრალი იყოს.

-რა სიზმრების? – მაშინვე დაინტერესდა გოგონა.

-ბავშვობიდან სიზმრებს ვხედავდი ქარვის სამეფოზე. რაღაც ფრაგმენტები მესიზმრებოდა ბრძოლებზე, მაგიურ არსბებზე. ვცდილობდი, ეს ყველაფერი უბრალოდ ბავშვურ სისულელედ შემერაცხა, მაგრამ იმას ვერსად გავურბოდი, რომ იგივე სიზმრები მამაჩემსაც აწუხებდა მთელი ცხოვრება. ისიც ამ სამყაროს ხედავდა და აქ განვითარებულ მოვლენებში რაღაც ამბების ფრაგმენტებს, მერე ამ ფრაგმენტებით ზღაპრების შეთხზვა დაიწყო, მე კი ამ ზღაპრების მიხედვით ილუსტრაციები შევქმენი. ჩემს სამყაროში, მამაჩემის ზღაპრები ბავშვებს ძალიან უყვართ მითიურ ქარვის სამეფოზე, ბოროტ მეფეზე და შავ ლომზე, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძვის.

-ესე იგი,… სიზმრებში… მე მხედავდი? – იკითხა გაოგნებულმა და ლინდას მონათხრობით დაბნეულმა ოლივრმა.

-არასდროს მინახავს შენი სახე, მხოლოდ შენი აბჯარი, ზედ გამოსახული შავი ლომით, – მის მზერას თვალი აარიდა ლინდამ. თავი უხერხულად იგრძნო.

-ახლაც გესიზმრები ხოლმე? როცა აქ ხარ…

-არა! – მაშინვე უარყო ქალმა. კიდევ მეტი უხერხულობის შექმნა აღარ უნდოდა, – აქ ისე ღრმად მძინავს ხოლმე, სიზმრები საერთოდ არ მესიზმრება.

-წარმოუდგენელია! – თქვა ირიმ. – რადგან შენ და მამაშენი ამ სიზმრებს ხედავთ, გამოდის, რომ ჩვენს სამყაროსთან რაღაცით დაკავშირებულები ხართ. მომავალსაც ხომ არ ხედავ?

-არა, ვფიქრობ მხოლოდ აწმყოს ვხედავ, ისიც ფრაგმენტულად , მაგრამ სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის შთაგონება მოეცა.

-დემიანმა იცის, ხომ ასეა? – ცხენიდან ოდნავ გადმოიწია ოლივერი ქალისკენ – ათანასიას არ გამოეპარებოდა, რომ ამ სამყაროდან არ ხარ.

-კი, იცის.

-აი, რატომ არ გავნო არაფერი. მან იცის, რომ სხვა სამყაროდან ხარ და რაღაცაში სჭირდები. არ უთქვამს, რაში?

-არა.

-ლინდა, დარწმუნებული ხარ?

-ოლივერ, გეფიცები, არაფერი უთქვამს!

-უნდა გავარკვიოთ რაში სჭირდება უგულო მეფეს ჩვენი უცხოელი. – ჩაერია საუბარში ანრი, – მეეჭვება რაღაც ბოროტება არ ჰქონდეს ჩაფიქრებული.

-მეც ეგრე მგონია. – დაემოწმა ირიც.

ოლივერს აღარაფერი უთქვამს. ისედაც თავი უკვე უსკდებოდა, ისე სტკიოდა. ცხენს მსუბუქად ჰკრა დეზი და ისევ წინ წავიდა, რომ გზისთვის თვალი მშვიდად ედევნებინა. 

როგორც კი ის გაშორდათ, ლინდამ ისევ ალბომი გადაშალა, თავის ჩანახატს ბოლო შტრიხები შეჰმატა, მერე კი ურმის მეორე ბოლოსკენ გაჩოჩდა, ალბომი ირის ჩაუდო კალთაში და თითქმის ჩურჩულით, ტუჩების მსუბუქი მოძრაობით ჰკითხა.

-ირი, იცი ეს რა სიმბოლოა?

გოგონამ ფურცელზე დახატულ ბოლოგახსნილ ჯაჭვს დახედა, მერე თვალები ოდნავ გაუფართოვდა, ისევ ლინდას შეხედა და ჰკითხა.

-ეს სიმბოლო ოლივერის სხეულზე ნახე? – დაიჩურჩულა ისე, რომ ბიჭებს არ გაეგონათ.

-ჰო. – თავი ოდნავშესამჩნევად დაუქნია მან, – იცი რა არის?

-კი, ვიცი. ნებისმიერი ქალაქის ბიბლიოთეკაში შეგიძლია გაიგო, რას ნიშნავს ეს სიმბოლო.

-მარტივ გზას ვირჩევ და შენ გეკითხები.

-ეს… ძმის მკვლელის დაღია. – უთხრა გოგონამ ჩურჩულით.

ლინდას გაოგნებით გაუფართოვდა თვალის გუგები. თუ ოლივერს დაღი ჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაც ელიას სახლში ილაპარაკა, ყველაფერი სიმართლე იყო. მან მართლაც მოკლა თავისი ძმა, მაგრამ დემიანს რაღატომ ჰქონდა ეს დაღი? ნუთუ დემიანზე რასაც ამბობდნენ, ისიც სიმართლე იყო? ნუთუ მართლა ერია მისი ხელი თავისი ძმების ამოხოცვაში?

როცა ქალმა თავი ასწია და ინტერესით სავსე მზერა ისევ ოლივერს მიაპყრო, სწორედ ამ დროს მამაკაცმა უეცრად აღვირს მოქაჩა და ცხენი ადგილზე შეაყენა. მერე კი მთელი სხეულით დაიძაბა. ანრიმ ეს შენიშნა, მანაც მოქაჩა აღვირს, ურემი გააჩერა და მამაკაცს მიაცქერდა.

-რა ხდება? – იკითხა მან ჩურჩულით.

-ვიღაც მოგვყვება… ვიღაც … ან რაღაც… – ოლივერს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მოულოდნელად ტყიდან მხეცების ღრიალის ხმა გაისმა, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით გამოცვივდნენ გზაზე და მათ ირგვლივ წრის შეკვრა დაიწყეს. 

ამ უცნაური სანახაობის შემსწრე ლინდა ერთაიანად დაიძაბა, ირისკენ გაჩოჩდა და ორივენი ურმის კიდეს აეკრნენ. კარგი დაკვირვების შემდეგ გოგონებმა გაარჩიეს, რომ ეს მხეცები, სინამდვილეში მთის ლომები იყვნენ. უზარმაზარი ეშვებით, ავად მიელვარე თვალებით, ალესილი კლანჭებით და ხახადაღებულები, საიდანაც კატისებრი, მჩხავანა ხმა ამოსდიოდათ. ცხვირს ჭმუხნიდნენ, კბილებს აჩენდნენ, ბრდღვინავდნენ და საკბილოსკენ მუქარით მიიწევდნენ.

ტიტანია დაფრთხა და აჭიხვინდა, ოლივერმა ფაფარზე გადაუსვნა ხელი და მისი დამშვიდება სცადა, შემდეგ კი ცხენიდან ჩამოხტა, მახვილი აიღო და ხელში მოიმარჯვა.

იგივე გააკეთა ანრიმაც. არაგონების საგვარეულო ხმალი ქარაქაშიდან ამოაძვრინა, ურმიდან ისკუპა და ოლივერს გვერდში ამოუდგა.

ამ დროს ლინდას მზერის არეში, რაღაც მოძრაობა მოხვდა. თავი ასწია და  როცა თვალები დააწვრილა, გაარჩია, რომ მთვარის შუქით განათებულ გზაზე, ტყიდან კიდევ ერთი ფიგურა გამოვიდა. მოსასხამში იყო გახვეული, რის გამოც ვერ გაარჩევდით ქალი იყო თუ კაცი. ის შორიახლოს დადგა, მერე კი ხელი ასწია. უეცრად მისი ხელიდან დიდძალი მოყვითალო სინათლის ტალღა გამოიფრქვა. სინათლე ისეთი კაშკაშა და მწველი იყო, ყველა მათგანს თვალი მოსჭრა. 

