Posted in ეპიკ-სთორი, რომანი

ზღაპარ იყო – {თავი 7}

*ოქრო და ქარვა*

ბელას სახლი იქამდე იწვოდა, სანამ მისგან მარტო საძირკველი არ დარჩა.

მეზობლები ბევრს ეცადნენ უეცრად არსაიდან გაჩენილი უზარმაზარი სახლის გადარჩენას, მაგრამ ერთობლივი ძალებითაც კი ვერაფერი უშველეს. 

უკვე მზე ჩადიოდა, როცა სახლის ნანგრევებმა ხრჩოლვა შეწყვიტა და ჰაერში მის მიერ გაფრქვეული ფეფრლი და კვამლი, ირგვლივ სქელ ნისლად ჩამოწვა. 

ზღვა უფრო მეტად ახმაურდა. ტალღებმა აზვირთება და ნაპირებზე მოწყდომა იწყეს. თითქოს ამინდი დიდი ცვლილებებისთვის ემზადებაო.

ის ღამე თეთრად გაათენეს სანაპიროზე. თითქმის არც სძინებიათ. რადგანაც ღია ცის ქვეშ უწევდათ ყოფნა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მთელი ღამე სადარაჯოზე იდგნენ. გამთენიისას კი ლუი სანაპიროზე დატოვეს და თავად ოლივერის გადაწყვეტილებისამებრ, სოლარისისკენ აიღეს გეზი.

თავგატეხილი და დარეტიანებული ანრი არაგონს ირის ცხენისთვის, ობერონისთვის, ჩაევლო ხელი აღვირში და წინ მიჩანჩალებდა, თან თავბედს იწყევლიდა, იმის გამო, რომ ბელას და ირის ასეთ დღეში ჩაგდება დაუშვა. ოლივერი მის მხარდამხარ ასევე ფეხით მიაბიჯებდა. როგორც ყოველთვის, გარეგნულად ჩუმი და გაწონასწორებული ჩანდა, თუმცა შინაგანად ერთიანად ბორგავდა და ფორიაქობდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ირი მისგან ასე შორს არასდროს ყოფილა. ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ გოგონა მისი ფრთის ქვეშ არ ჰყავდა შეფარებული და ამდენად სახიფათო სამყაროში, სადღაც შორს, ბოროტი ჯადოქრის კლანჭებში იმყოფებოდა. მამაკაცი ყურადღების გადატანის მიზნით, გზაზე დარგული ხეებიდან, პანტა ვაშლს წყვეტდა და ტიტანიას აჭმევდა.

მათ უკან ლინდა მოდიოდა. კარინას ნაჩუქარ ალბინოს ცხენზე იჯდა და ბნელი ფიქრებიდან თავის დაღწევის მიზნით, მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, რა სახელი დაერქმია ცხენისთვის. სახელებს ძირითადად მამამისის მიერ დაწერილი ზღაპრების პერსონაჟებიდან არჩევდა, საბოლოოდ კი ისე აიხლართა საკუთარ ფიქრებში, მაინც ვერაფერი შეარჩია. როგორც არ უნდა ეცადა გონების სხვა რამეზე გადართვა, ფიქრებით მაინც ბელას და ირის დასტრიალებდა თავს. გული ეკუმშებოდა იმის წარმოდგენისას, თუ რა შეიძლებოდა დაეშავებინა არანორმალურ ათანასიას მათთვის. შეიძლებოდა ბელა სიკვდილით დაესაჯათ, ჯადოქრობის უნებართვოდ გამოყენებისთვის და იმის დამალვისთვის, რომ გრძნეული იყო, მაგრამ ირი? რა ბედი ეწეოდა საბრალო გოგონას, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო? რაღაც მხრივ ლინდა თავის თავსაც ადანაშაულებდა ამ ყველაფერში. ფიქრობდა, რომ მაშინ, შუა გზიდან, უკან რომ არ გაბრუნებულიყო ოლივერის დასახმარებლად, იქნებ სანაპიროზე ირის და ბელას მაინც დახმარებოდა. 

-რაღაც უნდა ვიღონოთ. – თავი გადააქნია ლინდამ. – ბელას და ირის ასე იოლად ვერ წაგვართმევენ. ამ ქვეყანაში ქალების დასაცავად რაიმე კანონი საერთოდ არსებობს?

-აქ ქალი მხოლოდ მაშინ არის დაცული თუ მამა ჰყავს, ძმა ან კიდევ ქმარი. – უხალისოდ წარმოთქვა ანრიმ. – აღარც მამა რომ არ ჰყავდათ და აღარც ძმა, ამიტომაც გაათხოვეს ჩემი დები ვიღაც ბებრებზე.

-ჰო, რა თქმა უნდა. ქალი ხომ ნივთია, რომელსაც თუ კაცი არ იცავს, სხვები ადვილად იტაცებენ. – ჩაისისინა ამ ყველაფრით გადაღლილმა ლინდამ. – არ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაქვთ შესაცვლელი?

-რას გულისხმობ? – მიუბრუნდა ანრი.

-იმას, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ქალების მართვა კაცების მიერ. ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს იმის კეთების უფლება, რაც თავად სურს! ამ ბოროტ სამყაროში, ქალებს ჯერ კიდევ სუსტ და დაუცველ არსებებად აღიქვამენ. ქალებს, რომლებსაც არაადამიანური ტკივილის გაძლება შეგვიძლია!

-მე დიდი სიამოვნებით შევცვლიდი ყველაფერს. – შუბლზე დაფენილ სახვევზე ხელი გადაისვა ანრიმ, რომლის მიღმაც მიღებული ჭრილობა გულისშემაწუხებლად უფეთქავდა.

-მეც. – დაემოწმა ოლივერი. 

-მართლა? – განმსჯელი მზერა ესროლა მას ლინდამ. – თუ ასეა, მაშინ რატომ არ ასწავლე ირის თავდაცვა? თუ ფიქრობდი, რომ მახვილის ხელში ჭერა ქალის საქმე არ იყო?

-ეგრე რომ მეფიქრა, მაშინ არც შენ გირჩევდი თავდაცვის სწავლას. – ცივად მიახალა მამაკაცმა. – თანაც ირიმ ყველაფერი იცის, რაც საჭიროა! 

-რა იცის, სადილის მომზადება და შენი ჭრილობების მკურნალობა? ამას ასწავლიდი ხუთი წლის მანძილზე? – უთხრა ლინდამ და იმწამსვე ინანა თავისი სიტყვები. კარგად იცოდა, რომ ისედაც სასოწარკვეთილი ადამიანისთვის წიხლი არ უნდა დაეჭირა, მაგრამ ვერაფრი შეიკავა თავი იმ კითხვის დასმისგან, რაც ასე აინტერესებდა.

ოლივერმა ცივი, მომაკვდინებელი მზერით გახედა მას, მერე კი ანრისკენ მიაბრუნა სახე. 

-არაგონ, რამდენი იყვნენ ათანასიას გამოგზავნილი კაცები?

-ექვსნი.

-როგორ ფიქრობ, რამდენად კრაგადაც არ უნდა გამეწვრთნა ირი, ექვს შეიარაღებულ ადამიანს გაუმკლავდებოდა? – ლინდას ჰკითხა ოლივერმა, თუმცა პასუხის გაცემა აღარ დააცადა. – ამ არაფრისმომცემი კამათით მაინც ვერაფერს გავხდებით. 

-რის გაკეთებას აპირებ? სოლარისში იარაღით შეიპარები და ტაძარს გადაწვავ? – უეცრად უხეში ტონით ჰკითხა ანრიმ.

-გგონია ათანასიამ ტაძარში წაიყვანა ისინი?

-აბა, სად უნდა წაეყვანა?

-სოლარისში არ დააბრუნებდა. ათანასიამ ბელას მაგიური ძალები იგრძნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მზის ქურუმად ქცევა უნდა, მზის ქურუმები კი ტაძრებში კი არა მონასტრებში მიჰყავთ, სადაც ქურუმებად აკურთხებენ.

-მონასტრებში? – გაუკვირდა ლინდას, – და სად არის ეგ მონასტერი?

-არ ვიცი, მაგრამ ვიცი ადამიანი, ვისაც ეცოდინება. 

ოლივერმა ამოიხრა, ცხენის საზურგეზე გადაკიდებულ, ხანძარს გადარჩენილ მის ჩანთას გადასწვდა, იქიდან რუკა ამოიღო და ანრის ესროლა.

-აბა, კარტოგრაფო, თუ გვაჩვენებ უახლოეს მონასტრამდე მისასვლელი უსაფრთხო გზას, მაშინ სოლარისში აღარ წავალთ.

-სისულელეა! – ანრიმ სახეზე აფარებული რუკა ჩამოსწია, – სისულელეა, ეს ყველაფერი! დაზუსტებით ვერ გვეცოდინება, სად წაიყვანეს გოგონები. პირველ რიგში, სოლარისში რომ დავბრუნდებით, მზის ტაძარი უნდა შევამოწმოთ.

-მზის ტაძარს არ შევამოწმებთ! – გადაჭრით მიუგო ოლივერმა.

-როცა თავად დაგჭირდა, ხომ კარგად მოინდომე მზის ტაძარში შეჭრა? ახლა ირის და ბელას გამო უკან დაბრუნება აღარ გინდა?!

-ჩემთან რაიმე პრეტენზია გაქვს, არაგონ? – შეჩერდა ოლივერი და გაღიზიანებული გამომეტყველებით მიუბრუნდა თანამგზავრს.

-ჰო, მაქვს! შენი სულელური ახირება, რომ არა, გოგონები ახლა აქ იქნებოდნენ! – ხმას აუწია ანრიმ.

-ახირება კი არა, ეს ჩემი მისია იყო!

-რომელსაც თავი ვერ გაართვი და ის ერთადერთი ახლობელიც დაკარგე, რომელიც გყავდა!

ეს სიტყვები უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ოლივერის მოთმინების ფიალაში. მამაკაცმა უეცრად აღვირი და ვაშლი ხელიდან ერთდროულად გააგდო, ერთ ნაბიჯში ანრისთან გაჩნდა, ხელი ჰკრა, მანაც ქუსლი ქვას წამოჰკრა და მიწაზე ზურგით დაენარცხა. 

გაოგნებულ და თვალებგაფართოებულ ლინდას, რომელიც იმ მომენტში მათარიდან წყალს სვამდა, წყალი გადასცდა და ლამის ხველით დაიხრჩო. არ ელოდა, სიტუაციის ასეთ გამწვავებას, ამიტომაც იყო, რომ შოკისგან ვერაფრის გაკეთება ვერ მოიფიქრა.

ანრიმ ამოიკრუსუნა და წამოდგომა სცადა, თუმცა ოლივერმა მკერდზე წიხლი დააჭირე, ისევ მიწაზე დაანარცხა, ზედ დააჯდა, ცალი ხელი კისერში წაავლო, მეორე ხელის შეკრული მუშტი კი სახეში შემოსცხო.

-მე მაბრალებ, არაგონ? არადა ამ დროს ყველაფერი შენი ბრალია! მხოლოდ ერთი რამ გევალებოდა! ირისთვის უნდა მიგეხედა და ეგეც ვერ გააკეთე!

-შენ კიდევ ირის დაცვას, შენი ახირების ასრულება ამჯობინე! – მუშტი ანრიმაც მოუქნია მას, ყბაში ძლიერად გაარტყა და გვერდზე გადააგდო, მერე კი წამოიმართა, გაცოფებულმა ქვას ხელი წამოავლო და ოლივერს მოუღერა.

-შეწყვიტეთ! – დაიკივლა მოულოდნელად ლინდამ, ცხენიდან ჩამოხტა და ბიჭებისკენ გაიქცა.

ანრის მაშინვე ჰაერში გაუშეშდა ხელი. მრისხანებისგან ბინდგადაკრული მზერა უეცრად გადაეწმინდა, სახე შეეცვალა, ხელი მოუდუნდა და ქვა გაუვარდა. მერე კი უკან დაიხია და თავის ცხენს ჩამოეყრდნო, რომ სული მოეთქვა. ოლივერმაც ღრმად ამოისუნთქა, წამოდგა და ტანსაცმელი მტვრისგან ჩამოიფერთხა.

-სულ გაგიჟდით?! – ორივეს შეხედა ლინდამ. – მეც ვბრაზობ! მომხდარს თქვენც გაბრალებთ და საკუთარ თავსაც, მაგრამ თუ ერთმანეთის ცემა-ტყეპას დავიწყებთ, მაშინ გოგონებს ვინ დაეხმარება? ვინ იცის ახლა ირი და ბელა რა დღეში არიან. მათ მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ. თავი ხელში აიყვანეთ, ზრდასრული მამაკაცები ხართ, თქვენ კი ბავშვებივით იქცევით!

-მან დაიწყო! – ანრისკენ გაიშვირა ხელი ოლივერმა.

-მე კი არა, შენ დაიწყე! – კბილებს შორის გამოსცრა არაგონმა.

-ორი იდიოტი. – ჩაისისინა მობეზრებული ხმით ლინდამ.

-ეგ რას ნიშნავს? – დაინტერესდა უცებ ანრიმ.

-ორი იდიოტი რას ნიშნავს?

-ჰო.

-ორ გასაოცარ მზეჭაბუკს ნიშნავს, რომლებსაც ყველაფერი იდეალურად გამოსდით. – სარკაზმით გაუღიმა ქალმა.

ანრიმ ეჭვით დააწვრილა თვალები, ცოტა ხანს უყურა ლინდას ჩაფიქრებული სახით, მერე კი ოლივერს მიუბრუნდა და ჰკითხა.

-იტყუება, ხომ ასეა?

-რა თქმა უნდა, იტყუება. – თვალები გადაატრიალა ოლივერმა.

ანრიმ უჩუმრად ჩაიფრუტუნა, ოლივერის მუშტის მიერ დანაზიანები ყბა თითებით მოისრისა, მერე კი ძირს დავარდნილი რუკა ისევ აიღო  და ზედ დააკვირდა. 

ანრის მუშტის მიერ დანაზიანები ყბა, ოლივერმაც დაიმასაჟა და წინ ჩამოყრილი თმა თასმით უკან შეიკრა.

-თუ მონასტერი ახალი დაარსებულია, შეიძლება რუკაზე არ იყოს. – ისე თქვა ანრიმ, რომ თავი არც აუწევია. – ან შეიძლება ის ადგილი რუკაზე სხვა სახელით იყოს მონიშნული, და მონასტრად ახლახანს გადაეკეთებინათ.

-კი, ეგეც მართალია. ამიტომაც უნდა დავბრუნდეთ სოლარისში. – თქვა ოლივერმა. – ოქრო ხომ ისევ გვაქვს?

-ლუიმ არაგონების საგანძურის ცეცხლიდან გამოტანისას, ხელიც კი დაიწვა. – ჩაილაპარაკა ანრიმ.

-ძალიან კარგი. სოლარისში ერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ოქრო ძალიან უყვარს და მის სანაცვლოდ ყველაფერზეა წამსვლელი.

ლინდა შინაგანად დიდად არ ეთანხმებოდა სოლარისში დაბრუნებას, რადგან წინა დღით მომხდარი მეფეზე თავდასხმის გამო, შეიძლებოდა ვინმეს ეცნო ისინი და დაეპატიმრებინათ, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. სიტუაციის ისევ გამწვავება აღარ სურდა. თან ისიც იცოდა, რომ ოლივერ ვალენტა მაინც იმას გააკეთებდა, რასაც თავად გადაწყვეტდა. განსაკუთრებით მაშინ ვერ გადააფიქრებინებდა, როცა საქმე ირის ეხებოდა.

როცა უკვე კარგად ჩამოცხა, მგზავრები სოლარისის კარიბჭეს მიადგნენ. თავიდან მათ გუნდში დიდი დაძაბულობა შეინიშნებოდა. ყველა მათგანს იმის შიში ჰქონდა, რომ ვინმეს არ ეცნოთ, თუმცა არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. საგუშაგო ძველებურად გაიარეს, ცხენები და იარაღი მცველებთან დატოვეს. რადგან ლუპერკალიებიც დასრულებული იყო და მეფეც ქალაქში აღარ იმყოფებოდა, დაცვამ ზედმეტი კითხვების გარეშე შეუშვა ხალხი ქალაქში. 

ოლივერმა, ანრიმ და ლინდამ ქალაქის მთავარი ქუჩა აჩქარებული ნაბიჯით გაიარეს, ტაძარს შორიდან აუქციეს გვერდი, ბაზრობა გადაჭრეს და ცენტრალური უბნების განაპირას, ერთ მრუდეს სახლს მიადგნენ. 

სახლი შორიდან ასიმეტრიული ჩანდა. ოდნავ გადაქანებული იყო, ერთი ფანჯარა დიდი ჰქონდა, მეორე პატარა, მესამე კი საერთოდ ამოქოლილი. კარი ისეთი დაბალი ჰქონდა, მოხრის გარეშე საშუალო სიმაღლის ადამიანიც ვერ შევიდოდა. სამაგიეროდ, სახურავი ნოტრდამივით ცაში ატყორცნილი ჰქონდა. ასეთი უაზრო, უშინაარსის და არაფრისმომცემი არქიტექტურის მქონე ნაგებობა, ლინდას მანამდე არასდროს ენახა. გაიფიქრა, რომ ამის ამგები სავარაუდოდ ფსიქიკურად ვერ იყო ჯანსაღად.

ოლივერმა კარის კუთხეზე დაკიდებულ თოკს მოქაჩა, რის შემდეგადაც სადღაც სახლის სიღრმეში ზარმა გაიწკარუნა, მერე კი მთავარმა შესასვლელმა კარმა გაიჭრიალა. როგორც კი კარი ბოლომდე შეიღო, უეცრად თხის კიკინის ხმა გაისმა. სტუმრები გვერდზე გახტნენ, როცა დაინახეს, რომ კარში შავთეთრი თხა გამოვარდა და ქუჩაში ფეხების ბაკუნით გაიქცა.

-დაბრუნდი, შე სულელო! – სახლის სიღრმიდან მამაკაცმა იღრიალა, მერე კი იატაკზე ფეხების ბრაგუნიც გაისმა და ზღურბლზე თმააბურძგნული, ჭაღარა მამაკაცი გამოჩნდა. სახეზე ახალგაზრდას ჰგავდა. ნაოჭები თითქმის არ ჰქონდა, თუმცა თეთრი, გრძელი წვერი და აბურძგნული თმა, მოხუცს ამსგავსებდა. ტანზე აბრეშუმის, მოქარგული ხალათი შემოეცვა, ფეხები კი რომელიღაც ცხოველის ფუმფულა ბეწვისგან შეკერილ ჩუსტებში წაედგა.

-დაბრუნდი, ჯორდანო უმცროს! – გასძახა ისევ თხას. – აღარ დაგალევინებ იმ ლურჯ ელექსირს, რომელიც კუჭს ასე გიშლის!

თხამ რა თქმა უნდა, პატრონს არ მოუსმინა, და თავისუფლებისკენ გზა განაგრძო. კაცმა მოუთმენლად ამოიოხრა და სტუმრებს შეწუხებული სახით გახედა, როცა ოლივერი იცნო, უცებ სახე შეეცვალა. თვალები გაუფართოვდა და წამოიძახა.

-ვალენტა, ისევ მოხვედი?

-შენი დახმარება კიდევ ერთხელ მჭირდება, ჯორდანო. – მშვიდად მოუგო ოლივერმა.

-ოჰ, კარგი რა. – ხელი ჰაერში აიქნია მან, – ერთხელ უკვე დაგეხმარე, შენი ვალი კი არ მაქვს.