ლინდა და ირი ერთმანეთს გადაეფარნენ, ბიჭებმაც ხელები აიფარეს ამ დამაბრმავებელი შუქისგან თავდასაცად, თუმცა ერთადერთი ვინც მისგან თავი ვერ დაიცვა, ესენი ცხოველები იყვნენ. სინათლის ტალღა მთის ლომების წრეს ეძგერა და აქეთ-იქით მიმოფანტა. ზოგი ხეს მიასკდა, ზოგი დაღმართზე ჩაგორდა, ზოგიც ქვებზე დაეხეთქა, ზოგი კი წკმუტუნითა და ღრენით ისევ ტყეში შევარდა. 

როცა შუქი განელდა და მის მიერ გამოწვეული ქარიშხლის ტალღაც სადღაც გაქრა, ყველამ ერთდროულად ასწიეს თავები. სახტად დარჩენილი ოლივერი და ანრი შემობრუნდნენ და კაპიუშონგადმოაფრებულ ფიგურას მიაცქერდნენ. ლინდამ, ლუიმ და ირიცმაც წამოისწიეს თავები და მომხდურს შეავლეს მზერა.

უცებ მან თავი ასწია, ქუდს ხელი ჩაავლო და გადაიძრო, მასზე მოჩერებული წყვილი თვალები კი კიდევ ერთხელ განათდა გაოცებით, რადგან არავინ ელოდა იმ დაცრეცილი კაპიუშონის მიღმა, თუ ასეთი არსება იმალებოდა.  ქუდიდან  ულამაზესმა სახემ გამოანათა. ქალი იყო, ახლგაზრდა და ძალიან მომხიბვლელი. გრძელი, ტალღოვანი, ყორნის ფრთებივით შავი თმა ჰქონდა, ფორთოხლისფრად მანათობელი თვალები, გარუჯული კანი, სავსე ტუჩები, გამოკვეთილი, ბასრი ყბები და ეშმაკურად მოცინარი მიმიკა. ლინდას მოეჩვენა, რომ ქალი შინაგანად ანათებდა. 

მან გულგრილად გადააბიჯა ძირს მწოლიარე მკვდარ ლომს და ურემთან გაჩერდა. მერე თავისი ხშირი, გრძელი წამწამები ასწია და გოგონებს ახედა.

-გამარჯობა, გელოდებოდით. – გაიცინა მან და თვალებთან პატარა ნაკეცები გაუჩნდა. ლინდამ გაიფიქრა, რომ საყვარლობა იყო, როცა ადამიანი თვალებით იცინოდა. 

-ვინ ხარ? – ჰკითხა ირიმ.

-მთის ლომები. – მკვდარ ლომს გახედა ქალმა. – თვეების წინ აქ ბრძოლები იყო აჯანყებულებსა და ოქროსაბჯრიანებს შორის. გზაზე ბევრი გვამი ეყარა და სუნზე მთის ლომები მოგროვდნენ. მას შემდეგ აქაურობას აღად ტოვებენ.

-ვინ ხარ? – ისევ გაუმეორა კითხვა ირიმ. ამჯერად მის ხმაში სიმკაცრე და მბრძანებლობა შეინიშნებოდა.

-აჰ, მე… ბელადონა მქვია. ბელა შეგიძლიათ დამიძახოთ. – გულწრფელად გაუღიმა ქალმა.

-ალქაჯი ხარ? – ისეთი სახით ჰკითხა ირიმ, თითქოს პასუხი მოსმენის ეშინოდაო.

-რაღაც მაგდაგვარი. – გაიცინა ახალგაზრდა ქალმა.

-ჯადოქრებთან საქმეს არ ვიჭერთ. – მიუგო ოლივერმა მშვიდად.

-ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ  ოლივერ ვალენტა და მისი მეგობრები სანაპიროსკენ მოემართებოდნენ. ვიცოდი, რომ ამ გზას გაივლიდით, ჰოდა მეც რამდენიმე დღეა გელოდებით.

-ჩიტმა, არა? – ირონიულად ჩაიცინა ანრიმ.

-კი, ჩიტმა. პირდაპირი მნიშვნელობით ჩიტმა. ელია მკითხავმა, ყვავი გამომიგზავნა და წერილით მამცნო, თქვენზე. მივხვდი, რომ დახმარება დაგჭირდებოდათ.

-ელიას დახმარებას არ მივიღებთ. – მოკლედ მოუჭრა ოლივერმა. შეშინებულ ტიტანიას აღვირში ჩაავლო ხელი, თავი ჩამოაწევინა და მოეფერა, რომ დაემშვიდებინა, მერე კი ზედ შეჯდა.

-გრძელი გზა გამოაირეთ, ქალთევზების სანაპირო აქვეა. ჯობია ცოტა ხანს გზიდან გადაუხვიოთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

-არა-მეთქი! – კბილეს შორის გამოსცრა ოლივერმა, ცხენს აღვირში მოქაჩა და გზისკენ შებრუნდა.

ანრიმ გოგონებს გადახედა, მერე ამოიოხრა და ოლივერისკენ წავიდა, რომ ამ შემოთავაზების მიღებაში დაერწმუნებინა, თუმცა უეცრად მამაკაცმა ცხენი შეაყენა, მერე კი ნელ-ნელა გადმოსრიალდა ცხენიდან და გზაზე უგონოდ დაეცა.

ანრი გაოგნებისგან გაშეშდა. ლინდას სუნთქვა შეეკრა, ლუის კი წყალი, რომელსაც სვამდა, გადასცდა და ლამის ხველით დაიხრჩო.

-ოლივერ! – შესძახა დამფრთხალმა ირიმ, ურმიდან სხარტად ჩამოხტა და მამაკაცისკენ გაიქცა.

ყველაზე პირველი მაინც ანრი მივარდა მასთან, ოლივერი გადმოაბრუნდა და გაოგნებით დაჭყიტა თვალები. ლოყაზე დამჩნეული მის ჭრილობიდან შავი ხაზები ნახევარ სახეზე ფესვებივით გავრცელებულიყო და თვალის ფოსოს რკალავდა.

-ეს რა ჯანდაბაა? – დაფრთხა ირი. – ეს რა არის? აქამდე ასეთი არაფერი მინახავს! ორი წამის წინ არ ჰქონდა!

-საიდან აქვს ეს ჭრილობა? – იკითხა ბელამ.

-ოლივერი… მეფის გვარდიელმა დაჭრა. – წაილუღლუღა ლინდამ.

-მისი იარაღი მოწამლული იქნებოდა.  – მაშინვე მიუხვდა ბელა. – წამოდით, სანაპირო აქედან არც ისე შორსაა. იქ სახლი მაქვს.

-ოლივერმა თქვა, რომ… – წამოიწყო ირიმ.

-არ აქვს მნიშვნელობა, რა თქვა ოლივერმა. – შეეკამათა ანრი, – ეს საწამლავია. თუ არ დავეხმარებით, მოკვდება!

ირი წამიერად შეყოვნდა, გადახარშა და გაიაზრა, რომ ანრი მართალი იყო, მერე კი თავის დაქნევით ნებართვა მისცა მამაკაცს. ანრიმ და ლუიმ ოლივერი აიყვანეს და ურემზე დაფენილ პლედზე დასვეს, მერე კი სწრაფად დაუყვნენ გზას, რომ სანაპირომბდე მალე მიეღწიათ.

***

მზის ამოსვლისას ჰაერი მარილით გაიჟღინთა, ტყიანი გზა გაილია და თეთრი ქვიშით დაფარული ქალთევზების სანაპირო და მცხუნვარე მზის გულზე მოელვარე თეთრი ზღვა გამოჩნდა.

ზღვა მშვიდი და კრიალა ჩანდა. მის თავზე თოლიები დაფრინავდნენ ჭყივილით, აქა-იქ კი ბავშვები შეინიშნებოდნენ, რომელბიც ხის სათამაშოებით დარბოდნენ და ქვიშისგან სხვადასხვა ფორმის ფიგურებს ძერწავდნენ. 

ბელას მითითიებით გზიდან მალევე გადაუხვიეს, ფერდობზე გამოკვეთილ ბილიკს დაუყვნენ და სანაპიროზე ჩავიდნენ. თეთრი ქვიშით დაფარული ზოლიდან, რამდენიმე მეტრში ხის, ლამაზი სახლები იყო ჩამწკრივებული, რომლებიც სხვადასხვაფერად შეეღებათ მაცხოვრებლებს. ვარდისფერ, ცისფერ და თეთრ სახლებს რომ ჩაუარეს, სულ ბოლოში, სხვებისგან განცალკევებით მდგარ ჩამონგრეულ საცხოვრებელს მიადგნენ, რომელიც მეთევზეთა ძველ ქოხს წარმოადგენდა.

ბელა ურმიდან ჩამოხტა და ქოხს ახედა, მერე კი უკან მოიხედა. ეშმაკურად გაეღიმა, როცა მისი სტუმრების სახეებზე აღბეჭდილი იმედგაცრუება დაინახა. მერე ისევ შეტრიალდა, ხელი ასწია და ჰაერში აქეთ-იქით გაიქნია. უეცრად მის თითებს მანათობელი ელვა მოსწყდა, ჰაერს ეძგერა და შუაზე გადასერა. 

მათ წინ, პალმებს შორის ჩადგმული ქოხის გამოსახულება უეცრად ქაღალზე დახატული პანორამასავით შუაზე გადაიხსნა და მის მიღმა სულ სხვა შენობა გამოჩნდა.

სახლს ორი სართული და ჰაერში ატყორცნილი წვეტიანი სახურავის მქონე სხვენი ჰქონდა. პირველი სართული ქვით იყო ნაგები, მეორე სართული კი მთლიანად ხის მორებით. სახლს შეისრული ფანჯრის ჩარჩოები და მძიმე კარი ამშვნებედა.

-ეს… რა ჯანდაბაა? – იკითხა ანრიმ.

-ეს ჩემი სახლია. – სიამაყით მიუგო ბელამ.

-როგორ… – ენა დაება მამაკაცს, – ეს… როგორ გააკეთე?

-აქაურობა მაგიური ილუზიითაა დაფარული. ხალხი დანგრეულ ქოხს ხედავს და გვერდს უვლის, რადგან არავის აინტერესებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქარვის სამეფოში ჯადოქრობის უფლება მარტო მზის ქურუმებს აქვთ, დამალვა მიწევს. – უხალისოდ ჩაილაპარაკა ბელამ, მერე კი კიბეები აირბინა და სახლის კარი შეაღო. – წამოდით, – გასძახა სტუმრებს, – თქვენი გულწასული მეგობარიც წამოიყვანეთ. ცხენებს და თქვენს ნივთებს კი დროებით უკანა ეზოში დავმალავთ!

ანრიმ ლუის და გოგონებს მრავლისმეტყველი მზერით გადახედა, ისინიც უსიტყვოდ დაეთანხმნენ, მერე კი ისე მოიქცნენ, როგორც ქალმა შესთავაზა. ანრიმ და ლუიმ ოლივერი აიყვანეს, გოგონებმა კი თავიანთი ჩანთები აიღეს.

 სახლში ხისა და მცენარეების სასიამოვნო სუნი იდგა. სადღაც სალბი იწვოდა, სადღაც კი ლავანდა. მისაღები ერთ დიდ სივრცეს წარმოადგენდა. ხის, წითელი ფერის იატაკი და ქვის, მაღალი ბუხარი ამშვენებდა იქაურობას, ცხოველის ბეწვის ხალიჩები და მოჩუქურთმებულსაზურგიანი სავარძლები კი ინტერიერს უფრო მდიდრულ ელფერს სძენდა.

ლინდას თვალები შუბლზე აუვიდა, როცა სახლში შესვლისას პირველი თვალში თავისით მოძრავი ცოცხი მოხვდა. გრძელტარიანი, გაფიჩხულტოტებიანი ცოცხი შუა მისაღებში ბზრილებდა და ზედმიწვენით გვიდა. ჰაერში მოფრიალე ბუმბულიანი საწმენდი, ბუხრის თავზე მტვერს წმენდდა, აქანდაზი კი დაგვილ ნაგავს იღებდა. იქვე მდგარი ხელისგულის ოდენა არფა აქეთ-იქით ირწეოდა და სევდიან მელოდიას აჟღერებდა.

ლინდას აქამდე ასეთი არაფერი ენახა. თვალებს ვერ უჯერებდა. ვერ იჯერებდა, რომ შეიძლებოდა ეს რეალობა ყოფილიყო და არა მის მიერ ნანახი რომელიმე ფანტასტიკური ფილმის კადრები. კარგა ხანს კართან გაშტერებული იდგა და ღრმად სუნთქავდა. თვალებს ხუჭავდა და ისევ ახელდა იმ იმედით, რომ ეს გამოსახულება გაქრებოდა და გამოეღვიძებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს შეეგუა. შეეგუა იმ ფაქტს, რომ მამამისის აღწერილ ზღაპრულ სამყაროში იმყოფებოდა. იქ სადაც ყველაფერი შესაძლებელი იყო, ამიტომ თავი ხელში უნდა აეყვანა და ნერვები მოეთოკა.

ბელას მითითებით, ოლივერი პირველ სართულზე განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს, რომელსაც დიდი, შუშის ვიტრინებიანი კარი ჰქონდა და რომელიც პირდაპირ სანაპიროზე გადიოდა. ქალმა კარების ორივე ფრთა გამოაღო და ზღვის სასიამოვნო ჰაერს ნება მისცა შიგნით შემოჭრილიყო. კარზე ჩამოფარებულმა თეთრმა ფარდებმა ნელა დაიწყო რხევა და ოთახში ჟანგბადის შემოტანა.

ბელამ ოლივერს დახედა. შუბლზე ხელი დაადო და გასინჯა, მერე მის ჭრილობას სალბუნი გამოუცვალა, ბოლოს კი პერანგის ღილები გაუხსნა და სხეულიდან მოაშორა.

-რას აკეთებ? – მივარდა მასთან ირი.

-სიცხისგან იწვის. ჯობია ასე იწვეს, სანამ ამის წამალს მოვძებნი. – კანზე ამობურცულ ვენებზე და მათში გამავალ შხამზე ანიშნა ბელამ.

-წამალი გაქვს? – ირის იმედის ნაპერწკლები აუკიაფდა თვალებში.

-სადღაც უნდა მქონდეს, უბრალოდ მოძებნა სჭირდება. – თითები გაატკაცუნა ქალმა, უცებ კარადა გაიღო, იქიდან კი თავისით გამოფრინდა პატარა პირსახოცი და ქალს ხელებში ჩაუვარდა. მეორე თითის გატკაცუნებით, ტუმბოზე მდგარ პირსაბან თასში წყალი გაჩნდა. ბელამ პირსახოცი დაასველა, მაგრად გაწურა და მამაკაცს შუბლზე დააფინა.

-ჯობია წახვიდეთ და დაისვენოთ. – გადახედა ქალმა სტუმრებს.

-არა, მე აქ დავრჩები. – თქვა ჯიუტად ირიმ.

-ეს სახლი დიდია. ყველა თქვენგანისთვის მოიძებნება ოთახი და აბაზანაც. წადით და კარგად დაისვენეთ. ამასობაში ოლივერისთვის წამალს მოვძებნი.

-თქვენ წადით, მე დავრჩები. – გაჯიუტდა ირი.

უეცრად იატაკზე ბრაგუნის ხმა გაისმა, მერე კი კარში თავი ლუიმ შემოჰყო. ბიჭს ლოყები აღაჟღაჟებული ჰქონდა, თვალებში კი სიხარული ჩასდგომოდა.

-ქალბატონო ბელა! – შესძახა მან, – რა კარგი სამზარეულო გქონიათ. ნება მომეცით თქვენთვის გემრიელი კერძი მოვამზადო!

-რაც გინდა ის ქენი, ლუი. – გაეცინა ქალს.

-გმადლობთ. – სიხარულით ტაში შემოჰკრა ბიჭმა. – ბატონი ოლივერი რომ გაიღვიძებს, კარგი კვება დასჭირდება. – თავისთ ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისევ სამზარეულოსკენ გავარდა.

-მე გავალ და ცხენებს უკანა ეზოში დავაბინავებ. – თქვა ანრიმ და ისიც ლუის გაჰყვა.

-შენც წადი და დაისვენე, ოლივერთან მე დავრჩები. – მიუგო ლინდამ ირის. გოგონამ ჯიუტად გააქნია თავი, თუმცა სანამ რაიმეს იტყოდა, ლინდამ დაამატა, – ჯერ შენ იბანავე, მანამდე მე აქ ვიქნები, მერე კი შევენაცვლოთ.