-ვალი არ გაქვს, მაგრამ თუ დამემხარები, თავად არ დაგრჩები ვალში. – მის ცხვირწინ ქისა აარიჩხინა მამაკაცმა, რომელშიც მოთავსებული ოქროს მონეტები სასიამოვნო ხმებს გამოსცემდნენ. ამის დანახვაზე თვალები უეცრად ახალგაზრდული ჟინით აენთო ჯორდანოს. აცქმუტდა, ხელისგულები მოექავა, მერე ულვაშებში ჩაიცინა და ლინდას გახედა.

-ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ არის?

-ჩემთან ერთადაა. – სახეზე უსიამოვნო გამომეტყველებამ გადაჰკრა ოლივერს.

-მარტოხელაა?

-ბებრები არ იზიდავს. – მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა.

-აბა, შენ იზიდავ?

-შენ ნამდვილად, არა!

-ხომ იცი, რომ ბებერი არ ვარ. ჭკვიანი და განათლებული ვარ, თან კარგი გემოვნება მაქვს. – ამპარტავნულად ასწია თავი მამაკაცმა.

-მართლა? რაში გაქვთ კარგი გემოვნება? – დაინტერესდა ლინდა.

-კარგად ვიცვამ, – თავის ხალათს დახედა კაცმა. – ახლა მთლად შესაფერისად არ მაცვია, სტუმრებს არ ველოდებოდი, მაგრამ სამაგიეროდ… არქიტექტურაში კარგი გემოვნება მაქვს. ეს სახლი მე ავაგე, მოგწონთ? – თავისი სახლისკენ ხელი გაიშვირა ჯორდანომ და გაბადრული სახით ჩაიღიმა.

ლინდამ სახლს  შეღონებული გამომეტყველებით ახედა. რატომღაც საერთოდ არ გაჰკვირვებია, რომ ეს აურზაური სწორედ მისივე მფლობელის აგებული იყო.

-აღფრთოვანებული ვარ. – ძალდატანებით გაიღიმა მან.

-მობრძანდით. – შეგულიანდა ჯორდანო, მერე გვერდზე გაიწია და სტუმრები სახლში შეიპატიჟა.

სახლი შიგნიდანაც ისეთივე ქაოსში იყო გახვეული, როგორც გარედან. წითელი იატაკი, მწვანე კედლები, ყვითელი ჭერი და ცისფერი სავარძლის გადასაფარებლები მხედველობას უხშობდა ნებსიმეირ შემოსულს. კაცი შესვლისთანავე კიბეებზე აუძღვა სტუმრებს და თავის სამუშაო ოთახში შეიყვანა. ეს ოთახი ფსიქატრიულის პაციენტის გონებას უფრო ჰგავდა. მაგიდებზე დახვავებული ქაღალდები, უცნაური ნივთები, ფანქრები, ნახშირები, მელნის შუშები და ბუმბულები, კედლებზე გამოკრული სქემები, ნახაზები, ნახატები, კვლევები. ბუხარში ჯაჭვზე დაკიდებულ ქვაბში, რაღაც სითხე იხარშებოდა და ირგვლივ დარიჩინის სურნელს აფქვევდა. 

-ჯორდანო, რას საქმიანობთ? – ჰკითხა ნანახით გაოგნებულმა ანრიმ.

-ნუთუ ნათელი არ არის? – ხელები გაშალა კაცმა. – მე მეცნიერი ვარ. მეცნიერ-გამომგონებელი!

-მაინც რა გამოიგინეთ?

-ჯერ… არაფერი, მაგრამ ვმუშოაბ ამაზე. – თქვა ჯორდანომ, მერე ლინდასკენ გადაიხარა და ხმადაბლა დაამატა. – არავის უთხრათ, მაგრამ მაგიის შესწავლას ვცდილობ.  რაღაცები უკვე გამომდის.

-მაგალითად?

-მაგალითად, ორი კვირის წინ შავი თმა და წვერი მქონდა, ახლა კი სულ თეთრი ვარ. ჩემი მომზადებული ახალგაზრდობის ელექსირი დავლიე და მას მერე ასე გამოვიყურები… მაგრამ გამოსწორებას ვცდილობ. – მოთუხთუხე ქვაბს გახედა მან, მერე კი დიდი, ხის ჩამჩა აიღო და ქვაბს ამოურია.

ლინდამ ოლივერს გადახედა და ჩურჩულით გადაულაპარაკა.

-ყოველთვის ასეთ უცნაურ ტიპებთან რატომ იჭერ საქმეს?

-ქარვის სამეფო ორ ნაწილადაა გაყოფილი, უცნაურ ტიპებად და დემიანის მომხრეებად. სხვა დანარჩენი ნეიტრალიტეტს ინარაჩუნებს. მითხარი, სხვას ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

-ამას ნამდვილად არ უნდა სთხოვო. – ჩაისისინა ქალმა, მერე თვალები ეჭვით დააწვრილა და ჩურჩულით ჰკითხა, – შემთხვევით, ეს ხომ არ არის ის, ვინც დემიანის მოსაკლავად იარაღი მოგცა?

-ზედმეტად დაკვირვებული ხარ. – თვალები გადაატრიალა ოლივერმა.

-ეს არის? – გაოგნდა ლინდა. – ამას როგორ ენდე? სრულ ჭკუაზე არ ჩანს. არაა გამორიცხული, რომ ჩაგვიშვას.

-ჯორდანო ეგეთი არ არის.  

-ვინმემ ჩემი სახელი ახსენა? – ყურები ცქვიტა უცებ კაცმა.

-ჯორდანო, შენი დახმარება გვჭირდება. – ჩაერია საუბარში ანრი, რადგან დროის გაჭიანურება აღარ უნდოდა. – უნდა გვითხრა საით წავიდა ათანასია, თავის ხალხთან ერთად. 

-შენ, როგორც მეცნიერი, სამეფო კართან ხარ დაახლოებული, თანაც ჯაშუშები ყველგან გყავს. ზუსტად ვიცი, რომ გეცოდინება. – ზეწოლა განახორციელა ოლივერმაც.

-თუ გეტყვით, წახვალთ და თავს დამანებებთ? – უკან ერთი ნაბიჯით დაიხია ჯორდანომ. – მომხდარის მერე, დემიანმა მცველები გააფრთხილა, მაღალი საზოგადოებისთვის ეთვალთვალათ. რაღაცას ეჭვობენ. თუ გაიგებენ, რომ მაშინ მე დაგეხამრე…

-გპირედებით, წავალთ. – შეაწყვეტინა მამაკაცმა. – უბრალოდ სიმართლე გვითხარი და წავალთ!

-კარგი, – ღრმად  ამოისუნთქა მან, მცირე პაუზა გააკეთა, მერე კი თქვა, – ათანასია ყვითელი კლდის მონასტრისკენ წავიდა. თან ახალი გოგონებიც გაიყოლა, რომელთაც ქურუმებად აღზრდასაც აპირებს.

-სად არის ეგ მონასტერი? – ჰკითხა ანრიმ. ჯიბიდან რუკა ამოიღო, მის მაგიდაზე მიყრილი ხარახურა მიმოფანტა და ზედ გაშალა.

ჯორდანო რუკას დააკვირდა, მერე ნახშირის ფანქარი აიღო, ადგილი მონიშნა და თქვა.

-აქ არის. სოლარისიდან ნახევარი დღის სავალზეა. მაგრამ იქ რა დაგრჩენიათ? დემიანი მათთან ერთად არ იქნება. ის მონასტრებში არ დადის.

-ამას ვერ გეტყვით. 

-კარგი, სულერთია, – ხელი გულგრილად აიქნია მან, – არც მინდა ვიცოდე. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ მონასტერში მოხვედრა მხოლოდ ორი გზით შეიძლება. ან მათი მონა უნდა იყო, ან მზის ქურუმი. რომელიმე მათგანი ხართ?

-არა. – ერთმანეთს გადახედეს ოლივერმა და ანრიმ.

-მოიცა, მონა ახსენე? – დაინტერესდა ლინდა.

-როცა დემიანმა მზის კულტი დააბრუნდა, ათანასიას ბრძანებით ყველა კაცი, ვინც კი ძლიერი ჯადოქარი იყო, დახოცეს და მთელი ძალაუფლება ქალების ხელში გადავიდა. ახლა მზის ქურუმები მხოლოდ ქალები არიან, რადგან მათი რწმენის თანახმად მზის ღვთაება ქალია. კაცებს მოხლოდ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად აკარებენ ტაძრებს. მათ ისე ექცევიან, როგორც მონებს.

-თქვენს სამყაროს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო ადამიანის უფლებების შესახებ. – ჩაილაპარა ინფორმაციით შოკირებულმა ლინდამ.

-ქარვის სამეფოში სხვა მონასტრებიც არსებობს, ყვითელი კლდის გარდა, ხომ ასეა? – იკითხა უცებ ანრიმ. – ყველა მონასტრის მცხოვრებლები იცნობენ სახეზე ერთმანეთს?

-ააა… არ ვიცი… – ცოტა დაიბნა ჯორდანო. – მონასტრები საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან და არამგონია ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ. შეიძლება ათანასია ყველას იცნობს, მაგრამ სხვებზე ასე არ ვფიქრობ.

-მაშინ, შეგვიძლია მზის ქურუმი და მათი მონები განვასახიეროთ. – უცებ იდეით აღფრთოვანებულ ანრის თვალები გაუბრწყინდა. მერე ოლივერს გადახედა, შემდეგ კი ორივენი ერთდროულად მიბრუნდნენ ლინდასკენ.

-რა იყო? – იკითხა ქალმა, თუმცა რამდენიმე წამის მერე, როცა ყველაფერი გაიაზრა, თვალები გადაატრიალა. – ისევ მე? ანრის გამოხსნას რომ ვაპირებდით ციხიდან, მაშინ ექიმი განვასახიერე, ახლა კი ქურუმი უნდა ვიყო? 

-სამაგიეროდ ჩვენ შენი მონები ვიქნებით. – ეშმაკური ღიმილით შეხედა მას ანრიმ. – ნებისმიერი რამ შეგიძლია გვიბრძანო და გავაკეთებთ.

-ჩემი მონები? – ჭკუაში დაუჯდა ეს იდეა ლინდას. – ეს აზრი მომწონს.

-გადაწყვეტილია, მონასტერში მივდივართ!  – დაასკვნა ოლივერმა, მერე ჯორდანოს მიუბრუნდა და უთხრა. – გაქვს რაიმე იდეა, როგორ უნდა გვაქციო მზის ქურუმად და მის მონებად?

-მაქვს ერთი დეა, – ლინდას შეხედა კაცმა, – შენ ცივი მთის მონასტრის წინამძღვარს, ლაილას განასახიერებ.

-ვის? – წარბები შეჭმუხნა ლინდამ.

-ამბობდნენ ლუპერკალიებს დაესწრებაო, მაგრამ აჯანყებულების გამო გზაზე შეფერხდა და ჯერაც არ ჩამოსულა.

-რომ მიხვდნენ? 

-ვერავინ მიხვდება. ლაილა ჩრდილოეთიდან არის, ჩრდილოელები და სამხრეთელები კი სახეზე ერთმანეთს არ იცნობენ. მთავარია ათანასიას არ გადაეყარო, თორემ ხომ იცი, ეგ კუდიანი ერთი შეხედვით ხვდება ვინ ვინაა. 

-მაგრამ ჯადოქრები ხომ ერთმანეთის მაგიას გრძნობენ? – იკითხა ოლივერმა. – ზოგი მათგანი სუსტი და მოკვდავია, ზოგი კი ძლიერი და უკვდავი, მაგრამ როგორც ვიცი ერთმანეთის მაგიას მაინც გრძნობენ. მონასტერში შებიჯებისთანავე ნებისმიერი მიხვდება, რომ ლინდა ჯადოქარი არაა.

-მაგას რაც შეეხება. – საჩვენებელი თითი ასწია ჯორდანომ და წამით ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო, მერე კი მიტრიალდა, თავის სამუშაო მაგიდას შემოურბინა და უჯრები ერთმანეთის მიყოლებით გამოაღო. რამდენიმე წუთიანი ფხაკურის შემდეგ, თავი წამოსწია და ხელში ოქროს სამკაული შეათამაშა. ოქროს საკმაოდ სქელ ჯაჭვზე მზის დისკოს ფორმის მედალიონი ეკიდა და ფანჯრიდან შემომავალი შუქის ფონზე, თვალისმომჭრელად ელავდა.

-ეს რა არის? – იკითხა ლინდამ.

-ასეთ სამკაულებს მზის ქურუმები ატარებენ. რამდენიმე თვის წინ მზის ტაძარში ერთი ასაკოვანი ქურუმი გარდაეცვალათ. მეც იქ ვიყავი, მის დაკრძალვას ვესწრებოდი. დანარჩენმა ქურუმებმა ეს სამკაული მოხუცს ჩააყოლეს, მე კი მოვიპარე.

-მიცვალებული გაძარცვე?

-ბრჭყვიალა ნივთები მიყვარს, განსაკუთრებით ოქრო. – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. – რამდენიმე კვირიანი კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ნივთი ძალიან ძლიერი მაგიითაა დამუხტული. 

-თუ ამას გავიკეთებ, დანარჩენი ქურუმები მის მაგიას იგრძნობენ და ჩათვლიან, რომ ეს ჩემი მაგიაა. – მაშინვე მიუხვდა სათქმელს ლინდა.

-ასეა, მაგრამ ეცადე დიდხანს არ ატარო. – ხელი გამოაწევინა ჯორდანომ და ხელისგულზე დაუდო მედალიონო. – ქურუმები ძლიერ და ბნელ მაგიას ფლობენ. არავინ იცის, ეს როგორ იმოქმედებს ჩვეულებრივ მოკვდავზე.

-ვეცდები. – თავი დაუქნია ლინდამ.

-შესაფერისი ტანსაცმელი დაგვჭირდება. – თქვა ანრიმ.

-მაშინ ჯობია ახლავე წამომყვეთ. – უცებ ხალათი გაიხადა ჯორდანომ, სადღაც გაისროლა, მერე პიჟამოს მაგვარ ტანსაცმელზე გრძელი, კაპიუშონიანი მოსასხამი შემოიცვა და ოთახიდან ისე გავარდა, რომ სტუმრებს არც დაელოდა.

ლინდამ, ანრიმ და ოლივერმა ერთმანეთს გაკვირვებილი სახეებით გადახედეს. როცა მიხვდნენ, რომ ჯორდანო უკან დაბრუნებას არ აპირებდა, თავადც წამოდგნენ და მასპინძელს უკან გაეკიდნენ.

ჯორდანომ სწრაფი ნაბიჯებით მიაღწია საგუშაგომდე, სტუმრებს უბრძანა თავიანთი ნივთები და ცხენები უკანვე გამოეთხოვათ და ზედმეტი კითხვების გარეშე გაჰყოლოდნენ . მათაც სხვა გზა არ ჰქონდათ. შეშლილ მასპინძელს დაემორჩილნენ და ისე მოიქცნენ, როგორც მან ითხოვა.

ჯორდანო სტუმრებს ქალაქის შემოგარენისკენ გაუძღვა, სადაც მსახიობთა დასი იყო დაბანაკებული. სოლარისის მაღალი კედლების გადაღმა, მსახიობები ჯერ კიდევ აწყობდნენ თეატრალურ წარმოდგენებს და მაყურებლის ნაკლებობასაც არ უჩიოდნენ. გამვლელები, მოგზაურები თუ ადგილობრივები, თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ მათ ბანაკში.იმ დღესაც იგივე სიტუაცია დახვდათ. მზე უკვე ძალიან ძლიერად აჭერდა, თუმცა სიცხის მიუხედავად ბანაკი მაინც ხალხით იყო გადაჭედილი.

ლინდამ შენიშნა, რომ კედელთან სახელდახელოდ მოწყობილი სცენის ფარდაგი ორად გაიხსნა და იქიდან გამოსულმა მსახიობებმა თამაში დაიწყეს.

-ჯორდანო, – შეაჩერა ოლივერმა კაცი, – აქ რას ვაკეთებთ, აღარ გვეტყვი?

-ხომ გითხარით, კითხვებს ნუ დასვამთ-მეთქი?

-მაგრამ მაინც ვსვამ! – კბილებში გამოსცრა მან, – მიპასუხე!

-კარგი. – ამოიხვნეშა კაცმა. – ამ მსახიობებს ვიცნობ. ჩემთვის ქალაქში ბევრი ისეთი რამ შემოაქვთ ხოლმე, რაც სოლარისში აკრძალულია. ახლა მათ უნდა შევუთანხმდე, რომ მზის ქურუმის და მათი მსახურების ფორმები, რომლებსაც თეატრალურ წარმოდგენებში იყენებენ, მომყიდონ ან მომაქირაონ. 

-სერიოზულად? – სიხარულით გაუფართოვდა თვალები ანრის.

-ყველანაირი კოსტიუმი და დეკორაციები აქვთ. ამ მშვენიერი ქალბატონი მშვენიერ თმას ოქროსფრად შევღებავთ, ოქროსფერ სამოსს ჩაგაცმვამთ და აქსესუარებიც დაგჭირდება, რომ საბოლოოდ დაემსგავსოს მზის ქურუმს. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ამ ყველაფრის საფასურს თქვენ გადაიხდით! – მიუგო ჩურჩულით მან. – ახლა კი მადროვეთ და აქ დამელოდეთ.

ოლივერმა უსიტყვოდ შეუშვა ხელი ჯორდანოს და უკან დაიხია. კაციც მაშინვე შეტრიალდა ქუსლებზე და ერთ-ერთ კარავში შეძვრა, რომელიც მსახიობთა დასის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ.

სცენიდან რამდენიმე მეტრში, კარვებთან ბევრი დასაჯდომები და მოსასვნებელი ადგილები იყო. ანრიმაც ერთ-ერთი მათგანი ამოარჩია და დანარჩენებს უხმო.

ლინდა და ოლივერიც სკამებზე ჩამოსხდნენ და სცენაზე გათამაშებულ წარმოდგენას თვალი მიადევნეს. ოქროსფერთმიანი ქალი გულმოდგინედ, მთელი ემოციებითა და ოსტატური არტისტობით განასახიერებდა მზის ღვთაებას, რომელიც ორი ვარსკვლავის შეჯახების შედეგად დაიბადა და პლანტებზე სიცოცხლის ფორმების წარმოშობას ჩაუყარა საფუძველი. ლინდა სანახაობით აშკარად მოხიბლული ჩანდა. იდაყვით მაგიდას დაყრდნობოდა, ნიკაპი ხელზე ჩამოედო და პერიოდულად იღიმოდა. ანრიც ადევნებდა თვს წარმოდგენას,  თუმცა თავში მაინც არაფერი შესდიოდა. გონებით სხვაგან დაფრინდავდა. ოლივერი კი წარმოდგენას საერთოდ არ უყურებდა. დაძაბული იჯდა და გარემოს თავისი გამჭოლი მზერით ათვალიერებდა. რაღაც უჩვეულო შეგეძნება ჰქონდა. თითქოს საფრთხეს მოელოდა, მაგრამ ეს საფრთხე ხილული არა და არ ხდებოდა. 

შემდეგ ოლივერის დაკვირვებულმა თვალმა რაღაც შეამჩნია. ადამიანები, რომლებიც მანამდე აქეთ-იქით ისე დადიოდნენ, რომ მათ ზედაც არ უყურებდნენ, ახლა თითქოს შიშით შესცქეროდნენ. გვერდს უვლიდნენ და კარვებში იმალებოდნენ. სცენას მაყურებლებიც კი შემოეძარცვა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები მათ შორის დარბოდნენ და ხალხს რაღაცაზე აფრთხილებდნენ, მაგრამ თვითონ მათთან გასაფრთხილებლად არავინ მიდიოდა.