ირიმ თავი ასწია და ქალს მზერა გაუსწოდა. მისმა სიტყვებმა დაამშვიდა. მიხვდა, რომ ლინდა სწორს ეუბნებოდა, ამიტომ წამიერი დაფიქრების შემდეგ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

-კარგი… გმადლობ, ლინდა. 

-არაფრის. – გაეღიმა ქალს და ოთახიდან გამავალ ბელას და ირის თვალი გააყოლა.

სანამ ბელა რიგრიგობით აბინავებდა სტუმრებს, ლინდა ოლივერის ოთახის სანაპიროზე გამავალ კართან მდგარ სკამში იჯდა და ზღვის ტალღების შრიალის ხმას მშვიდად უსმენდა. თავადაც დაღლილი იყო, რამდენიმე ღამე წესიერად არც კი ეძინა, არც ნორმალურად უჭამია და არც დაუსვენია. თავს გამოფიტულად გრძნობდა, მაგრამ მაინც უძლებდა, რადგან თვლიდა, რომ ოლივერისგან სიცოცხლით იყო დავალებული. რაღაც მომენტში თავსაც იდანაშაულებდა მის გამო. ფიქრობდა, რომ ოლივერს ჭრილობა, სწორედ მისი დაცვისას მიადგა. შეიძლებოდა მის ადგილას ახლა თვითონ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა… ოლივერის წყალობით.

ხედავდა, როგორ ბორგავდა მამაკაცი, ცხელი ოფლი ასხამდა, ტუჩები სულ გასთეთრებოდა, მის სახეზე ამობურცულ სისხლძარღვებში შავად გამავალი შხამი კი სულ უფრო და უფრო მიიწევდა ტვინისკენ. ლინდას ნერვიულობა იპყრობდა. არ უნდოდა ოლივერს რაიმე დამართნოდა. არ უნდოდა ის ერთადერთი საიმედო საყრდენი გამოსცლოდა, რაც იმ სამყაროში ყოფნისას შეიძინა. 

უეცრად ოლივერმა თავი ლინდასკენ გადააბრუნა, ტუჩები მსუბუქად აამოძრავა და ისე რომ თვალები არც კი გაუხელია, რაღაც დაიჩურჩულა. ქალი დაიძაბა. იფიქრა, რომ მამაკაცი მას ეძახდა, ამიტომ სკამიდან წამოდგა, ოლივერს მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა. 

-ივა! – დაიჩურჩულა მამაკაცმა.

-რა? – იკითხა ლინდამ, რადგან ვერ გაეგო ეს სიტყვა რას ნიშნავდა. ვინმეს სახელი იყო, თუ ოლივერი უბრალოდ ბოდავდა.

-ივა!

-ოლივერ… – მხარზე ფრთხილად შეეხო ქალი, – რაიმე გინდა? წყალი ან რაიმე… არ ვიცი…

მოულოდნელად ლინდას სიტყვები შუა გზაზე გაუწყდა, რადგან ოლივერმა თვალები გაახილა, მერე კი ელვისისწრაფით წამოფრინდა საწოლიდან. შუბლზე დაფენილი თეთრი პირსაცოხი ჩამოუვარდა, მათ შორის აფრიალდა და იატაკზე დაეწება. ლინდა ინსტინქტურად უკან გახტა, მაგრამ შორს გაქცევა ვერ მოასწრო, ოლივერი ერთ ნაბიჯში დაეწია, ხელებში მოიგდო და ღია კართან, კუთხეში მიიმწყვდია. 

როცა ლინდამ ქუთუთოები ასწია და დაბინდული მზერა მამაკაცს მიაპყრო, სუნთქვა შეეკრა. ოლივერი თავის თავს არ ჰგავდა. თვალები გაშმაგებულს საზარლად უელავდა. ხედავდა, მაგრამ თითქოს დანახულს ვერ იაზრებდა. თითქოს საკუთარ წარმოსახვაში გაჭედილიყო. 

ლინდამ გაიბრძოლა, თუმცა ოლივერი ამჯერად ორივე მაჯაში სწვდა, ხელები თავს ზემოთ ააწევინა, გაუკავა, მერე კი წელზე, ქამარზე დამაგრებული ბუდიდან ხანჯალი ამოაძვრინა და კისერზე, მის ფაქიზ კანს შეახო. 

ლინდამ ცივი, ბასრი მეტალი საკუთარ სხეულზე რომ იგრძნო, ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და მაქსიმალურად შეეცადა პირს მომდგარი კივილი შეეკავებინა. ხვდებოდა, რომ მკვეთრი მოძრაობები არ უნდა გაეკეთებინა, რადგან როგორც მხეცის თავდასხმისას, ახლაც ზუსტად იგივე საშიშროების წინაშე იდგა. 

ოლივერი მთელი ტანით აწვებოდა, რის გამოც ზურგით კედელს ეწებებოდა და გამოძრავებას კი არა, სუნთქვასაც ვეღარ ახერხებდა. საკუთარ ემოციებში იხრჩობოდა და მაინც, იმ მომენტშიც კი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ სტკიოდა ოლივერს. როგორ აწუხებდა რაღაც. როგორ უბინდავდა ის შხამი გონებას და როგორ ანახვებდა იმას, რაც სინამდვილეში არ ხდებოდა.

ღია კარიდან შემომავალი ზღვის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, თეთრ ფარდებს მშვიდობის მანიშნებელ თეთრი დროშავასით აფრიალებდა, თუმცა მამაკაცი ვერც ამას ამჩნევდა. ვერაფერს ამჩნევდა მის მკლავებში მომწყვდეული მისივე მსხვერპლის გარდა.

-ოლივერ… რა გჭირს? გამოფხიზლდი! – ძლივსშესამჩნევად წაილუღლუღა ქალმა.

-ვერ შეძლებ! ჩემ გატეხვას ვერ შეძლებ! – კბილებს შორის გამოსცრა მამაკაცმა.

-ოლივერ! – ყელში ბურთი გაეჩხირა ლინდას, პირი დააღო და ჟანგბადის შესუნთქვა სცადა.

სწორედ ამ დროს, ოლივერს ვიღაც დააცხრა მხრებზე, ლინდას სხეულს მოჰგლიჯა და საწოლზე გადააგდო. ქალმა წამიერად მოჰკრა თვალი ანრის თმას, მერე კი ჩაიკეცა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. როცა თავი ოდნავ ასწია, დაინახა, რომ ოლივერი ისევ წამოხტა, თუმცა ანრი და ლუი ეცნენ, საწოლზე გადააწვინეს და ხელები გაუკავეს. ამ დროს ბელაც შემოვიდა, კოლბის მსგავს ჭურჭელში მოთუხთუხე, ცისფერი სითხე გაემზადებინა. ბიჭებს უბრძანა პირი გააღებინეთო, მერე ქალი საწოლზე მუხლებით შედგა, ოლივერს სახე დაუჭიდა და პირში სითხე ძალით ჩაასხა. 

ქალმა ათამდე დაითვალა, შემდეგ კი ბიჭებს უბრძანა მისთვის ხელი გაეშვათ. როგორც კი ანრიმ და ლუიმ უკან დაიხიეს, ოლივერი უკვე აღარ შეწინააღდეგებიათ. დამშვიდებული ჩანდა, მკერდი თანაბრად უმოძრავებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანაბრად სუნთქავდა, მერე თვალები მიელულა, და ღრმა ძლიში გადაეშვა.

-ხომ კარგად ხარ? – ხელი გაუწოდა ანრიმ ლინდას და წამოაყენა.

-კინაღამ მომკლა. – წაილუღლუღა აცახცახებულმა ქალმა და კისერზე, სადაც ცივი მეტალის შეხებას ჯერ კიდევ გრძნობდა, ხელი უხეშად ჩამოისვა.

-ოთახიდან ყველა ბასრი იარაღი გაიტანეთ და საღამომდე აცადეთ. კარგად გახდება. – ბრძანება გასცა ბელამ.

აბაზანის მიღების შემდეგ, გამოცოცხლებულმა და გახალისებულმა ირიმ გადაწყვიტა, რომ ლუის დახმარებოდა სადილის მომზადებაში, აბზანა კი ლინდას დაუთმო.

მთელი იმ დროს განმავლობაში, რაც ქარვის სამეფოში იმყოფებოდა, ლინდამ პირველად იბანავა ადამიანური პირობებით. 

სახლის უკანა ნაწილში, გათლილი ქვით მოპირკეთებულ ოთახში, რომელიც მცენარეების სასიამოვნო სუნით გაჟღენთილიყო, ცენტრში დიდი, თუჯის, ცხელი წყლით ნახევრად სავსე აბაზანა დახვდა. შიგნით ყვავილები ჩაეყარა ბელას და რაღაც სითხე ჩაესხა, რაც საოცარ, ტკბილ და გემრიელ სურნელს აფრქვევდა.

ქალმა იქამდე ინებივრა აბაზანაში, სანამ წყალი ბოლომდე არ გაცივდა. ბელას დამზადებული თაფლის, მანდარინის და რძის საპონი გამოიყენა, რამაც მისი კანი ახალშობილის კანივით რბილი და ელასტიური გახადა. 

დამშვიდდა, სტრესი მოეხსნა, მერე კი მეორე სართულზე ავიდა, პირველივე შემხვედრ ოთახში, აბრეშუმით და ფარჩით გაწყობილ  რბილ საწოლზე მიწვა და შებინდებამდე თვალი აღარ გაუხელია.

როცა გაეღვიძა, მზე უკვე ჩასული იყო. ოთახში ერთადერთი ფანჯრიდან მთვარის შუქი იჭრებოდა, მის თავთან კი როზმარინი ხრჩოლავდა. სკამზე ლამაზი, აბრეშუმის, ლავანდისფერი სარაფანი იყო გადაფენილი. ლინდას გაეღიმა, რადგან მივხდა, რომ ეს მასპინძლის ნახელავი იყო. ბელა რაოდენ უცნაურ ქალადაც არ უნდა მოსჩვენებოდა, იმ ფაქტს ვერ უარყოფდა, რომ ეს ქალი თავისი სტუმრებისთვის კომფორტის შექმნაზე გულით ზრუნავდა.

ლინდამ სარაფანი ჩაიცვა, სარკიანი კომოდის უჯრაში, ცხენის ძუისგან დამზადებული სავარცხალი იპოვა, თმა დაივარცხნა და ბოლოს დაბლა ჩავიდა.

სახლი მოათვალიერა, თუმცა არავინ იყო, მერე კი გარედან სიცილის და საუბრის ხმები შემოესმა, ამიტომ კარი გამოაღო და სანაპიროზე გავიდა.

ქვიშაში, ქვებით შემოსაზღვრულ ორმოში კოცონი გიზგიზებდა, მის ირგვლივ კი ბელა და ირი ისხდნენ. მანდარინს ფცქვნიდნენ, მიირთმევდნენ,  ზეგ რაღაც სასმელს აყოლებდნენ და რაღაცაზე ხმამაღლა საუბროდბენ. შორიახლოს, აქაფებულ ზღვის ტალღებში ანრი ცურავდა. ზოგჯერ ჩაყვინთავდა, ზოგჯერ კი ამოყვინთავდა და გოგონებს საცურაოდ ეპატიჟებოდა. ლუის ხელში ჩირაღდანი ეჭირა, ქვებს შორის ტოტებაკაპიწებული შარვლით ჩამდგარიყო და რაღაცაზე ნადირობიდა. სავარადუდო კიბორჩხალებს, ანდაც მოლუსკებს უსაფრთებოდა.

-ლინდა, – დაუძახა ბელამ, – ისე კარგად გეძინა, რომ აღარ გაგაღვიძე. კაბა გიხდება.

-გმადლობ. – გაუღიმა ქალმა, მათთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. უკან რომ მოიხედა, ოლივერის მძიმე ჩანთა შენიშნა, რომელშიც მისი აბჯარი იყო, ზედ კი მისივი მახვილი მიეყიდებინათ.

-ეს აქ რატომ არის?

-სახლში მისი დატოვების შეგვეშინდა. იმის მერე… რაც კინაღამ… შენ დაგიშავა. – უთხრა ირიმ.

-კინაღამ მომკლა. – მომხდარის გახსენებისას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ლინდამ.

-შხამის ბრალი იყო. გონება დაუბინდა. – უთხრა ბელამ, ჭიქაში რაღაც მოყვითალო სითხე ჩამოასხა და ლინდას გაუწოდა.

-რა არის? – სასმელს დაყნოსა ქალმა. მისი მძაფრი სურნელი მაშინვე ტვინში აუვარდა.

-მანდარინის ლიქიორია. – მიუგო ბელამ.

-მანდარინი აგვისტოში?

-ჯადოქრობას ერთი დიდი პლიუსი აქვს. ჩემს ბაღში ყველა სეზონის ხილის ნახვა შეგიძლია.

-იქნებ ამან მაინც დაატკბოს ოლივერი, როცა გაიღვიძებს.

-ოლივერი ასეთი არ არის. – წყენამ გაიჟღერა ირის ხმაში. – უმიზეზოდ ხალხს თავს არ ესხმის.

-ვიცი, რომ არ არის. – სასმელი სწრაფად დალია ლინდამ და ბელას მიწოდებული მანდარინის ნაჭერიც ზედ მიაყოლა. – უბრალოდ, დღეს ძალიან შემაშინა. ახლა როგორ არის, ჩვენი შავი ლომი? – სარკაზმით იკითხა ქალმა. 

-აღარც სიცხე აქვს და აღარც საწამლავის კვალი ჩანს მის კანზე. ვფიქრობ კარგად იქნება. – უპასუხა ირიმ.

-არ გაუღვიძია?

-არა.

ლინდამ კიდევ ერთი ჭიქა დალია, შემდეგ კი ოლივერის ხმალს გახედა. ვადას ხელი დაავლო და აწევა სცადა, თუმცა მახვილი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მეორე ხელის მიშველება დასჭირდა.

-ღმერთო, ქვასავითაა. ამას როგორ სწევს, ანდაც ამით როგორ იბრძვის? მის ხელში ისეთი მსუბუქი ჩანს, არადა ძალიან მძიმეა. – თქვა ქალმა და ხმლის მოქნევა სცადა, თუმცა როცა შემოტრიალდა,  წინ უეცრად ოლივერი აესვეტა და მისი მოქნეული ხმალი კინაღამ შემოარტყა. მამაკაცმა სწრაფად დახარა თავი, დარტყმა აიცლია, მერე კი მაჯაში სწვადა ქალს, ხმალი წაართვა და ქვიშაში წვერით ჩაასო.

-ოლივერ! – წამოიძახა დამფრთხალმა ირიმ, რადგან იფიქრა, რომ მამაკაცას ისევ რაღაც ელანდებოდა.

-კარგად ვარ. – ცივად მიუგო მან, მერე ისევ ლინდას შეხედა და კბილებს შორის გამოსცრა, – დემიანს შეხვდი, ხომ ასეა?

-რა? – უეცრად გაფითრდა ქალი.

-აბრეშუმის ქალქში დემიანს შეხვდი!

-კარგად ხარ? – კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია ლინდამ უკან, – რამ გაფიქრებინა, რომ….

-საღ გონებაზე ვარ და კითხვას გისვამ. შეხვდი თუ არა? ბანაკშიც დაგისვი ეს კითხვა, მაგრამ შენგან პასუხი ვერ მოვისმინე. კარინამ მითხრა, დემიანი ვიღაც ქალთან ერთად ნახეს აბრეშუმის ქალაქში. ვფიქრობდი, ვინ უნდა ყოფილიყო და ერთ დასკვნამდე მივედი. იმ ღამით შენ ქალაქში იყავი… – როცა მისი თვალები ლინდასას შეხვდა. ქალს სიტყვები ყელში გაეჩხირა. სახეზე წამოწითლდა და ერთიანად წამოხურდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ გვერდიდან უაზრმაზარი კოცონი ახურებდა მის კანს, ოლივერი კი თვალებით სჭამა. მისი მზერა ისეთი ღრმა იყო, მომაჯადოებელი, მომხიბვლელი და ამავდროულად ბრაზით სავსე, რომ ლინდა სულ დაიბნა. რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ მისმა სულმა სხეული დატოვა და ამ ყველაფერს ახლა გვერდიდან უცქერდა. 