იმ მომენტში, როცა უკვე ოლივერი მიბრუნებას და თავისი გუნდის წევრების გაფრთხილებას აპირებდა, მოულოდნელად არსაიდან ცხენების ფლოქვების თქარუნის ხმა გაისმა. ამ ხმამ არა მარტო ისინი, არამედ მსახიობებიც კი დააფრთხო. ყველანი დაიძაბნენ, კისრები წაიგრძელეს და გზას დამფრთხალი მზერა მიაპყრეს.

უეცრად გალავნის კუთხიდან დიდი სიჩქარით გამოიჭრნენ ცხენებზე ამხედრებული ოქროსაბჯრიანი ჯარისკაცები. მათ წინ სამეფო გვარდიის კაპიტანი და ქარვის სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე დახელგანთქმული მებრძოლი, მარატ მარსელი ხმალამოწვდილი მოუძღოდათ. ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ამ მომენტს ძალიან დიდხანს ელოდა. 

ამ სანახაობის ხილვისას, ოლივერი უეცრად ფეხზე წამოიჭრა, თავის მახვილს ხელი წამოავლო, ქარქაშიდან ამოასრიალა და თავდაცვის პოზა დაიჭირა. მერე გაფართოებული თვალებით დანარჩენებს გადახედა და დაუყვირა.

-არაგონ, მახვილი მოიმარჯვე! ლინდა, ჩემს უკან იდექი!

ანრიმ უსიტყვოდ წამოავლო თავის საგვარეულო, საფირონებით მოჭედილი ვადის მქონე მახვილს ხელი და მანაც ოლივერს მიჰბაძა. დაბნეული ლინდა კი მამაკაცების ზურგს ამოფარებული აღმოჩნდა. დიდად არც მოსწონდა და არც სიამოვნებდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ როცა თავდაცვის არანაირი იარაღი არ გააჩნდა, კარგად იცოდა, რომ მარტო თავისი ორი თითის ილეთით, იქ ვერაფერს გახდებოდა.

-ვიცოდი, რომ უკან დაბრუნდებოდი, ვალენტა! – უეცრად დაიღრიალა მამაკაცის ხმამ. კაპიტამა ცხენი შეაყენა, სხარტად ჩამოხტა და ოლივერს ეკვეთა.

-ეს შენმა ლაჩარმა მეფემაც იცოდა? – მის მოქნეულ მახვილს თავისი დაუხვედრა ოლივერმა. 

-არ გაბედო! – იღრიალა კაცმა.

-რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავად მოსულიყო და შემბრძოლებოდა, მისი ერთგუილი ძაღლი გამოაგზავნა! – ცინიკურად ჩაიცინა ოლივერმა. 

მეტალის მეტალზე შეჯახების ხმა სივრცეში ექოდ გავრცელდა, ჰაერში კი ხახუნის ძალისგან გაჩენილი ნაპერწკლები გაიფრქვა.

-ჩვენს მეფეს იმაზე უფრო მნიშვნეოოვანი საქმეები აქვს, ვიდრე ფეხსაცმლის მტვრის გადაწმენდაა!

-ჰო, ვხედავთ, რომ მტვრის საწმენდად ლაქიებს აგზავნის. – დაუყვირა ზიზღით ანრიმ, თუმცა სიტყვები მაშინვე გაუწყდა შუა გზაში, რადგან მარსელის ხალქვეითები, ყველანი ერთდროულად დაიძრნენ მისკენ.

ანრიმ უკან დაიხია, ჯერ ერთის მოქნეული მახვილი მოიგერია, მერე მეორესი, მერე კი ხის მაგიდაზე ახტა და იქიდან დაიწყო დანარჩენების მოგერიება. 

ლინდა მიხვდა, რომ უსაქმოდ ვერ იდგებოდა მაშინ, როცა მის თანაგუნდელებს ასე უჭირდათ, ამოტომ ოლივერის ჩანთას ეცა და მის ნივთებში იარაღის ძებნა დაიწყო, მაგრამ იქ მისთვის შესაფერისი ვერაფერი იპოვა.

სწორედ ამ დროს, ქალს ვიღაც ჩააფრინდა მხრებში და გვერდზე გადაადგო. დაცემისას თვალებში ჩამოუბნელდა, თუმცა მაინც შეძლო და თავის დაცვის მიზნით ქვას წამოავლო ხელი. როგორც კი ის ვიღაც ისევ ჩააფრინდა მხრებში და მოატრიალა, ლინდამ ქვა მთელი ძალით მოუქნია და სახეში ჩარტყა. კაცმა დაიღრიალა და ბალახზე გადავარდა. გულამოვარდნილმა ლინდამ მიმოიხედა და დაინახა, რომ ხმლებგადაჯაჭვული მარატი და ოლივერი ერთმანეთს მთელი ძალებით აწვებოდნენ. არც ერთი არ თმობდა, ამიტომ ქალმა ჩარევა გადაწყვიტა.

ადგილს მოსწყდა, მარატს მივარდა მხრებზე მოახტა, მერე კი ქვიანი ხელი კისერსა და მკლავს შორის, იქ სადაც აბჯარს ყველაზე სუსტი ფოლადის ფენა ფარავდა, გამეტებით ჩასცხო. ქვის ქვეშ თითები მოეტნა ქალს, მიეჭყლიტა და ტკივილისგან დაუბუჟდა, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა. მარატმა გამწარებული ხმით იღრიალა, ოლივერს ხელი გაუშვა, მოტრიალდა, ზურგზე მომხტარ ლინდას მისწვდა, დაბლა ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. ოლივერმა მათკენ წაიწია, თუმცა წინ ის კაცი გადაუდა, რომელსაც ლინდას გამო წარბი გახეთქოდა და ახლა სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა.

ამასობაში მარატმა დრო იხელთა, ლინდას ზემოდან დააჯდა, კისერში ხელები წაავლო და ნელ-ნელა მისი მოჭერა დაიწყო. ქალს სული შეეხუთა. სასუნთქ გზებზე დიდი სიმძიმის დაწოლის შედეგად, თვალები აუწყლიანდა, ყურებში სისხლი აუგუგუნდა და სუნთქვა შეეკრა.

-მისმა ბრწყინვალებამ კი ბრძანა, რომ მასთან საღსალამათი მიმეყვანე, მაგრამ ვეტყვი, რომ ოლივერ ვალენტამ ტყვე არ დათმო და საკუთარი ხელით მიახრჩო, ოღონდაც მეფეს არ ჩავარდნოდა ხელში. – კბილებს შორის შხამივით ამოანთხია სიტყვები მარსელმა.

ლინდამ ხელები და ფეხები ააფართხალა, მაგრამ თავი ვერ გაითავისუფლა. სასუნქთ მილზე მისი ხელების დაჭერას კიდევ უფრო ძლიერად გრძნობდა. ფილტვებში ჰაერი ეგუბებოდა. თავი უსკდებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მალე თვალები ბუდიდან ამოუცვიდებოდა. ქალმა ხელები მამაკაცის სხეულზე მოაფათურა. უნდოდა მის ქამარზე დამაგრებულ ხანჯალს მისწვდომოდა, თუმცა ხელში მხოლოდ რაღაც უცნაური, მოგრძო, ოვალური ფორმის ფოლადის ნივთი შერჩა.

არ იცოდა ეს რა ნივთი იყო, ამიტომ საბოლოოდ დაკარგა გადარჩენის იმედი. სასოწარკვეთილმა ამოიხავლა, თავი გვერდზე გადააბრუნა და დაბინდული მზერა ოლივერსა და ანრის მოატარა. გაიფიქრა, რომ ეს მისი აღსასრული იყო. რომ ამ ადამიანებს ვეღარასდროს ნახავდა. რომ სახლში ვეღარასდროს დაბრუნდებოდა, რომ მამამისი ვერასდროს გაიგებდა, რა ბედი ეწია მის შვილს და რომ ირის და ბელას ვეღარაფრით დაეხმარებოდა.

და სწორედ იმ მომენტში, როცა გონება საბოლოოდ უნდა დაეკარგა, ოლივერის სახე დაინახა, რომელიც მას უყურებდა. ოლივერს ამჯერად ორი კაცი აკავებდა, მესამე კი მუშტებს ურტყმადა მუცელსა და მკერდის არეში. ოლივერი ითმენდა. სუნთქვას იკავებდა და ქვედა ტუჩს კბილებს ძლიერად აჭერდა. ბოლოს კი მამაკაცმა მთელი ძალა მოიკრიბა და დაღრიალა.

-ბერკეტს დააჭირე!

ლინდა ვერ მიხვდა, რაზე ეუბნებოდა.

-ბერკეტს დააჭირე! – ისე დაიღრიალა ოლივერმა.

-ბერკეტს დააჭირე! – სადღაც შორიდან გაისმა ანრის ხმაც.

ქალი თავიდან ვერ იაზრებდა, რას ამბობდნენ მამაკაცები, თუმცა მერე უეცრად მისი დაბინდული გონება ამუშავდა და გაახსენდა, რომ ის უცნაური მეტალის ნივთი, რომელიც მარატის ქამრიდან მოხსნა, ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. მისი თითებით შესწავლისას კი აღმოაჩინა, რომ მეტალის ნივთს მართლაც ჰქონდა პატარა ბერკეტი.

ლინდამაც აღარ დააყოვნა, მთელი ძალა მოიკრიბა და ბერკეტს თითი დააჭირა. უეცრად ამ ოვალური ნივთის ორივე მხრიდან შუბის პირი ამოიმართა და იმხელა სიმაღლეზე გაიშალა, რომ მისი ერთი ნაწილი მიწაში, ლინდას სახის გასწვრივ ჩაერჭო, მისი მეორე ბოლო კი ჰაერში აიტყორცნა, მარატის მხარს მიაღწია, მის ლავიწთან გაიარა და მეორე მხარეს გავიდა.

კაცმა გულისგამგვირავად დაიღრიალა და ლინდას ხელი მაშინვე შეუშვა. ქალმა შვება იგრძნო, ამოისუნთქა და ამოახველა. მერე კი ინსტინქტურად, იმ იარაღს უკანვე გამოქაჩა და ისევ გამოატარა მის ღია ჭრილობაში.

მარატმა ისევ იღრიალა და გვერდზე გადავარდა, ლინდამ კი როცა მისი უზარმზარი ჭრილობა დაინახა, თვალები უკან გადაატრიალა და როგორც მოსალოდნელი იყო, გონება დაკარგა.

***

დახუჭულ ქუთუთოებზე მზის სხივები დასთამაშებდა ირის. 

გონება ნელ-ნელა უფხიზლდებოდა, თუმცა კოშმარებს თავს მაინც ვერ აღწევდა. შორიდან ჩაესმოდა მამაკაცების მუქარისშემცველი ღრიალის ხმა. ცხენების ფლოქვების თქარუნი, მისი განწირული კივილი და ცეცხლის ტკაცანის ხმები. 

ახსოვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა, თუმცა ჯერ კიდევ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს როცა გაიღვიძებდა, ყველაფერი ბნელ სიზმარში დარჩებოდა.

გაიღვიძა, მაგრამ რეალობას შუბლით შეეჯახა. 

როგორც კი თვალი გაახილა, მეხსიერება ერთიანად აუმუშავდა და ყველაფერი მის გონებაში დაბრუნდა. გაახსენდა, რომ ბელას სახლი გადაწვეს. რომ იქიდან ძალით წამოიყვანეს, და რომ თავის დაღწევა ბელამაც კი ვერ შეძლო.

ბელა!

უცებ მისი სახელი გონებაში ამოუტივტივდა და მაშინვე წამოსწია თავი. ირგვლივ მიმოიხედა, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა.

ქვის ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე იწვა, რომელიც ალაგ-ალაგ თივებით იყო დაფარული. სადღაც შორიდან წყლის წვეთების წკაპუნის ხმა ესმოდა და ცხვირში ნესტის მძაფრი სუნი უღიტინებდა. ჭერში ამოჭრილი ერთადერთი სარკმლიდან მზის სხივები შემოდიოდა და პირდაპირ სახეზე ეცემოდა. 

წამოჯდა გოგონა და კედელს ზურგით მიეყრდნო. მაჯებზე სიცივე და ტკივილი იგრძნო. როცა დაიხედა, დაინახა, რომ ბორკილები ეკეთა. ოღონდ ეს ბორკილები უჩვეულოდ მსუბუქი და ვერცხლივით თეთრი, პირიალა მეტალისგან იყო დამზადებული, რომელზეც უცნაური სიმბოლოები ამოეტვიფრათ. ასეთი ბორკილები აქამდე არასდროს ენახა ირის.

გოგონამ ხელები ძლივს ასწია და დაჭიმული კისერი მოისრისა. თავრბუსხვევას ჯერ კიდევ გრძნობდა, რის გამოც გამოძრავება უჭირდა. როცა სახე ოდნავ გვერდზე მიაბრუნა, უეცრად მისი მზერის არეში საშინელი, უშნო, მიმიკა მოხვდა, რის გამოც გოგონამ უნებლიეთ შეიკივლა და ფეხზე წამოხტა. როცა უკან დაიხია, მისმა მზერამ მთელი კედელი აღიქვა. არა მარტო ერთი, არამედ საკნის ყველა კედელი, იმის გარდა, რომელშიც გისოსი იყო ჩასმული, ადამიანის თავისქალებითა და ძვლებით იყო მოპირკეთებული. ეს იმდენად საზარელ სანახაობას წარმოადგენდა, ირის უნებლიედ შინაგანი კანკალი აუვარდა და ვეღარ დაწყნარდა.

-კარგად ხარ? – გაისმა უეცრად ექოსმაგვარი ხმა.

ირი შეკრთა და დაძაბული მზერა საკნის ბნელი კუთხისკენ გააცეცა. 

-ბელა, აქ ხარ? – ხმა მაშინვე იცნო გოგონამ.

-ჰო, აქ ვარ. – მშვიდი ტონით უპასუხა ქალმა.

ირიმ თვალები დააწვრილა და ეცადა სიბნელეში რაიმე გაერჩია, თუმცა სულ ტყუილად. 

-სად ვართ? 

-მგონი… კატაკომბებია?

-მანდ რატომ ხარ? აქეთ მოიწიე.

ბელამ საპასუხოდ მხოლოდ ამოიოხრა. მერე ოდნავ გამოძრავდა, ბოლოს კი თქვა.

-კარგი, ოღონდ არ შეგეშინდეს.

-რა? – გაუკვირდა ირის. – რისი უნდა შემეშინდეს?

-იმის, რასაც ნახავ. – თქვა ხმადაბლა ბელამ.

ირიმ გაიგონა, როგორ წამოიმართა ქალი ფეხზე, მერე კი სიბნელიდან გამოვიდა და სარკმლიდან შემომავალი მზის სხივების ფონზე გაჩერდა.

როცა ირიმ მის წინ მდგარი ქალი დაინახა, უეცარი შოკისგან მეტყველების უნარი წაერთვა. ვერც კი იცნო. მის წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. იგივე სიმაღლე და იგივე აღნაგობა ჰქონდა. მისი სახის მთვარისებრი, მრგვალი მოყვანილობაც იგივე იყო, მაგრამ მისი ყორნის ფრთებივით შავი თმა სადღაც გამქრალიყო და მხრებზე ახლა ალუბლისფერი, სქელი და სრიალა თმები ჩამოშლოდა. ტუჩები წვნიან ალუბალს მიუგავდა, მომწვანო ფერის თვალები კი მოწითალო, წაბლისფერი გახდომოდა.

-ეს… რა… – წაილუღლუღა ირიმ და უნებურად უკან გაიწია. – ეს რა ჯადოქრობაა?

-ამას გარდასახვა ჰქვია. – მხრები აიჩეჩა ქალმა, მერე დაიხარა, იატაკზე დაჯდა და ირის შეხედა. – ჩემი არ შეგეშინდეს, ისევ იგივე ადამიანი ვარ.

ირი წამიერად გაითიშა. ნანახის გადასახარშად ცოტა დრო კიდევ დასჭირდა. გონების სიღრმემდე ძლივს მიუშვა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ჯადოქარს თავისი ჯადოქრობით გარეგნობა შეეცვალა, ამიტომ საბოლოოდ შვებით ამოისუნთქვა, თავი გააქნია და თქვა.

-რა მნიშვნელობა აქვს წითელი თმა გექნება თუ შავი. 

-ჰო… ასეა… – ბელამაც ამოისუნთქა შვებით. 

-მთელი ეს დრო, ინიღბებოდი?

-მაგიით გარეგნობას ვიცვლიდი.

-რატომ?

-შავი თმით ნაკლებად თვალშისაცემი ვარ. თან ჯადოქრებს გვდევნიან და ამის გამოც გარეგნობის შეცვლა ხშირად მიწევდა. ადრეც შემამჩნია ხალხმა, რომ მაგიას ვიყენებდი და ქურუმებთან დამასმინეს. ჩემი აღწერილობა და ნახატები ყველა ქალაქში იყო გამოკრული. გავეშებული მაძებრებივით ყველგან დამეძებდნენ, ამიტომ შენიღბვა ვარჩიე.

-აბა… ახლა… რატომ გამოიყურები ასე?

-ანტიმაგიური ბორკილები მადევს, – თავის მაჯებს დახედა ბელამ, – ჩემი მაგია ჩემს სხეულშია გამოკეტილი. გარეთ ვეღარ გამოდის და გარეგნობაც ჩემი ბუნებრივი დამიბრუნდა.

-ანტიმაგიური ბორკილები? – ირიმაც დახედა თავის მაჯებს.

-ესენია, რაც ჩვენ გვიკეთია. – ხელები ასწია ქალმა და ბაჯებზე მორგებული ბორკილები აარიჩხინა. –  მაგიას ბლოკავს და ჩვეულებრივ მოკვდავებს გვამსგავსებს. 

-და მე რატომ მიკეთია? მე ხომ ჯადოქარი არ ვარ?

-ათანასიამ ლუპერკალიების მსვლელობისას ჩემი მაგია იგრძნო. მის მცველებს ჩემი წაყვანა დაავალა, მაგრამ ალბათ რადგან ერთად ვიყავით, იფიქრეს, რომ ორივენი ჯადოქრები ვართ და ორივენი წამოგვიყვანეს. – ივარაუდა ქალმა.

-ათანასიასთან მოგვიყვანეს? – მოულოდნელად თვალები შიშით აევსო ირის.

-ჰო.

-ოოჰ… ღმერთო! – ორმაგად აფორიქდა გოგონა. სახეზე გადაფითრდა და ხელები აუკანკლადა. მერე წამოდგა და აქეთ-იქით ნერვიულად ბორგვასა და სიარულს მოჰყვა. – ეს არ უნდა მოხდეს. ასე არ შეიძლება…

-რა მოხდა? – თვალი გააყოლა გაკვირვებულმა ბელამ მას.

-ათანასიამ არ უნდა მნახოს… – ენა დაება მღელვარებისგან გოგონას. – აქ არ უნდა მნახოს. არ უნდა შევხვდე. გამიგია, რომ ადამიანების ამოცნობა ერთი შეხედვით შეუძლია!

-მაგიურ არსებებს მარტივად იცნობს, რადგან მეთვალყურეთა რასის წარმომადგენელია. ეს ნიჭი მისი ბუნებაში დევს. – განუმარტა ბელამ.