-ჯანდაბა, ლინდა! – კბილებს შორის გამოსცრა უცებ ოლივერმა. – რას აკეთებ? ბოლო ბოლო ამიხსენი, რა ჯანდაბას აკეთებ? მის მხარეს ხარ თუ ჩემ მხარეს? 

-ოლივერ, ყველაფერი არასწორად გაიგე…

-რა გავიგე არასწორად? მითხრეს, რომ დემიანმა გუშინ ვიღაც ქალთან ღამე გაათია ტავერნაში. გინდა დამიმტკიცო, რომ ეგ ქალი შენ არ იყავი?

-არაფერი მომხდარა…

-არ მაინტერესებს თქვენს შორის რა მოხდა და რა არა! ახლა საუბარი მაგაზე არ მაქვს. ახლა საუბარი ნდობაზე მაქვს. როგორ უნდა გენდო, როცა ყოველი შესაძლებლობისას დემიანთან გარბიხარ? რა გარანატია მაქვს, რომ მას ჩვენს ადგილსამყოფელზე არ მოუყვები?

-ამას არასდროს ვიზამ!

-თუ მასთან წასვლა გინდა, წადი! მე არ გაჩერებ! გუშინაც შეგეძლო იგივე გაგეკეთებინა, მაგრამ ჩემთან რატომ დაბრუნდი, ამას ვერ ვხვდები!

-ვერც მე ვერ ვხვდები!

-დემიან დე რეინი ბოროტებაა! ყველა ადამიანი ვისაც კი შევხვდით, ამას ამტკიცებს. ამას ამტკიცებს თავად ის ბანაკიც, რომელიც გუშინ ვნახეთ. ამას ამტკიცებს მის მიერ დაობლებული ბავშვები, რომლებსაც ბანაკში ეთამაშებოდი, და დაქვრივებული  შვილმკვდარი დედები, რომელმაც ბანაკში შენი ვახშამი მოამზადეს.

-ბოდიში, – ჩაილაპარაკა ქალმა, – ქალაქში შენს საძებნელად წამოვედი, მაგრამ დემიანს გადავეყარე. უზარმაზარი მცველი ახლდა თან და მისგან თავის დაღწევა ასე მარტივი არ იყო.

თავი გაიმართლა ლინდამ, თუმცა ის ნაწილი გამოტოვა, სადაც თავადაც უნდოდა დემიანის გვერდით კიდევ ცოტა დროის გატარება. სადაც მასში რაღაც კარგის დანახვა სურდა. სადაც დემიანის კოცნა და შეხება სიგიჟემდე სიამოვნებდა.

-ამიერიდან ვეღარ გენდობი. ჩვენი გზები აქ იყოფა, ლინდა! თავისუფალი ხარ, სადაც გინდა იქ წადი! – ხმალი ქვიშიდან ამოაძრო ოლივერმა, შებრუნდა და სახლისკენ წავიდა.

ლინდამ მის მიმავალ ფიგურას თვალი გააყოლა და იმ მომენტში თავი საშინლად მარტოსულად იგრძნო. ასეთი მარტოსულობა აქამდე არასდროს გამოეცადა. მაშინაც კი, როცა დედა დაკარგა მამა დარჩა, მაგრამ ახლა, როცა ხედავდა, როგორ კარგავდა ოლივერს, ხვდებოდა, რომ აღარავინ რჩებოდა.

ქალი შემობრუნდა თუ არა, ირის გამკიცხავ მზერას წააწყდა.

-დემიანს შეხვდი? – შეუბღვირა გოგონამ.

-შემთხვევით მოხდა.

-შემთხვევით, როგორ?

-ქალაქში დაეხეტებოდა გლეხივით ჩაცმული, ხალხს დეიმოსის სახელით ეცნობოდა და მათთან ერთად სვამდა…

-დეიმოსი მის უფროს ძმას არ ერქვა? – გადაულაპარაკა ბელამ ირის.

-დეიმოსი მეფე ბენედიქტეს პირველი შვილი იყო და ტახტის მემკვიდრედ ამზადებდნენ. – ცივად, უხალისოდ ჩაისისინა გოგონამ, – არ აქვს უფლება თავისი მოკლული ძმის სახელით ისარგებლოს.

ლინდამ ამოიოხრა, კოცონთან ჩამოჯდა და ცეცხლს მიაშტერდა.

-რატომ ბრაზობს სულ ჩემზე? – თვალები აუწყლიანდა ქალს, რადგან თავი იმდენად უმწეოდ იგრძნო, რომ ცრემლების გადმოყრის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, – ვერ ვიტან, როცა მის თვალებში იმდეგაცრუებას ვხედავ. სულ როგორ არის ჩემზე გაბრაზებული?

-ვინ, ოლივერი? – ჰკითხა ირიმ და ისიც მის გვერდით ჩამოჯდა.

-ჰო.

-იმიტომ, რომ მოსწონხარ. – თქვა ბელამ და გოგონებს მიუჯდა. 

-რა? – გაოგნდა ირი.

-რა? – სუნთქვა შეეკრა ლინდას.

-რომ არ მოსწონდე, არც შენი სიტყვები გააღიზიანებდა ასე, და არც შენი ქცევა. – ეშმაკურად გაიცინა ქალმა და მხარი გაჰკრა ლინდას. – მგონი ცოტათი უგულო მეფეზეც ეჭვიანობს.

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

16 thoughts on “ზღაპარ იყო – {თავი 5}

  1. Foxy
    მარგო არ ვიცი რა ვთქვა🤩იმხელა ემოციებს განვიცდი შენი ისტორიების კითხვისას, რო მერე ვეღარ გადმოვცემ სათქმელს. საოცარი თავი იყო. ბუნების და გარემოს აღწერები ისე ბუნებრივად და რეალურად გაქვს ჩასმული მგონი ფილმს ვუყურებ და ყველაფერს წარმოვიდგენ🤩 მეკეტება, ვჭედავ, ვაბოდებ ოლივერზე🤩😂😂არ ვიცი როგორ ავხსნა რო მიყვარს ეს უჟმური კაცი. ვაიმე დემიანი ახლოსაც ვერ მივა ამ კაცის ქარიზმასთან. გამოაშტერა ლინდა🤣🤣 აუ კარინა რო აღწერე ვინ გამახსენდა იცი? დინორა🤣🤣ეგეთი მამაკაცური ქალი წარმომიდგენია🤣🤣🤣🤣მიყვარხარ🤩🤩

    Like

    1. აუუ როგორ მიხარია, ნეტავ იცოდე🙈🙈🙈მიახია, რომ მკითხველზე ემოციურად ასე მოქმედებს ჩემი ნაწერი😍 ოლივერის ასეთი გულმხურვალე გულშემატკივარი მგონი ჯერ არ გამოჩენია😂რა კარგია, რომ ასე შეგიყვირდა ეგ მართლა უჟმური🥰 ვაიმეეეე ახლა არ მოვკვდე🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣დინორაააა🤣🤣🤣🤣🤣ვაიმეე🤣🤣🤣🤣 როცა წიგნში პერსონაჟების აღწერას ვკითხულობ ხოლმე, მეც ასე წარმომიდგება თვალწინ ვიღაც მსახიობი და იმას ვამსგავსებ🤣 და შენ ამ დროს დინორა გაგახსენდა🤣🤣🤣ვხავიი🤣🤣კარინა მუხლზე გადაიმტვრევს დინორას🤣🤣😍გყვარობ მეც და უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის და ამ პოზიტივისთვის😍🖤💛⚔️👑

      Like

  2. დავიწყებ ირით და ანრით, ძალიან საყვრლები არიან 🥰. ისე სხვათაშორის ირისგან ასეთ გაბედულ ნაბიჯს არ ველოდი, არ მეგონა რომ პირველი აკოცებდა.
    ოლივერის ისტორია მაინტერესებს რატომ მოკლა თავისი ძმა, ბოროტი ადამიანი არ ჩანს ალბათ ძალიან ძალიან სერიოზული მიზეზი ექნებოდა ამის გასაკეთებლად.
    აღთქმის ფიცზე ძალიან ბევრი ვიცინე, ნუთუ ოლივერი ჯერ კიდევ ასეთი უბიწოა 😂. ლინდას რაც შეეხება მისი გრძნობები გაორებულია, არ იცის დემიანთან უნდა თუ ოლივერთან, თავს ვერ უტყდება, რომ ორივე მოსწონს. ოლვიერსაც მოსწონს მაგრამ ეგეც ვერ უტყდება თავს, ბელას ვეთანხმები ცოტათი უგულო მეფეზეც ეჭვიანობს.
    P.S დემიანი მომენატრა 🥰❤️