-არა, მე არ უნდა მიცნოს! – ხმას ვეღარ აკონტროლებდა ირი. თითები და ტუჩები უთრთოდა. პანიკაში ჩავარდნილს ჰგავდა.

-უკვე გვიანია. მისი ტყვეები ვართ. – ბელას ძალიან უნდოდა დაემშვიდებინა აღელვებული თანამესაკნე, მაგრამ ისევ სიმართლის თქმა ამჯობინა.

-შენ არ გესმის… – მიუბრუნდა უცებ ირი მას, მის წინ მუხლებზე დავარდა, ქალს თვალებში შეხედა და ვედრებით უთხრა. – დემიანს ჰგონია, რომ ყველა მოწმე მოიშორა თავიდან, ვისაც კი შეეძლო მისი ბრალეულობა დაემტკიცებინა. ათანასიამ რომ მნახოს, მაშინვე მიხვდება ვინც ვარ. მიცნობს და დემიანს ყველაფერს მოახსენებს!

-მოწმე? – წარბები მაღლა აზიდა ქალმა. – რისი მოწმე ხარ?

-მოწმე ვარ იმისა, თუ როგორ ამოხოცა დემიანმა საკუთარი ოჯახი. – ხმას უნებლიეთ დაუწია ირიმ. აქეთ-იქით დამფრთხალმა მიმოიხედა. დარწმუნდა, რომ არავინ უსმენდათ, და დაამატა, – მე დავინახე… როგორ მოკლა მან მამამისი… მეფე ბენედიქტე. მისი თავიდან სისხლიანი ხელებით გვირგვინი წაჰგლიჯა და თავზე დაიდგა, მერე კი მამამისის გვამს გადააბიჯა და ტახტზე მედიდურად დაჯდა. ოლივერმა ამიტომ გადამარჩინა. თორემ ვინ ვიყავი… არავინ. უბრალოდ მსახურთუფროსის გოგო.

-ათანასიას პირადად შეხვედრიხარ? – ინტერესით და დაბნეულობით სავსე თვალებით შეხედა ბელამ მას. – წლების წინა, როცა სასახლეში ცხოვრობდი, მას თუ შეხვედრიხარ?

-კი, მაგრამ პატარა ვიყავი. მას მერე შევიცვალე.

-მაშინ ვერ გიცნობს, მთავარია, რომ არ შეგეხოს. თუ შეგეხება, შეიძლება შენი წარსული და მოგონებები დაინახოს და მიხვდეს ვინც ხარ. – ამჯერად ლოგიკური მსჯელობით ნამდვილად გამოუვიდა ბელას მისი დამშვიდება.

-მართალია… – ცახცახი უნებურად შეწყვიტა ირიმ, – მაგრამ მაგის იმედად ვერ ვიქნები, რომ არ შემეხება…

-ჯადოქარი მე ვარ. შენგან მაგიურ ძალებს ვერ იგრძნობს, ამიტომ მთელი ყურადღება ჩემზე ექნება გადმოტანილი.

ირიმ სახე წამიერად გვერდზე მიაბრუნა და სარკმლიდან მოკრიალებულ ცას ახედა. რას არ მისცემდა, ოღონდაც ახლა ამ საკნის გარეთ, სადღაც შორს, ტყეში, ისევ ოლივერთან ერთად ყოფილიყო და მისი ჭრილობები ეხვია.

გოგონამ საკანში შემომავალი ჟანგბადი ღრმად ჩაისუნთქა და ისევ ბელას შეხედა.

-რა თქვი, ათანასია ვინ არისო?

-მეთვალყურეა. – დარწმუნებით უთხრა ბელამ. – ჩემს დედამიწაზე, ჯადოქრები რანგებად იყოფიან. პირველი, მეორე და მესამე რანგი. პირველები ყველაზე ძლიერები არიან, მეორეებს არაუშავთ, მესამეები კი სუსტები და მოწყვლადები არიან. მაგრამ არსებობენ ქმნილებები, რომლებიც არც ერთ რანგს არ მიეკუთვნებიან. მაგალითად მეთვალყურეები. მათი მაგია ძალიან განსხვავებულია. ჩემს სამყაროში ისინი ბევრად კარგი ტიპები არიან. ჯადოქრები ძირითადად მათ მცველებად იყენებენ, რადგან თავიანთი კატისებრი თვალებით, სხვა რანგის ჯადოქრებზე უფრო მარტივად შეუძლიათ მაგიური არსებების ამოცნობა.

-შენს სამყაროში კარგი ტიპები არიან? – გაეცინა ირის.

-პრინციპში, ასე ვერც განსჯი. კარგი და ცუდი ყველა სახეობაშია. ისიც ფაქტია, რომ ათანასიას გარდა საკუთარი მაგიისა, სხვა, უფრო ძველი და ბნელი მაგია აქვს შეთვისებული, რის გამოც უგულო და დაუნდობელი გახდა.

-სხვა ქურუმებზე რას იტყვი? – დაინტერესდა ირი. – ყველანი მეთვალყურეები არიან?

-არა, მხოლოდ ათანასიაა. ტაძრის ეზოში ვინც დავინახე, ყველა მათგანი სხვადასხვა რანგებს ეკუთვნიან.

-და შენ… – ისევ წამოიწყო ირიმ საუბარი, რადგან ბელას შესაძლებლობების ბოლომდე გამოძიება სურდა, თუმცა სიტყვები შუაზე გაუწყდა, რადგან უეცრად შორიდან მძიმე კარის გაჭრიალების ხმა გაისმა, შემდეგ კიბეებზე ვიღაც დაეშვა, ბოლოს კი საკნის გისოსების მიღმა ოთხი ადამიანი გამოჩნდა.

ერთი ქალი იყო, სამი კი მამაკაცი. მამაკაცმა მცველებმა საკნის კარი გახსნეს და ქალი წინ გამოატარეს. როგრც კი სამოსით მზის ქურუმი იცნო ბელამ, მაშინვე წამოიჭრა ფეხზე, ირიც წამოაყენა და ზურგს უკან დაიყენა. ზედ ისე გადაეფარა, როგორც დედა ჩიტი თავის ბარტყს.

ქალი საკანში მძიმე ნაბიჯებით შევიდა. თავისი ოქროსფერი თმა ხელის მსუბუქი მოძრაობით მხარს უკან გადაიწია, მერე კი ხელები ოქროსფერ მოსასხამში შემალა. 

-მე, ყვითელი კლდის მონასტრის წინამძღვარი, ქურუმი ელისარია ვარ. ახლა სწორედ ამ მონასტერში იმყოფებით. – თქვა ცივი ხმით ქალმა.

მისი სიტყვების გააზრებისას, უეცრად ირის სხეულში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. მაშინვე მიმოიხედა და ძველბისგან და თავისქალებისგან შემკულ კედლებს მოავლო მზერა. გაახსენდა, რომ ყვითელი კლდის მონასტერს, ადრე ყვითელი კლდის ციხე ერქვა. ხოლო ეს ძვლები კი მეფე ბენედიქტეს მტრებს ეკუთვნოდა.

გოგონას ყელში უაზარმაზი ბურთი გაეჩხირა და თვალები აუწყლიანდა. არც კი სჯეროდა, რომ ამდენი ადამიანი იმ მეფის დახოცილი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობდა.

-თქვენი თავი მე ჩამაბარეს. – განაგრძო საუბარი ელისარიამ. ბელა და ირი არც კი გამოძრავებულან. მეტი, გეგონებოდათ არც კი სუნთქავენო. – თქვენი სახელები მითხარით!

-ბელადონა და… მაგნოლია. – ირის სახელი სწრაფად მოიტყუა ბელამ.

-ნათესავები ხართ?

-ჩემი მსახურია და ჯადოქარი არ არის. აქ შეცდომით წამოიყვანეთ. – უპასუხა ბელამ.

-მაგას მთავარი ქურუმი გადაწყვეტს. ახლა კი წამომყევით, უნდა მოწესრიგდეთ, რომ ათანასიას წინაშე წარსდგეთ!

ამის გაგონებისას ცივმა ოფლმა დაასხა ირის და ხელი უნებლიეთ მოუჭირა ბელას. ბელამ მისი დაძაბულობა იგრძნო და გულზე უსუსურების მძიმე მარწუხები შემოაწვა. ბორკილები რომ არ ჰკეთებოდა, თავსაც და ირისაც იქიდან ერთ წამში დაიხსნიდა, მაგრამ იმ მომენტში, არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

ელისარია მიტრიალდა, თუმცა როცა იგრძნო, რომ გოგონები არ მოჰყვებოდნენ, მკაცრი გამომეტყველებით გადახედა მცველებს და უბრძანა.

-ორივენი წამოიყვანეთ! სხვა გოგონებთან ერთად  მოვაწესრიგებთ!

საკანში მცველები შემოვიდნენ და ხელისკვრით წინ გაიგდეს გოგონები. სულ წინ ელისარია წავიდა, რომელსაც კედლიდან ჩამოხსნილი ფარანი ეკავა და შიგნით მბჟუტავი შუქით გზას უნათებდა დანარჩენებს. საკნები ჩაიარეს, კიბეებზე ავიდნენ და მძიმე კარი გააღეს.

მის მიღმა მოკლე დერეფანი მოჩანდა. როცა დერეფანს გასცდნენ, კიდე ერთ დიდ კარს მიადგნენ. ელისარია კარს ორივე ხელით მიაწვა და შეაღო. უეცრად შიგნით მყოფი გოგონები ერთდროულად შემოტრიალდნენ მათკენ.

ათამდე იქნებოდნენ. ყველანი ახალგაზრდები და ყველანი ლამაზები. ყველას პირსახოცები ჰქონდათ სხეულზე შემოხვეული და აბაზანის მისაღებად ემზადებოდნენ. ოთახი უზარმაზარ საუნას ჰგავდა. შიგნით ორთქლი იდგა და იატაკში ამოშენებულ ავზებში წყალი ჩუხჩუხებდა.

ელისარიამ ხელისკვრით შეყარა გოგონები შიგნით, მერე იქვე მდგარი მოწნილი კარადა გააღო, პირსახოცები მისცა და უთხრა.

-აბაზანა მიიღეთ, თქვენი თავი მთავარ ქურუმს უნდა  წარუდგინოთ. თუ ათანასიას მოეწონებით მზის ქურუმებად გაქცევთ და ფუფუნებაში გაცხოვრებთ!

-და თუ არა? – თამამად ჰკითხა ბელამ.

-მაშინ დამალვისთვის და ჯადოქრობის უნებართვოდ გამოყენებისთვის სიკვდილით დაგსჯიან. – ამოანთხია ქალმა შხამი, გავიდა და კარი გაიჯახუნა.

ბელა და ირი შემოტრიალდნენ და დანარჩენ გოგონებს გადახედეს. ყველა მათგანი შეშინებული და დაბნეული ჩანდა და ყველა მათგანს ხელებზე ბორკილები ედო.

-თქვენც… ჯადოქრები ხართ? – ჰკითხა ბელამ.

-კი. – თავი დაუქნიეს ერთდროულად მათ.

-მოგიტაცეს? – ირიმ ჰკითხა.

-ზოგი ჩვენგანი კი, ზოგი კი ჩვენმა ოჯახებმა თავისი ნებით ჩაგვაბარა. – ქერათმიანმა გოგონამ გულისწყვეტით ამოთქვა.

-რა? – შეშფოთდა ირი.

-ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ათანასია მაინც გაიგებდა ჩვენს შესახებ და ჯადოქრობის დამალვისთვის სიკვდილით ყველას დაგვსჯიდნენ. – ჩაილაპარაკა მან, მერე კი მიტრიალდა და სხვებთან ერთად იატაკში ამოშენებული აუზისკენ წავიდა, რომელსაც ოხშივარო ასდიოდა.

-ამ გოგონებში არიან მეთვალყურეები? – ჩურჩულით გადაულაპარაკა ირიმ ბელას.

-არა. სხვადასხვა რანგის ჯადოქრები არიან.

-და შენ რომელ რანგს მიეკუთვნები? – თვალებში შეხედა გოგონამ.

-არცერთს. – თვალი ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა ქალმა და თავადაც აუზისკენ წავიდა.

***

კარეტას, რომელიც მოხეტიალე მსახიობებისგან შეისყიდეს, ლუი ოსტატურად მართავდა. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მიჯაყჯაყებდა და წინ შემხვედრ ორმოებსა თუ ქვებს ოსტატურად უქცევდა გვერდს.

კარეტაში სამნი ისხდნენ. ანრი ერთი მხირდან გაჰყურებდა გზას, ოლივერი მეორე მხრიდან, ლინდა კი თავის ნადავლს ათვალიერებდა.

მარატ მარსელისთვის წართმეული იარაღი, ჯერ კიდევ ხელთ ეპყრა. დაკეცილ მდგომარეობაში ისეთი პატარა და მოსახერხებელი ჩანდა, ვერც კი წარმოედგინა, რომ ერთი თითის დაჭერით, შეიძლებოდა სასიკვდილო იარაღად ქცეულიყო.

როცა თითებს შორის კიდევ ერთხელ დაატრიალა ქალმა, უეცრად ცერა თითი ბერკეტზე დაეჭირა და მისი ორივე მხრიდან წვეტიანი, ბასრი პირები გამოიშალა. ოლივერს თავი გვერდზე სხარტად რომ არ გაეწია, უეჭველად შუბლს გაუხვრეტდა. იარაღის წვერი კი მის უკან, კარეტის კედელში ხმაურით გაერჭო.

მამაკაცმა დაბღვერილი სახით გახედა ლინდას, მერე სწრაფად სწვდა იარაღს და ბერკეტზე თითის დაჭერით, ისევ დაკეცილ მდგოარეობაში დააბრუნა.

-ეს სათამაშო არ არის! – კბილებს შორის გამოსცდა ოლივერმა.

-ბოდიში. – დაიჩურჩულა ლინდამ. – უბრალოდ… ასეთი იარაღი მანამდე არასდროს მინახავს. თქვენ გინახავთ?

-კი, მინახავს. – თავი დაუქნია მამაკაცმა. – შუბია, რომელსაც მებრძოლები ხშირად იყენებენ. მოსახერხებელია, რადგან დაკეცილ მდგომარეობაში მისი დამალვა მარტივია.

-მეც მინახავს. ზუსტად ასეთიც მინახავს და მსგავსი უცნაური მეტალისგან დამზადებული იარაღებიც მინახავს, რომლებსაც მსგავსი უცნაური სიმბოლოები ჰქონდა ამოტვიფრული. – ჩაერია საუბარაი ანრი, – დემიანის ჯარისკაცები ატარებენ ხოლმე ასეთ იარაღებს, მაგრამ ცალკე უკეთიათ ქამრებზე. არ ვიცი, ზუსტად რაში იყენებენ.

-ნეტავ რაში იყენებენ? – თავის თავს ჰკითხა ლინდამ და კიდევ ერთხელ დაატრიალა ხელში იარაღი. უცებ ოლივერი მისკენ გადაიხარა, მაჯაში სწვდა, იარაღი აართვა და ქალს თვალებში შეხედა.

-ჩვენთან ასეთი წესია, თუ ბრძოლაში ვინმეს იარაღს წაართმევ, ის იარაღი მერე შენი საკუთრება ხდება. ეს ახლა შენია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, რომ თავს რაიმე არ დაუშაო.

-მიჩვევა მჭირდება და მისი გამოყენება არ გამიჭირდება. – თავი იმართლა ლინდამ.

-ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მანამდე ამას მე შევინახავ. გაუკვირდებათ, მონასტერში იარაღით თუ შეამჩნევენ მზის ქურუმს. – უთხრა ოლივერმა, მერე კი იარაღი ჯიბეში ჩაიდო.

ლინდამ გაპროტესტება დააპირა, თუმცა მერე გადაიფიქრა, რადგან შეიძლებოდა მონასტერში მზის ქურუმი გაეჩხრიკათ და იარაღს თუ უპოვნიდნენ, ეს უცნაურად გამოჩნდებოდა, მცველისთვის კი იარაღის ტარება უფრო ბუნებრივი იქნებოდა.

-როგორ ფიქრობ, მარატი მოკვდება? – იკითხა უცებ ლინდამ. ეს ფიქრი მას შემდეგ აწუხებდა, რაც კაცს მხარში უზარმაზარი შუბი გაუყარა.

-რა თქმა უნდა, არა. – გაეცინა ანრის. – ძაღლი კოჭლობით არ კვდება.

-მისი ხელქვეითები რომ მიათრევდნენ, იმდენ სისხლს ღვრიდა, შეიძლება ვერც გადარჩეს. – გულგრილად დაამატა ოლივერმა.

ამის გაგონებისას ლინდას თვალები მღელვარებისგან დაუმრგვალდა და აფორიქდა. როცა ანრიმ ეს შენიშნა, ოლივერს მუჯლუგუნი გაჰკრა, მერე კი ქალზე ანიშნა და შეუბღვირა. 

-შეგიძლია რაიმე საიმედო უთხრა? 

-მოვატყუო? – გაიკვირვა ოლივერმა.

-ლინდა ჩვენნაირ გარემოში არ გაზრდილა. როგორ გგონია იქ, თავის სამყაროში, ყოველდღე უყრის მამაკაცებს შუბს მხარში, ვინც მის დახრჩობას ცდილობს?

მისმა სიტყვებმა ოლივერი მაშინვე ჩააფიქრა . მამაკაცი მიხვდა, რომ ანრი მართალი იყო, ამიტომ ლინდას გახედა და ამჯერად შეცვლილი ტონით უთხრა.

-მარატის გვერდით მიბრძოლია. მაგაზე უარესი ჭრილობები მიუღია და გადარჩენილა. ნუ ღელავ, ის შენი ხელით ნამდვილად არ მოკვდება!

როცა მისი მშვიდი მზერა და იმედსმომცემი, ონდავშესამჩნევი ღიმილი დაინახა ლინდამ, მაშინვე მოდუნდა და დამშვიდდა.

-და შენზე რას იტყვი? – ჰკითხა ქალმა. – ორი კაცი გაკავებდა და ერთი გირტყამდა. 

-მტკივა, თუმცა არც ისე ძალიან. – ნეკნებზე ხელი მოისვა მან. – და შენზე რას იტყვი? მარსელი შენს დახრჩობას ცდილობდა.

-აღარ მტკივა, მხოლოდ გარეგანი დაზიანება მაქვს. – კისეზე ხელი მოისვა ლინდამ. – იმდენი ოქროს საღებავი მისვია, იმედი მაქვს არაფერი შემეტყობა და მონასტერშიც ვერ შეამჩნევენ ამ სილურჯეებს.

-აღარ გტკივა? – დაეჭვდა ოლივერი. – მარატმა ლამის კისრის ძვლები ჩაგიმსხვრია. წესით ასეთი დაზიანება ჯოჯოხეთურად უნდა გტკიოდეს.

-მაგრამ არ მტკივა. – მხრები აიჩეჩა ლინდამ.

ოლივერმა თვალები დახარა და მის კისერზე, მკერდამდე ჩამოშლილ ოქროს მედალიონს შეხედა. გაიფიქრა, რომ ლინდას ტკივილის გაყუჩება სწორედ ამ მაგიური ნივთის დამსახურება უნდა ყოფილიყო. ამის თქმაც კი დააპირა, თუმცა ამ დროს ლუიმ კარეტის კედელზე მოაბრახუნა და მგზავრებს ამცნო, რომ მონასტერს უახლოვდებოდნენ.

როცა ფანჯრიდან გაიხედეს, შენიშნეს, რომ უაზარმაზარი აღმართი ამოევლოთ და თითქმის კლდის წვერამდე ამოსულიყვნენ, მათ წინ კი ჩამავალი მზის სხივების ფონზე, ყვითელი კლდის მინასტრის ულამაზესი ხედი იშლებოდა.