    Like

    1. ირისგან არც არავინ ელოდა ამას, არც თვითონ ანრი😂😂მაგრამ კარგად ახსნა გოგომ, შეყვარებული არ მყოლიაო და სანა ოლივერი არ ადგა თავზე ჯალათივით, გაინავარდა ცოტა🤣🤣 ოლივერის ისტორიას ნამდვილად განვიხილავ დეტალებში🥰მიზეზებიც სულ მალე გახდება ნათელი🥰 თითქოს ერთი უბიწო მამა ალესანდრო არ გვყოფნიდეს, ახლა ოლივერიც დაგვემატა🤣🤣 ლინდა ნამდვილად გაორებულია🙈მთავარია ვის მხარეს დაიჭრრს ბოლოს🙈 ოლივერი ფეხით რომ დაკიდო, ალბათ მაინც არ აღიარებს მაგას😂 ჰო, ამ თავში დემიანი არ იყო. სიუჟეტურად არც ჯდებოდა. ვნახოთ რა იქნება შემდეგში🥰 ძალიან ძალიან დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის😍😍😍😍💛🖤⚔️👑

      Like

  3. სისხლი რო დაეწვეთა ტუჩებზე მაგაზე ვკიოდი მარგოოო🤣🤣რა საოცარი მომენტი იყო. კინოკადრივით დავინახე. ლინდა რო იქცევა ოლივერი იჭერს და სისხლი რო ეწვეთება, სასწაულია!!!!!! ჟრუანტელი მივლის რო მახსენდება. საოცარი ფანტაზიის უნარი გაქ, ულამაზეს სცენებს ქმნი მაგ ფანტაზიით. მადლობა ამისთვის. ერთი სიამოვნებაა თითოეული თავი კითხვა🥰🥰

    Like

    1. ვაიმეე მართლა ეგრე მოგეწონა???!!!🙈 რა მაგარია🙈🙈🙈 ჰო, წერისას მეც რაღაცნაირად ნათლად წარმომიდგა ეგ სცენა თვალწინ და ვიფიქრე, რომ მკითხველიც ასწ დაინახავდა😁😍😍😍 მიხადია, შენში ასეთი ემოციები რომ გამოიწვია🥰🥰პირიქით, უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის😍😍😍💛🖤⚔️👑

      Like

  4. მარგო შენი ერთგული მკითხველი თაკო ვარ. სახელის დაწერის გრაფას აღარ მიჩვენებს და ასე მაინც დავწერ რო იცოდე😂❤️‍🔥
    მოიცა მოიცა!! აქ რა ხდება? რა აღთქმის დარღვევაზეა საუბარი რაღაც კარგად ვერ გავიგე მარგო😂ეს ის აღთქმაა, რასაც მე ვფიქრობ თუ სხვა რამეა?🤭 კარინა რა ვაჟკაცი კვერცხებიანი ქალი ჩანს😂მიყვარს აეგეთი პერსონაჟები😂 აუ ანრის და ირის რა ცეცხლოვანი მომენტი ქონდათ. გოგობ ამაზე ბევრ ნუ იფიქრებო, რანაირად არ იფიქროს ახლა იმ კაცმა ამაზე როცა გააფრინა ლამის😂😂 გავგიჟდი, ანრის კი არა მე ამიდუღდა სისხლი რო ვკითხულობდი🤭აუ ბელადონას პერსონაჟი როგორ მომეწონა🥰რა ჯიგარი ქალი ჩანს. და პირდაპირია. ლინდას ხო მიახალა მაგას მოსწონხარ თორე არ გაბრაზდებოდაო😂ოლივერზე უნდა ვთქვა ერთიორი სიტყვაც. ოლივერ ვალენგა არის მამაკაცურობის განსახიერება🤌🏻 თან ალფა მამარია და თან შინაგანად ძაან soft ტიპია. არ შეიმჩნია მარა რეალურად ძაან აიჭრა რო დარწმუნდა რო ლინდა დემიანთან იყო მთელი ღამე😂 ვერ გამოგვაპარებ ოლივერ ვერაფერს😂😂ეს ისტორია ძაან შემიყვარდა. მარგო უნიჭიერესი და უჭკვიანეს გოგო ხარ😍

    Like

    1. თაკუნააა😍😍😍ჰო, სხვებმაც მითხრეს, რომ სახელის გრაფას აღარ აგდებს. პროგრამა განახლდა და მას მერე ასეა. არა უშავს, ასეც თუ მიაწერთ ხოლმე სახელებს, მაინც გავიგებ ვინ მიწერს კომენტარს😁😍
      ოოოოოო🤫🤫 მანდ რაზეა საუბარი გაირკვევა მერე აუცილებლად🤣🤣 აუ კარინას აღწერილობა რა კარგად გაიაზრეთ ყველამ😂😂😂😂ზუსტად ეგეთი წარმომიდგებია, ვაჟკაცური😂😂😂 ანრიმ და ირიმ არ დაგვინდეს ამ თავში😂😂არ ელოდი ხო?? არც მე არ ველოდი🤣🤣🤣 ბელადონა ნამდვილად კარგი ტიპია🥰 კიდევ გამოჩნდება სხვა თავებში და ბევრ რამეს გავიგებთ მასზე🙈🙈 აი ოლივერი რა კარგად აღწერე😍 პერსონაჟების ხასიათს ძაან სწორად აღიქვამ🙈😍უღრმესი მადლობა აზრის გაზიარებისთვის და ასეთი სიტყვებისთვის ქალაუ🙈😍 უსაყვარლესი ხარ😍😍😍😍😍🙈💛🖤👑⚔️

      Like

  5. რა დებილი ვარ, გავაშანშალე A4 კომენტარი და წამეშალა :დდდ ეგ არაფერი, ხელახლა დავწერ :დდდ
    პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდი ახალი თავით ❤ ყურადღება არ მიაქციო კიდე ვიღაც-ვიღაცებს, მართლა სამწუხაროა რომ საკუთარ კომფორტზე წუწუნის მეტი სათქმელი არაფერი აქვთ.
    ლინდა, რა გოგო ხარ! ყოჩაღ რა, ოლივერმა კი გაუტია კინაღამ შუა ტორნადოში ჯიუტი თხასავით, მარა მაინც მოუწია შუბლზე ფოთოლდაწეპებულს ფარდულში გორაობა :დდდდ
    კარინა ძაან ძლიერი ქალი ჩანს, მამწომს ❤ გამიკვირდა, ოლივერს რო არ მოეწონა, ყაჩაღების ბანდაში ხარო, აპა რა უნდა ქნას ამ ქალმა?? ნიეტუ სხვა ვარიანტი რა :დ კარინამ რომ ახსენა, დემიანი შარვლიან ქალთან ერთად იყოო, მეთქი მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და დაგენძრა ლინდა თქო :დდ დაინახავდნენ, უთვალთვალებენ ამ კაცს და აპა რა იქნებოდა? 🙈🙈
    და აღთქმაო, ვახ ვახ აღთქმა აქვთ დადებული დაჟე? ოლივერ შენ მოგიკვტი რაა :დდდ კარინამ რომ ლინდაზე მიანიშნა და ამან, მსახური რო არი მაგიტო ვერ ვიზამო დაახეთქა 🙈🙈 😂😂 მეტი მიზეზები ვერ მოიფიქრა :დდდ
    ირიმ რომ ანრის აკოცა ვაიმეეე რა მოულოდნელი იყო ❤ უზომოდ საყვარლები არიან ❤ მაგრამ ალბათ ძაან ეტკინა ანრის გული, ირიმ რომ უთხრა ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოო 😦
    ბელას სახლი უზომოდ მომეწონა, კი ვიცხოვრებდი შიგნით სიამოვნებით :დდ ვეთანხმები ოლივერს ხომ იცი, მესმის ლინდასიც, რომ დემიანი მოსწონს და სიამოვნებს მასთან ყოფნა, მაგრამ ოლივერი მართალია, გაუჭირდება იმის მერე რაც მოხდა მისი ნდობა. მარა ეჭვიც არ მეპარება რომ ეშველება საქმეს! ❤ უკარგესი თავი იყო და ველი მოუთმენლად შემდეგს ❤