მონასტერი ღრმა არხით შემოსაზღვრულ უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენდა. არხზე გადებული ფართე ხიდი პირდაპირ მონასტრის კარიბჭესთან აკავშირებდა გზას, რომელიც სამი მეტრის სიმაღლის ქვით ნაშენ გალავანში იყო დატანებული.

როცა ოქროსფერი დეტალებით მოხატული კარეტა გზაზე გამოჩნდა, კარიბჭის ორივე მხარეს განთავსებულ კოშკებში მყოფმა მცველებმა მაშინვე შენიშნეს. საღებავი ისე ბრღვიალებდა მზის შუქზე, რომ ბაჯაღლო ოქრო გეგონებოდათ.

-ეს ადგილი რუკაზე სხვა სახელითაა მონიშნული, რადგან ჩვენი რუკა ცოტა ძველია. – შენობას ახედა ანრიმ. – ეს ადრე ციხე იყო, რომელიც მეფე ბენედიქტემ აჯანყებულთა ძვლებზე ააგო. 

-მხოლოდ ასეთ ადგილას თუ მოიკიდებდა ფეხს ისეთი ბოროტება, რასაც მზის კულტი ჰქვია. – ჩაილაპარაკა ოლივერმა და ტანსაცმელი შეისწორა, მერე ლინდას ნადავლი იარაღი ჯიბიდან ამოღო და ჩექმის ყელში ჩაიცურა.

როცა კარეტა ხიდთან გაჩერდა, კოშკის გუშაგებმა დაბლა მდგარ მცველებს ნიშანი მისცეს. მათაც კარიბჭეზე დაშვებული ფოლადის ცხაური ასწიეს და მოსული სტუმრების დასახვედრად ხიდზე გადმოვიდნენ.

კარეტის კარი მალევე გაიღო და იქიდან ორი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა. ქურუმების მსახურებისთვის დამახასიათებელი თეთრი სამოსი ეცვათ, ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული. ყელზე კი ტყავის საყელურები ეკეთათ, ზედ დაკიდებული მოზრდილი ფოლადის რგოლებით, რაც სიმბოლურად მონობას განასახიერებდა. დიახ, ქურუმების მსახურები სინამდვილეში მხოლოდ მსახურები კი არა, მონები იყვნენ, რომლებიც მზის ქურუმებს ეკუთვნოდნენ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე. 

თმა უკან გადაევარცხნათ ოლივერსა და ანრის, ზედ კი იმდენი ოქროსფერი საღებავი ესვათ, რომ თმა გაფშიკინებული ეყარათ კეფაზე. ოქროსფერი საღებავითვე ჰქონდათ სახე მოხატული, თანაც ისე, რომ მათი სახის ნაკვთების გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო.

შეთანხმებისამებრ, მცველების წანაშე, პირველივე წუთადნვე სპექტაკლის დადგმა დაიწყეს. ანრიმ კარეტას სწრაფად შემოურბინა, მის კართან მუხლებზე დაეშვა, ხელები ძირს დაალაგა და შუბლი მიწას მიაბჯინა. ოლივერმა კი კარი გამოაღო და იქიდან გადმოსულ ლინდას ხელი შეაგება. კარეტის სიბნელიდან ჯერ თეთრხელთათმანიამა ხელმა გამოანათა, რომელიც მაგრად ჩაებღაუჭა მსახურის მაჯას, ზედ ჩამოეყრდნო, მერე კი ოქროსფერი სანდლით შემოსილი ფეხი პირდაპირ მსახურის ზურგზე ჩამოადგა.

ლინდა ცდილობდა მკაცრი და ცივი იერი შეენარჩუნებინა, თუმცა როგორც კი მთელი სხეულით დაეყრდნო ანრის ზურგს, წონასწორობა დაკარგა და ოლივერს ხელი რომ არ შეეშველებინა, მონასტირს მცველების თვალწინ ტალახში გაგორდებოდა.

საწყალმა ანრიმ გამწარებული ხმით დაიკრუსუნა და ქვედა ტუჩს კბილები ძლიერად დააჭირა, რომ თავი არ გაემჟღავნებინა. ამასობაში ლინდამაც აღიდგინა წონასწორობა, ოლივერის ბრაზით აბრიალებულ თვალებს სახე აარიდა, მიწაზე ფეხი ჩამოადგა და მხრებში გაიმართა.

ერთიანი ოქროსფერი შესამოსელო, რომელიც მთელ მის სხეულს ფარავდა, მიწაზე ტალღებად დაეშვა და მზის სხივების დაცემისას, ისიც ბაჯაღლო ოქროსავით აკრიალდა.

მცველებმა ახლადგამომცვხარი ქურიმი შეათვალიერეს, მაგრამ ვერ იცნეს. მისი სახეც იმდენი ოქროსფერი საღებავით იყო დაფარული, რომ ოჯახის წევრიც რომ ყოფილიყო, ალბათ მაინც ვერ იცნობდნენ.

ოქროსფერ საღებავში ამოსვრილი გაფშეკილი თმა ხელით შეისწორა ლინდამ, თავზე მორგებული მზის სხივების მსგავსი დიადემა შეისწორა და თავის მონებს გადახედა.

ანრი ფეხზე სასწრაფოდ წამოხტა, ტანსაცმელი დაიფერთხა, მერე კი ოლივერთან ერთად ხიდისკენ გაეშურა, ლინდა კი უკან გაჰყვა მათ.

როგორც კი ხიდზე შედგნენ მსახურები, მაშინვე გადაუდგნენ წინ გუშაგები. მსახურებიც ინსტინქტურად თავიანთ ქურუმს გადაეფარნენ.

-შეჩერდით! – იღრიალა ერთმა.

-როგორ ბედავთ! – ოლივერმა მომაკვდინებელი მზერა ესროლა ორივეს.

-მონასტერში სტუმრებს არ ელოდებიან! – მიუგო მკაცრი ტონით გუშაგმა. – ვინ ხართ?

-როგორ ბედავთ და გზას უღობავთ ცივი მთის მონასტრის წინამძღვარს?! – კბილებში გამოსცდა ანრიმ.

-წინამძღვარი? – ერთმანეთს გადახედსს გუშაგებმა.

-წინამძღვარი ლაილა! – შეახსენა ოლივერმა. – იცით რამხელა გზა გამოაირა, რომ სოლარისში ლუპერკალიებს დასწრებოდა? ვერ ჩამოვუსწარით აჯანყებულთა მიერ გზებზე შექმნილი ხიფათის გამო, მაგრამ გავიგეთ, რომ მონასტერში ახალი მზის ქურუმები გყავთ, ამიტომ მათი წარდგენის ცერემონიაზე დასასწრებად მოსვლა გადაწყვიტა, თქვენ კი გზას უღობავთ?!

გუშაგმა პირი გააღო, რომ თავი ემართლებინა, თუმცა სიტყვები შუაზე გაუწყდა.

-მანდ რა ხდება?! – გაისმა უეცრად უკნიდან ქალის მკაცრი ხმა.

ამ ხმის გაგონებაზე, გუშაგებს უეცრად ფერი ეცვალათ. ორივენი გაფითრდნენ, შემდეგ კი სწრაფად დაიხიეს უკან, ორად გაიყვნენ და გზა გაათავისუფლეს.

ხიდზე ახალგარზდა ქალი გამოჩნდა. მასაც მზის ქურუმებისთვის დამახასიათებელი სამოსი ეცვა, გამომეტყველება კი მკაცრი და ცივი ჰქონდა. 

-წინამძღვარო ელისარია, სტუმრები გვეახლნენ. – ძლივს ამოღერღა ერთ-ერთმა გუშაგმა.

-ვინ? – იკითხა მკაცრი ხმით ქალმა, მერე კი სტუმრები შეათვალიერა.

-ამბობენ, რომ ცივი მთის მონასტრის წინამძღვარია.

-წინამძღვარი ლაილა? – წარბები შეჭმუხნა ელისარიამ, – ლაილას ვიცნობ!

ამის გაგონებისას, უეცრად გული შეუქანდა ლინდას და სუნთქვა შეეკრა. ისეთმა შიშმა აიტანა, ლამის ნახევარი სიცოცხლის წლები იმ ერთ წამში გამოაკლდა. ელისარიას მისი მონებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია, ისე გასწია ისინი გვერდზე და სტუმარს მიაცქერდა. ჯერ თვალებში გაურკვევლობა ეწერა, თითქოს მზერა აემღვრაო. ლინდა თავიდან თვალის გასწორებას ვერ ბედავდა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ წინამძღვის როლს თამაშობდა, რომელიც მონოპოლიურად განაგებდა მთელ მონასტერს და არავის და არაფრის შიში არ უნდა შესტყობოდა, თორემ ქალი ყველაფერს მიხვდებოდა.

როცა ლინდამ თავი ასწია და ელისარიას თვალი უტეხად გაუსწორა, ქალმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ის, მერე კი წარბი გახსნა და ფართედ გაიღიმა.

-დაო ლაილა! – შესძახა მან. – ბოლოს წლების წინ გნახეთ, თქვენს აღკვეცაზე. უკანა რიგებში ვიდექი და შორიდან გიყურებდით. ძალიან გაზრდილხართ. მზესავით ანათებთ!

-დაე მნათობი იყოს მუდამ ჩვენი მფარველი. – ღიმილით უთხრა ლინდამ და როგორც ჯორდანომ დაარიგა, ისე გაუწოდა ხელი ელისარიას. ქალიც ფრთხილად ემთხვია მის ხელს, მერე კი გვერდზე გაიწია და ღიმილით მიუგო.

-ვიცოდით, რომ გზაში იყავით, მაგრამ გვეგონა კიდევ ორი დღით დაგაგვიანდებოდათ! მობრძანდით, თქვენთვის ჩვენი მონასტრის კარი ყოველთვის ღიაა!

-გმადლობთ!

-მაგრამ თქვენი მცველები უნდა შევამოწმოთ. – ყალბად გაუღიმა ქალმა.

-დიახ, წმინდა მიწაზე იარაღის შეტანა ხომ დიდი ცოდვაა. – მაშინვე მიუხვდა ლინდა და მანაც ყალბად გაუღიმა. – ჩემმა მცველებმა წესები იციან. იარაღი არ აქვთ.

ელისარიამ ისევ უსიტყვოდ, ყალბად გაიღიმა და გუშაგებს თვალით ანიშნა თავისი მოვალეობა შეესრულებინათ. მათაც მაშინვე გაჩხრიკეს მზის ქურუმის მონები, თუმცა ვერაფერი რომ ვერ უპოვეს, გვერდზე გადგნენ და გზა გაუთავისუფლეს.

ელისრიამ მცველებს უხეშად შეუბღვირა, მერე კი კარიბჭისკენ გაემართა.

ანრიმ ეშმაკური ღიმილით გადახედა ლინდას და თვალი ჩაუკრა, ქალმა კი სიცილი ძლივს შეიკავა, მერე კი შეუმჩნევლად უჩქმიტა მკლავზე.

ყველანი ელისარიას გაჰყვნენ უკან. ლინდამ კარიბჭეში რომ გაიარა, თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაეშალა. მწვანეში ჩაფლული ბაღის მიღმა, მოყვითალო ქვით ნაშენი მაღალი შენობა დაინახა, რომელიც ძალიან ჰგავდა გერმანული გოთიკური სტულის სასახლეს. შენობას მაღალი, ფართე საფეხურებიანი ქვის კიბე ჰქონდა, შესასვლელი პორტალი კი ძალიან რთული, ჩახლართული, ციური სხეულების ორნამენტებით იყო მოჩუქურთმებული.

ელისარიამ ეზოში ორი გოგონა თითის დაქნევით მოიხმო, მერე კი რაღაც უჩურჩულა. ისინიც მაშინვე შებრუნდნენ და შენობაში შეცვივდნენ. ქალი სტუმრებს მოუბრუნდა და ღიმილით შეხედა მათ.

-ნამგზავრი ალბათ დაღლილი იქნებით. სანამ თქვენთვის ოთახს მოამზადებენ, მანამდე შეიგიძლიათ იბანაოთ. ხომ იცით, ჩვენი ტაძარი მიწიდან ამომავალი ცხელი წყლის აუზზეა აგებული, რის გამოც აქ მუდმივად გვაქვს აბაზანა მწყობრში. წამობრძანდით, თავად მიგაცილებთ. – კიბეებზე ავიდა ქალი და შენობაში შეუძღვა სტუმრებს.

ლინდას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სექტემბრის ბუღიდან პირდაპირ მაცივარში გადაინაცვლა. შენობის ინტერიერს დათვალიერების დრო არ ჰქონდა. ერთადერთი, რასაც თვალი მოჰკრა, ეს სხვა მზის ქურუმები იყვნენ, რომლებიც ყვავილების თაიგულებით და საჭმლით სავსე ლანგრებით აქეთ-იქით დარბოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანისთვის ემზადებოდნენ.

-გავიგე, რომ შარშან ზამთარში ძლიერი თოვა იყო და ორ მეტრამდე მოთოვა. – მიუბრუნდა ელისარია დაინტერესბული სახით ლინდას.

-აჰ… დიახ. – არ დაიბნა ქალი. – ძალიან მაღალი თოვლი იყო. საკუჭნაოს სახურავიც კი დაგვიზიანა.

-მართლა? მერე შეაკეთეთ?

-ჩვენი მონები ხელმარჯვეები არიან. – ჩაიცინა ქალმა.

-რას ამბობთ, დაო ლაილა?! – უცებ თვალები გაუფართოვდა ელსარიას. მერე ხმას დუაწია და მისკენ გადაიხარა. – ხომ იცით, რომ მათ მონებს არ ვეძახით. ისინი რჩეულები არიან, რომლებსაც პატივი ერგოთ, მზის ქურუმებს ემსახურონ.

ლინდა უეცრად სახეზე გაფითრდა. მიხვდა, რომ რაღაც არასწორად გააკეთა, თუმცა მერე წამებში გადაწყვიტა, რომ ყველაფრის სარკასტულ ხუმრობაში გატარება ეცადა.

-მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, დაო. რაც არ უნდა ვეძახოთ მათ, ისინ ხომ მაინც მონები არიან. – ცინიკურად მიუგო ქალმა.

ელისარიას ჯერ სახე გაუქვავდა, მერე კი უეცრად უფერულ ბაგეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა, ჩაიფხუკუნა და დაამატა.

-გაგონილი მქონდა, რომ ძალიან პირდაპირი იყავით, მაგრამ ამასაც არ მოველოდი. – თქვა ქალმა და ორფრთიანი კარი შეაღო.

იმ კარის მიღმიდან უეცრად, სქელი და ცხელი ორთქლი გამოვარდა და პირდაპირ სახეში ეცა სამივეს. ლინდას სული შეეხუთა, ანრის კი ხველა აუვარდა. როგორც კი ორთქლი გაიფანტა, მის მიღმა მარმარილოს თეთრი ფილებით მიპირკეთებული რომაული აბანოს ტიპის ოთახი გამოჩნდა. მიწაში მრგვალად ამოშენებული აუზები სავსე იყო შიგნით მოთუხთუხე კამკამა წყლით, რომელსაც უცნაური, ობისა და მარილის სუნი ასდიოდა, და ირგვლივ ცხელ ოხშივარს აფრქვევდა.

-შემობრძანდით, ნამგზავრი ტანსაცმელი გაიხადეთ, ჩვენ მოვაწესრიგებთ, აქ კი ახალ ტანსაცმელს მოგცემთ. – თქვა ელისარიამ, მერე კი ლინდას მსახურებს მიუბრუნდა და უხეშად მიახალა. – რას დამდგარხართ, დაეხმარეთ თქვენს წინამძღვარს!

-რა? – თვალები შუბლზე აუვიდა ლინდას ამის გაგონებისას. ანრის დიდად არ გაჰკვირვებია, ოლივერს კი მაშინღა გაახსენდა, რომ ქურუმების მონებს ყველაფერი ევალებიდათ, მათ შორის თავიანთი მბრძანებლების ტანსაცმლის გახდა და აბაზანის მიღებისას მათი ზურგის გახეხვაც კი.

როცა სამივენი ერთ ადგილას გაშეშდნენ და ვერ მოიფიქრეს რა უნდა გაეკეთებინათ, ელისარიამ ისევ შეუბღვირა მათ.

-დაყრუვდით? 

ოლივერმა ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ლინდას და მხრებზე მოხვეულ მოსასხამს ფრთხილად მოკიდა თითები. ლინდა მთელი სხეულით დაიძაბა. ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და სუნთქვა თითქმის შეწყვიტა.

-შენ რას უდგახარ? – წარბაწევით შეხედა ელისარიამ ანრის.

-მე… მე… – აბლუყუნდა მამაკაცი.

-შეხების უფლებას მხოლოდ ერთ მონას ვაძლევ! – სწრაფად წამოიძახა ლინდამ.

-მართლა? – გაიკვირვა ელისარიამ.

-მეორეს ეს ჯერ არ დაუმსახურებია. – ისეთი ტონით თქვა ქალმა, ძნელი იყო მისთვის ვინმეს არ დაეჯრებინა.

ამიტომაც იყო, რომ ელისარიას კითხვები აღარ გასჩენია. ვფიქრობ კარგი არჩევანია. – ოლივერს შეავლო ხარბი მზერა მან, მერე კი ველურად ჩაიცინა.

ოლივერმა მზერა გაარიდა მის თვალებს, მერე კი ხელები ფრთხილად აატარა ლინდას ზურგზე და მისი ღილების გახსნა დაიწყო. ელისარია ჯიუტად არ იცვლიდან იქიდან ფეხს. გამჭოლი მზერით უყურებდა ფერადი ვიტრაჟებიდან შემომავალი შუქის ფონზე მდგარ დაძაბულ ლინდას და მის ზურგს უკან ასვეტილ ოლივერს, რომელიც მის ღილებს ფრთხილად ხსნიდა და ნელ-ნელა დაბლა მიუყვებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ აბანოში ბუღი იდგა, ოლივერს თითის წვერები სულ გაყინული ჰქონდა. თითქოს ხელებში სისხლი არც კი უმოძრავებდა. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს ასე ვის გამო, ან რის გამო იღელვა და ინერვიულა.

ლინდას პირში ნერწყვი გაშრობოდა. სუნთქვას ძლივს ახერხებდა. ოლივერის ყოველ შეხებაზე იყო კონცრენტრირებული და ყველაფერს დეტალურად შეიგრძნობდა. ხერხემლის გასწვრივ ფრთხილად ეხებოდა ის, ღილებს ხსნიდა და კანზე ცივ კვალს უტოვებდა. ლინდას ის საღამო ახსენებოდა, როცა სოლარისში, ტაძრის ეზოში დაბრუნდა. როცა ოლივერი მოულოდნელად მიუახლოვდა მას და აკოცა. მის საქციელს ვერ ხსნიდა. ვერ ხსნიდა რამ გადააწყვტინა ისეთ მომენტში მისი კოცნა მამაკაცს, რომელიც მთელი ეს დრო მისი თავიდან მოშორებით იყო დაკავებული. გონებაში ბელას სიტყვები უტრიალებდა, ოლივერს მოსწონხარო, მაგრამ როცა მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ახსენდებოდა, ერთი პროცენტითაც კი ვერ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილყო.