    Like

    1. ლინდუუუ😍😍 შემოხვედი და შემოანათე🥰😍 როგორ გამიხარდი ქალაუუუ😍😍😍
      კი, ოლივერი ზოგჯერ მართლა ჯიუტი თხაა🤣🤣ნეტა ირიმ როგორ გაუძლო მთელი ეს წლები🤣🤣მარა ირიც კაი ჯიუტია🤣 ალბათ ოლივერისგან აქვს ეგ ხასიათი გამჯდარი😂 ოლივერმა ძაან სწრაფად განსაჯა კარინას საქციელი, თუმცა რაც მთავარია მიხვდა რო სწორი არ იყო🙈 ეგ ის აღთქმაა ადრე მოგწერე მაგაზე😂😂 ირის და ანრის ამბავი მგონი ყველასთვის მოულოდნელი იყო😂 ბევრმა მომწერა უკვე მაგაზე პირი დაგვრჩა ღიაო🤣 ყველა რატომღაც ოლივერის და ლინდას სთორილაინის განვითარებაზე ფიქრობდა მაგ კუთხით, მაგრამ ირიმ და ანრიმ დაასწრეს😂 ეგ ცუღლუთები ეგენი😂 ამ შემთხვევაში ნამდვილად მართალია ოლივერი🙈 ძნელია ენდო იმ ადამიანს, ვინც ყოველი შესაძლებლობისას შენს მტერთან გარბის, მაგრამ მერე უკან ბრუნდება და თვითონაც არ იცის რატომ😂 ძალიან ძალიან დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის, ჩემო ალმასო და ბრილიანტო გოგოვ😍😍😍😍💛🖤👑⚔️ 💎💎💎

      Like

  6. პირველადაა მგონი შენს ისტორიას ასე გვიან ვკითხულობ ფაქტიურად ორი დღის დაგვიანებით. ის ემოციები რაც ამ თავის კითხვისას გამიჩნდა და რაღაც უცნაური შეგრძნება იმის, რომ ლინდას ვერც ოლივერთან და ვერც დემიანთან შეეძლება ყოფნა. ან ეს გაორება შეიძლება მაგიის გამო აქვს. თავიდანვე ოლივერი ესიზმრებოდა. ბევრი ახალი და საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა. იმედია ბელა მართლა ეხმარება და არ ატყუებს მომეწონა რატომღაც არ მინდა იმედი გამიცრუვდეს. ანრის და ირის ამბავმა ცალკე ამაფორიაქა. ირის გამბედაობამ. მომნატრებია ეს პერსონაჟები და ისე ვისრუტავდი ყოველ წინადადებას.
    მარგო ძალიან კარგი თავი იყო უ’კარგესი🤗🔮🪄🔥❤️‍🔥🧿

    Like

    1. არა უშავს ჩემო საყვარელო😍 ჩემთვის მთავარია, რომ კითხულობ და აზრს მიზიარებ🥰😍 მიხარია, რომ ასე იმოქმედა შენზე ემოციურად😍😍 ვნახოთ რა იქნება შემდეგში🙈 ბელასაც აქვს თავისი საიდუმლოებები. ეგეც გაირკვევა მალე😁😍 ძალიან ძალიან დიდი მადლობა🥰🖤💛👑⚔️

      Liked by 1 person

  7. კატერინა
    მარგო ხოიცი როგორც მიყვარს შენი ისტორიის აღწერები და შენი ისტორიები ცალკეეე მარაა ბელას სახლზე ვარ შეყვარებული ანუ ჯერ რა საჭირო პერსონაჟია ამ ისტორიისთვის და მერე ელია მკითხავთან რო პადრუგობს მიყვარსს😂😂❤️❤️ ირიზე და ანრიზეეე ვგიჟდეებიიი მაგ ორის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე უი კაი აღარ ხარ ქმარიოო 😂😂😂 მიყვარან და ირის ვაღიარებ აესე არ დააბნია ბრინჯივით თვით ანრი არაგონიიი💪🏻💪🏻😂😂😂ლუი მიყვარს ნაბოლარა როაა აი ყველგან ხოა ერთი ძან ბუნჩულა და თბილი საყვარელი კეთილი პერსონაჟი ეგეთია ლუიკო ჩემთვის მართლა ფუნთუშაა🐻❤️ კარინაზე გადავფსიხდი მეთქი ლინდასთან იტყვის ახლა ოლივერის წარსულზე და ეგაა გავიგეთ ყველაფერი თქო მარა ოლივერს არ შეუტიააა მიდი ჯიგარო არავის აღარ ემსახურები და დაარღვიეოოო ოლივერრრრრ მიდიიი დაუჯერე რააა 😂😂😂😂😂🤌🏻🤌🏻 კარინას მასკულანურობაზე ვგიჟდები მიყვარს გადაეკვეთნონ რა კიდე🤌🏻🤌🏻❤️ ირიმ ბართლომეოს როგორ ტექნიკურად შეაპარა კითხვებიიი მეთქიი აქქ რახტებაააა????? მიყვარს ირის თბილი პერსონაჟი❤️❤️❤️ვაიმე ლინდას ხო ვერ დავაჯერეთ რაა რო დემიენი ცუდია ოლივერი კაიი არა რაა ცხვირს სანამ არ წაიტეხსს გაიქცეს ისევ დემიანთან და მერე მობრუნდეს 😩😩😩😩მარააა აუ არ მახსოვს ოლივერის ძმა ნახსენები თუა წინა თავებში (მაპატიე) ხოდა ერთ მომეტში ლინდამ ორივეს ერთნაირი იარები რო უნახა და დეენემს გავდაო მეთქიი ესენი ძმები ხოარ არიანნ მარაა ანუ არვიციი ძმის მკვლელობის გამო აქვთ ეგ იარაო დაა დავიბენი მარააა მჯერა და მწამს რო ისე კარგად და სასიამოვნოდ აიხსნება ეგ ფაქტი რო ძან მშვენივრად გავიაზრებთ🖤🖤🤌🏻🤌🏻🤌🏻 ლეს გოუ მარგარეტ საუკეთესოო ხარრ შენ ფანტაზიას ვყვარობ თავის ოლივერის შუბლზე ფოთლიანად😂😂😂🖤🖤

    Like

    1. ვუიმეე ჩემო საყვარელო გოგოვ, რამდენი ვიცინე ამ კომენტარზე🤣🤣🤣🤣🤣 ბელას ისეთი სახლი აქვს იმ მისთვის საშიშ სამყაროში მოწყობილი, რომ მეც დიდი სიამოვნებით ჩავუსახლდებოდი😂😂 და საერთოდაც, რად უნდათ ამ დანარჩენ პერსონაჟებს წასვლა. დარჩნენ ბელასთან და იცხოვრონ ყველამ ერთად და ტკბილად🤣🤣 ირი გამბედავი გოგო აღმოჩნდა🤣 იქნებ ცოტა ოლივერსაც უწილადოს ეგ გამებედაობა🤣🤣 როგორც უკვე ჩემმა ერთმა მკითხველმა აღნიშნა, კარინა არის ამ თავის დინორა როზალესი🤣🤣ლინდაა მუხლზე გადაიმტვრევს, ოლივერა რო რამე აწყენინოს მაგ წაკლა ქალმა🤣🤣🤣❤️‍🔥 ლინდა ძაან ფანტაზიებშია წასული🥲🥲მეტი რა მტკიცებულება სჭირდება ნეტა🥲 მარა თანამედროვე სამყაროში გაზრდილი გოგო, ასე სხვის მიერ ნათქვამ სიტყვებს არ იჯერებს. მტკიცებულება სჭირდება ფოტო-ვიდეო მასალით🤣🤣🤣 შუბლზე ფოთლიანად🤣🤣🤣ვხავიიიი🤣🤣🤣🤣🤣🤣 ძააააააან დიდი მადლობა ქალაუუ😍😍😍 აი შემოვედი და გავნათდი😍ამ კომენტარმა გამახალისა😍😍😍 უღრმესი მადლობა შენ ამისთვის😍🙈🖤💛👑⚔️

      Like

დატოვე კომენტარი