როცა ბოლო ღილიც გახსნა ოლივერმა, ახლა დრო იყო თავისი ქმედება დაეგვირგვინებინა. გულის სიღრმეში ხვდებოდა, რასაც გრძნობდა ლინდა. რამხელა ტნაჯვა და უხერხულობა იყო მისთვის ორი უცხო მამაკაცის წინაშე მდგარიყო და ერთ-ერთ მათგანს მისთვის ტანსაცმლის გახდა ეცადა, მისი თანხმობის გარეშე. მამაკაცს ბრაზისგან ტვინში სისხლი ასხამდა. სძულდა სკაუთარი თავი იმის გამო, თუ რისი გაკეთებაც უწევდა. 

ბოლოს როცა კაბას მხრებზე ხელები ჩაავლო და გადაუწია, უეცრად ელისარიამ ამოიხვნეშა.

-ჩემი მსახური ახალ სამოსს და საღებავს მოგიტანთ! – სიჩუმე თავისი აუტანელი ხმით გაარღვია ელისარიამ, მერე კი ტაში შემოჰკრა. უეცრად კარში ორი ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა. მორჩილად, თავდახრილები იდგნენ და ზურგსუკან ხელები ჰქონდათ გადაჯვარედინებული. ელისარიამ რაღაც გადაულაპარაკა მათ, მერე კი სააბაზანოდან გაისტუმრა.

სანამ არავინ უყურებდათ, უხერხულობისგან სახეაჭარხლებულმა ანრიმ, პატარა სარკმელი გამოაღო, რომ ოთახი ორქლისგან ცოტათი გამოეთავსიფლებინა, თვითონ კი სუფთა ჰაერი მოესუნთქა.

-შირმის უკან გამოვიცვლი! – დრო იხელთა ლინდამაც და ისე რომ ელსარიას პასუხისთვის არც დაუცდია, გაიქცა და შირმის უკან შევარდა.

ოლივერმა შვებით ამოისუნთქა, როგორც კი ლინდა მის სხეულს ჩამოშორდა. 

ბამბუკის შირმის უკან ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა ქალმა, პირსახოცი შემოიხვია და იქიდან პირდაპი აუზისკენ გაემართა. სველ იატაკზე შიშველი ფეხების ტყლაშუნი რომ გაისმა, ოლივერმა თავი ასწია და ამღვრეული მზერა გააყოლა ქალს, თუმცა მერე იგრძნო, რომ გვერდიდან ანრი აკვირდებოდა, ამიტომ სწრაფად მიაბრუნა სახე და სხვა მხარეს გაიხედა.

ლინდა აუზში მოჩუხჩუხე ცხელ წყალში ჩაჯდა, ხის დიდი ჩამჩით წყალი ამოიღო და თავზეც გადაივლო. მიწიდან ამომავალი ცხელი, მინერალური წყლის შეხება სხეულზე იმდენად ესიამოვნა, რომ ქალმა წამში იგრძნო დამშვიდება, დაძაბულობის მოხსნა და განტვირთვა.

-შენს ქალბატონს დაეხმარე, – მკაცრი იერით გადახედა ელისარიამ ოლივერს, – რას უდგახარ?

მამაკაცმა მოუთმენლად ამოიოხრა. ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, რომ თავი შეეკავებინა და იმ ქალისთვის საკადრისი პასუხი არ გაეცა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი ლინდასკენ გაემართა. ქალს ხელი აუკანკალდა, როცა ოლივერის მოახლოება ზურგიდან იგრძნო. მისი აცახცახებული ხელი ოლივერმა მაშინვე შენიშნა, ამიტომ მაჯა დაუჭირა და ქალს ზემოდან დახედა. ლინდამაც ოდნავ ასწია ქუთუთოები და მას მზერა გაუსწორა. ეს იმ სიტუაციას აგონებდა, როცა აიძულეს აბაზანაში მწოლიარე დემიანისთვის ოქროს საღებავი ჩამოერეცხა შიშველი სხეულიდან. თუმცა წამიერი დაფიქრების შემდეგ გააცნობიერა, რომ სიტუაცია იმ მომენტში ბევრად განსხვავებული იყო. აქ ორივეს აიძულებდნენ რაღაცის გაკეთებას, და აქ ორივე ენდობოდა ერთმანეთს. 

ლინდა ვერ ხსნიდა საიდან და როგორ, მაგრამ შინაგანად ზუსტად იცოდა, ოლივერი ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ მას თავი უხერხულად ანდაც დამცირებულად ეგრძნო, ამიტომ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მამაკაცმა ხელიდან ჩამჩა გამოართვა მას, აუზიდან ცხელი წყალი ამოიღო და თმაზე გადაავლო.

ლინდამ თვალები დახუჭა. ცხელი, მინერალური წყალი სახესა და ტუჩებზე ჩამოეღვენთა. მერე კი ოლივერის ხელის შეხება იგრძნო. მამაკაცი თითების ფრთხილი მოძრაობით მისთვის ოქროსფერი საღებავის ჩამოცილებას ლამობდა.

ლინდა ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და ცდილობდა ცხვირით ესუნთქა, თან ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს შორის შუალედებს ითვლიდა. ეს დამშვიდებაში ეხმარებოდა, თუმცა თავის კონტროლში ვერა. ვერ აკონტროლებდა გულისცემას, რომელიც უკვე პიკს აღწევდა და ვერ აკონტროლებდა მზერას,  რომელიც მის თავზე წამომდგარი ოლივერისკენ გაურბოდა. 

იმ მომენტში, როცა ოლივერის დიდი, უხეში ხელები ყელსა და მხრებზე ეხებოდნენ, კანზე ეხახუნებოდნენ, საღებავს აშორებდნენ და მის კანს აუსფთავებდნენ, მოულოდნელად ელისარიამ ხმამაღლა დასჭექა და ორივენი ბურუსუდან გამოაფხიზლა.

-კარგი, საკმარისია! ამდენი დრო არ არის, დაო ლაილა! ღამდება, ვახშამი კი ახლოვდება!

ლინდამ ინსტინქტურად მოიხედა უკან, და ელისარიას გვერდით ისევ ის ორი ახალგაზრდა, მოზარდი გოგონა დაინახა, რომლებსაც პირსახოცები და ახალი ტანსაცმელი ეჭირათ.

-ღმერთო ჩემო! – უეცრად შეიცხადა ელისარიამ. – კისერზე რა მოგივიდათ?

ლინდამ მაშინვე კისერზე იტაცა ხელი, რადგან გაახსენდა, რომ მარატის უზარმაზარი ტორების მიერ დატოვებული სილურჯეები, ჯერ კიდევ კანზე აჩნდა.

-ეს… ეს… – დაიბნა ქალი.

-არ მეგონა თუ საქმე ასე სერიოზულად იყო. – თქვა ელისარიამ. – გავიგე, რომ გზად თავს აჯანყებულები დაგესხნენ, მაგრამ როგორ გაბედეს მზის ქურუმს შეხებოდნენ?! სისხლჩაქცევები მაგიით ინდა მოიშოროთ!

-დიახ… მოვიშორებ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ათანასიას ვაჩვენებ. მინდა ყველა ის ადამიანი სასტიკად დაისაჯოს, ვინც თავს დამესხა! – კიდევ ერთი ტყუილი სწრაფად მიახალა ქალმა.

-მათ ადამიანებსაც კი ვერ ვუწოდებ. ცხოველები! – ჩაისსინა ელისარიამ.

ლინდამ წამიერად გახედა ოლივერს და კმაყოფილი სახით გაუღიმა, მერე კი თემის შეცვლის მიზნით დაამატა.

-მინდა, რომ ჩაცმაში შენი გოგონები დამეხმარონ. – თვალი თვალში გაუყარა ლინდამ მონასტრის წინამძღვარს. მისი ხმა თხოვნასავით კი არა, ბრძანებასავით უფრო ჟღერდა, ამიტომ ელისარიამ წინააღმდეგობა ვერც კი გაუწია.

-და მონები? – იკითხა მან.

-ცოტა ხანს დაისვენონ. ნება მიეცით თქვენს ულამაზეს ბაღში გაისეირნონ, სანამ თქვენი გოგონები ჩემზე იზრუნებენ. – კიდევ ერთი ტყუილი მიახალა ლინდამ.

ელისარიამ ეჭვით მოწკურა წარბები. ცოტა ხანს უყურა ლინდას. დაფიქრდა, ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები აათამაშა, მერე კი ანრის და ოლივერს გახედა და უთხრა.

-შეგიძლია წახვიდეთ. სამზარეულოში სადილსაც მოგართმევენ. უთხარით, რომ მე გამოგგზავნეთ! – ოლივერმა მაშინვე შეუშვა ლინდას ხელი, ფეხზე წამოიმართა და ანრი ხელისკვრით წაიყვანა კარისკენ.

როგორც კი მისი სხეული მოშორდა ლინდას, ქალს შეამცივნა და უხერხულად მოიბუზა. აუზიდან ამოვიდა, გოგონებს პირსახოცები გამოართვა და შირმის უკან შეძვრა. სანამ იმშრალებდა ყველანი მოთმინებით ელოდებოდნენ, იქიდან გამოსულს კი ახალი ტანსაცმელი ჩააცვეს და მისი თმის, სახის და სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეღებვა თავიდან დაიწყეს.

ქალის მთელი ფიქრები, ამ მზადების პრიცესშიც კი ანრისა და ოლივერს ეთმობოდა. რადგანაც ელისარიას მეთყვალყურეობას თავი დააღწიეს, ქალმა ზუსტად იცოდა, რომ შეძლებდნენ და მოახერხებდნენ მონასტრის რაღაც ნაწილის ისე გაეჩხრიკათ, რომ არავის შეემჩნია ისინი.  

იქნებ ირის და ბელასაც კი წაწყდომოდნენ სადმე.

***

რომაული ტიპის აბანოდან, მსახურთა მთელმა ამალამ გამოაცილა ლინდა. მერე მაღალ კიბეებს აუყვნენ და დიდ, ორფრთიან კარს მიადგნენ, რომელიც სხვადასხვა დინამიურად განვითარებადი სცენებით იყო მოჩუქურთმებული. ლინდას ვარაუდით, ეს სცენები მზის კულტის რომელიმე წმინდა წიგნიდან უნდა ყოფილიყო.

როცა კარის წინაშე დადგა ქალი, ერთიანად აცახცახდა. არ იცოდა იმ კარის მიღმა რა ელოდა, ან როგორ უნდა მოქცეულიყო. ოლივერისა და ანრის გარეშე თავს ძალიან მარტოდ და დაუცველად გრძნობდა. მთელი გულით ლოცულობდა, ოღონდაც მალე გამოჩენილიყვნენ, და ეს ნატვრაც რამდენიმე წამში აუხდა.

უცებ ზურგს უკნიდან ჩქარი ნაბიჯების ხმა შემოესმა ლინდას და მაშინვე სწრაფად მოტრიალდა. მსახურების ნაკადი ორ ნაწილად გაიყო და მათ შორის თავისუფლად გამოიარეს ანრიმ და ოლივერმა. ლინდამ შვებით ამოისუნთქა, გულში ღმერთს მადლობა გადაუხადა, მერე კი ღრმა ჩასუნთქვით ამოვარდნილი გული დაიმშვიდა. რასაც ვერ ვიტყოდით ოლივერზე. თუ მანამდე მამაკაცი მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობდა თავს, ლინდას დანახვისას მოულოდნელად მკერდის არეში მწვავე ჩხვლეტა და გულის უჩვეულო ფრიალი იგრძნო. ლინდამ ისიც კი შენიშნა, როგორ არაბუნებრივად გაუფართოვდა მამაკაცს თვალის გუგები, როცა მასთან პირისპირ აღმოჩნდა.

ქალს მზის ქურუმების მიერ მიცემული თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ოქროსფერი სალტეები და ქამარი ამშვენებდა. მისი ლამაზი სახე და მოშიშვლებული მხრები სულ ოქროსფერი საღებავით იყო დაფარული, მის თმაში კი პატარა, ოქროს დიადემა ბრწყინავდა, რომელსაც ქარვის ქვები ამკობდა.

-რამე გაარკვიეთ? – დაიჩურჩულა ლინდამ.

როგორც კი მისი ხმა გაიგონა ოლივერმა, ფიქრებიდან მაშინვე გამოერკვა.

-გავარკვიეთ, რომ მზის ქურუმები გოგრისგან არაჩვეულებრივ ღვეზელს ამზადებენ. – თქვა ხითხითით ანრიმ, თუმცა როგორც კი ფერდში ოლივერის მუჯლუგუნი იგრძნო და მისი თვალების ბრიალიც შენიშნა, მშვიდად დაამატა. – აუზიანი ოთახის გვერდით, დაბლა ჩასასვლელ კიბეებს მივაგენით. იქ, ქვემოთ… კატაკომბები და საკნებია, მაგრამ ცარიელია. არც სამზარეულოში და არც ბაღში გვინახავს არავინ. არ ვიცით, სად ყავთ ირი და ბელა.

-სხვაგან შეღწევა ვერ შევძელით. – დაიჩურჩულა ოლივერმა. – ქურუმები ყველაფერს კარგად იცავენ.

-ვნახოთ, იქნებ ცერემონიაზე გამოჩნ… – ლინდამ წინადადების დასრულებაც კი ვერ მოასწრო, რომ მოულოდნელად მათ წინ ორფრთიანი კარი ჯერ შეზანზარდა, შემდეგ კი ორად გაიყო.

კარის მიღმა უზარმაზრი დარბაზი გამოჩნდა. მაღალი, იატაკიდან ჭერამდე ატყორცნილი, შეისრული კამარებით დასრულებული ფანჯრები ამშვენებდა, რომლებშიც ფერადი ვიტრაჟები იყო ჩასმული. ეს ვიტრაჟებიც სხვადასხვა სცენებს ასახავდნენ მზის კულტის წმინდა წიგნებიდან. ჭერში თოკით დიდი ჭაღი იყო დაკიდებული, რომელშიც ასობით სანთელი ბრიალებდა და იღვენთებოდა. კარის პირდაპირ დიდი მაგიდა იყო გაშლილი, გვერდებზე კი შედარებით მომცრო მაგიდები დაემატებინათ. 

დარბაზში მორუზრუზე ხალხი, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. როგორც კი კარის ხმა გაიგეს, შემობრუნდნენ და ახლადმოსულებს ინტერესით მიაცქერდნენ.

ლინდა ერთიანად აფორიაქდა. აკანკალდა და მუხლებში სისუსტე გაუჯდა, თუმცა მერე მაჯაზე ოლივერის თითების ფრთხილი შეხება იგრძნო და სიმშვიდე წამებში დაეუფლა. შეიძლება სიტყვებით ვერ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ერთი შეხებაც საკმარისი იყო, რომ მისი მხარდაჭერა ეგრძნო.

ამ დროს, ლინდას თამხლები ერთ-ერთი მსახური წინ წარსდგა და ხმამაღლა გამოაცხადა.

-ცივი მთის მონასტრის წინამძღვარი, ქურუმი ლაილა!

თავიდან ლინდამ ვერ გაიაზრა ეს სიტყვები, თუმცა მერე როცა ოლივერმა მაგრად შეაჯანჯღადა, აზრზრე მოვიდა და მიხვდა, რომ იმ მომენტში ქურუმი ლაილა თვითონ იყო და ხალხისთვისაც თავი ოსტატურად უნდა მოეჩვენებინა.

ქალმა ღრმად ჩაისუნთქა, მოემზადა და წინ ერთი ნაბიჯი გადადგა. როცა დარბაზში შეაბიჯა, თავი ასწია და ხალხი დაკვირვებით მოათვალიერა. მზერით ათანასიას ეძებდა, თუმცა იმ ოქროსფრად აელვარებულ მზის ქურუმებს შორის, ის არ იმყოფებოდა. ამან ცოტა დაამშვიდა, რადგან ათანასია იქ რომ ყოფილიყო, მაშინვე ახლადმოსულს მიაქცევდა ყურადღებას და ქურუმ ლაილაშიც სწრაფდვე ამოიცნობდა თვითმარქვიას.

ქალი ამან უფრო თავდაჯერებული გახადა. სწრაფად შევიდა როლში. თავი ამაყად ასწია, ძლიერი, მყარი ნაბიჯებით გაიარა გზა მაგიდამდე და ყველა იქ მყოფს, მსუბუქი, ყალბი ღიმილით მიესალმა. ოლივერი და ანრიც უკან გაჰყვნენ მას. ერთ-ერთ მაგიდას მიაუხოოვდნენ და ხალხში შეერივნენ. 

სხვა ქურუმებსაც ახლდათ თავიანთი მსახურები. ყველა მათგანს ძლიერი აღნაგობა ჰქონდა,  სახეებზე კი ეტყობოდათ, რომ მზად იყვნენ ნებისმიერი აეკუწათ თავიანთი მბრძანებლისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ დარბაზის კარი ისევ გაიღო და შიგნით ქურუმი ელისარია შემოვიდა. ყურადღების მისაქცევად ქალმა ხელები ასწია და ტაში ძლიერად შემოჰკრა, მერე კი ღიმილით თქვა.

-გთხოვთ, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს შევეგებოთ, – ქალი კარისკენ შებრუნდა და ხმამაღლა გამოაცხადა, – მზის კულტის მთავარი ქურუმი, ათანასია!

ამის გაგონებისას ლინდას მთელ სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. ხერხემლის გასწვრივ სიცივე იგრძნო, შინაგანდ კი პანიკურად  აფორიაქდა, თუმცა მერე თავი დაარწმუნა იმაში, რომ ამდენ ხალხში ათანასია მას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდა. უბრალოდ ჩუმად უნდა მჯდარიყო და ის გაეკეთებინა, რასაც დანარჩენი ქურუმები აკეთებდნენ.

უეცრად გაღებულ კარში ათანასია შემოსრიალდა. გრძელი, მთლიანად ოქროსფერი კაბა ეცვა. თმა გაშლილი ჰქონდა, თავზე კი უზარმაზარი, მზის დისკოს მსგავსი გვირგვინი ედგა, რომელსაც ვიტრაჟებიდან შემომავალი უკანასკნელი მზის სხივების შუქი ეცემოდა და ერთიანად ბრწყინვალებაში ჰხვევდა.

ქალმა, ისე რომ გვერდზე არც გაუხედავს, პირდაპირ ცენტრში მდგარ მაგიდას მიაშურა და მაგიდის შუაგულში, სპეციალურად მისთვის გამზადებულ, დიდ, მოჩუქრუთმებულ სავარძელში მსუბუქად ჩაეშვა. როგორც კი ის დაჯდა, სხვა დანარჩენებმაც იწყეს თავიანთი ადგილების მოძებნა და დასხდომა, ფეხზე კი მხოლოდ მათი მონა-მსახურები დარჩნენ. 

ლინდამაც სხვების მსგავსად მოძებნა ადგილი, თან ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც ათანასიას თვალის კუთხეში დიდად ვერ მოხვდებოდა. მერე კი უკან მოიხედა და გადაამოწმა, რომ ბიჭები მასთან ახლოს იმყოფებოდნენ. ორ ნაბიჯში მდგარმა ანრიმ გამამხნევებმად ჩაუკრა თვალი და ანიშნა წინ მიტრიალებულიყო, რომ მისი მკვეთრი მოძრაობებით ვინმეს ყურადღება არ მიექცია.

ვახშამი განახლდა. სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს სუფრებზე დალაგებული კერძების დაგემოვნება. ნელ-ნელა მაგიდიდან ყველაფერი გაიცალა, შემდეგ კი მსახურმა გოგონებმა თავიდან შეავსეს სუფრები. ლინდამ შენიშნა, რომ მაგიდებს ძირითად თინეიჯერობის ასაკის მსახურები ემსახურებოდნენ, რომლებიც ჯერ ქურუმებად არ იყვნენ ნაკურთხი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სავარაუდოდ იქ მხოლოდ წვრთნას გადიოდნენ. 

მთელი ეს დრო ათანასია თავის გვერდით მსხდომ სხვა ქურუმებს ესაუბრებოდა, სვამდა, კერძებს აგემოვნებდა და ბედნიერად ურთიერთობდა ყველასთან. 

ლინდა თვალს არ აშორებდა მას. იმიტომ კი არა, რომ ასე სურდა, უბრალოდ არც კი იცოდა საით გაეხედა. ღვინის სასმისი ეჭირა, ყელში ლუკმა არ გადასდიოდა, ამიტომ არაფერს აგემოვნებდა, მხოლოდ სვამდა და მზის ტაძრის მთავარ ქურუმს თვალებით ბურღავდა. 

ბოლოს ათანასია ფეხზე წამოდგა, სასმისი ასწია, ზედ ჩანგალი მიუკაკუნა და ყველას ყურადღება მოითხოვა, მერე კი ხმამაღლა თქვა.

-დღევანდელი ჩვენი ტრაპეზი, ახალი წლის დასაწყისს ეძღვნება. მზის ღვთაება დედაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ამ რთულ გზაზე გვმფარველობს. როცა მზე ზღვაში ჩაესვენება, ის ოქროსა და ქარვას აფქრვევს, ამ ოქროთი და ქართვით კი ჩვენს მომავალ თაობებს მოსავს! ამიტომ დღეს ახალი დასაწყისით ვიწყებთ! ახლა ჯობია ჩვენს მომავალ თაობას, მზის მიერ ნაკოცნ ახალგაზრდა ჯადოქრებს შევეგებოთ! – ათანასიამ ელისარიას გახედა და უთხრა. – დაო ელისარია, შემოიყვანეთ ჩვენი მომავალი მზის ქურუმები!

-დიახ ქალბატონო! როგორც ბრძანეთ, თქვენი ახალი ნადავლი მოვაწესრიგეთ და მზად არიან გეახლონ. – თავი დააუკრა ქალმა მას.

-შემოიყვანეთ! – მბრძანებული ტონით გაუმეორა ათანასიამ.

ამის გაგონებისას, ლინდამ მთელს კანზე ეკლების ჩხვლეტა იგრძნო და სკამზე მოუსვენრად აწრიალდა.

ელისარიამ კარს გახედა და ხელით ვიღაცას უხმო. უცებ კარში მსახურები შემოვიდნენ და ათამდე ახალგაზრდა ქალი შემოაცილეს. ლინდამ მაშინვე გააცეცა გაფართოებული თვალის გუგები და მათ შორის ნაცნობი სახეების ძებნა დაიწყო. როცა იმას წააწყდა, რასაც ასე ელოდა, მათ დანახვაზე უეცრად გული შეუქანდა. სიხარულის და სევდის განცდა ერთდროულად დაეუფლა.

წინ ბელა მოდიოდა, ოქროსფერი სამოსით, თმაზე გადასმული ოქროსფერი საღებავით, ოქროს სამკაულებითა და დიადემით შეკაზმული, უკან კი ირი და დანარჩენები მოჰყვებოდა. მათაც მსგავსად ეცვათ და ისინიც მსგავსად ბრწყინავდნენ ოქროთი. სახესა და თმებს ოქროს საღებავი უფარავდათ, მათ თვალებში კი შიში და სასოწარკვეთა ერთდროულად იკითხებოდა.

ლინდას მთელი გულით უნდოდა ფეხზე წამომხტარიყო, ხმამაღლა ეყვირა, ირისთვის დაეძახა და ეთქვა, რომ იქ იყო. რომ მარტო არ დაუტოვებია. რომ არავის დავიწყებია და იქ მის დასახსნელად მოვიდა, მაგრამ თავი მაქსიმალურად შეიკავა. ზუსტად იგივე განცდებში იყვნენ ოლივერი და ანრიც. ერთდროულად სიხარულით და სევდით აღსავსე თვალებით უმზერდნენ გოგონას და ტუჩებს ნერვიულად იჭამდნენ.

როცა მაგიდას მიუახლოვდნენ გოგონები, გაჩერდნენ და თავები მაღლა ამაყად ასწიეს. უფრო სწორად, ბელა ჩანდა ამაყი და უშიშარი, ირის და დანარჩენებს კი შიშისგან მუხლები ეკვეთებოდათ.

ელისარია უცებ მათთან მივარდა, ბელას უხეშად ჩაავლო მხრებში ხელები და გამართვა აიძულა, მერე კი ირის თმა გაუსწორა და მასახ ზურგში უჩქმიტა, რომ მხრებში გასწორებულიყო.

-გეყოფა, ელისარია! – შეაჩერა ათანასიამ ირონიული ღიმილით, – ახლები არიან. ჯერ მოქცევის წესები არ იციან.

-დიახ, ქალბატონო. – მდაბლად დაუკრა თავი ელისარიამ.

ათანასიამ ღვინის სასმისი მაგიდაზე დადო, უხმაუროდ, ისე რომ იატაკზე ნაბიჯების შეხებისას არანაირი ხმა არ გამოუცია, მაგიდას შემოუარა და გოგონების წინ გაჩერდა. ჯერ ბელას დააკვირდა, შემდეგ ირის, შემდეგ ისევ ბელას.

ბელამ უშიშრად გაუსწორა მზერა მზის ქურუმს, თუმცა მერე შენიშნა, რომ მისი ადამიანური თვალის გუგები უეცრად დაწვრილდა და კატისას დაემსგავსა. ამან ბელა ისე შეაშინა, რომ ქალმა უნებურად თვალი აარიდა ქურუმს.

-მისგან მაგიის უჩვეულო, ძალიან დიდი ნაკადს ვგრძნობ. – ბელაზე ანიშნა ათანასიამ. – იშვიათი სახეობაა. მარტო ჩვენს სამყაროში კი არა, სხვა სამყაროებშიც მისნაირები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

-მართლა? – თვალები გაუბრწყინდა ელისარიას. – ესე იგი, კარგი ნადავლია!

-ასეა, მაგრამ ვერ ვხვდები ის რას აკეთებს აქ. – ცივი, მომაკვდინებელი მზერა ესროლა ირის ქალმა.

ირი აქამდე თავჩახრილი იდგა, თუმცა იმ მომენტში გადაწყვიტა, რომ თავი აეწია და მისთვის მზერა გაესწორებინა, რადგან აინტერესებდა ათანასია თუ იცნობდა. იცოდა, რომ ცეცხლს ეთამაშებიდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ სიმართლის დასადგენად ეს ერთადერთი საშუალება იყო. როცა თვალი თვალში გაუყარა ქალს, მან თავი გვერდზე გადახედა და უჩვეულო ინტერესიანი მზერით დააკვირდა ირის.

-რა გქვიათ? – იკითხა მან.

-მე ბელადონა ვარ, ეს კი ჩემი მსახურია… მაგნოლია. – ირიზე ანიშნა ბელამ. ასეთი ტყუილით გოგონას მდგომარეობიდან დახსნას ეცადა.

-მსახური? – იკითხა ათანასიამ.

-დიახ. ჩემს მსახურთან ერთად, სახლში რომ დავბრუნდი, თავს დამესხნენ და ორივენი წამოგვიყვანეს. ის არაფერ შუაშია. ჯადოქარიც კი არ არის. აქ არ უნდა იყოს!

ამ სიტყვების გაჟღერებისას, უეცრად ყველამ ერთად შეიცხადა და დარბაზში რუზრუზი ატყდა. სანამ ელისარიამ მაგიდაზე ხელი არ დააკაკუნა და ყველას მკაცრად არ ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ.

-მართალია. – ისევ ირის გახედა ათანასიამ, – შენ ჯადოქარი არ ხარ. შენში ერთი მარცვალი მაგიაც კი არ არის. მდაბიო მოკვდავური გენები გირევია. არ უნდა იყო ისეთ წმინდა ადგილას, როგორიც ყვითელი კლდის მონასტერია.

-აქ… ჩემი ნებით… არ ვარ. – ხმის კანკალით წარმოთქვა ირიმ. 

-ალბათ თქვენს მსახურებს შეეშალათ, ქალბატონო. – მლიქვნელურად მიუგო ელისარიამ. – ორი ქალბატონი რომ დაინახეს და აქედან ერთი ჯადოქარი იყო, ეგონათ, რომ მეორეც ჯადოქარი იქნებოდა.

-ალბათ, ასეა. – მშვიდი ხმით ამოილაპარაკა ათამასიამ, მერე კი დაამატა, – მაგრამ მაინც უნდა დავრწმუნდე!

სიტყვა დაასრულა თუ არა ქალმა, კაბის გრძელი სახელოები აიკეცა და თავისი გრძელი, თეთრი კლანჭები მოამზადა. როგორც კი ეს მოძრაობა დაინახა ოლივერმა, მაშინვე მიხვდა ათანასია რასაც აპირებდა. იცოდა, თუ ირის შეეხებოდა, მის მოგონებებს და წარსულს დაინახავდა. მის გონებაში ღრმად ჩაიხედებოდა, ეს კი ნამდვილად კატასტროფას გამოიწვევდა. 

-ჯანდაბა! – ჩაისისინა მან, უეცრად ჩექმაში ხელი ჩაიცურა და ლინდას მიერ, მარატისთვის ჩამოერთმეული ის უჩვეულო იარაღი მოძებნა. როგორც კი იარაღი ხელში მოხვდა, მაშინვე ამოღო და მოემზადა. უკვე ერთი ნაბიჯიღა აკლდა იქ სკანდალის მოსაწყობათ, თუმცა უეცრად სხეული ადგილზე გაყინა, რადგან მოულოდნელად დარბაზის ორფრთიანი კარი ბრახუნით გაიღო და შიგნით ახალგაზდრა მზის ქურუმი შემოვარდა.

გოგონა აღელვებული და ანერვიულებული ჩანდა. სწრაფად, სირბილით გაირბინა მთელი დარბაზი, ათანასიასთან და ელისარიასთან მიიჭრა და თავი დაუკრა მათ.

-აქ რას აკეთებ, გოგო. არ გითხარი, რომ ბაღისთვის მოგევლო? – უხეშად დაუცაცხანა ელისარიამ.

-დიახ, ქალბატონო, მაგრამ კარიბჭიდან გამომგზავნეს. სტუმარი გვეახლა. – ხმის კანკალით ამოთქვა გოგონამ.

-ვინ სტუმარი? – გაიკვირვა ქურუმმა, – არავის ველოდებით!

-ამბობენ, რომ და ლაილა ჩამოვიდა, ცივი მთის მონასტრიდან. – ამჯერად უფრო გარკვევით გამოთქვა გოგონამ.

-რა სისულელეს ამბობ, გოგო! ქურიმი ლაილა აქაა! – ხელი ლინდასკენ გაიშვირა ელისარიამ.

მის ხელს თვალი ინსტინქტურად გააყოლა ათანასიამ და როდესაც ლინდას მზერა გაუსწორა, გამომეტყველებიდან მაშინვე გაუქრა ღიმილის ნიშანწყალი.

ლინდა ამ მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გაიყინა და გაშეშდა.

-შეიპყარით! – დაიკივლა უეცრად ათანასიამ და თავის მონა მცველებს უხმო.

სწორედ ამ დროს, ოლივერი ანრის მიუბრუნდა და ხმამაღლა დაუყვირა.

-დამაზღვიე! 

შემდეგ ლინდას მიუტრიალდა და შეაცქერდა.

-დაიხარე! – ამჯერად მას დაუყვირა ოლივერმა.

ლინდას უკვე შეჩვეული ჰქონდა, რომ ოლივერი როცა ასე გადაჭრით რაღაცას ეუბნებოდა, აუცილებლად უნდა შეესრულებინა, რადგან მისი საქციელი, რაღაც გეგმის ნაწილი იყო. ქალი მაშინვე სკამიდან გადასრილდა და მაგიდის ქვეშ შეიყუჟა, ოლივერი მაგიდაზე ფეხებით შეხტა, მეორე მხარეს გადახტა, ბერკეტს თითი დააჭირა და ორივე მხრიდან ამომართული წვეტიანი, ბასრი ფოლადის შუბით, პირდაპირ ათანასიასკენ გაექანა.

ამის დანახვისას უეცრად ათანასიას მცველებმა იარაღი იშიშვლეს და ოლივერს ეკვეთნენ. დარბაზში ერთ წამში სრული ქაოსი და წივილ-კივილი ატყდა. მზის ქურუმებმა აქეთ-იქით, უთავბლოდ დაიწყეს გაფანტვა. ის გამოუცდელი და შეშინებული გოგონები, რომლებიც დარბაზში ელისარიამ შესაწირი კრავებივით შემორეკა, ერთ კუთხეში მიიყუჟნენ და ერთმანეთს გადაეფარნენ, დანარჩენი ქურუმების შეუარაღებელმა მცველები კი თავინთი ქალბატონების დაცვის მიზნით, მათ დარბაზიდან გაყვანაზე გადაერთნენ. ბელამ ირის დაავლო ხელი და დარბაზის მთავარი კარისკენ წაიყვანა, თუმცა გზა ელისარიამ გადაუღობათ. 

ქალმა უეცრად ორივე ხელები ასწია, რის შემდეგაც მისმა თვალებმა ოქროსფრად იელვეს. მისი თითებიდან ოქროსფერი ტალღები გამოიფრქვა, ირის და ბელას სხეულზე შემოეხვიათ, ჰაერში მაღლა ასწიათ, მერე კი იატაკზე დაანარცხათ დაშებორკათ, თანაც ისე მჭიდროდ, რომ ამოსუნთქვაც კი ვერ შეძლეს.

ანრი ამასობაში იარაღს ეძებდა, რითიც თავდაცვას შეძლებდა, თუმცა მაგიდაზე დალაგებული დანებისა და ჩანგლების გარდა სხვა ვერაფერი იპოვა. ოლივერმა ათანასიას ერთ-ერთი მცველი დაჭრა, თუმცა მის გარდა კიდევ ოთხი იყვნენ, ამიტომ ალყაში მოექცა. როცა ერთ-ერთმა მათგანმა ძლიერად დაარტყა მამაკაცს, ოლივერს შუბი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე, პირდაპირ ანრის ფეხებთან გაგორდა. მამაკაცმა მაშინვე აიღო წვეტიანი შუბისმაგვარი იარაღი და ირგვლივ მიმოიხედა. როცა თვალებით ირი მოძებნა, დაინახა თავისი მაგიით, როგორ გუდავდა ირისაც და ბელასაც ელისარია. მამაკაცი აღარც დაფიქრებულა. მაშინვე გაექანა ქურუმისკენ, შუბი ხელში დაატრიალა, მოიქნია და მთელი ძალით, ზურგიდან მკერდში გაუყარა ქალს.

ელისარიამ უეცრად წამოიკივლა, მერე კი მის თვალებში ოქროსფერი სინათლე ჩაქრა. გოგონებს კი მისი მაგიური მორწუხები მომენტალურად შემოეძარცვათ და ისტერიული ხველა აუვარდათ. ელისარიამ უკანასკნელად ამოიხროტინა და დაბლა დაიხედა. ყველამ დაინახა, როგორ იწყო უეცრად შუბმა ნათებმა. მისი სინათლე ქალის სხეულს შეერწყა, შიგნით ძარღვებად გაიშალა, სისხლს გაჰყვა და მთელს სხეულში გავრცელდა. მერე კი თითქოს შიგნიდან ცეცხლი წაეკიდაო, მისი სხეული დაიკუჭა, დაიშალა და ფერფლად იქცა, შუბი და მის წელის ქამარზე დამაგრებული გასაღებების აცმა კი წკარუნით დაეხეთქა ქვის ფილებზე.

გაოგნებულმა, თვალებგაფართოებულმა ანრიმ გოგონებს კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა, თუმცა მის კითხვებზე პასუხი მათაც არ ჰქონდათ. პირველი, ვინც აზრზე მოვიდა, ეს ირი იყო. მაშინვე მავარდა გასაღებების აცმას და ბორკილებზე მისი მორგება დაიწყო. ხელები ისე უკანკალებდა, რომ გასაღებები რამდენჯერმე გაუვარდა. ეს ანრიმ შენიშნა, მაჯებზე წაეტანა და გოგონა შეაჩერა. როცა ირიმ თავი ასწია და მის საფირონისფერ თვალებში ჩაიხედა, უჩვეულო სიმშვიდის და უსაფრთხოების შეგრძნება დაეუფლა. ანრიმ აცმა აიღო, სწრაფად მოძებნა საჭირო გასაღები, გოგონას ბორკილები მოხსნა, მერე კი ძლიერად ჩაიკრა გულში. ირიმაც მაგრად მოხვია კისერზე ხელები მას და უნებლიეთ ცრემლები წამოსცვივდა.

ბელამ გადაჭარბებულ რომანტიკაში ამომხრჩვალივით, მოუთმენლად გადაატრიალა თვალები, აცმას დასწვდა და თავად გადაწყვტითა თავის გათავისუფლება.

სწორედ ამ დროს, ოლივერმა კიდევ ორი თავდამსხმელი ჩამოიშორა. ერთს ისე მაგრად უბიძგა ხელი, რომ კაცი მაგიდაზე გადაგორდა და პირდაპირ იქ დაეცა, სადაც ლინდა იმალებოდა. მან თავი ისე მაგრად დაარტყა, რომ გონება დაკარგა. ლინდამ დრო იხელთა, მისი ქამრიდან მომცრო, მაგრამ ძალიან ბასრი ხანჯალი მოხსნა, ფეხზე წამოდგა და ოლივერისკენ გაიქცა. სანამ ვიღაც მცველი მას მხრებზე ებღაუჭებოდა, ლინდამ ხანჯალი გადაუგდო მამაკაცს, ოლივერმაც აიღო და ფერდში შეურჭო მცველს. როცა გვერდზე გადააგდო და წამოდგა, უეცრად მის წინ ათანასია გაჩნდა. სანამ ოლივერი რაიმეს მოახერხებდა, ქალმა მარჯვენა ხელი ასწია და ისე, რომ ოლივერის კისერს ფიზიკურად არც კი შეხება, უეცრად მამაკაცმა ძლიერი ხრჩობა იგრძნო.

ქალს ოქროსფერი დემონები აუკიაფთდნენ თვალის გუგებში, ბაგეზე კი გამარჯვებული ღიმილი გადაეფინა.

-ვიდექი და ველოდებოდი, თავხედობა სადამდე გეყოფოდა, ვალენტა, – კბილებს შორის გამოსცრა მან, – თავი დაუმარცხებელი გგონია, არა?!

ოლივერმა ხანჯალი გააგდო ხელიდან და თითები კისერში წაივლო, მაგრამ არ იცოდა რას ჩაბღაუჭებოდა, როცა სხეულზე ფიზიკურად არაფერი ეხებოდა, თუმცაღა მაინც რაღაც უხილავი ძალა ძლიერად უჭერდა და ახრჩობდა.

სწორედ ამ დროს, ბელამ ხელები გაითავისფლა, ბორკილები მოიხსნა და შორს მოისროლა, მერე კი მასში დაგროვილი მთელი თავისი ენერგია, ორივე ხელის გაშვერით, მის წინ მდებარე კედლისკენ მიმართა.

ქალის თვალებში უეცრად ცეცხლის მინი კოცონები აენთნენ, მისი ხელისგულებიდან კი ცეცხლის ნაკადები პირდაღებული მტაცებლებივით გამოიფრქვნენ, კედელზე დამაგრებულ თოკს ეცნენ და ცეცხლის ალში გაახვიეს. წამიც და თოკი გაწყდა, ის უზარმაზარი, სანთლებიანი ჭაღი კი, რომელსაც ეს თოკი მთელი ეს დრო იჭერდა, უეცრად ხრიალით დაეშვა ჭერიდან. 

ოლივერმა ეს ათანასიაზე ადრე დაინახა, ამიტომ მოთმინებით დაელოდა მოვლენების განვითარებას. წამის შემდეგ უზარმზარი ჭაღი მზის ქურუმს თავზე ჩამოემხო. იატაკზე დაენარცხა და ქალი მის ქვეშ მოიტნია, მერე კი იქიდან გადმოვარდნილი სანთლების წყალობით, კაბაზე ცეცხლი წაეკიდა.

მომხდარით შოკირებულმა ირიმ, ლინდამ და ანრიმ ერთდროულად მიაბრუნეს თავები ბელასკენ. ეს წარმოუდგენელი სანახაობა, რაც იმწამს იხილეს, მხოლოდ და მხოლოდ ამ უცნაური ქალის დამსახურება იყო, თან მათ გონებას მაინც უჭირდა იმის გააზრება, რომ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი ძლიერი მაგიური ძალების მატარებელი ყოფილიყო.

-ვინ ხარ? – ჰკითხა უეცრად ლინდამ ბელას.

-იშვიათი ქმნილება. – გვერდულად გაიღიმა ქალმა.

-დროზე! – ხველებით და მძიმე სუნთქვით წარმოთქვა ოლივერმა. – დროზე წავიდეთ, სანამ მონასტერს დაკეტავენ!

-წავიდეთ! – დაემოწმნენ ირი და ანრიც. 

-ამათ რა ვუყოთ? – იკითხა ბელამ და ხელი ერთ კუთხეში მიყუჟული გოგონებისკენ გაიშვირა, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს შეშინებულები ადევნებდნენ თვალებს.

-ჩვენთან ერთად წამოვლენ! – გადაჭრით თქვა ლინდამ. მერე იატაკზე დავარდნილ შუბს ხელი წამოავლო, დაკეცა და დანარჩენებს გასასვლელისკენ გაუძღვა.

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

20 thoughts on “ზღაპარ იყო – {თავი 7}

  1. foxy

    მარგოოოოო ეს რა შოკი თავი იყო😳ნაღდად არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას. ანრიზე და ოლივერზე ძაან მეცინა🤣სულ რო ექიშპებიან ერთმანეთს მარა ბოლომდე მაინც არ აქვთ გააზრებული ზუსტად რის გამო ჩხუბობენ🤣🤣🤣🤣🤣 ძაან საყვარლები არიან🥰🥰 და ბელაზე ზაან დავინტერესდი. ვინ არის ეს გოგო ასე რომ გარდაისახა და ამხელა ძალები რო აქ. ძაან ინტრიგა ჩააგდე🥰 ლინდას და ოლივერის მომენტში დავდნი და ჩამოვიღვენთე. ეჰ ოლივერი არ აღიარებს მარა გულს უფორიაქებს უკვე ეს გოგო.🤣 ერთი სული მაქ მომდევნო თავი წავიკითხო. მიყვარხარ😍

    Like

    1. ფოქსიკ შენი გამოჩენა რომ უზომოდ მიხარია კომენტარებში, იმედია ეგ იცი ისედაც😁😍😍 ანრი და ოლივერი ტიტულებს ატოლებენ მაგ პარქრობით, მაგრამ რატო ატოლებენ თვითონაც არ იციან😂😂 ოოოოოოოოო…. აქ ინტრიგა ჩავაგდე🤭🤭🤭 ბელაზე ახლა ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მაქვს რაღაც გეგმები. თუ გამოვიდა მთლად🥰 ისე კი ბატონო, ნამდვილას გამსხვავებული და უჩვეულო ქმნილებაა ჩვენი გოგო, რომელიც აქამდე მგონი არსას მიხსენებია😍 ოლივერი ძაან ნელია მაგ საკითხში. ჯერ კიდევ წინა პლანზე თავის მისიას აყენებს და თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩვეულებრიცი ბიჭივით იცხოვროს და უყვარდეს. ვნახოთ მერე რას იზამს😁 მეც მიყვარხარ ჩემო ერთგულო გოგო😍😍😍😍💛🖤⚔️👑

      Like

  2. საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული გოგო ხარ🥰მე საიტებზე არ მეგულა სხვა მწერალი ვინც ასე დინამიურას, ასე საინტერესოდ და ასე ემოციურად ავითარებდეს სიუჟეტს. შენს პოსტებს ვაკვირდებოდი, შენს მკითხველებთან ურთიერთობას და პასუხებს კომენტარებზე და ერთი დასკვნა გამოვიტანე. მაღალი ინტელექტის მქონე, ნიჭიერი, განათლებული და სიყვარულით სავსე ადამიანი ხარ🥰 სახსლს ვერ ვაწერ კომენტარს. ტასო ვარ გუშინ რო გწერდი

    Like

    1. ვაიმე აი კომენტარი რამდენჯერ გადავიკითხე, ვერც დავითვლი. მეთქი მელანდება რაღაცთქო😭😭 ავჩუყდი ტასუნა ქალაუუ😭😭 არ შემიძლია, ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს😭😭 უუუუუუუუდიდესი მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის. გავთბი და გავხალისდი😍😍😍 არ ვიცი ნამდვილად ვიმსახურებ თუ არა ასეთ ქებას, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა უცხო ადამიანისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, რომ ყურებამდე გავწითლდი😍😍😍კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. უსაყვარლესი ხარ😍😍😍😍💛🖤⚔️👑

      Like

  3. შემდგარი მწერალი ხარ შენ ჩემ თვალში! ამ ისტორიასაც და ზოგადად ამ თავსაც, თავის პერსონაჟებიან, სიუჟეტებიანად, თამამად შემიძლია ვუწოდო მაღალი დონე! ❤️

    Like

    1. ვაიმეეე😭😭😭 დღეს რა შეფასებებს და კომპლიმენტებსაც ვიღებ, მგონია რო ამდენსაც არ ვიმსახურებ😭😭 უუუუღრმესი მადლობაააა😍😍😍😍 თქვენ ხართ ჩემთვის მაღალი და უნაღლესი დონეც😍😍😍😍😍💛🖤⚔️👑

      Like

  4. მარო განსაკუთრებით რა მიყვარს შენს ისტორიებში იცი? თითო თავში ასე ელვისებურად რო გამოჩნდებიან ხოლმე ახალი პერსონაჟები. ჩამოიქროლებენ, გვაცინებენ ან გაგვაოცებენ და მერე ქრებიან😂რაც მე ჯორდანოზე დღეს ვიცინე😂თხას რატო ასმევდა ელექსირებს😂😂😂😂😂თან კუჭს უშლისო😂😂😂😂😂 საწყალი თხა😂😂😂😂თან სახელად ჯორდანო უმცროსი რო დაურქმევია😂😂😂😂😂😂

    Like

    1. რა მაგარია რო ეგეთ დეტალებს ამჩნევ🙈🙈 ჩვენც ხო ვხვდებით ხოლმე ცხოვრებაში ასე უცაბედად უცნაურ ადამიანებს. მერე შეიძლება ისე ჩაგვიარონ აღარც კი შევხვდეთ, მაგრამ თავი მაინც დაგვამახსოვრონ😂ჰოდა ასე არიან ეს პერსონაჟები😂შეიძლება აღარც გამოჩნდნენ, მაგრამ თავი ხო დაგვამახსოვრეს😂 კი, ნამდვილად საწყალი ჯორდანო უმცროსი😂 ელექსირებს იმიტო ასმევდა, რო ჯერ თხაზე ცდიდა სანამ თვითონ დალევდა😂😂 დიდი მადლობა ასეთი მხიარული კომენტარისთვის. ძალიან ბევრი ვიხალისე😂😂😍😍😍😍😍😍💛🖤👑⚔️

      Like

  5. როგორც კი დაიდო მაშინვე გავხსენი წასაკითხად მაგრამ ისეთი გაციებული ვარ დღეს ძლივს მოვრჩი კითხვას. ახლა ცოტა მიჭირს აზრების დალაგება მაგრამ ვფიქრობ ეს თავი ერთ ერთი ეფექტური თავი იყო რადგან ძალიან სადიამოვნოდ დასრულდა. ბელამ კარგად დაეხმარა და ვფიქრობ ის დაეხმარება ისევ უკან დაბრუნებაში ლინდას. იმედია მშვიდობით გააღწევენ.
    მადლობა მარგო ამ შესანიშნავი თავისთვის💛🔥☀️

    Like

    1. არა უშავს ქალაუ. როცა გაციებული ხარ, ძაან რთულია ყურადღების მოკრეფა და რამეზე გონების გადართვა😥 მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ❤️‍🔥 მიხარია, რომ ეა თავი ასე მოგეწონა🙈 უღრმესი მადლობა🥰🥰🥰💛🖤⚔️👑

      Liked by 1 person

  6. როგორც იქნა მოვიცალე წასაკითხად. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან ეპიკური თავი იყო. ❤️ ეს ბრძოლის სცენები და ყველაფერი ისე ნათლად იყო აღწერილი, თავი მეც იქ მეგონა.

    ოლივერს სულ უფრო მეტად ეტყობა, რომ ლინდა მოსწონს, მაგრამ ლინდა ვერ იჯერებს არადა უკვე ეტყობა. აბაზანის სცენაზე ცუდად გავხდი, როგორი soft პერსონაჟია ოლივერია, ზედმეტი არაფერი გაუფიქრებია, პირიქით ძალიან ჯელტმენი იყო. 🥰

    ათანასია ამ თავში უფრო მეტად გამოჩნდა და რაღაცეებიც გავიგეთ მის შესახებ. მეთვალყურე ყოფილა, მაგრამ როგორც ბელადონამ აღნიშნა საინტერესოა საიდან აქვს ამხელა ძალა, რომელ ბნელ მაგიას იყენებს.

    ბელადონაც არ გამოდგა ჩვეულებრივი ჯადოქარი, თურმე არცერთ რანგს არ მიეკუთვნება. აღარ მახსოვს ცხრა სიცოცხლეში აღწერილი გყავს თუ არა ბელადონას მსგავსი მაგიური არსება. როგორც აღნიშნა არც ისე ბევრნი არიან მისნაირი არსებები, იქნებ ჯინია? 

    ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ დემიენმა საკუთარი ოჯახი ამოხოცა, მითუმეტეს, რომ ირი მაგ ყველაფერს შეესწრო და თავისი თვალით დაინახა როგორ მოკლა მეფე . ჩემთვის ეგ მოვლენები ბუნდოვანია, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა მოხდა სინამდვილეში.

    მზის ქურუმის სიკვდილს რაც შეეხება, ის შუბი რომელიც ლინდამ წამოიღო ბრძოლის შემდეგ იმ დემიანის მებრძოლისგან, პალადიუმის უნდა იყოს. როგორც ჩანს მაგ სამყაროშიც იციან როგორ უნდა მოკლან უკვდავი ჯადოქარი. მაგრამ პერსონაჟების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ეგ ამბავი ყველამ არ იცის. იმიტომ რომ ძალიან გაუკვირდათ ის მზის ქურუმი რომ მოკვდა.

    მგონი ყველაფერი დავწერე რისი თქმაც მინდოდა. სულ უფრო საინტერესო ხდება სიუჟეტი. ❤️🏰🥰

    Like

    1. ყველაზე მეტი დრო სწორედ ბრძოლის სცენების მოფიქრებამ და აღწერამ წაიღო. თან მინდოდა, რომ ყველასთვია გასაგებ ენაზე დამეწერა და ძაანაც არ გამეწელა რომ მკითხველს კითხვისას არ მობეზრებოდა😆🤩
      აი ძაან სწორად ამბობ. ოლივერი ძალიან softია შინაგანად. შეიძლება ცოტა კუშტი გარეგნობა მაქვს, მაგრამ პირველივე თავიდან გამოჩნდა როგორიცაა, როცა ირიმ ლინდას უთხრა ტანსაცმელი მე გამოგოცვალე, ოლივერი ასე არასდროს შეეხებოდა უცხო ქალსო🙈🙈 კი, ათანასიაზე ძალიან ბევრი რამ გაირკვა. მეთვალყურეები მაქვს ცხრა სიცოცხლეში ნახსენები, მაგრამ ბელასნაირებზე როგორც მახსოვს არაფერი არ მითქვამს.😁 ირის წარსული და დემიანის ქმედებები ნამდვილად ბუნდოვანია. ამ ისტორიის საკვანძო მომენტიც ეგაა. როგორც კი ეგ გაიშლება და გაირკვევა, ისტორიაც მალევე დამთავრდება🙈 კი, შუბი ნანდვილად პალადიუმის იყო. აღწერა ზუსტად ემთხვევა იმას, რაც ცხრა სიცოცხლეში მაქცს აღწერილი, უბრალოდ ჩვენმა მთავარმა პერსონაჟებმა ამაზე ჯერ ბევრი არაფერი იციან.😌
      ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი და საინტერესო კომენტარისთვის. ნამდვილად არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოგიტოვებია😍😍😍😍😍🤌🏻🖤💛⚔️👑

      Like

  7. პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადო რომ ამდენი ხანი მოვუნდი წაკითხვას, ნახევარი წავიკითხე და დავაპაუზე 🫠 მარა ახლა მოვედი და გემრიელად ჩავიკითხე ბოლომდე 💛
    ძაან კარგად უთხრა ლინდამ თავში, ირის თავდაცვა რატო არ ასწავლეო. ტიპი მხედართმთავარია და აქამდე ვერ მაიფიქრა ეგი?? თან 6 კაცი დაესხაო თავზე, კაცო მეთქი რა მნიშვნელობა აქვს, თავდაცვა ამ ომისაგან განადგურებულ ადგილას არ უნდა იცოდეს? 😤
    რა მომწონს თუ იცი, რომ დაპირისპირების მომენტებშიც კი ორივე პერსონაჟს, ამ შემთხვევაში ანრის და ოლივერს, აქვთ ძალიან არგუმენტები თავიანთი შეხედულებებისათვის, მე პირადად გამიჭირდა რომელიმე დამედანაშაულებინა. რაც მოხდა მოხდა, რისკი თან სდევს ასეთ თავგანწირულ მისიას,ვერაფერს იზამ 🥺
    ჯორდანო უმცრისზე ჩხავილი ამიტყდა 😂😂 კუჭისამშლელი ელექსირიო, საწყალი ჯორდანო უმცროსი 😂😂 ჯორდანომ ისე ჰოულის ვაიბები მოიტანა და მამწონს, თან რა უცებ მოუგვარა ყველაფერი, უცნაური ეძახე და კაი ჭკვიანი კაცია 🤩
    ძიედა თვალებდაქაჩული ვკითხულობდი თავდასხმის სცენას. მეთქი ლინდა მაგარი გოგო ხარ მარა რაში გაები შე ქალო თქვა 😆 და ვაიმეეეეე ბერკეტს რომ თითი დააჭირა, ისე გქონდა აღწერილი რომ ცოცხლად წარმომიდგა თვალწინ, თუ როგორ გააპო მარატი შუბმა აიიიი არ ვიცი საოცარი სცენა იყო, ბრავო! 👏👏👏👏👏💛💛💛💛
    ის transition მომეწონა ძაან, ლინდა რომ გონს კარგავს და ირი იღვიძებს 💛 ძაან ლამაზად გამოგივიდა 💛
    ბელა წარმოვიდგინე მისიალუბლისფერი თმით და მოწითალო თვალებით და რატომღაც ეგ უფრო მოუხდა 😆 რა იდუმალად თქვა, არცერთი რანგის ჯადოქარს არ ვეკუთვნიო, როგორ მაინტერესებს მისი ამბავი 💛
    ვაიმე გული გადამიქანდა გეფიცები ელისარია რო გამოეცხადა ლინდას ოლივერს და ანრის მონასტრის კარიბჭესთან. აი ამდენი ძალისხმევა და რისთვინ?? კიდე კაი ვერ იცნო ელისარიამ. თოვლზე რომ ჰკითხა, რაცხა დავეჭვდი, მეთქი რამე ხაფანგს ხო არ უგებს თქვა. აი ოლივერის და ლინდას სცენა, გახდაში რომ დაეხმარა და მერე აბაზანაში საღებავის ჩამორეცხვაში ეხმარებოდა, ძალიან მომეწონა. როგორ აგიხსნა, სექსუალური ტონები ჰქონდა თითქოს მაგრამ სინამდვილეში სიახლოვის, ნდობის, ზრუნვის, კომფორტის განსახიერება იყო 💛 გული ამიფრთხიალდა 🥹🥹💖
    ძიედააა რომ გამოაცხადეს ლაილა ჩამოვიდაოოო… მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. თუმცა რა მოწმენდილი ცა, მოღრუბლული მინიმუმ მარა მაინც 😂 ბრძოლის სცენა სასწაული იყო! ისე დინამიურად განვითარდა, რომ სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი. ბელა რა ქმნილებაა ნეტავი, ფენიქსი კი წარმომიდგა თვალწინ, საოცარი იყო მოკლედ 🤩🤩🤩💛💛💛
    როგორც ყოველთვის უნიჭიერესი ხარ და მოუთმენლად ველი შემდეგს! 🥰🥰🥰💛💛💛

    Like

    1. ქალაუ ბოდიშები და ეგეთები არ გავიგო მეორეჯერ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აზრის მოსმენაა და სად და როდის იქნება, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს🙈🥰🥰🥰
      ლინდა ენას კია გამობმული იცოცხლეთქვა😂მარა ოლივერმაც ხო უთხრა ირიმ ყველაფერი იცის რაც საჭიროაო. 😂 კი, მაგ სიტუაციაში, როგორც მკითხველი რომელიმეს გამტყუვნება ჭირს, სამაგიეროდ თვითონ პერსონაჟებს არ უჭირთ ხელის გაშვერა და თავპირის მტვრევა🤣🤣🤌🏻 ჯორდანო და ჰოული???? რომ ვწერდი ჰოულზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, იქნებ ჩემმა ქვეცნობიერმა იფიქრა. არაფერი არაა გამორიცხული😂😍😍 ექშენი სცენების წერას ამ თავში ყველაზე დიდი დრო დავუთმე. თან მინდოდა დეტალური ყოფილიყო და თან ცოცხლად და სწრაფად განვითარებულიყო. უზომოდ მიხარია, რომ ასე მოგეწონა ქალაუ🙈🙈🥰🥰 კი ბატონო, ბელას ასეთი გარეგნობა უფრო უხდება. რაღაცნაირად მის ხასიათში ჩაჯდა. ვნახოთ რამდენად გამოვა მასთან დაკავშირებული გეგმები🙈🙈
      ოლივერის და ლინდას სცენაზე სრულიად გეთანხმები. მწერლის თვალი მაინც სხვანაირად აღიქვამს სცენებს.😁🙈ანუ ძაან ზუსტად მიხვდი ჩანაფიქრს🙈🙈 ბოლო სცენა მართლა ეპიკური იყო😂თან სახალისო საწერიც. აქეთ-იქით ვატრიალე ამდენი პერსონაჟი ჩემ ჭკუაზე🤣😂 ძალიან ძალიან დიდი მადლობა ქალაუუ🥰🥰🥰🥰🥰გულს მითბობს, მახარებს და წერის სტიმულს მაძლევს შენი თითოეული კომენტარი🙈🙈😍😍😍🖤💛👑⚔️

      Like

დატოვე კომენტარი